«გარდაქმნის» პირველი საიდუმლო
«გარდაქმნის» პირველი საიდუმლო - ეროვნული მოძრაობა
გორბაჩოვის დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ თბილისში ხმა დაირხა: «შევარდნაძე მოსკოვში გადაჰყავთ, შევარდნაძეს საგარეო საქმეთა მინისტრად ნიშნავენ!» ბევრი გაოცებული იყო, სხვებს უბრალოდ არ სჯეროდა, ზოგს ეს ამბავი ისეთივე ჭორი ეგონა, როგორც «რეიგანის ბებიის ქართველობა» - ამაზეც ხშირად საუბრობდნენ იმ დროს.
მაგრამ შევარდნაძის დანიშვნა ჭორი არ ყოფილა. ეს სიმართლე იყო.
1985 წლის ივლისში გაიმართა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზეც დაძაბულ, ნერვიულ ატმოსფეროში, სრულ სიჩუმეში, როდესაც ბუზის გაფრენაც კი ისმოდა, სიტყვით გამოვიდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოთა დიპლომატიის ვეტერანი ანდრეი გრომიკო. იგი სულ ახალი დანიშნული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ. გრომიკოს სიტყვები მეხის გავარდნასავით გაისმა: «От имени президиума верховного совета СССР, предлагаю назначить на пост министра иностранных дел СССР Эдуарда Амвросиевича Шеварднадзе, - члена политбюро ЦК КПСС»
შევარდნაძე იმ დროს უკვე პოლიტბიუროს წევრი იყო. საბჭოთა ტელევიზიის ორივე არხმა პროგრამა «ვრემიაში» თითქმის მთლიანად უჩვენა სხდომის მსვლელობა. იმ მომენტში, როდესაც გრომიკო შევარდნაძეზე ლაპარაკობდა, დარბაზში მყოფმა ტელეოპერატორებმა «იპოვეს» ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც პრეზიდიუმში მერხზე დახრილიყო თავჩაქინდრული.
ედუარდ შევარდნაძის დანიშვნა საგარეო საქმეთა მინსტრად ე.წ. «პერესტროიკის» ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა. თბილისური ისტებლიშმენტი იმ ეპოქაში დაბრმავებული იყო ნაციონალური «ნარცისიზმით», ამიტომ არავის მოსდიოდა თავში სავსებით ბუნებრივი კითხვა: რატომ მაინც და მაინც ქართველი, რაღა მაინც და მაინც შევარდნაძე?
კიდევ უფრო საკვირველია, რომ ამ კითხვას დღემდე არავინ სვამს საქართველოში: რატომ დანიშნა გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად სწორედ საქართველოს ხელმძღვანელი და არა, ვთქვათ, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ყაზახეთის ან ყირგიზეთის?
კითხვას (თუ იგი საერთოდ ისმება) «სოლიდურ პასუხს» სცემენ: «გორბაჩოვმა შევარდნაძე თანამოაზრეობისა და რეფორმატორობის გამო შეარჩია». მაგრამ ეს არგუმენტი აშკარად არასაკმარისია - იგი ყველა კითხვას ვერ პასუხობს. ნებისმიერი სხვა «ცკ»-ს მდივანი (რეფორმატორულად განწყობილი რომც არ ყოფილიყო) - უმალვე «რეფორმატორად» იქცეოდა, თუ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნავდნენ. რაც შეეხება «რეფორმათა აუცილებლობის» შეგნებას – გორბაჩოვს ხომ შეეძლო, მინისტრად დაენიშნა, ვთქვათ, ალექსანდრე იაკოვლევი ან ევგენი პრიმაკოვი, რომლებიც იმ დროს აგრეთვე მისი «გუნდის» წევრები იყვნენ. რატომ მაინც და მაინც ქართველი დანიშნა? მან ხომ შესანიშნავად უწყოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა რუსულ საზოგადოებაში, ესოდენ პრესტიჟულ და მნიშვნელოვან თანამდებობაზე ქართველის დანიშვნას?
