საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ივნისი 2023 წელი
CNN იტყობინება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინამ დაკარგა 16 ამერიკული ჯავშანმანქანა Bradley. სულ ამერიკამ უკრაინას 109 ასეთი ჯავშანმანქანა მიაწოდა.
თითქმის ყველა მათგანი ნაღმზე აფეთქდა და შემდეგ მიატოვეს ეკიპაჟებმა.
რუსებმა შეტევის ზოლში ათასობით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ჩადეს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სათანადოდ ვერ მუშაობენ ან უკრაინელები ვერ იყენებენ ხეირიანად განმნაღველ ავტომატურ სისტემებს (სპეციალურ `მბორგავ ჭურვებს`), რომლებიც ასევე მიიღეს ამერიკისგან.
ნაღმზე აფთქდა ასევე რამდენიმე გერმანული Leopard-2 A6 უახლესი და მაღალტექნოლოგიური ტანკი.
თუმცა უკრაინა ნელ-ნელა მაინც მიიწევს წინ და დასახლებულ პუნქტებს (სოფლებს) ათავისუფლებს.
ექსპერტთა აზრით, Bradley-ს გამოყენება უნდა ხდებოდეს არტილერიისა და ავიაციის მოქმედების პარალელურად, თუმცა დანაკარგი ნებისმიერ შემთხვევვაში იქნება. ამერიკული ანდაზით: `ომლეტს ვერ დაამზადებ, თუ რამდენიმე კვერცხი არ გატეხე`.
არსებობს იმის საფრთხე, რომ Bradley რუსებმა ჩაიგდონ ხელთ. ნაღმზე აფეთქებული სამხედრო ტექნიკა სამუდამოდ სულაც არ გამოდის მწყობრიდან - მათი შეკეთება სავსებით შესაძლებელია. განსხვავებით იმ შემთხვევებისა, როცა ტანკს ან ჯავშანმანქანას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ან ჭურვი ხვდება და იწვის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა სასამართლოს წინაშე უარყო ყველა 37 (!) ბრალდება, რომელიც მას ოფიციალურად წარუდგინეს გუშინ `შპიონაჟის აქტიდან` გამომდინარე - საიდუმლო დოკუმენტების საკუთარ სახლში წაღების საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ბრალდებული დაიძვრება საკუთარი სახლიდან და მთელი გზა სასამართლომდე, ასევე მთელი სასამართლო მოსმენის განმავლობაში, იგი ოფიციალურად დაკავებულად ითვლება.
სხვა შემთხვევებში, ამ პროცედურისას, ბრალდებული პოლიციელებს ხელბორკილებით მიჰყავთ, თუმცა ტრამპს ეს მაინც არ აკადრეს, მაგრამ იურიდიულად, ის ამ პროცესში დაპატიმრებულად ითვლება იმ მომენტამდე, სანამ მოსამართლე ჩაქუჩს არ დაჰკრავს.
ტრამპი მიიყვანეს მხოლოდ იმისთვის, რათა მას ეპასუხა კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ. მის ციხეში ჩასმას (ჯერ) არავინ აპირებდა რასაკვირველია.
ბრალდება `შპიონაჟის საწინააღდმეგო აქტიდან` გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრად სერიოზულია ვიდრე წინა ბრალდება (სექს-მუშაკის მოსყიდვა გაჩუმების სანაცვლოდ) რაზეც ტრამპმა ასევე უდანაშაულოდ სცნო თავი.
და იგი უკვე სცნეს დამნაშავედ ($5 მილიონი ჯარიმა) მესამე საქმეზე - 30 წლის წინანდელი ვითომ გაუპატიურება გასახდელში.
უახლოეს მომავალში კი დონალდ ტრამპს უეჭველად წაუყენებენ ბრალს 2020 წლის არჩევნების გაუქმების მცდელობის და კონგრესში მისი მომხრეების საქმეებზე. თანაც როგორც ფედერალურ ასევე ვირჯინიის შტატის დონეზე, რაკი არსებობს ვირჯინიის შტატის თანამდებობის პირთა ჩევნებები, რომ პრეზიდენტი ტრამპი მათ ურეკავდა და არჩევნების შედეგთა გაუქმებას მოითხოვდა.
