დიმიტრი მედვედევის ბრძანებულება: ომი გრძელდება!

დიმიტრი მედვედევის ბრძანებულება: ომი გრძელდება!

        რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის შესაბამისად, მოსკოვი იტოვებს უფლებას დააწესოს სამხედრო სანქციები (მათ შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეწყვეტა) იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობს სამხედრო სფეროში. მაგალითად, იარაღით ვაჭრობს თბილისთან და ჩვენი ქვეყნის სამხედრო უწყებასთან.
        თანაც დავაკვირდეთ: საუბარია არა მხოლოდ უშუალოდ იარაღზე, არამედ ე.წ. «ორმაგი დანიშნულებისა» თუ «ორმაგად გამოყენების შესაძლებლობის მქონე» მოწყობილობაზეც.
        მაგალითად, სატვირთო მანქანები შეიძლება მშენებლობაზეც გამოიყენო და ცოცხალი ძალის გადასაყვანადაც. ბულდოზერი კი სამხედრო დანიშნულების მიწაყრილთა მშენებლობისთვისაც გამოდგება. ასე ნებისმიერი საქონელი, ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება გამოაცხადო «ორმაგად გამოყენების საფრთხის» შემცველად – მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობის ჩათვლით, რაკი ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა თქვა, რომ ეს მოწყობილობა ქართველებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასამონტაჟებლად სჭირდებათ – მიდი და ამტკიცე საპირისპირო.
        ზოგადად უნდა ითქვას, რომ რუსულ დიპლომატიას ერთი უცნაურობა (უფრო ზუსტად კი უზნეობა) სჭირს: რამდენი აკრიტიკეს ამერიკა და დასავლეთი «კოსოვოს ცალმხრივი აღიარებისათვის», რამდენი იძახეს «საერთაშორისო სამართალი შეურყვნელი უნდა იყოსო» და თავად ცნეს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» ე.წ. «დამოუკიდებლობა». თანაც, თუ კოსოვოს შემთხვევაში, სეპარატისტული ანკლავის სუვერენიტეტი ათეულობით სახელმწიფომ სცნო, რუსეთი ვენესუელასა და ჰამასის ამარა დარჩა.
        მეორე მაგალითი: რაც თავი მახსოვს, რუსეთი ამერიკის ყველა ადმინისტრაციას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ირანთან სამხედრო თანამშრომლობისათვის ცალმხრივ სანქციებს აწესებდა მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, თუმცა როდესაც საქმე მის ინტერესებს შეეხო, მოსკოვმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.
        ბუნებრივია, რუსულ დიპლომატიას იმის გარანტია რომ ჰქონდეს, ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე «გაიტანდა», - ეს მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ სერგეი ლავროვის უწყებაში მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ ამერიკა და დასავლეთის სხვა ქვეყნები საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ დაუჭერენ. პირიქით: ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ღიად განაცხადა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის აღდგენაში.
        რაც შეეხება თვით ბრძანებულებას, მას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და არა სამხედრო-სტრატეგიული. საქმე ისაა, რომ საქართველო იარაღს ძირითადად უკრაინისაგან, ისრაელისგან და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან ყიდულობდა. რაც შეეხება ჩეხეთს, პოლონეთს, რუმინეთს და «საბჭოთა ბლოკის» სხვა ყოფილ სახელმწიფოებს, ისინი ნამდვილად არ არიან დამოკიდებულნი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე. პირიქით – ნატოში გაწევრების შემდეგ ყოველნაირად ცდილობენ, თავი დააღწიონ ამგვარი დამოკიდებულების უკანასკნელ ნაშთებსაც კი, - გადავიდნენ ნატოს სტანდარტებზე და შეიძინონ დასავლური წარმოების იარაღი; საბჭოთა წარმოების იარაღი კი როგორმე მოიშორონ – თუნდაც საქართველოს მიჰყიდონ იაფად.
        მაშასადამე, რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შეწყვეტა ამ სახელმწიფოებისათვის დიდი ვერაფერი მუქარაა; რაც შეეხება უკრაინას – ამ ქვეყანაზე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იმავე მოცულობითაა დამოკიდებული, როგორც უკრაინისა – რუსეთზე. შესაძლოა გარკვეული მიმართულებებით უფრო მეტადაც კი, ვინაიდან საბჭოთა პერიოდში სტრატეგიულ სამხედრო საწარმოთა დიდი ნაწილი სწორედ უკრაინასა და ბელორუსეთში შენდებოდა.
        საბჭოთა წარმოების თვით სპეციფიკიდან გამომდინარე, რუსეთში მდებარე მრავალი საწარმო ვერასგზით დაამზადებს იარაღს, თუ უკრაინის რომელიღაც ქარხნიდან აუცილებელი (და შეუცვლელი) დეტალი არ მიიღო.
        ისრაელზე საუბარი კი ამ კონტექსტში საერთოდ სასაცილოა - ეს ქვეყანა თავად ამზადებს ნებისმიერ იარაღს – ტანკების ჩათვლით; ასე რომ, რუსეთის მხრიდან «სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეწყვეტა» სასაცილოდაც არ ეყოფათ ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მესვეურებს.
        სინამდვილეში, მედვედევის ბრძანებულება გულისხმობს ქარაგმულ მუქარას საქართველოს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ, რომ თუ ისინი განაგრძობენ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობას და მხარდაჭერას ნებისმიერ (არა მხოლოდ სამხედრო) სფეროში, რუსეთი აამოქმედებს მათ წინააღმდეგ არა იმდენად სამხედრო-ტექნიკურ, რამდენადაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ სანქციებს.
        მაგალითად: ჩეხეთსა და რუმინეთს რუსული იარაღი და ამ ქვეყანაში სამხედრო სპეციალისტების მომზადება აღარაფერში სჭირდებათ, სამაგიეროდ ძალიან სჭირდებათ რუსული გაზი; უკრაინა დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე რძის ნაწარმისა თუ სხვა პროდუქციის რეალიზაციის თვალსაზრისით, ხოლო მილიონობით უკრაინელი «გასტერბაიტერი» სწორედ რუსეთში შოულობს ლუკმა – პურს; ისრაელს კი ძალიან ეშინია, რომ რუსები ღაზელ არაბებს (იმავე ჰამაზს) ან ლიბანურ «ჰეზბოლას» საშუალო სიშორის რაკეტებს მიაწვდიან, რის შემდეგაც იერუსალიმი დაიბომბება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        მაშასადამე, დიმიტრი მედვედევის ბრძანებულება უფრო პოლიტიკური დემარში და იმის დასტურია, რომ კრემლი აგრძელებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომლის საბოლოო (განუცხადებელი) მიზანია ქვეყნის იზოლირება, შიდაპოლიტიკური პრობლემების, ეკონომიკური კრიზისის გამწვავება, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა და, საბოლოოდ, საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება.

21 იანვარი 2009 წელი