1995 წელი - ქართული გამყინვარება

1995 წელი - ქართული გამყინვარება

 

    ახალი წელი, პოლიტიკური თვალსაზრისით, იწყება არა 1 იანვარს, არამედ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, რომელმაც წლის მთავარი განმსაზღვრელი ტენდენცია დასახა.
    ამ თვალსაზრისით, 1995 წელი დაიწყო 11 იანვარს, როდესაც იგორ გიორგაძემ (გია ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის მიერ ორდენით დაჯილდოვებულმა), უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით, ზესტაფონში დააპატიმრა გვარდიის ყოფილი სარდალი, დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების მთავარი ორგანიზატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი, თენგიზ კიტოვანი.
    გენერალურმა პროკურორმა, ჯამლეთ ბაბილაშვილმა, იმავე დღეს აღძრა სისხლის სამართლის საქმე კიტოვანის წინააღმდეგ. თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურები არც მაშინ და არც ამჟამად ედუარდ შევარდნაძის ნებართვის გარეშე არაფერს აკეთებდნენ, შეიძლება დავასკვნათ: კიტოვანის დაპატიმრება იყო სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკური დემარში, რომლითაც მან დაიწყო გათავისუფლება 1991-93 წლების მემკვიდრეობისაგან არა მხოლოდ წმინდა პოლიტიკური ან სახელმწიფოებრივი, არამედ მორალური თვალსაზრისითაც.

