СНГ-დან „გამოსვლა-ვერგამოსვლა“

СНГ-დან „გამოსვლა-ვერგამოსვლა“

ტრადიციონალისტთა დაგეგმილი სულისკვეთება
       

        გუშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართა მოსმენა დსთ-დან საქართველოს გასვლის შესახებ. ამით ფორმალურად «ჩაირთო» დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის პროცედურა.
        თუმცა, საეჭვოა, უახლოეს მომავლაში ეს საქმე ბოლომდე მივიდეს. უფრო მორიგ პარტიულ ინტრიგასთან გვაქვს საქმე პატარა «ლოკალური» მიზნებითა და ამოცანებით, ალბათ, თვით «ტრადიციონალისტებსაც» არ ეპარებათ ეჭვი, რომ დსთ ამჟამინდელ ვითარებაში აქტუალური, უბრალოდ, ვერ იქნება - ეს არ არის პრიორიტეტი არც ერთი თვალსაზრისით, ხოლო მოსახლეობა დაიღალა ომით, უბედურებით, სისხლისღვრით (ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულა და კარგა ხანს არ მოშუშდება) და არანაირ «რადიკალურ» ნაბიჯზე, რამაც შეიძლება ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მხარს აღარ დაუჭერს.
        დსთ-ში ყოფნას საქართველოსთვის არაფერი მოუტანია რომელიმე სტრატეგიული პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით, მაგრამ ამჟამად თანამეგობრობიდან გამოსვლამ შეიძლება მართლაც დაუდოს სათავე ახალ დესტაბილიზაციას, ომსა და უბედურებას, ვინაიდან დსთ-სთან მჭიდროდ არის «მიბმული» რუსეთის ეგრეთ წოდებული, «სამშვიდობო ძალების» ყოფნა კონფლიქტის ზონაში.
        ამდენად, თანამეგობრობიდან გამოსვლის შემთხვევაში, საქართველო, უბრალოდ, ვალდებული იქნება მოითხოვოს «სამშვიდობო ძალების» გაყვანა ან რუსეთი თავად, პროვოკაციის მიზნით, გაიყვანს სამშვიდობო ძალებს.
        აბსურდია «სამშვიდობო ოპერაციის» ჩატარება იმ ორგანიზაციის ეგიდით, რომლიდანაც დემონსტრაციულად გამოდიხარ. ამდენად, მოგვწონს თუ არა, დსთ-დან გამოსვლა, უეჭველად, ნიშნავს აფხაზეთში ომის განახლებას. სწორედ ეს არის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ჯერჯერობით აკავებს ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.
        «ტრადიციონალისტთა გამოკლებით».
        თუმცა, აკაკი ასათიანი ამ მომენტს საკმაოდ ოსტატურად იყენებს იმ პოლიტიკური «ნიშის» შესავსებად, რომელიც დაუკავებელი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მოხდა «მოძრაობის» იდეალთა დევალვაცია.
        მიაქციეთ ყურადღება: «ტრადიციონალისტთა» გარდა, სხვა «ოპოზიციურ» პარტიებს თავი ნამდვილად არ მოუკლავთ ინიციატივის მხარდაჭერით. ვინაიდან იდეა, რომელსაც დსთ-დან გამოსვლის ინიციატივა ეყრდნობა - საქართველოში პოპულარული აღარ არის და ქართველი პოლიტიკოსები, როგორც ყოველთვის, «კანით გრძნობენ» ატმოსფეროს შეცვლას, მაგრამ «ტრადიციონალისტების» გამონაკლისობა, ამ შემთხვევაშიც კი, მათთვის ძალზე მომგებიანია.
        პრინციპში, დსთ-დან გამოსვლა საქართველოს ბევრს არაფერს მისცემს - სულ ერთია, ჩვენ მაინც დავრჩებით (აღქმის თვალსაზრისით) რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცის სუბიექტად.
        გარდა ამისა, ძალაუნებურად გავემიჯნებით იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს მოკავშირეები უფრო არიან, ვიდრე კონკურენტები, ოპონენტები ან მით უმეტეს, მოწინააღმდეგეები უკრაინა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ა.შ.
        დსთ-ის სივრცეში მათთან ერთად «თამაშით» საქართველო (ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე) ქმნის რუსეთის «გამაწონასწორებელ» გარკვეულ სისტემას.
        დსთ-დან გამოსვლით ჩვენ რუსეთს კიდევ უფრო გავუხსნით ხელ-ფეხს. მით უმეტეს, ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თავის დროზე კრემლი «თანამეგობრობას» ქმნიდა, როგორც მომავალი ახალი «კავშირის» საფუძველს (ყოველ შემთხვევაში, ელცინსა და მის გუნდს ასეთი იმედი და გეგმები ჰქონდათ), მაგრამ დსთ-ს წევრმა ქვეყნებმა მოსკოვს ეს იმედი გაუცუდეს და დსთ «მშვიდობიანი გაყრის» მექანიზმად აქციეს - სწორედ ამიტომ დაკარგეს კრემლში ინტერესი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისადმი, რაც რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა (აწ უკვე თავდაცვის მინისტრმა) სერგეი ივანოვმა პირდაპირ განაცხადა. რუსეთი აღარ განიხილავს დსთ-ს პირველი რიგის «პრიორიტეტად».
        ამრიგად, საქართველოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას შორის «ნელ-თბილი» ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება, ხოლო ედუარდ შევარდნაძე აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ დამუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა მორიგ სამიტში.
        ყველაზე მეტად საინტერესო გუშინდელ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის - დავით თევზაძის განაცხადება იყო. თავდაპირველად მან თქვა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებდა, ვინაიდან «მხოლოდ ჯარისკაცია», მაგრამ რეალურად სწორედ დსთ-დან გამოსვლა დაასაბუთა.
        ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია - არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს სამხედრო წრეებში მწიფდება აზრი აფხაზეთის პრობლემის შესახებ.
        ნიშანდობლივია, ამ თვალსაზრისით, თუ გენერალმა თევზაძემ დსთ-ში ყოფნის ერთ-ერთ მთავარ ნეგატიურ შედეგად აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ხელოვნური საზღვრის დაფიქსირება მიიჩნია.

დილის გაზეთი, 4 აპრილი, 2001 წელი