მამუკა ხაზარაძის „ლელო“ და მოთხოვნა „ალტერნატიულ  ძალაზე“

მამუკა ხაზარაძის „ლელო“ და მოთხოვნა „ალტერნატიულ  ძალაზე“

 

2012 წლის ბიძინასეული „შუის გაკრეფა“ თავისი დროისათვის „წარმატებული“ პროექტი აღმოჩნდა. ოღონდ არა ქვეყნისათვის, არამედ მისი პოლიტიკური ძალისთვის. დღეს უკვე „შუის გაკრეფას“ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს: „ან მე ან ბიძინა“.

თავისთავად ეს პოლიტიკური ტექნოლოგია ისედაც სუსტი ქართული დემოკრატიისათვის „ზურგში დანის ჩაცემის“ ტოლფასია: დემოკრატია ნიშნავს პლურალიზმს და მხოლოდ წლების განმავლობაში, მთელი ისტორიული პროცესის, პარტიათა შერწყმის, გამსხვილების და კონსოლიდაციის შედეგად თუ ჩამოყალიბდება ჯანსაღი ორპარტიულობა: როგორც „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ამერიკაში, „კონსერვატორები“ თუ „ლეიბორისტები“ ბრიტანეთში და ა.შ.

„შუის გაკრეფის“ მოთხოვნით, ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ მოქალაქეებს დაუმალონ, რომ სინამდვილეში არჩევანი უნდა კეთდებოდეს არა „ძველსა“ და „ყოფილს“, არამედ წარსულსა და მომავალს შორის, ანუ სიახლის და რაიმე ახალი „პროექტის“ სასარგებლოდ.

„არჩევნები 2020“ საამისოდ, ერთი შეხედვით,  ყველა პირობას ქმნის: ასეთი მრავალფეროვნება თითქოსდა  არც ერთ წინა არჩევნებზე არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ბევრი ცდილობდა საკუთარი პარტია გამოეცხადებინა „მესამე ძალად“. ოღონდ ამის შესაძლებლობას ორი გარემოება არ უტოვებდათ: მახინჯი საარჩევნო სისტემა, როცა ხელისუფლებებს ჰქონდათ მანდატების  „ყულაბა“ ე.წ. მაჟორიტარების, ანუ ადგილობრივი ფეოდალების სახით და რეალური პროგრამის, რაიმე ახალი „პროექტის“ და განსხვავებული ყაიდის ლიდერის შეთავაზების უუნარობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ახალი ძალა“ სულ სხვა ფენომენია, ვიდრე „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შუა გაჩხერილი ან იქ ხელოვნურად აღმოცენებული - ორივეს ნარჩენებით.

თუ ამ კუთხით შევხედავთ ამ მოჩვენებით „მრავალფეროვნებას“, ცხადია, რომ არჩევანის გაკეთება გვიხდებოდა უამრავ „ძველს“ შორის, რომელთაგან თითო-ოროლა არა უბრალოდ „ძველი“ არამედ „ყოფილია“: ყველამ ერთად, როგორც „საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა“, თუ პოლიტკორექტულობის გარეშე ვიტყვით, დაღუპა და დააქცია ეს ქვეყანა ბოლო 30 წლის მანძილზე: უნიჭობით, უპასუხისმგებლობით, უგერგილობით და ავადმყოფური ამბიციით.

„ახალი“ (ანუ ნამდვილად „ალეტრნატიული ძალა“) უნდა ვეძებოთ იმ პოლიტიკურ პარტიებში და ფიგურებში, ვისაც არ ამძიმებს ნეგატიური (!) გამოცდილება,  კატასტროფული შეცდომები და ზოგჯერ დანაშაულები.

ოღონდ ალტერნატივა უნდა იყოს არა უბრალოდ „ახალი“, არამედ შემძლე და უნარიანი. „სიახლე“ თვითმიზანი არ არის. - მთავარი არა სიახლე, თავისთავად, არამედ ალტერნატიულობაა.  

ამ მხრივ, ჩემი აზრით, ყველაზე მკაფიო ალტერნატივად მამუკა ხაზარაძის „ლელო“ ყალიბდება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის წყალობით:

