საქართველოს First Lady

საქართველოს First Lady

 

პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი ადგილმემკვიდრე, ანუ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარადგინა, საოცარი და ცოტა არ იყოს კომიკური ექსცესი მოხდა: მოქმედმა პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეზე და მას «მომავალი პირველი ლედი» უწოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილს ახალი პრემიერ - მინისტრის საკითხი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია (ამაში არც ცდება, რაკი მმართველი კოალიცია უეჭველად მხარს დაუჭერს წარდგენილს), გამოდის, ამ წოდების საკითხიც გადაუწყვეტია. მით უმეტეს, რომ მისი გადაწყვეტა არანაირ ფორმალურ პროცედურებს არ მოითხოვს.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს მაიჩნია, რომ აქვს უფლება არა მხოლოდ მომავალი პრემიერ - მინისტრი განსაზღროს, არამედ ისიც დაადგინოს, თუ ვის უნდა ეწოდოს «პირველი ლედი». არადა, ეს სრული გაუგებრობაა: «პირველი ლედი» ეწოდება პრეზიდენტის მეუღლეს და მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლეს! თუ პრეზიდენტს მეუღლე არა ჰყავს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ «ადგილმონაცვლეობის» პრინციპით, «პირველი ლედი» ხდება პრემიერ-მინისტრის მეუღლე, მერე (თუ იმასაც არ ჰყავს) პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე და ასე შემდეგ, კონსტიტუციური რანგირების შესაბამისად, - გენერალური შტაბის უფროსის ცოლამდე. სინამდვილეში, თუ პრეზიდენტს არა ჰყავს მეუღლე, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არა ჰყავს «პირველი ლედი». მორჩა და გათავდა.

და, რასაკვირველია, არავის აქვს უფლება ერთპიროვნულად დაადგინოს, ვის უნდა ეწოდოს «პირველი ლედი». როგორი ღირსეული ქალბატონიც არ უნდა იყოს (ალბათ არის კიდეც) ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ის მაინც ვერანაირად ვერ იქნება «პირველი ლედი», რადგან «პირველი ლედი» ყველგან მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლეა! აქ აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ თანამდებობის პირის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას: პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტზე ასჯერ მეტი უფლებებიც რომ ჰქონდეს, «პირველი ლედი» (First Lady) მაინც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლეს ეწოდება. იმიტომ, რომ ეს არაოფიციალური, სიმბოლური სტატუსია და არა კონსტიტუციური თანამდებობა. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახს უწოდებენ First Couple ან First Family. ხოლო თუ პრეზიდენტი ოფიციალურად დაოჯახებული არ არის, ეს, უბრალოდ, ისევ და ისევ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას დროებით არა ჰყავს არც «პირველი ოჯახი», რაც, თავისთავად, არანაირი უბედურება არ არის.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საკუთარი ძალმოსილების გაცნობიერების პროცესში იმყოფება, სცადა ამ გზით დაეძლია ის ცნობილი რეალობა, რასაც თავად უხერხულობად აღიქვამს (სინამდვილეში კი მართლა არ არის რაიმე სერიოზული პრობლემა), თუმცა შედეგად ბევრად უარესი კონფუზი გამოუვიდა და იქვე მდგომი ახლადარჩეული პრეზიდენტიც საშინლად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

First Lady-ს ინსტიტუტი, რომელსაც ბევრგან მართლა სერიოზული საზოგადოებრივი დატვირთვა აქვს, ამერიკაში გაჩნდა და ამერიკული კულტურის პროდუქტია. პირველად, First Lady მარტა ვაშინგტონს უწოდა ერთმა ბოსტონელმა ჟურნალისტმა. დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად საერთო ანგლოსაქსური კულტურისა, ეს ინსტიტუტი არ არსებობს. არავის მოუვა აზრად «პირველი ლედი» უწოდოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს. თუ მაინც უწოდებს, უმალვე იქცევა ანეგდოტის საგნად, რადგან ქვეყანას ჰყავს მონარქი.

ამერიკული კულტურის ეს მონაპოვარი (ნამდვილად მონაპოვარი) ბევრ ქვეყანაში გავრცელდა, მაგრამ რესპუბლიკური მმართველობის სახელმწიფოებში «პირველი წყვილი» და «პირველი ლედი» მხოლოდ პრეზიდენტს უკავშირდება. თუმცა, ყოველივე ამერიკულის მექანიკური ექსტრაპოლირების მატრაკვეცულმა მცდელობამ (ჩვენი ეროვნული მენტალობის გაუთვალისწინებლად და ხშირად მის საწინააღმდეგოდ), წინა ხელისუფლების დროს საქართველოში კომიკური იერი შეიძინა და მაღალ წრეში მბრუნავ ზოგიერთ ქალბატონზე ხუმრობდნენ კიდეც: «ეს მერემდენე ლედიაო».

ასეთი შედეგი მოაქვს, ზოგადად, უცხო მენტალობისთვის დამახასიათებელ ინსტიტუტთა კულტივირების მცდელობას, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც ხსენებულ პრეს-კონფერენციაზე შექმნილი უხერხულად კომიკური ვითარება გახდა.