NATO - მიუღწევადი თანავარსკვლავედი

NATO - მიუღწევადი თანავარსკვლავედი

    ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის. დახურულ კარს მიღმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, რომ ჩიკაგოში ნატო ვერ მიღებს ახალ გადაწყვეტილებებს საქართველოს მიმართ და რომ თანამშრომლობა გაგრძელდება ძველ ფორმატში, ანუ არა „საგზაო რუქის“ არამედ „ქმედებათა ყოველწლიური გეგმის“ ფარგლებში.
    თუ ასეა, რატომ უნდა აგრძელებდეს საქართველო ნატოსკენ სწრაფვას და რას აძლევს ეს ქვეყანას, რომელსაც, უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში, „ნატო“ სხვას ვერაფერს შესთავაზებს - დეკლარაციების და თბილი სიტყვების გარდა?
    მოარულ კითხვაზე პასუხის გაცემას გაზეთის მუდმივი ავტორი შეეცდება.

    სულ უფრო მცირე დრო რჩება ნატოს სამიტამდე, რომელიც მაისის ბოლოს ჩიკაგოში გაიმართება. ერთის მხრივ, ეს თითქოსდა არ არის „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების სამიტი“ ანუ ახალი წევრების მიღება არ იგეგმება, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, იგი შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ვაშინგტონის ისტორიული სამიტი (1999წ), რომელზეც ნატოში აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები მიიღეს.
    საქმე ის გახლავთ, რომ ევრაზიის „დიდი საჭადრაკო დაფაზე“ (როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ უწოდა) რამდენიმე სტრატეგიული პრობლემა დაგროვდა, რომელიც „ნატოს“ სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. პირველ რიგში ესაა ირანის ატომური პროგრამა, სამოქალაქო ომი სირიაში და „ევროპრო“ ანუ რაკეტსაწინაღმდეგო სისტემების განლაგება რუსეთის საზღვართან. ფორმალურად ეს სისტემები ირანის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა მოსკოვში იმუქრებიან, რომ მის განლაგებას ადეკვატურად უპასუხებენ, ანუ „ისკანდერის“ რაკეტებს განალაგებენ ე.წ. „კალინინგრადის ოლქში“ (ისტორიულ კიონისბერგში) ესე იგი, ფაქტიურად, ევროპის ცენტრში!
    ამ სტრატეგიულ პრობლემებთან ერთად, ნატოს სამიტმა კიდევ რამდენიმე გამოწვევას უნდა უპასუხოს. ერთ-ერთი მათგანი ისაა, თუ როგორი პოზიცია უნდა დაიკავონ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ნატოს „ასპირანტებად“ ითვლებიან (მათ შორისაა საქართველო), მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ჯერ არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მათი წევრობის შესახებ.
    თითქოსდა პრაგმატული გამოსავალია ამ სახელმწიფოებისთვის ე.წ. MAP-ის (Membership Acting Plan) ანუ ალიანსში გაწევრების „საგზაო რუქის“ მინიჭება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მოსკოვი დიდ სხვაობას ვერ ხედავს (და სამართლიანადაც!) MAP-სა და ნამდვილ წევრობას შორის. რუსი პოლიტოლოგები ხშირად იმეორებენ: „საგზაო რუქა - ეს არის ბილეთი ერთი მიმართულებით“ ანუ „ბილეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრობისკენ“. მოსკოვის განაწყენება კი ბრიუსელში ძალიან არ უნდათ. თუმცა, იმავდროულად, არც ის ეპიტნავებათ, საქმე ისე წარმოჩინდეს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს რომელიმე ქვეყნის მუქარისა და ვეტოს გამო არ ძალუძს მიიღოს გადაწყვეტილება ვთქვათ, საქართველოს შესახებ, ანუ ნატოს არაწევრ სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში რუსეთს) მისცეს არადეკლარირებული „ვეტოს“ უფლება ნატოს გადაწყვეტილებებზე.