მართლაც, ამ გადაწყვეტილებას ყრუ, დაფარული, მაგრამ შინაარსობრივად ძალზე მძაფრი რეაქცია მოჰყვა რუსეთში. ბევრი იმასაც კი ამბობდა: „ამის შემდეგ გორბაჩოვის ავტორიტეტი «ნოლზე დავიდაო“. რუსებს იმთავითვე არ ესიამოვნათ «სპეკულიანტი გრუზინების» წარმომადგენლის დანიშვნა სახელმწიფოში ყველაზე პრესტიჟულ პოსტზე, ხოლო შევარდნაძე იქნებოდა თუ სხვა - ამას მნიშვნელობა არა აქვს.
ჩემი ღრმა რწმენით, ამ უცნაურობის მიზეზი იყო არა გორბაჩოვის განსაკუთრებული სიყვარული ქართველებისადმი (ასეთ სისულელესაც გაიგონებ ზოგჯერ), არამედ რაციონალური გათვლა: მიხეილ გორბაჩოვს შესანიშნავად ესმოდა ძირეულ გარდაქმნათა აუცილებლობა და გარდაუვალობა. წინასწარ იცოდა ისიც, რომ «გარდაქმნად» წოდებულ მოდერნიზაციას ვერ განახორციელებდა დასავლეთთან ურთიერთობის მოუწესრიგებლად. ეს კი, თავის მხრივ, შეუძლებელი იყო თუ იმპერია არ დათმობდა ავღანეთს, აღმოსავლეთ ევროპას, არ შეურიგდებოდა გერმანიის გაერთიანებას და ა. შ. გორბაჩოვი იმთავითვე გრძნობდა, რომ ყველა დათმობა შოვინისტური რუსული საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევდა - ამიტომ მას სჭირდებოდა ფენომენი, რომლისკენაც წარიმართებოდა სიძულვილის ნიაღვარი და რომელიც ერთგვარი «მეხამრიდის» ფუნქციას შეასრულებდა.
რატომ მაინც და მაინც ქართველი?
იმიტომ, რომ «ქართული ფენომენისადმი», რიგი ეთნოფსიქოლოგიური და ისტორიული მიზეზის გამო, რუსული სოციუმის დამოკიდებულება განსაკუთრებული იყო. უკრაინელს, ყირგიზს ან თუნდაც სომეხს რუსული საზოგადოება ვერ აღიქვამდა «რუხ კარდინალად» მაშინ, როდესაც «ქართული იმიჯი» ამის საშუალებას იძლეოდა.
სინამდვილეში, რასაკვირველია, არავითარი «რუხი კარდინალი» შევარდნაძე არ ყოფილა. მთლიანობაში, იგი ასრულებდა გენერალური მდივნის მითითებებს: საგარეო პოლიტიკა, რომელსაც 1985 - 1991 წლებში ატარებდა საბჭოთა კავშირი, მაინც გორბაჩოვის საგარეო პოლიტიკა იყო და არა შევარდნაძისა. სტრატეგიული თვალსაზრისით ედუარდ შევარდნაძე მხოლოდ აღასრულებდა ამ პოლიტიკას, მაგრამ რუსული საზოგადოების სიძულვილი ძირითადად სწორედ მისკენ აღმოჩნდა მიმართული და არა გორბაჩოვისკენ.
ამ თვალსაზრისით «გორბის» მზაკვრული ჩანაფიქრი აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა. გარდა ამისა, გორბაჩოვს ეგონა, რომ «პროვინციელი», მთლიანად მასზე დამოკიდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლომდე მისი უსიტყვოდ მორჩილი იქნებოდა. მაგრამ ამაში კი შეცდა «დიდი რეფორმატორი» - მან ქართველი კაცის ჭკუა, ნიჭი, მოხერხება, პატივმოყვარეობა და ამბიცია არ გაითვალისწინა.