მთლიანობაში ასეულობით ბრალდება შეიძლება დაგროვდეს სხვადასხვა ეპიზოდზე.
თუ გავითვალსიწინებთ, რომ ამერიკაში სასჯელები იკრიბება, ფორმალურად ტრამპს შესაძლოა 200-300 წლით პატიმრობა ემუქრებოდეს. ანუ სამუდამო.
თუმცა ეს ჰიპოთეტურად მხოლოდ.
ტრამპის საქმე, რაოდენ იურიდიულად გამართულიც არ უნდა იყოს (იურისტთა აზრით, მინიმუმ ზოგიერთ ბრალდებას და პროკურატურის ზოგიერთ მტკიცებულებას უბრალოდ `ძვრას ვერ უყოფ` და `წყალი არ გაუვა`) მაინც პოლიტიკური საქმეა გასაგები მიზეზების გამო.
`კლასიფიციურებული დოკუმენტების` საქმეს ფედერალურ სასამართლოში განიხილავს მოსამართლე Aileen Cannon, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დანიშნა ამ პოსტზე.
ტრამპი უკან დახევას არ აპირებს. მით უმეტეს, რომ უკან დასახევი არც აქვს.
კლასიკური PR-ის კანონებიდან გამომდინარე, იგი ცდილობს მაქსიმალური სიმშვიდის და თავდაჯერების დემონსტრირებას: სასამართლო სხდომის შემდეგ, სადაც მას ბრალდებები წაუყენეს, ნიუ ჯერსიში ერთ ერთ კლუბში საზეიმო მიღება, - კოსტიუმირებული Party მოაწყო.
ამასობაში ხელისუფლება/ბრალდება, თავის მხრივ, ავითარებს საკუთარ PR-ს: სულ ახალი და ახალი ფოტოების `გაჟონვა` ხდება, თუ როგორ აწყვია საიდუმლო დოკუმენტებით სავსე ყუთები ტრამპის მარ ა ლაგოს რეზიდენციის აბაზანა/ტუალეტში, - უნიტაზთან.
ირკვევა, რომ იქ ტრამპის ადვოკატებმა გადამალეს, რათა `არასანდო ხალხს` არ დაენახა, რადგან მარ ა ლაგოს რეზიდენცია, ფაქტიურად ღია კლუბია. მათ შორის გოლფ კლუბი და იქ უამრავი ადამიანი ირევა ხოლმე. ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა ტრამპი ფლორიდაში Miss America კონკურსის `ქასტინგს` აწყობდა. ქართველი გოგონაც არის ნამყოფი იმ რეზიდენციაში ამგვარ ქსტინგზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ რუსული` საგარეოს` სფოუქსპერსონმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რაკი დასავლეთის მიზანი `რუსეთის სტრატეგიული დამარცხებაა`, მოსკოვს მეტის მოთმენა არ შეუძლია და მზად არის მიიღოს `ადეკვატური ზომები`.
ექსპერტები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვი აპირებს მისი 12 სტრატეგიული ბირთვული ატომური წყალქვეშა ნავის განთავსებას წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის ნაპირებთან და ატლანტიკის ოკეანეში, ნიუ იორკისა და ვაშინგტონის მახლობლად. ოღონდ საერთაშორის წყლებში.
ფორმალურად საერთაშორისო წყლებში ამ ატომური წყალქვეშა ნავების დისლოცირება არანაირ ხელშეკრულებას არ არღვევს, თუმცა დღემდე ასე მაშტაბურად ამას რუსეთი არ აკეთებდა, რადგან ამერიკელები აუცილებლად უპასუხებენ ატომურ წყალქევშა ნავთა `დევნის` ოპერაციებით, მათი ბლოკირების მცდელობით და ასე შემდეგ.
როგორც ჩანს, პუტინი მზადაა ამგვარი ესკალაცის რისკზე წავდიეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ატომური წყალქვეშა ნავები შეიარაღების ერთადერთი სახეობაა, რითაც რუსეთი თითქმის უტოლდება ამერიკას. იგულისხმება ატომურძრავიანი წყალქვეშა ნავების სიმძლავრე და რაოდენობა.
