NATO-ს რუსეთის მაინც ეშინია

NATO-ს რუსეთის მაინც ეშინია

      რამდენიმე კვირაა მსოფლიო პრაღის სამიტის მოლოდინით ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, ამ ისტორიული მოვლენით სრულიად ახალი ეპოქა იწყება ევროპის ცხოვრებაში.
         ნატო უკვე მოიცავს არა მხოლოდ პოსტსოციალისტურ, არამედ პოსტსაბჭოურ სივრცეს ჩრდილოატლანტიკურ სამიტზე ალიანსში მოიწვევენ ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვენიასა და სლოვაკეთს.
        ამით მთავრდება აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური კუთვნილების განსაზღვრის პროცესი, რომელიც 1989 წელს დაიწყო. გარდა ამისა (რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია), დასავლეთმა დაასრულა ბალტიის სამხრეთ სანაპიროს «ამოგლეჯა» რუსეთის უშუალო გეოპოლიტიკური სივრციდან. ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპა 1939 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე არ ცნობდნენ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ინკორპორაციას სტალინურ იმპერიაში.
        არადა, სამიოდე წლის წინათ ევგენი პრიმაგოვი (მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ნატოს ატომური ომის დაწყებით ემუქრებოდა, თუ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის «საზღვარს გადმოლახავდა».
        ერთი შეხედვით, თითქოს პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. რუსეთი კვლავ რჩება «გეოპოლიტიკურ მძიმეწონოსნად», ხოლო დასავლეთი მაინც ცნობს მისი გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონას. უბრალოდ, ეს ზონა შესამჩნევად შეიკვეცა, თუმცა, საერთოდ არ გაუქმებულა. ამასთან დაკავშირებით, ძალზე ნიშანდობლივია პრეზიდენტ ბუშის განცხადებები, რომელიც მან რადიო «ლიბერტი»-სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ეს რუსულენოვანი რადიოსადგური სწორედ პრაღაშია განლაგებული. ჯორჯ ბუშის თქმით, მისი ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რათა მიმართოს თბილისის (საქართველოს ხელისუფლების) ძალისხმევა მოსკოვთან თანაშმრომლობისკენ _ პანკისის ხეობის პრობლემის გადასაწყვეტად.
        რას ნიშნავს ეს განცხადება? იგი უეჭველად იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გამუდმებულ პროპაგანდას შედეგი მაინც მოაქვს და ამერიკის ადმინისტრაციას პანკისის პრობლემა ჯერ გადაწყვეტილად არ მიაჩნია. თუმცა, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის განცხადება მიზნად ისახავდეს, აგრეთვე, ამერიკის ძალისხმევის გამართლებას - «რუსეთის გეოპოლიტიკური პასხუისმგებლობის ზონაში სამხედრო ინსტრუქტორთა გამოგზავნისა და საქართველოს საბრძოლო ქვედანაყოფთა მომზადების თვალსაზრისით.
        ამ პროგრამას ამერიკა (რაკი დაიწყო) აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე, თუმცა, «ბუშის ფორმულა» გამორიცავს ყოველგვარ დაპირისპირებას რუსეთთან. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც იმავე სივრცეში განლაგებულია რუსეთის რამდენიმე სამხედრო ბაზა, რომელთა გაყვანას (ხელისუფლების მრავალგზის გაცხადებული სურვილისა და ქმედების მიუხედავად) რამდენიმე ობიექტური ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორის, რეგიონულ ელიტათა პოზიცია და ეკონომიკური მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში, ამერიკის ადმინისტრაცია მიგვანიშნებს (ბუშის განცხადება ამას ნიშნავს), რომ საქართველო უნდა მიჰყვეს პროცესს არსებულ კალაპოტში და მისი მდინარება უეჭველად გაგვიყვანს სამშვიდობოს. იგულისხმება მომავალი განცხადებაც ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამ განცხადების საწინააღმდეგო დასავლეთს არაფერი აქვს. უფრო მტეიც, უეჭველია, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე წინასწარი მრავალმხრივი კონსულტაციის გარეშე არ გააკეთებდა ასეთ განცხადებას, თუმც,ა დასავლეთის დედაქალაქებიდან იმასაც მიგვანიშნებდნენ, რომ ეს არის პროცესი, რომლეიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება.
        უახლოეს 2_3 წელიწადში საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, მაგრამ პრაღის განცხადება უშიშროების გარკვეულ გარანტიებს უკვე თავისთავად ქმნის, ოღონდ იმავე გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც რეალურად ვიმყოფებით.
        რუსეთის კვლავინდებურად იმდენად ეშინიათ დასავლეთში, რომ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საკითხის «მოულოდნელად უმტკივნეულო» გადაწყვეტაც ღვთის მადლად მიაჩნიათ.

დილის გაზეთი, 20 ნოემბერი, 2002 წელი