  1. მამუკა ხაზარაძეს არა აქვს ნეგატიური პოლიტიკური ბექგრაუნდი და არ ასოცირდება არც ერთ ისტორიულ კატასტროფასთან, რაც ამ ქვეყანამ განიცადა. თუმცა მას აქვს მაღალი სოციალური ცენზი, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს. ეს ყოველთვის არ „კონვერტირდება“ პოლიტიკურ წარმატებაში, თუმცა გააჩნია  პიროვნებას: რამდენად გამოამჟღავნებს იგი პოლიტიკოსისათვის აუცილებელ უნარებს. პირველ რიგში საზოგადოებასთან კომუნიკაციის და გამოწვევებზე პასუხის თვალსაზრისით. უკვე ცხადია, რომ ხაზარაძეს ასეთი თვისებები  ნამდვილად აღმოაჩნდა.
  2.  „ლელო“ გამოხატავს ქართული საზოგადოების იმ  ჯანსაღი ნაწილის ინტერესებს, რომელიც არჩევანს აკეთებს არა ემპათიის, არამედ საკუთარ ინტერესთა მშვიდი გააზრების შედეგად. ეს არის პოტენციური „საშუალო ფენა“: ზომიერად კონსერვატიული, მემარჯვენე-ცენტრისტული, პასუხისმგებელი, დაკვირვებული, პრაგმატული და, რაც მთავარია, შრომისმოყვარე. ესე იგი  შრომის შედეგად მიღწეული წარმატების ყადრის მცოდნე. ამ მენტალობის ადამიანს არ შეშურდება სხვისი წარმატებისა: იგი შეეცდება მისი დახმარებით თვითონ მიაღწიოს მეტ წარმატებას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ეს კატეგორია ამ ქვეყნის ყველაზე პროგრესული და პერსპექტიული ნაწილია. იგი ნამდვილად არ თვლის,  რომ საქართველოს შველა რუსეთში დაბრუნება ან კომუნისტური წყობის აღდგენაა ამა თუ იმ ფორმით.
  3. „ლელო“ ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, რომელმაც „დადო“ წინასაარჩევნო პროგრამა: „მარშალის გეგმა“. ყველა სხვა პარტიამ, მმართველი „ქართული ოცნების“ ჩათვლით, დაპირებების გარდა ვერაფერი შეძლო. „დაპირებები“ იოლი საქმეა. ბევრს დაჰპირებიან. მთავარია „როგორ“, „რა გზით“. ამ კითხვებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ „ლელო“-მ უპასუხა.
  4. „ლელო“-ს ლიდერს აქვს მყარი ავტორიტეტი და გავლენა ელიტებში. ზოგადად არასწორია, როდესაც იყენებენ ტერმინს „ელიტა“. რეალურად, პოლიტოლოგიური თვალსაზრისით, „ელიტა“ არ არის ჰომოგენური: არსებობს არა „ელიტა“, არამედ „ელიტები“: ბიზნეს-ელიტა, კულტურული ელიტა, საგანმანათლებლო-სამეცნიერო  ელიტა და ა.შ. ეს ელიტები აღიარებენ „ლელო“-ს დამფუძნებელს დამსახურებულ მოღვაწედ, წარმატებული „ბექგრაუნდის“ ფიგურად, ხოლო პოლიტიკური ელიტა, როგორც ვხედავთ, მას გარკვეული პიიტეტით ეკიდება, თუ არ ჩავთლით მმართველ პარტიას და მარგინალურ ჯგუფებს
  5. „ლელო“ არ უკავშირდება ჩვეულ შიშებს ერთპიროვნული მმართველობისა და ძალაუფლების უზურპაციის თაობაზე: შეიკრიბა „თავისთავადი“ ადამიანების გუნდი, რომლის წევრები დამოუკიდებელი, საკუთარ საქმეში წარმატებული პიროვნებები  არიან.
  6. ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარემოებაა, რომ „ლელო“-ს აქვს რესურსი შეასრულოს „მოდერატორის“ როლი მომავალ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ამგვარი „მოდერატორი“ აუცილებელი იქნება, თუ ოპოზიცია, მთლიანობაში, შეძლებს „ქართული ოცნების“ ყავლგასული მმართველობის დასრულებას და ეცდება ქვეყნის ისტორიაში პირველი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას. არ არის გამორიცხული, სწორედ მამუკა ხაზარაძე ან გუნდის მეორე ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე იქცეს ამ შემთხვევაში კომპრომისულ კანდიდატად პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ახალი ალტერნატივის“ რესურსი, პირველ რიგში, „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ ის უდიდესი კონტინგენტია (სხვადასხვა გათვლით, 60%-დან  - 70%-მდე), რომელსაც ან არ მიუღია გადაწყვეტილება, ან არ თვლის საჭიროდ ვინმეს გაუმხილოს. უშუალოდ არჩევნების წინ, ეს კატეგორია  აუცილებლად ეცდება (!) მხარი დაუჭიროს პარტიას, რომელსაც არ უკავშირდება რისკები, სამომავლო შიშები, თუმცა უკავშირდება „სიახლის“ იმედი და პოზიტიური მოლოდინი.

 

დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი. ისტორიკოსი