2000 - პასიური მზის წელიწადი

2000 - პასიური მზის წელიწადი

        განვლილი წლის ანალიზისას, უპირველეს ყოვლისა, ალბათ საწყის პოზიციაზე უნდა შევთანხმდეთ, ანუ იმის თაობაზე, განსაკუთრებული კატაკლიზმებით «არგამორჩეული» წელი თავისთავად დადებითი მოვლენაა თუ არა.
        ბუნებრივია, 2000 წელი ამ თვალსაზრისით, დიდად განსხვავდება, ვთქვათ, 1998 ან (მით უმეტეს) 1993 წლისგან. იმის მიუხედავადაც კი, რომ განვლილ წელს საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. უფრო სწორად, კიდევ 5 წლით ანდო მანდატი ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას (ამის თაობაზე, უფრო დაწვრილებით ქვემოთ), რომ შევარდნაძეს რეალური კონკურენტი არ ჰყოლია, ამიტომ ეს არჩევნები წლის «განსაკუთრებულობას» ვერ განსაზღვრავდნენ.
        2000 წელი დაიწყო აშკარად პათოლოგიური დისკუსიით იმის თაობაზე «დადგა თუ არა ახალი ათასწლეული». ეს ტრაგიკომიკური დისკუსია აქ თითქოს აბა რა მოსატანია ან რა კავშირშია იგი გასული წლის მოვლენათა შეფასებასთან, მაგრამ ნუ ავჩქარდებით – ხომ უნდა აიხსნას რაღაცნაირად ის ფაქტი, რატომ იწვევს საქართველოში (სწორედ საქართველოში და არა სხვაგან) ასეთი წვრილმანი სისულელე ესოდენ გააფთრებას – იქამდეც კი, რომ ადამიანებს (მათ შორის ახლობლებს) არათუ სერიოზული უსიამოვნება, არამედ – შეხლა-შემოხლაც კი მოსდიოდათ?
        ეს ყოველივე ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიურ (თუ გნებავთ, სოციოფსიქოლოგიურ) ექსპერიმენტად გამოდგება იმ შინაგანი მოტივაციური მექანიზმების გასარკვევად, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის ან პროცესის საფუძველს ქმნიან.
        მათ შორის, რასაკვირველია, გასულ წელსაც.
        2000 წლის დასაწყისში კვლავ შენარჩუნებული იყო (ინერციით) ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც ჩამოყალიბდა 1999 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისა და, მთლიანად, «დიდი საარჩევნო ციკლის» შედეგად. ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა გასულ წელს საერთოდ არ მომხდარა, ვინაიდან (ვიმეორებ) საპრეზიდენტო არჩევნების ბედი იმთავითვე გადაწყვეტილი იყო. უფრო მეტიც, _ ბევრს მიაჩნია, თითქოს 9 აპრილის არჩევნების ბედი სწორედ 31 ოქტომბერს გადაწყდა. თუმცა, ეს იმთავითვე ილუზიაა, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებში ბლოკ «აღორძინებას» ხმების 100 პროცენტიც რომ მიეღო და მთლიანად მას რომ დაეკომპლექტებინა პარლამენტი _ ამ ბლოკის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელი, ასლან აბაშიძე 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც არ მიიღებდა მონაწილეობას, ვინაიდან სინამდვილეში მისი ზრუნვისა და ინტერესის ერთადერთი საგანი აჭარაა, ხოლო ოსტატურად შექმნილი ილუზიის მიუხედავად, საქართველოს პრეზიედნტობა მას აზრადაც არ გაუვლია.