    სწორედ ეს მიმაჩნია 1995 წლის ძირითად, შინაარსობრივ მნიშვნელად. ოღონდ ეს შინაარსი შევარდნაძის მიერ იმდენად ღრმად და ოსტატურად იქნა შენიღბული, რომ ბოლო დრომდე მისი ქმედების მართებულობა (ან ამ ქმედების ჭეშმარიტი მოტივაცია) ეჭვქვეშ ვერავინ დააყენა.
    1991-92 წლებში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების ავტორები აინუშშიც არ აგდებდნენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მათ მიერ ჩადენილ სისხლიან აქტს არ დაეთანხმა. უზნეო ტყუილია, თითქოს ისინი, ვინც შემდგომ პროტესტს გამოთქვამდა ძალით მოსული და დამკვიდრებული რეჟიმის წინააღმდეგ, მოქმედებდა, კერძოდ, ზვიად გამსახურდიასადმი პირადი სიმპათიისა და ფანატიკური თაყვანისცემის გამო.
    სინამდვილეში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უმალვე იგრძნო, რომ მისი უზენაესი უფლება შელახულ იქნა იმ ადამიანების მიერ, რომელთაც არაფერი ამოძრავებდათ (ამ შემთხვევაში მოტივაციას სწორედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს) პირადი ანგარიშების, პირადი სიძულვილის, წყენის, ძალაუფლების დაპყრობის, ამბიციის გარდა.
    ვიმეორებ: თავად ორგანიზატორები, რომლებმაც რუსეთის სპეც-სამსახურთა მეშვეობით და რუსეთის ჯარებზე დაყრდნობით განახორციელეს სამხედრო გადატრიალება, ამ ფსიქოლოგიურ მომენტს (მოსახლეობის განწყობას) დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც 11 ოქტომბრის ე.წ. «არჩევნებით» შეძლეს თავიანთი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, მაგრამ დროთა მსვლელობამ დაამტკიცა, თუ რაოდენ დიდი, საბედისწერო შეცდომა იყო ამ განწყობის იგნორირება.
    დეკემბერ-იანვრის გადატრიალების «გმირებმა» - თენგიზ კიტოვანმა, თენგიზ სიგუამ და ჯაბა იოსელიანმა არ გაითვალისწინეს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამის შემდეგ საქართველოში მოვიდოდა და დემოკრატიული გზით (არჩევნებით) მოინდომებდა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციას, იძულებული გახდებოდა გაეთვალისწინებინა მოსახლეობის აქტიური ნაწილის განწყობა და ხალხის მისწრაფება დაეკმაყოფილებინა. ეს მისწრაფება კი დეკემბერ-იანვრის გადატრიალების ორგანიზატორთა დასჯა იყო. გარდა ამისა, ნებისმიერი სახელმწიფო გადატრიალება (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთანხმება), ქმნის საზარელ პრეცედენტს, რომელიც «დამოკლეს მახვილივით» კიდია ხელისუფლების თავზე.
    ამიტომ, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს ეს პრეცედენტი დაუსჯელი არ დატოვოს, რათა არავის მისცეს საშუალება, მის წინააღმდეგაც გამოიყენოს უკვე «აპრობირებული» მეთოდი.
    1995 წელს, ედუარდ შევარდნაძემ სწორედ დეკემბერ-იანვრის პრეცედენტის მიერ სახელმწიფოში შექმნილი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური განწყობა მოსპო, რითაც იმავდროულად (ელექტორატის ზემოთნახსენები განწყობის გათვალისწინებით) ნოემბრის არჩევნებში საკუთარი გამარჯვებაც უზრუნველყო!
    თენგიზ კიტოვანის განადგურება ედუარდ შევარდნაძისათვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი საზოგადოებაში რაიმე განსაკუთრებული მხარდაჭერით არ სარგებლობდა.
    გაცილებით უფრო რთული ამოცანა იყო ჯაბა იოსელიანისა და მისი «მხედრიონის» დამხობა, რადგან «ბებერ მოჯაჰედდინს» აშკარად თუ ფარულად მხარს უჭერდა არა მხოლოდ მძლავრი ფინანსური კლანი (რომელიც სამხედრო გადატრიალების შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებში დამკვიდრდა), არამედ ე.წ. «ელიტარული ინტელიგენცია», რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმპათიით «კანონიერი ქურდებისა» და კრიმინალური სამყაროსადმი. რაც, ერთის მხრივ, განისაზღვრებოდა საბჭოთა პერიოდში არსებული ეკონომიკური კავშირებით (ე.წ. «ცეხავიკების» მფარველობა და სხვა), ხოლო მეორეს მხრივ, გამოიხატებოდა ზოგიერთ «მხატვრულ ნაწარმოებში» - კრიმინალური ნაძირალების ჰეროიზაციით.
    ამდენად, ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმოდა, რომ ჯაბა იოსელიანს «ელიტარული ინტელიგენცია» მას ასე ადვილად არ დაანებებდა. ამიტომ, «მხედრიონის» წინააღმდეგ მისი მოქმედება გაცილებით უფრო ფრთხილი, წინდახედული და «თანდათანობითი» იყო. 1995 წლის გაზაფხულიდანვე დაიწყო ფართომაშტაბიანი შეტევა «მხედრიონის» წინააღმდეგ. შევარდნაძეს მხოლოდ «Kazus Bell» (ომის მიზეზი) სჭირდებოდა და ასეთი ინციდენტიც შედგა – რუსთავში, როდესაც გიგა გელაშვილმა და თემურ ხაჩიშვილმა სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულ მამალაძეს თავ-პირი დაამტვრიეს.
    მაშინ ცოტამ თუ შენიშნა, რომ «ომის მიზეზი» თვით შევარდნაძემ შექმნა. მან ხომ შესანიშნავად იცოდა: მარნეულში «მხედრიონის» ერთ-ერთი ქვედანაყოფის განიარაღება უეჭველად გამოიწვევდა ჯაბა იოსელიანისა და მისი «ბიჭების» გააფთრებას, ხოლო მათი ემოციურობის გათვალისწინებით, ისინი უეჭველად დაუშვებდნენ საბედისწერო შეცდომას.
