წინასაარჩევნო ``დაჭერები``

წინასაარჩევნო ``დაჭერები``

 

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მთავარი პროკურორი კბილაშვილი გადადგა, მისი გადადგომის მიზეზებზე ბევრი არც არაფერი ითქვა. არადა, „გაცხადება რომ არ დაეწერა", არჩილ კბილაშვილი დღესაც პროკურორი იქნებოდა - გამომდინარე ივანიშვილისა და მის მიერ „დანატოვარი" გუნდის უკვე ჩამოყალიბებული სტილიდან.

რატომ გადადგა? იმიტომ, რომ მეტისმეტად ხშირად უწევდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც პოლიტიკური ტექნოლოგიის სფეროს უფრო განეკუთნება, ვიდრე სამართლებრივ სივრცეს. ეს გარდაუვალიცაა, რადგან ევროპელი მეგობრები ქვეყანას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.
ბუნებრივია, როდესაც მერიის ჩინოსნებს „ნატო"-ს გენერალური მდივნის ვიზიტისას იჭერ, ეს აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომც არ გქონდეს მიზნად, მაინცდამაინც ამ მოვლენას დაამთხვიო დაჭერები, რაკი სრულიად აშკარაა, რომ არსებობს უფრო ფართო პოლიტიკური შეკვეთა. სხვაგვარად ვერ აიხსნება, რომ ის ვირთხები, რომლებიც დროულად გადახტნენ „ნაცმოძრაობის" თბილისური დაჯგუფების ნავიდან, ამის შემდეგ არც ერთხელ აღარ დაკითხულან! არადა, რასაც ეს ჯგუფი მანამდე აკეთებდა, ერთად არ აკეთებდა?! პროკურატურას ხომ წარსულის შეცვლა არ შეუძლია? მომავალს კიდევ შეცვლის, მაგრამ წარსულს ვერა.
„ახალი" ხელისუფლების წარმომადგენლები მუდამ მეტისმეტად აფართოვებენ თვალის გუგებს განცვიფრების ნიშნად, როდესაც დასავლელი მეგობრები „შერჩევით სამართალს" საყვედურობენ. რა უკვირთ? როდესაც ყოფილ ან მოქმედ ჩინოსანს დაკითხვაზე იბარებ მანამ, სანამ იგი პარტიის წევრია და აღარ იბარებ, როგორც კი ამ პარტიიდან „გადახტება", ეს შერჩევითი სამართლის კლასიკური ნიმუშია.
თუმცა, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, დათა ახალაიასა და, მთლიანობაში, ყოფილი ხელისუფლების სამწუხაროდ, ევროპაში ისეთი კონიუნქტურა იქმნება ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რომ როგორც ჩანს, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება მაინც ნებისმიერ შემთვევაში გაფორმდება, ვინც არ უნდა დაიჭირონ და როგორც არ უნდა დაიჭირონ. თუ მართლა რაღაც ექსტაორდინალური არ მოხდა და, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი ჩამომხრჩვალი არ იპოვეს საკანში.
დამკვიდრებული გულუბრყვილო სტერეოტიპების მიუხედავად, კონიუნქტურა ევროპასა და დასავლეთში რომ მოქმედებს, ისე არსად! ეს დემოკრატიის ერთ-ერთი თვისება და პარადოქსული ჩრდილოვანი მხარეა, თორემ ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული რეჟიმები ბევრად ნაკლებ კონიუნქტურულები არიან.
რაც შეეხება გიგი უგულავას გადაყენებას. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ არავითარი კავშირი ამას მომავალ მუნიციპალურ არჩევნებთან არა აქვს, ხელისუფლების განცხადებები დარჩება „ხმად პრესსამსახურისა არეულ პოლიტიკურ სიტუაციასა შინა". პოლიტიკის კიდევ ერთი თვისება შედეგით მოტივის განსაზღვრაა: ასუსტებს თუ არა მერობის რეალურ კანდიდატ უგულავას ხელისუფლების გადაწყვეტილება და სასამართლოს ვერდიქტი? რა თქმა უნდა ასუსტებს! ანუ ამცირებს მის შანსებს დავით ნარმანიასთან წინასაარჩევნო ბრძოლაში. ამიტომ დასკვნაც ერთმნიშვნელოვანია: უგულავას მთლად დაპატიმრება ვერ გაბედეს, მაგრამ მისი დასუსტება სურდათ, რათა გაეზარდათ ნარმანიას შანსები.
ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით (რაც არაერთხელ დადასტურდა განვლილი წლების განმავლობაში) იგი არჩევნებზე ხმას აძლევს ძალაუფლებას! არა ხელისუფლებას, არამედ ძალაუფლებას, რაც ბევრად ფართო ცნებაა. სანამ უგულავა მერი იყო, უბრალო ხალხის თვალში იგი აღიქმებოდა თბილისში ძალაუფლების მყრობლად, რომელსაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ „ვერაფერი დააკლო" და „ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრა". როგორც კი გადააყენეს, ეს აღქმა დაკნინდა და ნარმანიას შანსებიც გაიზარდა.
ანუ, გიგი უგულავამ ახლა რომც მიიღოს მონაწილეობა მომავალ არჩევნებში (ამას ვერ დაუშლიან იმავე დასავლეთის რიდით) მისი აღქმა ხალხში უკვე სხვაგვარი იქნება. ეს აღქმა კი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ყბადაღებული „ადმინისტრაციული რესურსი". სინამდვილეში, ამ რესურსის გამოყენების საშუალებას არჩევნებზე მას ცენტრალური ხელისუფლება არ მისცემდა, მაგრამ სანამ უგულავა მერი იყო, სწორედ ეს სტატუსი უქმნიდა მას ქარიზმას ამომრჩევლის თვალში.
რაც შეეხება სხვა „დაჭერებს" (საზოგადოებრივი აღქმით, ესეც ფართო ცნებაა და მხოლოდ დაპატიმრებაზე არ დაიყვანება), „ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ ლიდერს დღემდე არ აუხსნია, საპროცესო კოდექსის კონკრეტულად რომელი მუხლი დაირღვა მერაბიშვილის მიყვანით მთავარ პროკურორ ფარცხალაძესთან. მაგრამ „აღქმა" ამაზრზენი საბჭოური მეთოდების გამოყენებისა იმდენად ძლიერია, რომ მერაბივილის თავზე გადაცმული პიჯაკის ისტორია ხელისუფლების სერიოზული მარცხი აღმოჩნდა.
ყველაზე უარესი ისაა, თუ ვანომ კვლავ იეშმაკა (ასეთი ვერსიაც არსებობს), თვითონ „ჩაუნამიოკა", თითქოს რაღაცას „მხოლოდ პირადად ეტყოდა" პროკურორ ფარცხალაძეს ჟვანიას გარდაცვალების, ან სააკაშვილის მილიარდების შესახებ და მერე აქტიურად გამოიყენა ფარცხალაძის შეცდომა იმ პირობებში, როდესაც ხსენებული „ნამიოკის" დამტკიცება ან გამომჟღავნება უკვე შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს პროკურატურასაც მოერიდება აღიაროს, რომ ასე გაასულელეს.
კიდევ ერთი „დაჭერა": ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის გარშემო განვითარებული მოვლენები. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ აუცილებლად სჭირდება, ჯერ ერთი, მერიის მრავალწახნაგოვანი დისკრედიტაცია (თორემ იმ არჩევნებში უგულავას გამარჯვება შეიძლებოდა „ნაციონალთა" რენესანსად ქცეულიყო) და, მეორეც, ზურაბ ჟვანიას საქმეზე რაიმე რეალური შედეგის „დადება".
მაგრამ უკვე საყოველთაოდ ცნობილი დელიკატურ-პიკანტური დეტალების გახმაურება როგორც წინა ხელისუფლებას არ აწყობდა, ასევე არც ახალს აწყობს! არადა, აუცილებლად გამომჟღავნდება, თუკი ღია სასამართლო პროცესზე დეტალურად გაირჩევა, რა ამოძრავებდათ ხარშილაძეს, ბარამიძეს და სხვებს, როდესაც დაიწყეს იმ სურათის შცვლა, რაც რეალურად დახვდათ საბურთალოს ქუჩაზე მდებარე კონსპირაციულ ბინაში. ამიტომ ხარშილაძეს „ირიბად" სჯიან ვითომ სხვა დანაშაულისათვის, რათა დააკმაყოფილონ ოჯახის რისხვიანი მოთხოვნა. ოჯახი კი, სინამდვილეში, კობა ხარშილაძეს იმას ედავება, რომ მისმა უყურადღებობამ, ანუ, სამართლებრივ ენაზე, „დანაშაულებრივმა გულგრილობამ" გამოიწვია ტრაგედია.
მართლაც, აბა რა უნდოდა „ნიკალას" გაზის გამათბობლის წინასწარ შემოწმებას იმ ყბადაღბულ ბინაში, განურჩევლად იმისა, რა მიზნით დადიოდა იქ ზურაბ ჟვანია კვირაში სამჯერ?

2013