        რაც შეეხება 31 ოქტომბრის არჩევნებს (მასზე საუბარს ვერ გავექცევით 2000 წლის მოვლენათა ანალიზისას), - «მოქალაქეთა კავშირის» წარმატება ამ არჩევნებში განაპირობა არა «გაყალბებამ» ან «ადმინისტრაციულმა რესურსმა» (ამ რესურსს ორივე ძირითადი კონკურენტი აქტიურად იყენებდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე), არამედ სამმა ძირითადმა ფაქტორმა: პირველი, - მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შიშმა ცვლილებებისა და «უარესის მოსვლისადმი»;
        მეორე: ალტერნატიული პოლიტიკური ბლოკის («აღორძინების») პროგრამულმა და მსოფლმხედველობრივმა გაურკვევლობამ. სრულიად გაუგებარი იყო, რა კურსი უნდა გაეტარებინა ბლოკს ყველა მიმართულებით (ქვეყნის შიგნით თუ გარეთ), როდესაც იგი სრულიოად შეუთავსებელი პოლიტიკური სეგმენტებისგან შედგებოდა.
        მესამე ფაქტორი: ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძის უშუალო მონაწილეობას არჩევნებში («მოქალაქეთა კავშირის» მხარეს) და ზემოთ ხსენებულ ილუზიას, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდებოდა და არა 9 აპრილს.
        ამ ილუზიის შესაბამისად, ელექტორატი გაიყო «შევარდნაძის მომხრეებად» და «აბაშიძის მომხრეებად». ისინიც კი, რომელთა ეროვნული სიმპათია-ანტიპათია პარტიულ ჩარჩოებში არ ეტეოდა, _ ძალაუნებურად ახდენდნენ პარტიული არჩევნების პერსონიფიცირებას, ანუ ხმას აძლევდნენ არა «მოქკავშირის» ან «აღორძინების», არამედ ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის მომხრე-მოწინააღმდეგედ.
        ამრიგად, 31 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ორჯერ მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე მის მთავარ მოწინააღმდეგედ მიჩნეულმა ასლან აბაშიძემ. თუმცა, აგრეთვე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს «მოქალაქეთა კავშირის» ბრწყინვალედ დაგეგმილი და ორგანიზებული საარჩევნო კამპანია.
        მიუხედავად ყოველივე ამისა, «პოლიტიკურად» 2000 წელი (ანუ «პოსტსაარჩევნო» პერიოდი) დაიწყო გიორგი ბარამიძის უარით, დაეკავებინა საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტი, თუმცა, ამან მაინც ვერ შეარბილა და შეასუსტა ძირითადი პროცესი: «ჟვანიას გუნდის» პოზიციათა გაძლიერება აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მაგრამ 2000 წლის დასაწყისშივე დადასტურდა, რომ ის პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც არსებობდა 1998-2000 წლის საარჩევნო ციკლიოს ბოლოს, უკვე აღარასოდეს განმეორდებოდა.
        საპარლამენტო არჩევნები «ჰარმონიულად გადაიზარდა» საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ პროცესის განმსაზღვრელი გახდა არა «შევარდნაძის კოჰორტის» მოუმზადებლობა (აქ, პირიქით, ყველაფერი სავსებით ცხადი და გარკვეული იყო), არამედ სწორედ მის მოწინააღმდეგე ბანაკში არსებული სრული გაურკვევლობა. კომიკურ ელფერსაც კი იძენდა «აღორძინების ბლოკის» სუბიექტთა მცდელობა, ბოლოს და ბოლოს გაერკვიათ, აპირებდა თუ არა მათი ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ჯუმბერ პატიაშვილის გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურის წამოყენების თაობაზე იძულებითი ნაბიჯი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში (ბლოკის «თბილისელმა» მოთამაშეებმა ეს იგრძნეს) «აღორძინება» დარჩებოდა საერთოდ კანდიდატის გარეშე, ვინაიდან იწურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კნადიდატურათა წარმოდგენის ვადა.
        როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღების ინიციატორი გახდა ყოფილი «ედპ»-ს მმართველი ელიტა, რომელიც იმ დროისთვის უკვე გაფორმდა «სახალხო პარტიის» სახით.