    სწორედ ამიტომ მიიღეს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, დემაგოგიური (ჩემი აზრით ყველაზე ზუსტი განსაზღვრებაა ამ შემთხვევაში) გადაწყვეტილება, რომლითაც ერთის მხრივ უარი გვითხრეს MAP-ზე, მაგრამ, იმავდროულად, საბოლოო რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. არადა, თუ „აუცილებლად გახდება“, მაშინ რა უდგას წინ „საგზაო რუქის“ შემუშავებას? ეს ხომ წევრობა არ არის - ქვეყანა, რომელიც MAP-ს იღებს, უბრალოდ კანდიდატი ხდება. ამით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ის დებულებაც არ ირღვევა, რომ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს მიღება, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს: ეს პუნქტი „ნატოს“ წესდებაში მხოლოდ წევრობას ეხება და არა კანდიდატობას. ქვეყანა შეიძლება წლების განმავლობაში იყოს კანდიდატი, მაგრამ ნამდვილი წევრი ვერ გახდეს.
    გასაგებია, რა მიზანი ჰქონდა ამ წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებას: ნატო-მ, ერთის მხრივ, „სახე შეინარჩუნა“, მეორეს მხრივ კი არც რუსეთი განარისხა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რას შეიძლება ველოდოთ მომავალი სამიტისგან, ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილსა და ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრისას. გამოცდილმა ევროპელმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა ქართველ სტუმარს ქარაგმულად, არა პირდაპირ, თუმცა მაინც საკმაოდ „ხმამაღლა“ და გასაგებად უთხრა: „ჩვენ არც გვსურს და არც შეგვიძლია თქვენს გამო დავუპირისპირდეთ ვეებერთელა ატომურ სახელმწიფოს - რუსეთს; რუსეთი ჩვენ ბევრად მეტად გვჭირდება, ვიდრე საქართველო; რუსეთთან გვაქვს სერიოზული პრობლემები, მაგრამ დაპირისპირებისთვის მზად ვართ მხოლოდ იქ და მაშინ, სადაც ჩვენი ნამდვილი, სასიცოცხლო ინტერესები იკვეთება: ანუ „ევროპროს“ საკითხში, სირიაში, ირანში. თანაც, მოსკოვი ამ თემებზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ საუბრობს კონფრონტაციულად და რეალურად არ იქცევა კონფრონტაციულად! - პირიქით, ვოლგაზე (ულიანოვსკში) ავღანეთიდან ჯარების უსაფრთხოდ გამოსაყვანად სამხედრო აეროდრომსაც კი გვითმობს! ამიტომ, ძალიან მადლობელი ვართ ავღანეთში დახმარებისთვის, ვაფასებთ თქვენს ერთგულებას, თუმცა ნუ მოგვთხოვთ იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც ჩვენი დიდი ალიანსის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე ამჯერად გვინდა და შეგვიძლია: დაკმაყოფილდით მორიგი დეკლარაციით, რომელიც შინაარსობრივად გაიმეორებს ბუქარესტის განცხადებას - „თქვენ აუცილებლად გახდებით ნატოს წევრი . . . . . . . . . .“ (იგულისხმება) მაშინ, როდესაც ეს რუსეთთან პრობლემებს აღარ შეგვიქმნის.“
    სხვათა შორის ბევრად უფრო გულწრფელად და არც თუ დიპლომატიურად თქვა იგივე რამდენიმე წლის წინ გერმანიის კანცლერმა და დრეზდენის რეზიდენტურიდან ვლადიმერ პუტინის კარგმა ნაცნობმა, ანგელა მერკელმა. ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, არამედ ევროპული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში: საქართველო „ნატო“ - ს წევრი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი წევრობა კი არ შეამცირებს, არამედ გაზრდის ნატო-ს უსაფრთხოებას.
    ჯერ-ჯერობით (მოსკოვის ფაქტორის გამო) საქართველოს წევრობა კი არ ზრდის, არამედ სწორედ ამცირებს ალიანსის უსაფრთოებას და „აუტკივარ თავს ატკივებს“. ცინიკურია ამგვარი დამოკიდებულება? რა თქმა უნდა! ალბათ არა მხოლოდ ცინიკური, არამედ უზნეოც (თუკი საერთოდ შესაძლებელია ზნეობაზე ლაპარაკი ასეთი დონის ინტერესთა კონფლიქტისას), მაგრამ ემოციებით და იმპულსური მოქმედებებით აქ ვერაფერს გავხდებით. მიზანშეწონილია ინტერესთა და შესაძლებლობათ ზუსტი შეფასება. პოლიტიკა ხომ შესაძლებლის ხელოვნებაა?