    1995 წლის განმავლობაში, ჯერ კახეთში, შემდეგ სამტრედიასა და ბორჯომში, შევარდნაძემ ნაწილ-ნაწილ გაანადგურა «მხედრიონის» სამი მძლავრი დასაყრდენი კლანი, რის შედეგადაც ჯაბა იოსელიანისა და გიგა გელაშვილის სამოქმედო ასპარეზი მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
    ამავე დროს, ფაცაციას მთავრობა, სახელმწიფოს მეთაურის დავალებით, არ აძლევდა «მაშველთა კორპუსს» საბოლოო ლეგიტიმაციისა და სტრუქტურიზების საშუალებას.
    შევარდნაძე გრძნობდა, რომ «მხედრიონი» დამარცხებას ასე ადვილად არ შეურიგდებოდა და ამაში ნამდვილად არ ცდებოდა, რადგან ეს ორგანიზაცია კრიმინალური სამყაროს იდეოლოგიით ცხოვრობდა - გიგა გელაშვილს უშუალოდ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა იმ «მხედრიონელებზე», რომლებიც უკვე დაპატიმრებულები იყვნენ ხელისუფლების მიერ. მაგრამ შევარდნაძე, შესაძლოა, ვერც წარმოიდგენდა, თუ «მხედრიონი» მისი ფიზიკური განადგურებით მოინდომებდა პრობლემის გადაწყვეტას. არადა, ამის წარმოდგენაც სავსებით რეალური იყო.
    29 აგვისტოს შემდეგ კი, შევარდნაძეს უკვე მიეცა საშუალება იერიში მიეტანა ჯაბა იოსელიანის პოზიციებზე. ეს უკანასკნელი დისკრედიტებული აღმოჩნდა თვით იმ «ინტელიგენციის» თვალში, რომელიც მას ადრე მხარს უჭერდა და რომლის რეაქციასაც შევარდნაძე განსაკუთრებით ითვალისწინებდა.
    მაგრამ სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდს კიდევ ერთი თავისებურება გააჩნდა. ამ დროს გადაიკვეთა შევარდნაძის პოლიტიკის ორი ხაზი: ერთი - მიმართული «ძალისმიერი ოპოზიციის განადგურების», ხოლო მეორე - მოსახლეობის თვალში «უარესი ალტერნატივის» სტერეოტიპის შექმნისაკენ.
    საქმე ის გახლავთ, რომ ედუარდ შევარდნაძეს არასგზით არ აძლევდა ხელს მის ალტერნატივად საზოგადოებრივ ცნობიერებაში დაფიქსირებულიყო აკაკი ბაქრაძე ან «პოლიტიკური ოპოზიცია» (რესპუბლიკელების თუ იმავე «ეროვნულ-დემოკრატების» სახით). მისთვის გაცილებით ხელსაყრელი იყო დაპირისპირება იმ ძალებთან, რომლებიც მთლიანად, საზოგადოების მიერ აღიქმებოდნენ, როგორც რეაქციულნი.
    არავითარ პრობლემას პანტელეიმონ გიორგაძე შევარდნაძისათვის არ წარმოადგენდა. მით უმეტეს არ წარმოადგენდა რაიმე საშიშროებას. პრობლემაც და საშიშროებაც პანტელეიმონ გიორგაძისაგან თვით შევარდნაძემ შექმნა - თავისი საჯარო გამოსვლებით. ამით, პრეზიდენტობის «ნომერ პირველმა კანდიდატმა» ერთდროულად სამი-ოთხი კურდღელი დაიჭირა: ჯერ ერთი ოპოზიცია მიიმხრო (პანტელეიმონ გიორგაძე და კომუნისტები, რა თქმა უნდა, «უფრო მეტ ბოროტებად» აღიქმებოდნენ ვიდრე შევარდნაძე); მეორეც: იგი მოსახლეობის თვალში დაფიქსირდა როგორც კომუნისტური იდეოლოგიის პროგრესული ალტერნატივა; მესამე: შეამზადა ნიადაგი იგორ გიორგაძის დისკრედიტაციისათვის (ამ ფიგურის «მსხვერპლად შეწირვა» მას უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა) და ბოლოს: პირდაპირ დაუკავშირა მთელი ეს «კომუნისტური ხროვა» ვაკეში გიორგაძეების კარის მეზობელს - ჯუმბერ პატიაშვილს.
    პატიაშვილი მთელს ამ «შესანიშნავ კომპანიაში» ერთადერთი იყო, ვისიც სახელმწიფოს მეთაურს მართლა ეშინოდა და ვის მოსალოდნელ კონკურენციასაც (მომავალ არჩევნებში) რეალურად უწევდა ანგარიშს. 29 აგვისტომ მთელი ეს ჩახლართული კვანძი ერთბაშად გახსნა - შევარდნაძემ ერთი დარტყმით გაანადგურა «მხედრიონი» და საქართველოდან გააძევა იგორ გიორგაძე. არადა, ბავშვისთვისაც კი ნათელია, რომ იგორ გიორგაძეს უშუალო მონაწილეობა ტერორისტული აქტების მომზადებაში არ მიუღია - შევარდნაძის ფიზიკური განადგურება «მხედრიონის» წიაღში დაიგეგმა და «უშიშროებაში» ამ ორგანიზაციის უშუალო ბერკეტის (თემურ ხაჩიშვილის) მიერ ხორციელდებოდა.
    მაგრამ არჩევნების მოახლოების კვალობაზე შევარდნაძე მოერიდა ჯაბა იოსელიანის ჭეშმარიტი როლის წარმოჩინებას, რაკი საზოგადოებას ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა მათი გულმხურვალე ფიცი «მეგობრობის» შესახებ. ამიტომ, ჯაბას დაპატიმრება რამდენიმე კვირით გადაიდო და მხოლოდ არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ განხორციელდა.
    ამრიგად, 1995 წელი მთლიანობაში შეიძლება განისაზღვროს, როგორც არსებული ხელისუფლების საბოლოო ლეგიტიმაციის წელიწადი. ბრძოლა შევარდნაძის ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის საბოლოო გამარჯვებით დასრულდა.

    რაც შეეხება საქართველოს, განხილული პერიოდი მისი სახელმწიფოებრივი პრობლემების «გაყინვით» აღინიშნა. აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» კონფლიქტები «დაკონსერვებულია» - ეს ტერიტორიები კი ფაქტობრივად დაკარგული.
    გაურკვეველია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა. ამ მხრივ, 1995 წელს არაფერი შეცვლილა - ქვეყანა კვლავ ღრმა სტაგნაციის პერიოდში იმყოფება, მაგრამ მყარი და სტაბილური ხელისუფლების ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველომ თანდათან ყინულის გალღვობისათვის საჭირო ენერგიაც შეიძინოს.

«მსგეფსი», 27 დეკემბერი, 1995 წელი.