        «განგაში» პირველად სწორედ მამუკა გიორგაძემ და გიორგი კობახიძემ ატეხეს. თუმცა, მათ სხვა მოტივაციაც ჰქონდათ უეჭველად – ზოგიერთისთვის სრულიად მოულოდნელი ალიანსი «ეროვნული მოძრაობიდან» მოსულ პარტიასა და ჯუმბერ პატიაშვილს შორის, სინამდვილეში, სავსებით ლოგიკური იყო იმის გათვალისწინებით, რომ 2000 წელს საბოლოოდ თვალსაჩინო გახდა იმ იდეალთა სრულიო დევალვაცია და დისკრედიტაცია, რომლითაც ქართული საზოგადოება სუნთქავდა «გვიანსაბჭოურ» და პირველ «პოსტკომუნისტურ» წლებში.
        ამრიგად, ჯუმბერ პატიაშვილთან დაკავშირება დევალვირებულ ფასეულობათა მატარებელთათვის იყო «განახლების» ერთგვარი ცდა – იმ ნოსტალგიური განწყობის გათვალისწინებით, რაც («მოძრაობამდელ» ცხოვრებასთან დაკავშირებით) იღვიძებდა და მკვიდრდებოდა მასობრივ ცნობიერებაში.
        ჯუმბერ პატიაშვილი, რასაკვირველია, ვერ მიხვდა, რომ თვითონ კი არ ემიჯნებოდა საკუთარ პოლიტიკურ იმიჯსა და 9 აპრილს (სამთაგან პირველ 9 აპრილს ვგულისხმობ) – არამედ პირიქით, მისი მეშვეობით სხვები ცდილობდნენ წარსულს გამიჯვნოდნენ, რათა პატიაშვილისთვის (ისევე, სხვათა შორის, როგორც ასლან აბაშიძისთვის) არ მიეცათ საშუალება ქცეულიყვნენ იმ კურსის ალტერნატივად, რომლის გატარებაც დაიწყო 1988 წლიდან.
        ყველა შემდგომი (მათ შორის დღევანდელი) ხელისუფლება სწორედ იმ კურსს აგრძელებს, ხოლო 2000 წლის 9 აპრილს, ისევე, როგორც 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მთავარი კითხვა, რასაც უსვამდა თავს ყოველი კონსტრუქციული მენტალიტეტის ამომრჩეველი, გახლდათ შემდეგი: თუ ის, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს, არის ალტერნატივა ამჟამინდელი კურსისა, მაშინ რა უნდა ამ ოპოზიციაში იმ ხალხს, ვინც არანაირად არ ასოცირდება «ახალ კურსთან?» ხოლო თუ ეს ალტერნატივა არ არის, მაშინ რა აზრი აქვს ხელისუფლების შეცვლას?
        ამ თვალსაზრისით, ძალზე საყურადღებო «პოლიტფსიქოლოგიური» სტერეოტიპი გამოიხატებოდა შეკითხვით «ხომ არ გგონიათ, რომ შევარდნაძის კურსს ვინმე გაატარებს უკეთ, ვიდრე თვით ედუარდ შევარდნაძე?
        სწორედ ეს მოტივაციური საფუძველიო ჰქონდა ელექტორატის განწყობას როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში და იმთავითვე ისიც უნდა ითქვას: სანამ ქართული პოლიტიკური ბომონდი (ეგრეთ წოდებული «პოლიტოკრატია») არ მიხვდება, რომ ამომრჩეველზე ჭკვიანი არ არის (ანუ ელექტორატი არ არის ისეთი სულელი, როგორიც მას ჰგონია) – ყველა არჩევნები დამთავრდება ისე, როგორც დასრულდა 1998-2000 წლების საარჩევნო ციკლი;
        თუმცა, გაკვეთილი გათვალისწინებულია და მომავალ (უფრო ზუსტად მიმდინარე) საარჩევნო ციკლში აბსურდული ალიანსები ნაკლებად იქნება – წარმატებას მიაღწევენ მხოლოდ მკაფიო (მემარცხენე ან მემარჯვენე, ლიბერალური ან სოციალ-დემოკრატიული, ნაციონალისტური ან კოსმოპოლიტური) პროგრამის მქონე პარტიები.
        თვით «მოქალაქეთა კავშირიც» კი 2000 წლის განმავლობაში, ტრანსფორმირდებოდა «სახელმწიფო პარტიიდან» ნორმალურ საპარლამენტო მმართველ პარტიად.
