15 სექტემბერი 2021 წელი
ის, რაც მნიშვნელოვანია `აქ და ახლა`
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, მას Covid-19 არა აქვს. ``უბრალოდ`` მეტისმეტად ბევრს შეეყარა ინფექცია მის უახლოეს გარემოცვაში და ექიმებმა ურჩიეს, შეხვედრები შეეზღუდაო.
თვითონ ამბობს: ``კარანტინში გადავდივარ, რაკი გუშინ ისეთ ადამიანთან ერთად ვიყავი მთელი დღე, ვისაც კოვიდი დაუდგინდაო``.
არ აკონკრეტებს ვინ იყო ის `ერთი ადამიანი`, ვისთანაც `მთელი დღე` ლაპარაკობდა.
ზოგიერთი ცნობით ეს ``ერთი ადამიანია``თავდაცვის მინისტრი შოიგუ და მასთან `მთელი დღე` პუტინი იმ სამხედრო სწავლებებს განიხილავდა, რომელიც უკრაინის საზღვრებთან ტარდება.
დასავლური წყაროები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში პუტინი ინფიცირებულია, თუმცა რუსები ამას მალავენ. რაც ნამდვილად არ არის გამორიცხული.
თუმცა, ასეა თუ ისე, პუტინის ინფიცირებამ ან ``ვითომ ინფიცირებამ`` შეიძლება გავლენა იქონიოს რუსეთის გეგმებზე საგარეო სფეროში. მაგალითად, უკრაინის მიმართ, სადაც შიშობდნენ, რომ რუსეთის უპრეცედენტოდ მასშტაბური სამხედრო სწავლებები `დასავლეთი-2021` შეიძლება გადაზრდილიყო ომში და ახალ აგრესიაში უკრაინული სახელმწიფოს დასამხობად. ან მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის დასაპყრობად, რაც იგივე დამხობაა, თუმცა დროში ოდნავ გაწელილი.
მეორე ვერსიით, ეს `ავადმყოფობა` და `კარანტინი` შეიძლება ერთგვარი ხრიკიც იყოს, რომ პუტინმა დასავლეთის `გამპრავებელთა` თვალში თავიდან აიცილოს პირდაპირი ბრალდებები საომარი კონფლიქტის შემთხვევაში და ყველაფერი უკრაინას დააბრალოს: ``ხომ ხედავდით, პუტინი კარანტინში იყო, არაფერს გეგმავდა, მაგრამ უკრაინის სამხედროებმა მძიმე პროვოკაცია მოაწყვეს რუსული მოსახლეობის წინააღმდეგ დონბასში და რუსული არმიაც იძულებული გახდა ერეაგირაო`.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინა დასავლეთის, პირველ რიგში გერმანიის მიმართ, პოლიტიკური დახმარების ხვეწნა-მუდარიდან მუქარაზე გადადის:
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ გერმანია და ევროპა დაუშვებენ `ჩრდილო ნაკადის` ამოქმედებას ანუ ბუნებრივი აირის უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას, მაშინ უკრაინა საერთოდ ჩაკეტავს თავის გაზ-სატრანსპორტო სისტემას რუსული გაზისათვის მომავალ ყინულოვან ზამთარში, რომელიც ყველაზე სუსხიანი იქნება ბოლო 50 წლის განმავლობაში. ამიტომაცაა, რომ რუსული გაზის ფასმა ევროპაში 850 (!) დოლარსაც კი გადააჭარბა 1 000 კუბომეტრისათვის.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია: საქმე ის გახლავთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ `ჩრდილო ნაკადის` ორივე მილი 100%-ით დაიტვირთება, რუსეთს მაინც დასჭირდება უკრაინული მილსადენები ევროპაში გაზის მისაწოდებლად. უბრალოდ მოსკოვს უფრო მეტად აწყობს სიტუაცია, როდესაც სამჯერ-ოთხჯერ შეამცირებს უკრაინული გაზ-სატრანსპორტო სისტემის გამოყენებას. ესეც კი საკმარისი იქნება უკრაინის ეკონომიკის ჩამოსაშლელად.
ეს აწყობს პუტინს, მაგრამ არ აწყობს უკრაინას და სწორედ ამითაა განპირობებული უკრაინის ხელისუფლების სენსაციური ულტიმატუმი ევროპას. პირველ რიგში გერმანიას, რაკი გერმანული ინდუსტრიები, შესაბამისად გერმანიის ხელისუფლება, რუსული ბუნებრივი აირის მთავარი ლობისტია ევროპაში და დასავლეთში.
არადა, ის რაც ``აწყობს`` რუსულ გიგანტს `Газпром`, მთლიანად ``აწყობს`` პუტინს და მის იმპერიულ ზრახვებს უწყობს ხელს.
აქედან გამომდინარე, ის, ვინც ლობირებს დასავლეთში Газпром-ს, ლობირებს იმპერიალიზმს და ობიექტურად გამოდის უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საშიში კვანძი იკვრება შორეულ აღმოსავლეთში - ტაივანის გარშემო.
ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გასვლამ გაათამამა ამერიკის ყველა მტერი მთელს მსოფლიოში. ჩინური ოფიციოზი (ანუ ხელისუფლებასთან დაახლოვებული მედია) აქვეყნებს პროვოკაციულ სტატიებს, რომელშიც მოუწოდებს ჩინეთის ხელისუფლებას, სასწრაფოდ ისარგებლოს ამერიკის დასუსტებით და მიიღოს გადამჭრელი ზომები ტაივანის კუნძულის დასაბრუნებლად ჩინეთის შემადგენლობაში.