ალბათ უკვე ვერასდროს გავიგებთ, ხვდებოდა თუ არა მაშინ (1985 წელს) ედუარდ შევარდნაძე გორბაჩოვის მზაკვრობას. ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, შემდგომ, - 1990 წლისათვის, შევარდნაძე უეჭველად მიხვდა ჩანაფიქრს (იგრძნო იმ დამოკიდებულების მიხედვით, რაც მის გარშემო სუფევდა პოლიტბიუროსა და მთვარობაში) და სწორედ ამიტომ გააკეთა სენსაციური განცხადება გადადგომის შესახებ 1990 წლის დეკემბერში, - სსრკ სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე.
შევარდნაძის მოსკოვში გადასვლის შემდეგ საქართველოში ძალზე უცნაური რამ მოხდა - ედუარდ შევარდნაძემ გორბაჩოვს შესთავაზა სოლიკო ხაბეიშვილის დანიშვნა «ცკ»-ს პირველ მდივნად, ხოლო გორბაჩოვმა ამ პოსტზე «რატომღაც» ჯუმბერ პატიაშვილი დანიშნა, რომელიც, (როგორც შემდგომ აღმოჩნდა) ედუარდ შევარდნაძის დაუძინებელი მტერი იყო!
პატიაშვილის განაწყენება ერთმა ეპიზოდმა გამოიწვია. მასში ალექსი ინაური მონაწილეობდა და გახსენება არ ღირს, ვინაიდან იმ ეპიზოდის ძირითადი პერსონაჟი (სოლიკო ხაბეიშვილი) ცოცხალი აღარ არის.
მთავარია, რომ ჯუმბერ პატიაშვილი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო გადაკიდებული სოლიკო ხაბეიშვილზე. ის კი შევარდნაძის უახლოეს თანამებრძოლად და თანამოაზრედ ითვლებოდა და ეს ყოველივე ძალიან კარგად იცოდა გორბაჩოვმა - არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა.
ხომ არ გეჩვენებათ უცნაურად? უცნაურია აბა რა არის - გორბაჩოვი შევარდნაძეს ნიშნავს იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან პოსტზე (საგარეო საქმეთა მინისტრად!) იმ მოტივით, რომ იგი მისი «მეგობარია» და «თანამოაზრე». ამავე დროს საქართველოს ხელმძღვანელად აწინაურებს მის მოსისხლე მტერს - ჯუმბერ პატიაშვილს. ეს უკანასკნელი უმალვე აპატიმრებს შევარდნაძის უახლოეს მეგობარსა და კოლეგას, «ნდობით აღჭურვილ პირს» - სოლიკო ხაბეიშვილს და ამით, რა თქმა უნდა, ჩრდილს აყენებს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს ისევე, როგორც მის «დამაწინაურებელ» გენერალურ მდივანს.
ხომ არ ადასტურებს ეს იმ აზრს, რომ შევარდნაძე გორბაჩოვს სწორედ ზემოთხსენებული ინტრიგის განსახორციელებლად სჭირდებოდა და იმთავითვე ცდილობდა მისთვის «უარყოფითი იმიჯის» შექმნას? - უფრო სწორად ამ იმიჯის კიდევ უფრო დამძიმებას. ვგულისხმობ - რუსული საზოგადოების თვალში, თორემ ამერიკასა და ევროპაში თითო-ოროლა მეცნიერის გარდა არც საქართველოს არსებობა იცოდა ვინმემ და არც შევარდნაძის მეგობრების «იმიჯი» აინტერესებდათ. მათთვის მთავარი იყო, საბჭოთა კავშირს ხელი მოეწერა ბირთვული არსენალის შემცირების ხელშეკრულებაზე, გაეყვანა ჯარები ავღანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპა დაეთმო.
ჯუმბერ პატიაშვილს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა: ხაბეიშვილის დაპატიმრება პირდაპირი დარტყმა იქნებოდა პოლიტბიუროს ახლადარჩეულ წევრზე.
იმიტომ ხომ არ იყო იგი ესოდენ «თამამი», რომ ისიც იცოდა, თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება ჰქონდა გორბაჩოვს შევარდნაძისადმი?