        სწორედ ამის მომასწავებელია «მოქალაქეთა კავშირის» კრისტალიზაციის და «ბირთვის შემოძარცვა-გამოკვეთის» პროცესი. ისევე, როგორც ზურაბ ჟვანიას სენსაციური განცხადება მომავალში «საპარლამენტო რესპუბლიკის» დაფუძნების შესახებ, რაც 2000 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა, ვინაიდან ეს განცხადება გააკეთა არა უბრალოდ პოლიტიკოსმა, არამედ სახელმწიფოში მეორე პირმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
        ოღონდ, მიწურულ წელს კვლავ ვერ გამოიკვეთა საქართველოში პოლიტიკური სპექტრის «დაწურვისა» და «დაღვინების» პერსპექტივა. ამჟამინდელი ვითარება, როდესაც არსებობს ორი სახელისუფლებო პარტია, ხოლო ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალა არც ჩამოყალიბებულა, - ნორმალური არ არის. იმ აზრით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის დაფუძნება, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას მაინც მოითხოვს, ანუ ჩვეულებრივ კლასიკურ «კორდინატთა სისტემის» არსებობას – მემარცხენეებით, მემარჯვენეებით და ცენტრისტებით.
        განვლილ წელს საქართველოს ეკონომიკამ «იმუშავა» საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის გარეშე, რაც, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ 2000 წელს საქართველოს არ მიუღია არც ერთი ცენტი საგარეო დახმარება, ვინაიდან მსოფლიო ბანკი, აგრეთვე ევროკავშირიც, ამ თვალსაზრისით სავალუტო ფონდის მითითებებს ასრულებენ.
        მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვები არათუ შემცირდა, არამედ 60-70 მილიონი დოლარით გაიზარდა და კრიზისამდელი პერიოდის შესადარ ოდენობას მიუახლოვდება.
        ამ უცნაურობის მიზეზი (ინფლაციის დაბალ დონესთან ერთად) ის გახლავთ, რომ მიუხედავად ეგრეთ წოდებულ, «მემარცხენეთა» მარაზმატული ისტერიკისა (რაც სინამდვლილეში, ამა თუ იმ სამრეწველო-ფინანსური ჯგუფების ინტერესთა ლობირებითაა განპირობებული და არა მოსახლეობის უბედურებით) საქართველოს ეკონომიკა, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საკმაოდ ჯანსაღ, ლიბერალურ საფუძველს ეყრდნობა და ყველაფრის მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს განვითარების ინერციას.
        2000 წელს სოფლის მეურნეობა მართლაც დააზარალა გვალვამ (ამ ფაქტის უარყოფა ელემენტარული იდიოტიზმი იქნებოდა), რამაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შემცირება გამოიწვია მინიმუმამდე, მაგრამ ეს მაინც არ არის სისტემური კრიზისი. სისტემური ეოკნომიკური კრიზისი დაიწყება (და სისტემურ სახელმწიფოებრივ კრიზისს გააღრმავებს) მხოლოდ მას შემდეგ, რაც «მემარცხენე პარტიებად» გაფორმებული ლობისტური ჯგუფები შეძლებენ ძირითადი ლიბერალური, მონეტარისტული პრინციპების დარღვევას და ფულადი ემისიით ან (დემაგოგიური) «სამრეწველო კრედიტებით» ქართული ეკონომიკის საფუძველს (ლარის სტაბილურობას) მოარღვევენ.
        2000 წელს კიედვ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სასარგებლო იყო ეკონომიკისთვის ლარის «გათავისუფლება», რამაც დაამყარა ჯანსაღი ფინანსური წონასწორობა და შეარბილა იმპორტიორთა დიქტატი.
        ყველაფერთან ერთად, 2000 წელს გრძელდებოდა უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირების ტენდენცია. თანაც, არა მხოლოდ იმპორტის შემცირების, არამედ ექსპორტის ზრდის ხარჯზე.
