ხუთი წელი პირველი ტერაქტიდან

ხუთი წელი პირველი ტერაქტიდან

        1995 წლის 29 აგვისტოს, ყოფილი პარლამენტის შენობის ეზოში, როდესაც სახელმწიფოს მეთაური აპირებდა «მოსწავლეთა სასახლეში» გამგზავრებას კონსტიტუციაზე ხელის მოსაწერად, მოულოდნელად საშინელი ძალით იქუხა.
        დღემდე სოაცრებაა, როგორ არ მოჰყვა ასეთი ძალის აფეთქებას მსხვერპლი. აფეთქება მართლაც ისეთი ძლიერი იყო, რომ დეტონაციისგან შევარდნაძის კორტეჟის რამდენიმე მანქანას ალი მოედო. მათ შორის ედუარდ შევარდნაძის ავტომანქანასაც. სახელმწიფოს მეთაური არ დაბნეულა, მაგრამ რამდენიმე წამის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ავტომანქანის (არაჯავშნოსანის) ფანჯრის მუშტითა და იდაყვით ჩამტვრევას. საბედნიეროდ, დაცვის ბიჭებმა იმარჯვეს და კარის გაღება შეძლეს.
        მას შემდეგ, რაც შევარდნაძე მეორე მანქანაში გადაჯდა (რომლითაც საავადმყოფოში მიიყვანეს), ზუსტად 11 წამში ალმოდებული მანქანა აფეთქდა და 4 წამში მთლიანად დაიწვა. აქედან თვალნათელია, რომ სახელმწიფოს მეთაური ბეწვზე გადარჩა და ქართული საზოგადოების ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის სრულ იდიოტიზმზე მეტყველებს ჭორი, რომ «ეს აფეთქება თვითონ მოაწყო».
        საერთოდ, პათოლოგიური გამოვლინებებით საქართველომ უნიკალური ნიმუშები შექმნა უკანასკნელ ათწლეულში.
        მავანთა წყალობით, საეჭვოა, ეს ფენომენი ვინმემ დაჯაბნოს.
        საზღვარგარეთული რეაქციიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო მოლდოვას პრეზიდენტის, მირჩა სნეგურის დემარში. როგორც კი შეიტყო თბილისში მომხდარი აფეთქების შესახებ, სნეგურმა გასცა ბრძანება, გაეძლიერებინათ მისი რეზიდენციის დაცვა კიშინიოვში. ამით მან პირდაპირ მიუთითა რუსეთზე, ვინაიდან მხოლოდ რუსეთს შეეძლო თავდასხმის ორგანიზება თბილისშიც და კიშინიოვშიც. რა თქმა უნდა, იგი არც შემცდარა – 29 აგვისტოს ტერორისტული აქტი უეჭველად რუსეთის სპეცსამსხაურთა შეკვეთით განხორციელდა – შესაბამისი «გავლენის აგენტების» მეშვოებით. მზად იყო «იდეოლოგიური გამართლებაც» - ზოგიერთი უბადრუკი რუსეთუმე, წინასწარშეუთანხმებლად (მაგრამ მაინც უეჭველად) გამოვიდოდა ტელევიზიით და მოთქმა-გოდებით მოუწოდებდა მოსახლეობას «სიმშვიდისა და ბედთან შერიგებისკენ». დაახლოებით იგივე სქემა მოქმედებდა 1998 წლის 9 თებერვლის ტერორისტული აქტის დროსაც.
        რაც შეეხება აფეთქებას, აქ თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმავდროულად, არაფერიც არ არის ნათელი: ორგანიზატორები და შემსრულებლები დიდწილად (იმათ გარდა, ვინც იგორ გიორგაძესთან ერთად მოასწრო გაქცევა) დაპატიმრებულნი, გასამარათლებულნი და მსჯავრდებულნი არიან.
        გიორგაძე ბეირუთში (ლიბანის დედაქალაქში) ცხოვრობს რუსეთის სადაზვერვო უწყების კონსპირაციულ ბინაზე, სადაც იგი საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა, პლეხანოველმა ჟენკა პრიმაკოვმა მოაწყო.
        5-წლიანი სასჯელი მოიხადა ჯაბა იოსელიანმა, თუმცა, იგი ბოლო წუთამდე აცხადებდა, რომ ტერაქტის შესახებ არაფერი იცოდა და თვითონაც «ძლივს გადარჩა».
        ტერორისტული აქტის მოტივაცია გასაგებია: «მხედრიონში» არსებულ ერთ-ერთ დაჯგუფებას (ამ ორგანიზაციაში ბევრი დაჯგუფება იყო) ძალიან ეშინოდა ქვეყანაში სტაბილიზაციისა. რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური მოტივი კონკრეტულად მათ არ ჰქონდათ _ განსხვავებით უფრო «მაღალი ეშელონებისგან». გასარკვევი და «ბნელი» მხოლოდ ის არის, თუ რომელი იყო «მართვადი» და რომელი - «მართული», ანუ იგორ გიორგაძე მართავდა პროცესებს, თუ ისიც «ჩვეულებრივი პაიკი» იყო და სხვების მიერ იმართებოდა.
        უფრო მეტად სავარადუოა ვიფიქროთ, რომ იგორ გიორგაძე «ჩეკისტურმა» ამბიციამ გააფუჭა. ნაადრევად «გაგენერლებულმა» მაიორმა ვერც ფულის და ვერც ძალაუფლების ცდუნებას ვერ გაუძლო.

დილის გაზეთი, 30 აგვისტო, 2000 წელი