სხვათა შორის, 1988 წელს, როდესაც ეროვნული მოძრაობა საქართველოში მხოლოდ იღვიძებდა (თუმცა პირველი აქციები უკვე გამართული იყო), ჯუმბერ პატიაშვილმა, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას, ნიშანდობლივი რამ თქვა: «არეულობა საქართველოში ხელს აძლევს ზოგიერთ მოღვაწეს, ვისაც კავშირი ჰქონდა იმ პიროვნებასთან, ვინც ახლა იზოლირებულია ჩვენი საზოგადოებისაგან.» დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში პატიაშვილი გულისხმობდა შევარდნაძეს და ხაბეიშვილს.
სოლიკო ხაბეიშვილის დაპატიმრებამდე პატიაშვილმა იგი დროებით «საქგაზის» მმართველის მოადგილედ დანიშნა. თუმცა ხაბეიშვილს იქ არც ერთი დღე არ უმუშავია. ხაბეიშვილთან ერთად დააპატიმრეს რამდენიმე რაიკომის მდივანი და სხვა თანამდებობის პირი. თავი მოიკლა მამუკა ასლანიკაშვილმა, შეავიწროვეს ჟიული შარტავა. პატიაშვილს ამის გამო «მურტალო» შეარქვეს, რამაც მისი გულისწყრომა გამოიწვია. შინაურებში უთქვამს: «ასეთი რა გავაკეთეო».
საინტერესოა, რომ ედუარდ შევარდნაძის მომხრეებმა, უპირველესად ინტელიგენციაში, იმთავითვე იგრძნეს «საით ურტყამდა» საქართველოს ახალი ხელმძღვანელი და «ტრანსკავკასიის რკინიგზის» თაობაზე მას გვარიანი ობსტრუქცია მოუწყვეს.
მთავარი, სიღრმისეული მიზეზი სწორედ ედუარდ შევარდნაძის დისკრედიტაციისათვის სამაგიერო იყო. ცნობილი სხდომა, რომელიც «ტრანსკავკასიის რკინიგზის» საკითხს მიეძღვნა, სინამდვილეში სწორედ ამ ქვეტექსტს შეიცავდა: «შევარდნაძის ელიტამ» დაიცვა თავისი ლიდერი და უნდობლობა გამოუცხადა რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელს. თუმცა, იმ სხდომის ბევრ მონაწილეს (მაგალითად აკაკი ბაქრაძეს) ეს ქვეტექსტი სულ არ აინტერესებდა.
1985 - 1987 წლებში ქართული საზოგადოება უცნაურად დაიმუხტა. დაძაბულობა იგრძნობოდა ყველაფერში, - გაზეთები აივსო ქარაგმებით, საზოგადოებრივი ელიტა სალონური საუბრებისას თავისი პოზიციის შეჯერებას ცდილობდა.
ამას დაემატა ორი მნიშვნელოვანი ფაქტი: ალმა-ატაში მოხდა სისხლისმღვრელი შეჯახება დემონსტრანტებსა და მილიციას შორის. მღელვარება იმით იყო გამოწვეული, რომ საქართველოს „ცკ“-ს ყოფილი მეორე მდივანი, გენადი კოლბინი დაინიშნა ყაზახეთის პარტიულ ხელმძღვანელად. ამაშიც ბევრმა შევარდნაძის ხელი დაინახა, თუმცა სინამდვილეში ეს გორბაჩოვის მორიგი, კარგად გათვლილი ანტიქართული პროვოკაცია იყო.
კიდევ უფრო მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ყოველთვიურ ჟურნალ «ნაშ სოვრემენნიკში» ვიქტორ ასტაფიევის მოთხრობის («ციმორების ჭერა საქართველოში») გამოქვეყნება. მხატვრული თვალსაზრისით მოთხრობა ნიჭიერადაა დაწერილი, თუმცა (იმავე დროს) გაჟღენთილია ქართველებისადმი სიძულვილით.
60-იან წლებში შექმნილი მოთხრობის გამოქვეყნება 1986 წელს, კიდევ ერთი გამოძახილი გახლდათ იმ უარყოფით რეაქციისა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრად შევარდნაძის დანიშვნას მოჰყვა რუსულ საზოგადოებაში