მოგეხსენებათ, ტაივანი ჩინეთს `დე ფაქტო` გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩინეთის სამოქალაქო ომში ანტიკომუნისტების დამარცხებისთანავე. ანტიკომუნისტები (გომინდანის მთავრობა) დამარცხდნენ, მაგრამ კუნძულ ტაივანზე შეინარჩუნეს ძალაუფლება.
მთელი ამ წლების განმავლობაში, ამერიკა ტაივანს ეხმარებოდა ისევე, როგორც ეხმარებოდა იაპონიას, ეხმარებოდა სამხრეთ კორეას და ა.შ.
ააყვავა კიდეც ტაივანის ეკონომიკა.
ახლა ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია აშკარად ხელისუფლების მიერვე `ჩაწვეთებულად`, მოითხოვს, რომ ჩინეთის არმიამ გააგზავნოს ავია-გამანადგურებლები ტაივანის საჰაერო სივრცეში, ამით დაადასტუროს, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და თუ ტაივანი (ან ამერიკა) ამ თვითმფრინავების ჩამოგდებას გაბედავს ტაივანის ცაში, დაიწყოს სრულმასშტაბური ომი ტაივანის დასაბრუნებლად.
სწორედ ამგვარი გეგმების საპასუხოდ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ბაიდენი ემზადება ტაივანში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაფუძნებლად. დღემდე ამერიკელები ტაივანს მხოლოდ ფლოტით იცავდნენ.
ესეც შეიძლება ომის საბაბი გახდეს, მაგრამ ამერიკას სხვა გზაც არა აქვს: თუ ავღანეთის მერე ახლა ტაივანიც დაიკარგება, ეს მეტისმეტად სერიოზულად შეარყევს აშშ იმიჯს მთელს მსოფლიოში.
ერთადერთი, რაც ჩინეთს ტაივანის დაპყრობისგან აკავებდა და ნაწილობრივ კიდევ აკავებს ისაა, რომ ამერიკასთან ომი ნამდვილად გამოიწვევს ამერიკული და დასავლური კომპანიების წასვლას ჩინეთიდან და ჩინური ეკონომიკა შესაძლოა ჩამოიქცეს, მიუხედავად კოლოსალური ფინანსური რეზერვებისა.
თუმცა ეს რეზერვები (2-3 ტრილიონი) დოლარებში აქვთ და ამერიკას სულ იოლად შეუძლია დოლარით ოპერირებაც აუკრძალოს ჩინეთს.
რეზუმე: თუ ბაიდენმა და ამერიკამ `კლანჭები არ გამოაჩინა` ამგვარი თავხედობ(ებ)ის წინააღმდეგ, თუ აგრესორები ამა თუ იმ მეთოდით არ დასაჯა, ამ დიდებული ქვეყნის საქმე მართლაც შეიძლება ისე წავიდეს, რაც ამერიკის ყველა მტერს გაახარებს და მის ყველა მეგობარს ძალიან დაამწუხრებს.
მათ შორის საქართველოში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმწვავესი პროტესტი განუცხადა აზერბაიჯანს და თურქეთს იმის გამო, რომ ამ ორი ქვეყნის საზღვაო ძალებმა ერთობლივი სწავლებები გამართეს კასპიის ზღვაში.
ირანის `საგარეო` აცხადებს, რომ 2018 წელს ხუთმა კასპიისპირა სახელმწიფომ გააფორმა ხელშეკრულება, რომ კასპიის ზღვაში არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს უფლება გამართოს სამხედრო აქციები. მათ შორის სწავლებები.
აზერბაიჯანის საგარეო პასუხობს: 2018 წლის ხელშეკრულება ირანის მიერ ხელმოწერილია, მაგრამ რატიფიცირებული არ არისო.
ამასობაში, აზერბაიჯანმა ფაქტიურად ჩაკეტა საავტომობილო გზა, რომელიც ირანს სომეხთთან აკავშირებს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის ერთ მონაკვეთზე.
დავაკვირდეთ კიდევ უფრო საინტერესო მომენტს: რუსეთი გატრუნულია, - პუტინი და სერგეი ლავროვის `საგარეო` ხმას არ იღებენ. მხოლოდ აბრიკოსების შეტანა აუკრძალა აზერბაიჯანს რუსულ ბაზრებზე.
რატომ?
იმიტომ, რომ აშკარად არ უნდათ ერდოღანთან `დაძაბვა: პუტინმა იმდენი იბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ, რომ ახლა თურქეთზე აღმოჩნდა დამოკიდებული: ნებისმიერი გამწვავების შემთხვევაში, ერდოღანს შეუძლია გადაუკეტოს რუსეთს ბოსფორის სრუტეზე გზა სირიისკენ, რაც სირიიდან რუსული ჯარის გაგდებისა და პუტინის უდიდესი მარცხის მიზეზი გახდება.
რამდენი ჭკვიანი რუსი ექსპერტი თუ მოაზროვნე აფრთხილებდა პუტინს და მის მომხრეებს: `დასაველთთან ასეთი პათოლოგიური დაპირისპირება პატარ-პატარა რეგიონულ ქვეყნებზე დამოკიდებულებს გაგვხდისო........`, თუმცა გონებაჩლუნგ იმპერიალისტებს რას შეასმენ.......
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ იმ მომენტში, როდესაც ტრამპის მომხრეები ამერიკის კონგრესის შენობაში შეიჭრენ (მაშინ დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო) ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, რომელსაც `შტაბთა მეთაურების გაერთიანებული შტაბი` ეწოდება, საიდუმლოდ შეუზღუდა უმაღლეს მხედართმთავარს, ანუ პრეზიდენტ ტრამპს, ბირთვულ იარაღთან წვდომა.
არაფერი მსგავსი არასდროს არ მომხდარა.
ეს, უბრალოდ, კატასტროფაა!
დათო