წყლის ნაყვა

წყლის ნაყვა

 

    9-10 თებერვალს, ალმა-ათაში გაიმართა СНГ-ს ქვეყნების ლიდერთა მორიგი შეხვედრა, რომელიც კვლავ საქართველოს დელეგაციის აქტიურობითა და მიღებულ დოკუმენტთა ამორფულობით აღინიშნა.

    საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრებს არავითარი რეალური მნიშვნელობა არა აქვს. უფრო ზუსტად, მათ მანამ არ ექნებათ რეალური მნიშვნელობა, სანამ სინამდვილეში არ განვითარდება რეინტეგრაციული პროცესი და რუსეთი იურიდიულადაც არ დაიკანონებს იმ ადგილს პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რომელიც ფაქტობრივად უკავია.
    ჯერჯერობით СНГ-ს მეთაურთა შეხვედრებზე მიღებულ არც ერთ დოკუმენტს რეალურად არ უმუშავია, - ერთადერთი მიზეზის გამო: ყველა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა (რუსეთის გარდა) СНГ-ს განიხილავს, როგორც საბჭოთა იმპერიის საბოლოო დაშლის მექანიზმსა და იურიდიული დამოუკიდებლობის - ფაქტობრივში გადაზრდის საშუალებას. მათ სურთ, СНГ განიხილონ, როგორც საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შემცვლელი სისტემა. რუსეთს კი, პირიქით - СНГ სურს აქციოს ერთიანი, ფედერაციული (სწორედ ფედერაციული და არა კონფედერაციული) სახელმწიფოს თანდათანობითი, ევოლუციური აღდგენის საფუძვლად. და ვინაიდან რუსეთს ჯერ კიდევ შესწევს ძალა, თუ მთლიანად არ გააკონტროლოს ყველა პროცესი ამ სივრცეში, ყოველ შემთხვევაში, ჩაშალოს ან შეაფერხოს მათი განვითარება - იგი ახდენს ყველა იმ ტენდენციის ბლოკირებას, რომელიც მისეულ კონცეფციას არ ეთანხმება.
    ნურსულთან ნაზარბაევი მართლაც ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია. მან შესანიშნავად იცის, რა სურს რუსეთს და რაკი რუსეთის ინტერესი, ამ შემთხვევაში, მისას არ ემთხვევა, «ჩათრევას – ჩაყოლას» ამჯობინებს - სთავაზობს ელცინს «საერთოევრაზიული სახლის» ანუ კონფედერაციის იდეას, რაზედაც რუსეთი არ თანხმდება და არც დათანხმდება არასდროს.
    ამავე დროს, ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, რეინტეგრაციული პროცესების ნებისმიერი სახით სტიმულირება უაღრესად ხელსაყრელი იქნებოდა ელცინისათვის პროპაგანდისტული თვალსაზრისით და პირიქით - ნაზარბაევის წინადადებათა უარყოფა აძლიერებს ოპოზიციას მოსკოვში.
    ამ პოლიტიკურ «დუპლეტს» შესანიშნავად იყენებს ყაზახი ლიდერი, ხოლო ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ არც სხვა რესპუბლიკები (უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და სხვები) იტყოდნენ უარს იმგვარი ვითარების შექმნაზე, როდესაც ერთის მხრივ შეინარჩუნებდნენ სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მეორე მხრივ, დაამყარებდნენ СНГ-ს სისტემაში ისეთ ურთიერთობებს რუსეთთან, რომ გაანეიტრალებდნენ მის ნეგატიურ ზეგავლენას ამ ქვეყნებში. ან უფრო მეტიც, პირიქით - გამოიყენებდნენ რუსეთის უზარმაზარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პოტენციალს თავისი შინაური პრობლემების გადასაჭრელად.
    მთავარი, საკვანძო საკითხი აქ ის არის, თუ რამდენად დათანხმდება რუსეთი ასეთი წონასწორობის შექმნაზე და რამდენად დაკმაყოფილდება იგი მხოლოდ დომინანტის სტატუსით. მაშინ, როდესაც, თუ გავითვალისწინებთ უმძიმეს ვითარებას ყველა ყოფილ «მოკავშირე» რესპუბლიკაში - რეინტეგრაციული პროცესის შინაარსობრივი გაღრმავება და რადიკალიზაცია არც ისე არარეალურია, როგორც ზოგიერთს ეჩვენება.
    რაც შეეხება ჩეჩნეთის კრიზისს: ამ მოვლენის შეფასებისას ჩვენს საზოგადოებაში კვლავ იჩენს თავს ერთგვარი პოლიტიკური რომანტიზმი: ჯერ-ჯერობით რუსეთმა, მართალია, ვერ შეძლო საბოლოო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს იგი გამარჯვებას საერთოდ ვერ მოიპოვებს, ვთქვათ, რამდენიმე წლის შემდეგ. დრო ხომ რუსეთს «თავზე საყრელი» აქვს. თუ დასავლეთი ცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, ეს მხოლოდ ქაღალდზე შეცვლის ვითარებას. რუსეთმა კი, დასავლეთის ლიდერთა «დემარშების» გამო, უკვე გააკეთა საპასუხო, ძალიან ძლიერი სვლა - მოსკოვში ოფიციალურად განაცხადეს, რომ აპირებენ ირანს მიჰყიდონ ატომური ტექნოლოგია ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად, რის შედეგადაც ჰომეინისტური სახელმწიფო თეორიულად მიიღებს საშუალებას შექმნას ატომური იარაღი.