        ლარის დევალვაციამ ხელსაყრელი პირობები შექმნა წარმოების განვითარებისთვის, თუმცა მიწურულ წელსაც, ზოგიერთმა ქაორთველმა მეწარმემ, იმპორტის «გაძვირება» გამოიყენა არა იმისთვის, რათა ბაზარი დაეპყრო, არამედ თავადაც გააძვირა პროდუქცია და ფასთა წონასწორობა, უბრალოდ, აღდგა ახალ დონეზე – აი, შესანიშნავი, თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რა ელის საქართველოს, თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, ეგრეთ წოდებული «მემარცხენეები» მოვლენ ქვეყნის სათავეში.
        კიდევ ერთი მაგალითი: 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ, გოგი თოფაძემ მაინც მიაღწია იმას, რომ საქართველოს ბაზარზე გაბატონდა პატერნალისტური და პროტექციონისტული შეღავათების მეშვეობით.
        შესაძლოა, ერთი შეხედვით, შედეგები არც ისე თვალსაჩინოა, მაგრამ ლუდის მოყვარულებს ჰკითხეთ: თოფაძის ლუდის ხარისხმა შესამჩნევად იკლო. მათ შორის, მისი უწინ შესანიშნავი «პორტერის» დონემ. ესეც პირველი შედეგი ბაზარზე «გაბატონებისა», როდესაც ამ «გაბატონებას» მხოლოდ ჯანსაღი, უმოწყალო, სრულიად თანასწორუფლებიანი კონკურენცია არ უდევს საფუძვლად.
        ამის მიუხედავად 2000 წელს გრძელდებოდა საბანკო დეპოზიტებისა და ანაბრების ზრდის პროცესი, რაც შესაბამისად ზრდიდა საკრედიტო რესურსს – ეს კი უეჭველად მეტყველებს: მოსახლეობა არა მხოლოდ ენდობა ეროვნულ ვალუტასა და საბანკო სისტემას, არამედ უახლოეს 2-3 წელიწადში (როგორც მინიმუმ) არ ელის სერიოზულ ცვლილებებს ეკონომიკურ პოლიტიკაში.
        2000 წელი საქართველოს მატიანეში შევა, როგორც რუსეთთან სავიზო რეჟიმის დამყარების წელიწადი. პირველად, ურთიერთობათა 500-წლოვან ისტორიაში.
        რასაკვირველია, რუსეთი «სავიზო რეჟიმს» ეკონომიკურ სანქციათა ერთგვარ სახეობად იმ მიზნით განიხილავდა, რათა მოეხდინა შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია საქართველოში და ამ გზით მიეღწია საწადელისთვის - ბაზების (სამხედრო ყოფნის) შენარჩუნებისთვის ჩვენს ქვეყანაში.
        ბუნებრივია, იმავე მიზნით მოსკოვი ეკონომიკურ სანქციებს ვერ შემოიღებდა, ვინაიდან ყველგან და ყოველთვის ილაშქრებს საერთაშორისო ასპარეზზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტთა წინააღმდეგ მათი «არაჰუმანურობის» მოტივით.
        მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მილოშევიჩისა და ჰუსეინის რეჟიმებს.
        მაგრამ «სავიზო» რეჟიმი ვითარებას საქართველოში ვეღარ ააფეთქებს _ 10 წლის წინანდელ მოვლენებს ღრმა ჭრილობა დაჰყვა და (თუ შეიძლებოდა მათ რაიმე სიკეთე მოჰყოლოდა) მოსახლეობას, ყველა სოციალურ ფენას (ისტებლიშმენტის ჩათვლით) ჭკუა ასწავლა. ანუ ის მოტივაცია შეიძლება კიდეც არსებობდეს, მაგრამ მის საფუძველზე მორიგი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება ნაკლებსავარაუდოა.
        იმავდროულად, აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» უვიზო რეჟიმის შენარჩუნებით რუსეთმა საბოლოოდ დაამსხვრია ქართულ საზოგადოებაში არსებული ილუზია, თითქოს რუსეთის მეშვეობით და რუსეთისადმი დათმობებით შევძლებთ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას.
