9 აპრილის პოლიტიკური მისტერია

9 აპრილის პოლიტიკური მისტერია

 

  თითქოს არ არის უშუალო კავშირში გუშინდელი არჩევნების შედეგებთან, მაგრამ... სინამდვილეში, საქართველოს ისტორიის საკრალური დამთხვევები არა მეტაფიზიკურ, არამედ სრულიად ხელშესახებ და მატერიალურ ურთიერთკავშირს მოიცავს.
        9 აპრილი უკავშირდება 9 აპრილს, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება 9 აპრილს. 1989 წლის 9 აპრილიდან გამომდინარეობს 1991 წლის 9 აპრილიც და გუშინდელი (2000 წლის) 9 აპრილიც. ამ საკრალურ-მატერიალურ ურთიერთკავშირზე ბევრი შეიძლება ითქვას. ალბათ, ბევრიც ითქმება მომავალში, ესეებიც დაიწერება, მაგრამ ამჯერად ერთი, თითქოს უმნიშვნელო ფაქტი უნდა აღვუწერო მკითხველს. განსაკუთრებით იმათ, ვინც 10-12 წლის წინ «მოძრაობის» რიგით წევრად, ან გულმხურვალე მხარდამჭერად თვლიდა თავს და იმ ადამიანთა ახლობლებს, ვინც თავი შესწირა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს თავისუფლების იდეას.
        მაშ ასე,: შაბათს ტელეკომპანია ორტ-ს პროგრამისათვის მიცემულ ინტერვიუში «მოძრაობიდან» ამოყვინთული ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა სიტყვასიტყვით განაცხადა შემდეგი: «...9 აპრილს უწმინდესი და უნეტარესიც კი მივიდა მათთან (!), სთხოვა დაიშალეთო, მაგრამ ბრბო იმდენად იყო აღგზნებული, რომ ამანაც ვეღარ უშველა».
        გესმით, ხალხო? გესმით?!!! ე.ი. ვისი ბრალი ყოფილა 9 აპრილის სასაკლაო? - ვისი და იმ «ბრბოს» ბრალი, ვინც უწმინდესსა და უნეტარესს არ უსმინა და არა იმათ, ვინც უწმინდესს «სუკის აგენტად» ნათლავდა და ხალხს მოუწოდებდა, «ღვთის წინაშე წარმდგარნი შეგებებოდნენ სიკვდილს».
        ესეც ასე, გაირკვა ყველაფერი – აქედან გამომდინარე, ახია მათზე! მართალია, «ლიდერებს» არ მოუწოდებიათ დაიშალეთო, მაგრამ «ტოლპა»-ს, მეტი კულტურა უნდა ჰქონოდა და უწმინდესისათვის უნდა დაეჯერებინა. აბა, რა «მოძრაობის» ლიდერთა ბრალია, თუ «ტოლპა»-მ სიჩლუნგე გამოამჟღავა და უწმინდესს არ უსმინა – ისინი კი სულაც არ იყვნენ ვალდებულნი, «ბრბოსათვის» მოეწოდებინათ დაიშალეთო – დიახ, სულაც არ იყვნენ ვალდებულნი, ვინაიდან ამით პოლიტიკურად წააგებდნენ, პოლიტიკა კი სენტიმენტებს ვერ იტანს. ამიტომ «ბრბო» თვითონ უნდა მიმხვდარიყო, მეტი გონიერება უნდა გამოემჟღავნებინა, შეესმინა უწმინდესის მოწოდება (მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები მას «სუკის აგენტად» ნათლავდნენ) და მშვიდად შეტრიალებულიყო ქაშუეთისაკენ. ანუ (ისევ და ისევ) ახია მათზე! - მათივე ბრალია – აბა, «ამათი» ბრალი როგორ შეიძლება რამე იყოს?
        სულაც არ არის, რა თქმა უნდა, გასაკვირი, თუ ხსენებულ ტელეინტერვიუში ერთი სიტყვაც არ ითქვა იმპერიაზე, რუსეთის არმიაზე ან თუნდაც საბჭოთა გენერალიტეტზე და როდიონოვზე– რაღა დროს ეს არის: გენერალ ლებედთან ბათუმში ალაფურშეტზე ნამყოფებს იმჟამინდელი (12 წლის წინანდელი) ტერმინოლოგია უკვე «გოიმობად» მიაჩნიათ – დღეს უკვე ისეთი «არისტოკრატები» და «სვეტები» არიან, ბრბოს როგორ გაუყადრებენ თავს (ვინც მაშინ დასაკლავი ნახირივით გამოჰყავდათ მიტინგებზე) და «ბრბოს» ტერმინებით, როგორ იკადრებენ ოპერირებას ანუ მისი სტერეოტიპებით: «მოდერნიზებულიო იმპერია», «კრემლი» და ა.შ.
        ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალგაზრდულად გაიტაცათ «მოძრაობის» იდეებმა ისევე, როგორც არისტოკრატი შეიძლება გაიტაცოს (დროებით) რაიმე მდაბიურმა ტრადიციამ. მაგრამ დღეს, ოოოოო, როგორ გეკადრებათ! მას შემდეგ, დაიზარდნენ, დაიხვეწნენ, «რაფინირებულები» გახდნენ, არისტოკრატიული იმიჯი შეიძინეს, დადინჯდნენ, სოლიდურები არიან უკვე, ამიტომ «რუსეთის მოდერნიზებულიო იმპერიის ხსენება», ან თუნდაც «გენერალიტეტის სისხლიან დანაშაულზე მინიშნება» რა საკადრისია - ეს ხომ «მდაბიურობა» იქნებოდა - «ბრბომ» არ დაუჯერა უწმინდესს, არ დაიშალა (მათთვის უკვე აღმაშფოთებელია!) და... ერთი სიტყვით, ახია თქვენზე! ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს დიახ, ახია თქვენზე!
        თითქოსდა, რა კავშირშია ეს ტელეინტერვიუ გუშინდელ (9 აპრილის) საპრეზიდენტო არჩევნებთან, ან 11 წლის წინანდელ საზარელ ეროვნულ ტრაგედიასთან, რომელმაც, სამწუხაროდ, ზიანის მეტი საქართველოს არაფერი მოუტანა? აკი, იმდროინდელი «მოძრაობის» ლიდერებს უკვე რცხვენიათ კიდეც იმჟამინდელ «ბრბოსთან» ასოცირება და «არისტოკრატიული» ზიზღით იმრეზენ ტუჩს: «ბრბომ უწმინდესს, არ დაუჯერაო».
        დიახაც, პირდაპირ კავშირშია!
        მადლობა უფალს, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელმაც არა მხოლოდ უკანასკნელი ერთი თვის, არამედ 5 წლის განმავლობაში შეძლო დაემარცხებინა, გაენადგურებინა იმ ადამიანების გუნდი, რომელიც თავს ერის წინამძღოლად მიიჩნევდა – ლაკმუსის ქაღალდივით გამოემჟღავნებინა მათი შინაგანი ბუნება, წარმოეჩინა, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში, რა ამოძრავებდათ, რა მოტივაცია ჰქონდათ.
        დარწმუნებული ვარ, ისტორია სათანადოდ შეაფასებს ედუარდ შევარდნაძის ღვაწლს, რომელმაც მიზანმიმართული, ჭკვიანური, ეშმაკური ინტრიგებით შეძლო შეექმნა ისეთი ვითარება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს წარმოეჩინათ თავიანთი ნამდვილი სახე, ჭეშმარიტი ბუნება - ამით მოეხდინა მათი სრული და სამუდამო დისკრედიტაცია.
        ედუარდ შევარდნაძემ აიძულა ისინი გამოემჟღავნებინათ (სხვათა შორის, დროზე ადრე), რომ მაშინ (1988-89 წლებში) არაფერი ამოძრავებდათ განდიდების წყურვილის, სოციალური ფსკერიდან ამოძრომის, ავადმყოფური ამბიციის გარდა.
        აბა, როგორ შეიძლება, სხვაგვარად აიხსნას, თუ ასე ადვილად როგორ შეაფურთხეს იმდროინდელ «წმინდა იდეალებს?» სხვათა შორის, მართლა წმინდა იდეალებს: განურჩევლად იმისა, ვინ, რომელმა პროვოკატორმა როგორ და როდის გამოიყენა ეს იდეალები საკუთარი ანგარების დასაკმაყოფილებლად.
        გუშინ საქართველომ პრეზიდენტად აირჩია პოლიტიკოსი, რომელსაც ვერ დაჯაბნიან ინტრიგებით, ვერ მოუწყობენ 9 აპრილს. მათ შევარდნაძემ თვითონ «იქით» მოუწყო ისეთი თავლაფდასხმა («პრინციპულ» პოლიტიკოსთა ურყევი ბათუმური «ბლოკის» შერცხვენით), რომ თავი «არისტოკრატებად», «პატრიოტებად», და «სვეტებად» კი მიაჩნიათ, მაგრამ «ფეკალური» მასიდან თავს ვეღარასოდეს ამოყოფენ;
        ან თუ ამოყოფენ, ვაი, იმ «ამოყოფას».

მერიდიანი, 10 აპრილი, 2000 წელი