ამ წყალქვეშა ნავებს აქვთ საშუალება მრავალი თვის განმავლობაში იმოძრაონ ოკეანეში ან `დაყურსულნი` იწვნენ ფსკერზე და ელოდონ ბირთვული რაკეტების გაშვების ბრძანებას.
პუტინი იმუქრება, რომ მას აქვს ახალი ზებგერითი (!) ტორპედო პოსეიდონი, რომლის ბირთვული მუხტის აფეთქება ამერიკის სანაპიროებთან გამოიწვევს ცუნამის და წალეკავს როგორც კალიფორნიას, ასევე აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებს - ჩიკაგომდეც კი.
ცუდად აქვს პუტინს საქმე, თუკი ამგვარ შანტაჟზე მიდის. ამერიკელები აუცილებალდ უპასუხებენ და სრულიად აშკარაა უკვე, რომ უკან დამხევნი არც ისინი არიან.
გუშინ ე.წ. რუსული საზოგადოებასთან და ე.წ. რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, როდესაც უკრაინული კონტრშეტევის თაობაზე ლაპარაკობდა, პუტინი აშკარად შეშინებული ჩანდა. ეს რუსულმა ტელევიზიამაც კი ვერ დამალა.
ბუნებრივია: ამ ომის წაგება, ყირიმის/დონბასის დაკარგვა და კრემლის ქონგურზე ჩამოხრჩობა მისთვის ერთი იქნება.
მუსლონისა და მისი საყვარლის, კლარა პეტაჩის ბედი ეზმანება ალბათ კოშმარში, რომლებიც მილანელებმა ლორეტოს მოედანზე ფეხებით დაკიდეს 1945 წელს, იტალიის მიერ ომის სამარცხვინოდ წაგების შემდეგ..
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსის ავტოკრატი მმართველი ლუკაშენკო აგრძელებს PR-ს ტაქტიკური ბირთვული იარაღით, რომელიც პუტინმა განალაგა ბელორუსის ტერიტორიაზე.
ლუკაშენკოს თქმით (თურმე) პუტინმა კი არ მოახვია თავს ეს გადაწყვეტილება, არამედ მან მოსთხოვა (!) პუტინს (დავაკვირდეთ ფორმულირებას) დ ა მ ი ბ რ უ ნ ე ბირთვული იარაღი, რომელიც ბელორუსს ჰქონდა(ო) საბჭოთა ეპოქაში.
ანუ ლუკაშენკო ბირთვულ იარაღს იყენებს შიდა-სახელმწიფოებრივი PR-სთვის, როგორც ბელორუსის `ზესახელმწიფოებრიობის` მარკერს.
აბა საბჭოთა დროს ვინ ჰკითხავდა ბელორუსის ცკ-ს პირველ მდივანს, რა იარაღს და როგორ განალაგებდა სსრკ ბელორუსის სსრ ტერიტორიაზე?
ლუკაშენკოს PR-ის ნაწილია აგრეთვე განცხადება, რომ `ბირთვულ სახელმწიფოს ჯერ არავინ დასხმია თავსო`. თითქოს ბელორუსს ვინმე ემუქრება თავდასხმით და ტაქტიკური ბირთვული იარაღი დაიცავს, რაკი....ბელორუსის ხელშია.
სინამდვილეში, ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვულია იარაღი პუტინის ხელშია და არა ლუკაშენკოსი.
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადაადგილება რუსეთიდან - ბელორუსში ამ იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი რედისლოკაციაა ცივი ომის დასრულების შემდეგ.
ხოლო ტერმინი` ტაქტიკური` გულისხმობს მხოლოდ მისი სამიზნემდე `მიტანის` საშუალებებს (არა სტრატეგიული ან საშუალო სიშორის რაკეტებით, არამედ საფრონტო ბომბდამშენებით და არტილერიითაც კი);
ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაკი `ტაქტიკურია` ეს ჭურვი იმაზე სუსტია, რაც ამერიკელებმა ჩამოაგდეს ჰიროშიმაში და ნაგასაკიში - მთლიანობაში 40 კილოტონამდე.
რეალურად `ტაქტიკური ბირთვული იარაღის` სიმძლავრე მეგატონასაც შეიძლება აღწევდეს და აჭარბებდეს კიდეც ანუ 1 000 კილოტონაზე მეტი სიმძლავრის იყოს.