ჯაბა იოსელიანი «ურჩხული ყოფილა»?

ჯაბა იოსელიანი «ურჩხული ყოფილა»?

  

    საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობა «მხედრიონის» ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ ახალ ბრალდებათა დადასტურების თაობაზე საზოგადოებამ სენსაციად აღიქვა.
    უცნაური რამ სჭირს ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებას: ნუთუ სერიოზულად ფიქრობდა ვინმე, რომ ჯაბა იოსელიანს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისა და იარაღის ტარებისათვის გაამწესებდნენ მხოლოდ ციხეში?
    მაგრამ, როგორც ჩანს, არის რაღაც ზღვარი, რომლის მიღმა კოლექტიური ცნობიერება ვერ აღწევს და ყველაფერს, რაც ამ ზღვარს მიღმა ხდება, მითად აღიქვამს.
    სწორედ ასეთი, ძნელად აღსაქმელია ის ბრალდებები, რომლებიც ამჟამად ჯაბა იოსელიანს აქვს წაყენებული. მაგალითად, გია ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება.
    ჯაბა იოსელიანს ბრალად ედება აგრეთვე 1993 წლის ნოემბერში «ზუგდიდისა და სამეგრელოს მოსახლეობის დაწიოკება» - საოცარია პირდაპირ! იმ პერიოდში ოფიციოზი ამტკიცებდა: «მხედრიონი» იბრძვის «პროვინციული ფაშიზმის» წინააღმდეგ და «ქართული ინტელიგენციის» გადასარჩენადო.
    ფორმალური ლოგიკით, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს უნდა დავუსვათ კითხვა: ხელისუფლებამ ხომ ძალიან კარგად უწყოდა მაშინ, რას წარმოადგენდა «მხედრიონი» და მისი თავკაცი?
    იცოდა, რასაკვირველია იცოდა, მაგრამ არსებობს ერთი, არცთუ აზრს მოკლებული პასუხი: «როდესაც «მხედრიონს» ზვიად გამსახურდიას მომხრეთა წინააღმდეგ საბრძოლველად ვაგზავნიდით, ჩვენ მათთვის არ გვითქვამს, დარჩელი გადაწვით და ზუგდიდი ააოხრეთო, არ გვითქვამს, მოსახლეობა გაძარცვეთ, ნაძარცვი კი სატვირთო მანქანებით თბილისში ჩამოიტანეთო...»
    საბოლოო ჯამში, დამნაშავე ისევ ჯაბა იოსელიანი გამოდის, რომელმაც, პროკურატურისვე მტკიცებით, «შექმნა მობილური ყაჩაღური ჯგუფები - თითოეული 15-20 კაცის შემადგენლობით და დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ძარცვა».
    ამ ძარცვა-გლეჯის პროცესში ჯაბა იოსელიანმა «პროვინციული ფაშიზმი» დაამარცხა, რისთვისაც ვახტანგ გორგასლის ორდენი მისცეს, ხოლო თვით ძარცვა-გლეჯისათვის კი - მოგვიანებით, ციხეში უკრეს თავი.
    დავაკვირდეთ, როგორ გავს ეს ანზორ ბალუაშვილის (გენერალური პროკურორის მოადგილის) ლოგიკას: ყველაფერი, რასაც 1992 წლის 11 ოქტომბრამდე ზვიად გამსახურდიას მომხრეები აკეთებდნენ, კანონიერი იყო - ისინი ამჟამად ციხეში სხედან მხოლოდ იმისათვის, რომ 11 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების დამხობა სურდათ».
    რისთვის კეთდება ამგვარი განცხადება? არ არის ძნელი მისახვედრი, რასთან გვაქვს საქმე. ჯაბა იოსელიანს «სამშობლოს ღალატისათვის» ასამართლებენ. კონკრეტულად, ამ შემთხვევაში «სამშობლოს ღალატი» გამოიხატა სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაში. მაგრამ ეს იურიდიული კაზუისტიკაა.
    როდესაც ზვიად გამსახურდიას მომხრეს ეუბნებიან, რომ პრეზიდენტის ყველაზე თანმიმდევრულ მტერს, ჯაბა იოსელიანს ასამართლებენ «სამშობლოს ღალატისათვის» - მას ახსენდება არა 1995 წლის 29 აგვისტო, არამედ 1991-1992 წლები, ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების დამხობა და რუსული სპეცსამსახურების აქტივობა.
