წყლის ნაყვა... ამაყად

წყლის ნაყვა... ამაყად

      

        «ყოველ საქმეს ცოდნა უნდა» - განურჩევლად შინაარსისა, მით უმეტეს, როცა «რასაც აკეთებ - ლაზათიანად აკეთებ». გუშინდელი დღე საქართველოს უმალღეს საკანონმდებლო ორგანოში სწორედ «ამაყად წყლის ნაყვის» უბრწყინვალესი ნიმუშია. განსაკურთებით, ეგრეთ წოდებული «არაუმრავლესობის» მხრიდან. სხვა ანალოგიაც შეიძლებოდა მოგვეყვანა (ისევ, «ამაყად») - იმ ქართული კუხთის ფოლოკლორიდან, სადაც არცთუ ოქროპირი და რაფინირებულად ზრდილობიანი ხალხი ცხოვრობს.
        კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ტრაგიკული რეალობა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა არ ჰყავს! ჰყავს სახელისუფლებო პარტია (იგივე სახელმწიფო პარტია) და ჰყავს ისევ ის უგვანი, ეგრეთ წოდებული, «არაუმრავლესობა», რომელსაც არ გააჩნია არც რაიმე პოლიტიკური პოზიცია, არც ნამუსი და არც რაიმე ამქვეყნად - «სახელმწიფო პარტიის» ჩანაცვლების პირუტყვული ჟინის გარდა.
        როგორ არ მოგეშლება ნერვები, როდესაც გაჭირვებით გამოთაყვანებულ მოსახლეობას აყურებინებენ იმას, რასაც საჯაროდ «ამაყად» აკეთებენ, - ყოვლად უნამუსო პოპულიზმის აუცილებელი თანხლებით.
        განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო, რომ მხოლოდ ვიტალი ხაზარაძეს («მოძრაობის» ეპოქამდე უეჭველად შეუწყნარებელი «პარტნომენკლატურის» წევრს) გაახსენდა «იმათი» უმთავრესი მოძღვრება და განაცხადა «მივიღოთ პოლიტიკური განცხადება... რაკი საქართველო არის «პირველი რესპუბლიკის» სამართალმემკვიდრე, ახდენს «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირებას» და უარს ამბობს საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაზე».
        მიაქციეთ ყურადღება: ეს თქვა სწორედ იმ პიროვნებამ, ვისი ბიოგრაფიაც არ იწყება 1988 წლის «ნოემბრის» შიმშილობიდან («...ერ. მოძ-შია 19... წლიდან) და არა იმ კეთილშობილი, პრინციპული, საკუთარ იდეათა ერთგული კოჰორტის ლეგიონერებმა, ვინც 10 წლის წინ «სამართალმემკვიდრეობის» ხსენებაზე კისერს გამოგჭრიდა.
        ხალხნო, რა არის აქ საკამათო? ეს ხომ ისაა, ვახტანგ ბოჭორიშვილმა რომ თქვა, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას «ფუჭი ქმედება შედეგის გარეშე»: 1992-93 წლებში უკლებლივ ყველა ყოფილმა «მოკავშირე რესპუბლიკამ» ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც უარი თქვა საბოჭთა კავშირის ქონებაზე, რათა იმავდროულად უარი ვთქვა სსრკ ვალებზეც.
        ყველა დედაქალაქში (თბილისის ჩათვლით) ეყოთ გონიერება, გაეთვალათ, რომ როდესაც გაქვს ვალი გერმანიისა და ამერიკის, ხოლო შენი ვალი აქვთ ნიკარაგუასა და ჩრდილოეთ კორეას, - ნულოვანი ვარიანტი ერთადერთი სწორი გამოსავალია! მხოლოდ ორმა ქვეყანამ: უკრაინამ და საქართველომ არ მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიცირება. უკრაინამ - იმიტომ, რომ 1945 წლიდან გაეროს წევრია და ნამდვილად ჰქონდა (აქვს) შანსი, მიიღოს წილი სსრკ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შენობებიდან (კიევი მხოლოდ ამაზე აცხადებს პრეტენზიებს), ხოლო საქართველომ იმიტომ, რომ... ქართველები ვართ გენიოსები!
        ვიმეორებ: ეს გუშინდელმა სხდომამაც დაადასტურა.
        მაგალითად, «არაუმრავლესობამ» (ეს ქართული პოლიტიკური გენიის შენატანია მსოფლიო პოლიტოლოგიურ ტერმინოლოგიაში) «გენიალურად» მიაგნო, რომ თუ «ნულოვანი ვარიანტი» ჩავარდებოდა, მინიმუმ, ხელისუფლების გადადგომა, მაქსიმუმ, სამოქალაქო ომი გარანტირებული იქნებოდა. ხოლო ის, რომ ქვეყანას (და არა ხელისუფლებას) დააწვებოდა 300 მილიონი დოლარის ვალი წელსვე, კიდევ მილიარდ 200 მილიონი უახლოეს წლებში, ხოლო, ეგრეთ წოდებულ «აქტივებზე» (კერძოდ, კიმ ირ სენის ბიუსტები) მოლაპარაკება რეალურად სადღაც 2-3 წლის შემდეგ დაიწყებოდა, რასაკვირველია, მხოლოდ «კერძო დეტალია» და «არაუმრავლესობის» კეთილშობილურ მიზანსწრაფვათა დაჩრდილვას ვერ გამოიწვევს.
        ყველაზე მეტად გულისამრევი მთელ ამ გუშინდელ ტაკიმასხარაობაში ის იყო, რომ ზუსტად ის ხალხი, ვინც «პრორუსულობაზე» დებს თავს, აშკარად კონფრონტაციულ გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ იმის იმედად - მოსახელობა იდიოტია და ჩვენს პოზიციაში წინააღმდეგობას ვერ აღმოაჩენსო»
        მწარედ შეცდით. არც მთლად ასეა საქმე. თანაც დააკვირდით: ერთმანეთს ისე ეკამათებიან, თითქოს მესამე პირში ლაპარაკი საპარლამენტო «ლიტერატურული ნორმა» იყოს, ან თითქოს «თანაბლოკელები» არ იყვნენ და ბლოკშივე ვერ გაარკვევენ, მაინც რა არის პოლიტიკოსის ღირსება, ან ქვეყნისა და რა მიმართება არსებობს მათ შორის.
        თუმცა, «დიგნითი» -ზე საუბარი მაინც ბლოკის გარეთ ურჩევნიათ. ეტყობა. დღის ყველაზე კომიკური ფრაზა მიანც ეს იყო: «რუსეთის მომხრე კი ვარ, მაგრამ... თქვენ როგორ დაგეხმარებით?»..

დილის გაზეთი, 17 თებერვალი, 2001 წელი