    რაში მდგომარეობს დღეს საქართველოს ძირითადი ეროვნული ინტერესი? უსაფრთხოებაში! ტერიტორიულ მთლიანობას „ნატო“ ნამდვილად ვერ აღგვიდგენს, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რუსეთი მზადაა დაკმაყოფილდეს იმ „ლუკმით“ რაც აგვისტოში გადაყლაპა, - ძალიან ცდება. აქ საქმე ეხება არა საქართველოს შეთრევას „ევრაზიულ კავშირში“ (როგორც ზოგს ჰგონია), არამედ კონფლიქტური რეგიონებიდან და მათ საზღვრებზე მუდმივი პროვოკაციების მოწყობას, როგორც 2008-2009 წლებში, როდესაც თითქმის ყოველდღე იღუპებოდნენ ქართველი პოლიციელები სნაიპერთა ხელით. მოსკოვის სტრატეგიული მიზანია, არ დაუშვას „მტრული საქართველოს“ ფეხზე დადგომა, ინვესტიციების მოზიდვა და ჩვენი ქვეყნის ქცევა „რუსეთთან დაპირისპირების მიუხედავად წარმატებული განვითარების“ მოდელად.
    ახლა კი, დავაკვირდეთ ერთ „უცნაურობას“: აგვისტოს ომამდე და უშუალოდ ომის შემდეგაც, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე თითქმის ყოველ კვირა ირღვეოდა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ. სნაიპერებიც აქტიურად მოქმედებდნენ, ტერაქტებიც ეწყობოდა გალში „დავერბოვკებული“ ქართველების ხელით და რუსული დაზვერვის დავალებით. მაგრამ ბოლო დროს, ასეთი პროვოკაციები შეწყდა. რატომ? იმიტომ, რომ მოსკოვში არ იციან, როგორი იქნება „ნატო“-ს რეაქცია! შეიძლება ეს რეაქცია მეტ-ნაკლებად გულგრილი და ინდიფერენტული იყოს (როგორიც რეალურად გამოდგა 2008 წლის აგვისტოში), თუმცა უკვე შეიძლება უფრო მწვავეც აღმოჩნდეს - ზემოთჩამოთვლილ წინააღმდეგობათა გამწვავების ფონზე.
    მაგალითად, რუსეთის მორიგი პროვოკაციის პასუხად, ნატო-მ შეიძლება მაინც მიღოს გადაწყვეტილება MAP-ის შესახებ, ოღონდ როგორც რეაქცია (!) მოსკოვის მორიგ აგრესიაზე მისი არაწევრი, თუმცა პოლიტიკურად მოკავშირე და „სამეურვეო“ სახელმწიფოს მიმართ. სწორედ ამიტომ შეწყდა პროვოკაციები, ამიტომ არ ირღვევა საქართველოს საჰაერო სივრცე: მოსკოვმა ვერ დაადგინა, სინამდვილეში სად გადის „წითელი ხაზი“, რომელიც „ნატო“ - მ აგვისტოს აგრესიის შემდეგ გაავლო: გადის თუ არა იგი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საზღრებთან და როგორი იქნება ალიანსის რეაქცია, თუ რუსეთი ამ წითელ ხაზსაც გადმოლახავს?!
    აქ „ცდისა“ და პროვოკაციის მოკოვს ნამდვილად ეშინია, რადგან თუ არასწორად განსაზღვრავს და გაიგებს, თუ „ანგარიშში შეეშლება“, შეიძლება ისეთი ისტორიული რეალობა მიიღოს, რომელსაც მერე უკვე ვეღარ შეცვლის.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    აქედან გამომდინარე, რაკი საკითხი დგას ასე: „აქვს თუ არა ნატოსკენ საქართველოს დეკლარირებულ სწრაფვას აზრი მაშინ, როდესაც მაინც არ გვიღებენ ნატოში და არათუ წევრად არ გვიღებენ, არამედ MAP-საც არ გვაძლევენ?“ პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია - დიახ, მაინც აქვს!