        2000 წელი აფხაზეთის პრობლემის «მოწესრიგების» თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე «უძრავი» იყო, ოღონდ ის უძრაობა» უახლოეს მომავალში უეჭველად გადაიზრდება ისეთ აქტივობაში, რასაც უახლოეს წლებში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოჰყვეს.
        2000 წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ქართველ პარტიზანთა მოქმედებამ შექმნა სამურზაყანოში 2 წლის წინანდელ მოვლენათა განმეორების საშიშროება, ხელისუფლებამ მიიღო რადიკალური ზომები პარტიზანული მოძრაობის შესაჩერებლად.
        შედეგად, 2000 წლის მეორე ნახვეარში სამურზაყანოში დივერსიული აქტი აღარც მომხდარა, რაც კვლავ და კვლავ ადასტურებს აზრს, რომ განვლილი წელი «რაღაცისთვის» ნიადაგის შემამზადებელი იყო და ეს «რაღაც» უმჭიდროესად უკავშირდება საქართველოდან რუსეთის «წასვლას».
        თავის მხრივ, ეს პროცესი უკვე შეუქცევადია.
        ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკანასკნელი კვირების განმავლობაში რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რაც «ყველა უკანდასახევი გზის» მოჭრას ნიშნავდა – ედუარდ შევარდნაძემ «ხიდები დაწვა» სწორედ იმიტომ, რომ მათ შენარჩუნებას აღარავითარი აზრი არ ჰქონდა. რუსეთთან «სტრატეგიული პარტნიორობით» აფხაზეთის «დაბრუნება» გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, თუ 2001 წელს არა, 2002 წელს მაინც დღის წესრიგში დადგება რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანა კონფლიქტის ზონიდან.
        შესაძლოა, ეს საკითხი უკვე 2001 წლის დასაწყისშიც კი წარმოიშვას, ვინაიდან საქართველო, ჯერჯერობით, არ თანხმდება გუდაუთის ბაზის ტრგანსფორმაციას ეგრეთ წოდებულ «მშვიდობისმყოფელთა» სარეაბილიტაციო ცენტრად.
        პასუხად, კრემლი უეჭველად დაგვემუქრება «სამშვიდობო ძალთა გაყვანით», მაგრამ ჯერ ერთი, ეს ბლეფია. გარდა ამისა, ასეთი მუქარა საქართველოს ვეღარ შეაშინებს – დღეს სხვა ვითარებაა. მით უმეტეს, სხვა ვითარება იქნება 2001 წელს, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია შეუდგება მუშაობას, ხოლო ნავთობზე ფასების «ციკლური» შემცირება რუსეთს კვლავ «ჩამოჰკიდებს» საერთაშორისო სავალუტო ფონდს.
        2000 წლის შედეგების შეჯამებისას მართლაც არ გეშვება განცდა, რომ წელს ქვეყანა ემზადებოდა ახალ პოლიტიკურ ტალღაზე შესაცურებლად. მრავალი პროცესი კატეგორიულად შეუქცევადია. რაც ყველაზე თვაელსაჩინოა, შესამჩნევად იზრდება საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის დონე. საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაც ისე ადვილი აღარ არის, - ქვეყანაში ყალიბდება ჯანსაღი სოციალური მიმართებები, რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მედიამ, რომელიც სულ უფრო დამოუკიდებელი და «მრისხანე» ხდება.
        ამ თვალსაზრისით, 2000 წელი «მრავალმხრივი კრისტალიზაციის» წელი იყო, როდესაც ბევრი პროცესი «დამაგვირგვინებელ» სტადიაში შედიოდა, მაგრამ გასულ წელს არც ერთი მათგანი არ დასრულებულა არც შიდა პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
        მიუხედავად ამისა, 2000 წელი ამზადებდა მომავალ 2001 წელს, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საქართველოსთვის და მხოლოდ იგი გამოკვეთს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა, ქართული სახელმწიფო, 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში.

დილის გაზეთი, 25 დეკემბერი, 2000 წელი