    რა მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის კონკრეტულ შინაარსს, როდესაც ორივე შემთხვევაში ჯაბა იოსელიანმა «ღალატი» ჩაიდინა - ეს ცნება კი (სისხლის სამართლის კოდექსისაგან განსხვავებით), ცალსახად არის განსაზღვრული საზოგადოების, უფრო ფართოდ - ერის მიერ.
    მაშასადამე, თუ ჯაბა იოსელიანს ასამართლებენ სამშობლოს ღალატისათვის, «ღალატი», ამ შემთხვევაში, ასოცირდება ცნობილ ტერაქტთან.  გამსახურდიას მომხრეებისათვის, - კანონიერი ხელისუფლების დამხობასთან (რუსეთის სპეცსამსახურთა მითითებით), მაგრამ ღალატი ორივე შემთხვევაში ღალატად რჩება. ისევე როგორც სასჯელი რჩება სასჯელად.
    თუ იმავე უცნაურ ლოგიკას მივყვებით, მაშინ უეჭველად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ თენგიზ კიტოვანსაც შესაძლოა ტყუილად აქვს იმედი: არც ისე მძიმე ბრალდება მაქვს წაყენებული და 5-6 წელიწადში «გარეთ» გამოვალო. ამჟამად მართლაც შეიძლება ამდენი მიუსაჯონ, მაგრამ სამიოდე წლის შემდეგ. გამოდის, მასაც გაასამართლებენ (ციხეში)... სამშობლოს ღალატისათვის!
    კვლავ დავაკვირდეთ ანზორ ბალუაშვილის ღრმააზროვან განცხადებას და მივხვდებით: თენგიზ კიტოვანს ორდენი მისცეს «პროვინციული ფაშიზმის» დამხობისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს «პროვინციული ფაშიზმი» იმ დროს კანონიერი ხელისუფლება იყო, ალბათ მასაც გაასამართლებენ კანონიერი ხელისუფლების დამხობისათვის ანუ... სამშობლოს ღალატისათვის, ვინაიდან კანონიერი ხელისუფლების დამხობა (სამხედრო გადატრიალება) სისხლის სამართლის კოდექსის სწორედ ამ მუხლით კვალიფიცირდება.
    ანუ, ისევ იმავე უცნაურობასთან გვაქვს საქმე. ამ უცნაურობის თაობაზე მსჯელობისას ერთი ჩვენი კოლეგა უფრო შორსაც წავიდა და იწინასწარმეტყველა, რომ დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის ფარული მითითებით, ირაკლი წერეთელს გაასამართლებენ... ცხრა აპრილს არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებისათვის, რასაც უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.
    ამავე დროს, ოფიციოზის დამოკიდებულება თვით ცხრა აპრილისადმი იოტისოდენად არ შეიცვალა, - ეს დღე კვლავინდებურად აღინიშნება, როგორც ეროვნული სულის ამბოხი და სამართლიანი წინააღმდეგობა იმპერიული ძალების მიმართ ( აღინიშნა კიდეც მიმდინარე წელს).
   ირაკლი წერეთლის ბედი ამით არ შეიცვლება - იგი დაისჯება «არასანქცირებული მიტინგის მოწყობისათვის, რასაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა». სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი მუხლი. და კვლავ, თუკი ამგვარი სასამართლო შედგება, იმავე ზვიად გამსახურდიას მომხრეებს მეხსიერებაში წამოუტივტივდებათ არა 9 აპრილი, არამედ 1991 წლის შემოდგომაზე ირაკლი წერეთლის მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო მიტინგები.
    ამ ლოგიკური ჯაჭვის გაგრძელება კიდევ შეიძლება. შეიძლება გადავწვდეთ სხვა პიროვნებებსაც, რომლებიც დაისაჯნენ და ისჯებიან, სხვადასხვა მოვლენებს, რომლებიც ახლო წარსულში მოხდა. . . . . . .
   მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ ეს არ არის ზოგადი ლოგიკა - იგი სწორედ კონკრეტულია; ამავდროულად, უდავოდ გენიალური! ოღონდ, ანზორ ბალუაშვილი აქ არაფერ შუაშია - იგი ნამდვილად არ არის არც ამ ლოგიკური ჯაჭვის და არც ამ პოლიტიკის ავტორი.

«მსგეფსი», 26 მაისი, 1996 წელი.