    ამ ცნობამ დასავლეთში ნამდვილი შოკი გამოიწვია. მაგრამ ამერიკის სახელმწიფო მდივნის, უორენ ქრისტოფერის ისტერიის საპასუხოდ, ანდრეი კოზირევმა მშვიდად აღნიშნა: «თუ დასავლეთი ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების გამო შეგვიწყვეტს დახმარებას და აღარ გამოჰყოფს შეპირებულ 6 მილიარდ დოლარს - ამ თანხას რუსეთი მაინც მიიღებს. ოღონდ, ირანისათვის ატომური ტექნოლოგიების მიყიდვის ფასად».
    ამრიგად, საეჭვოა ჩეჩნეთის კრიზისმა რეალური ზეგავლენა მოახდინოს СНГ-ს სივრცეზე მიმდინარე მოვლენებსა და ამ მოვლნებისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზე. ეს გარემოება ალმა-ათას შეხვედრამაც დაადასტურა.
    მაგალითად: ქართველმა დიპლომატებმა შეიმუშავეს «აქტი აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ». მაგრამ ეს წამოწყება ფაქტობრივად ჩაიშალა, უპირველეს ყოვლისა, იმავე რუსეთის წინააღმდეგობის გამო. თითქოს პარადოქსია, რომ რუსეთი, რომელიც თავად ებრძვის სეპარატიზმს - ამავე დროს არ არის დაინტერესებული მყარი იურიდიული გარანტიების შექმნით. მაგრამ აქ, სინამდვილეში, არავითარი წინააღმდეგობა არ არის - რუსეთს საკუთარი ძალის იმედი აქვს ჩეჩნეთში და, ამავე დროს, სურს შეინარჩუნოს სხვა ქვეყნებზე ზემოქმედების ისეთი ძლიერი ბერკეტი, როგორიცაა დნესტრისპირეთი - მოლდოვაში, აფხაზეთი - საქართველოში, ყარაბაღი - აზერბაიჯანში და ასე შემდეგ.
    ეს მომენტი ნათლად გამოჩნდა მაშინ, როდესაც საქართველოს მიერ შემოთავაზებულმა პაქტმა პრინციპული სახე-ცვლილება განიცადა და, ფაქტობრივად, არარაობად იქცა. ჯერ ერთი, «პაქტი» იქცა «მემორანდუმად» - ანუ დეკლარაციად, რომელიც არავის არაფერს ავალდებულებს. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ იმ ადგილას, სადაც საუბარი იყო СНГ-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებაზე «არ გაუწიოს დახმარება სეპარატისტულ რეჟიმებს», გაჩნდა უცნაური ფორმულირება: «Если таковые возникнут», დააკვირდით ამ ფორმულას: «თუ ასეთები წარმოიშობიან». ეს უეჭველად ნიშნავს იმას, რომ მაგალითად არძინბას რეჟიმი, СНГ-ს წევრი ქვეყნების მიერ მიღებული მემორანდუმით, არ არის მიჩნეული სეპარატისტულ რეჟიმად - რაკი საუბარია მხოლოდ იმ რეჟიმებზე, რომლებიც მომავალში წარმოიშობიან. ხოლო იმის დადგენა, თუ რომელი რეჟიმი ჩაითვალოს სეპარატისტულად და რომელი - არა, ასევე მომავალი განსჯისა და დისკუსიის საგანი იქნება.
    მეორე მაგალითი: «საზღვრების დაცვის შესახებ» დოკუმენტი ვერ გავიდა, რადგან ბევრ დელეგაციას (მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებს) იგი ესმოდათ, როგორც სახელმწიფოთა შორის საზღვრების დაცვის მექანიზმი, ხოლო რუსეთს, როგორც მხოლოდ СНГ-ს გარე საზღვრების დაცვა.

    ამრიგად, რუსეთი არაფერს თმობს და კვლავ მტკიცედ აგრძელებს თავისი სტრატეგიული გეგმის განხორციელებას. ჯერ-ჯერობით იგი მიზანსაც აღწევს - СНГ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა ყველა შეხვედრა, თუ ამ შეხვედრებზე არ განიხილება ფედერაციული ნიშნების შემცველი ინსტიტუტის შექმნა (მაგალითად ისეთისა, როგორიც იყო СНГ-ს ეკონომიკური კომიტეტი), რუსეთისავე ძალისხმევით უმალვე იქცევა «წყლის ნაყვად» და დროის ფუჭ ფლანგვად, რასაც ერთადერთი რეალური შედეგი მოაქვს: კვლავ და კვლავ აფიქსირებს რუსეთის გავლენის სფეროს არსებობას მსოფლიოს თვალში, რათა სხვამ ვერავინ გაბედოს ამ სფეროში აქტიური ჩარევა.

«ივერია-ექსპრესი», 17 თებერვალი, 1995 წელი.