ასლან მასხადოვი საქართველოს ეხუტება, მაგრამ არც იჩქერიის ინტერესებს ივიწყებს

ასლან მასხადოვი საქართველოს ეხუტება, მაგრამ არც იჩქერიის ინტერესებს ივიწყებს

    ჩეჩნეთთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული ეიფორიული სულისკვეთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალობის შეგრძნება, ისევე, როგორც პოლიტიკის კანონები, ქართული საზოგადოებისათვის კვლავინდებურად «უცხო ხილია».
    რატომღაც ჩამოყალიბდა აზრი, თითქოს «ჩეჩნეთის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ შეიცვალა» და «ჩეჩნები აღარ იომებენ საქართველოს წინააღმდეგ». ედუარდ შევარდნაძისადმი გამოგზავნილ წერილში ასლან მასხადოვი იგივეს ადასტურებს, მაგრამ სინამდვილეში თუ საქართველო აფხაზეთში ომს დაიწყებს, ჩეჩნეთში ბევრი «მოხალისე» გამოიძებნება «მცირერიცხოვანი ხალხის გადასარჩენად ქართველ ფაშისტთა აგრესიისაგან».
    მართალია ოფიციალური გროზნო ფორმალურად «ნეიტრალურ» პოზიციას დაიკავებს, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდი შეღავათი არ იქნება. ჩეჩნებისათვის აფხაზები «მოძმე ხალხია», რომელმაც ისტორიულად მათი ბედი გაიზიარა (კავკასიური ომი, მოჰაჯირობა და სხვა). საქართველო კი ის ქვეყანაა, რომელიც არაერთხელ განუდგა საერთო-კავკასიურ ინტერესებს და კავკასიაში რუსეთი შემოიყვანა. ამ განწყობის შეცვლა ერთგვარად ზვიად გამსახურდიამ სცადა, მაგრამ არ დასცალდა.
    ამავე დროს, გასათვალისწინებელია ჩეჩენ პოლიტიკოსთა ტრადიციული პრაგმატიზმი. მათთვის მთავარი, საბოლოო მიზანი სტრატეგიული წარმატებაა, ამიტომ სრულიადაც არ არის გამორიცხული, მოხდეს ინტერესთა ერთგვარი თანხვედრა რუსეთსა და იჩქერიას შორის აფხაზეთის საკითხში. რუსეთის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ასლან მასხადოვი რუსეთს სთავაზობს «კონფედერაციის დროშით» ხუთი ათასამდე ჩეჩენი მეომრის გაგზავნას ენგურის ნაპირებზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამშვიდობო ჯარები იძულებულნი გახდებიან, დატოვონ ეს რეგიონი; ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიაც არ მალავს რუსულ-ჩეჩნური გარიგების არსს: რუსეთი შეეცდება კავკასიაში ჩეჩნეთის მეშვეობით მართოს პროცესები და საქართველოს კვლავაც საკუთარი ნება უკარნახოს.
    რაც შეეხება მასხადოვ-შევარდნაძის შეხვედრას, ჩეჩნეთის პრეზიდენტს სურს თავისი «სამართალსუბიექტურობა» დაადასტუროს, ეს კი არავითარ პოზიტიურ შედეგს არ მოიტანს «აფხაზეთის დაბრუნების თვალსაზრისით» თუ, რასაკვირველია, საქართველო ნებაყოფლობით, სამუდამოდ უარს არ იტყვის ამ მიწა-წყალზე.
    ამ შემთხვევაში ჩეჩნები სიხარულით შეასრულებენ «შუამავლის» ფუნქციას და საქართველოს შეარიგებენ აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.
    ჩეჩნეთისაგან სხვაგვარი პოზიციის მოლოდინი, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა. ჩეჩნეთი საქართველოს მეგობარი მხოლოდ მაშინ გახდება, თუკი საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოახერხებს ან აფხაზეთის დაკარგვას შეურიგდება.

მერიდიანი, 12 აგვისტო, 1997 წ.