    თვით დღვანდელი დონეც კი ნატო-სთან თანამშრომლობისა, - გაუთავებელი დაპირებები, დეკლარაციები, დადებითი შეფასებები, ავღანური მისიისათვის სავსებით გულწრფელი და არათვალთმაქცური მადლობები, მაინც უქმნიან ჩვენს ქვეყაანს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიას და ამა თუ იმ დოზით უზრუნველყოფენ ჩრდილატლანტიკური ალიანსის „ჩართულობას“ ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. იმ დოზით მაინც, რომ მოსკოვმა ან ხსენებული „წითელი ხაზი“ ვერ გადმოლახოს, ან თუნდაც მუდმივი სამხედრო პროვოკაციების ტაქტიკა ვერ აირჩიოს ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლისა და განვითარების შეფერხებისთვის.
    ჯერ - ჯერობით ვხედავთ, რომ ეს ტაქტიკა ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ვერ გვიბრუნებს, მაგრამ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის უსაფრთხოებას, ასე თუ ისე, მაინც უზრუნველყოფს. კვლავ და კვლავ ვიმეორებ: „მოსკოვს თბილისი დაპყრობა სულაც არ უნდაო“, - როცა ამბობენ - ჯერ ერთი, კაცმა არ იცის პუტინს რა უნდა, მაგრამ აქ თბილისის ან ქუთაისის დაპყრობაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რამდენად აკავებს „ნატოს“ - თან ჩვენი თანამშრომლობის თუნდაც დღევანდელი დონე მოსკოვის ინტენციას, მუდმივი დაძაბულობა და პროვოკაციები მოაწყოს იმ დონით, იმ ოდენობით და იმ ხარისხით, რაც „ნატო“ - ს რეაქციას არ გამოიწვევს: „
    გახსოვთ ალბათ, სოფელ წითელუბანთან რომ რაკეტა ჩამოაგდეს 2007 წლის სექტემბერში. დღეს რატომ აღარ აკეთებენ იგივეს? იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული (გარანტირებული არ არის, შეძლება მცირე ალბათობაც იყოს, მაგრამ არც გამორიცხულია), რომ ასეთი რეზონანსული პროვოკაცია „ნატო“ - ს ბევრად უფრო აქტიურ რეაქციას გამოწვევს და ალიანსი, ყოველგვარი „წევრობის“ გარეშეც მიაწვდის მოკავშირე სახელმწიფოს, ვთქვათ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს, ან თავის დამკვირვებლებს განალაგებს საქართველოს ტერიტორიაზე და ა.შ. ამჟამად ნატოს დამკვირვებლები საქართველოში არ არიან: კონფლიქტის ზონასთან მხოლოდ ევროკავშირის სრულიად უუფლებო მონიტორები მი-მოდიან და მორჩა!
    ზემოთხსენებული კითხვა („რაღა აზრი აქვს“ და ა.შ) მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა რელევანტური, თუ მისი ავტორები ალტერნატიულ პროექტს წარმოადგენდნენ. მაგალითად: „დავანებოთ თავი ნატოს, დავანებოთ თავი ევროკავშირს, შევიდეთ ევრაზიულ კავშირში და რუსეთის ინიციატივით შექმნილ სამხედრო ბლოკში“. აი მაშინ ნამდვილად უაზრო იქნებოდა ნატოსთან დღევანდელი ურთიერთობის მოდელი, მაგრამ რაკი ამას არ ვაპირებთ, რაკი ევროპული ინტეგრაციისკენ ვისწრაფვით, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რაოდენ უპერსპექტივიც არ უნდა იყოს (ნატოს სრულუფლებიანი წევრობის თვალსაზრისით) ალიანსთან ურთიერთობის დღევანდელი მოდელი, როგორც არ უნდა გვაგონებდეს იგი მათემატიკურ ფორმულას - „Limes-უსასრულობას“ ანუ ნულისკენ (შედეგისკენ) მუდმივ და მაინც უსასრულო სწრავას, - უაზრო და „არაფრისმომცემი“ ეს სწრაფვა მაინც არ არის!
    მაშასადამე, ის შემთხვევაა, როდესაც მუდმივი პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დამდგარი შედეგი!

2012