წითელი ლამპიონები

წითელი ლამპიონები

გაზპრომი: იმპერია-იმპერიაში

        გარდა იმისა, რომ რუსეთის ორივე დღევანდელი ხელმძღვანელი - პუტინი და მედვედევი ლენინგრადელები არიან, მათ კიდევ ის აკავშირებს, რომ სხვადასხვა დროს ორივე ხელმძღვანელობდა «გაზპრომს», რომელიც დღეს რუსული იმპერიის საყრდენია.
        ერთხელ ვლადიმერ პუტინმა ცნობილი ამერიკული გამოთქმაც გადააკეთა თავისებურად: «რაც სასარგებლოა «ჯენერალ-მოტორსისათვის» – სასარგებლოა ამერიკისათვის» და განაცხადა: «რაც კარგია გაზპრომისთვის – კარგია რუსეთისთვის!».
        ფაქტობრივად, პუტინის ხელში «გაზპრომი» იქცა მინი საბჭოთა - კავშირად, რომელმაც თანდათან დაიქვემდებარა ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსები როგორც ეკონომიკურ, ასევე საზოგადოებრივ სფეროში.
        მაგალითად, რაკი, პროპაგანდისტული თვალსაზრისით პუტინის რუსეთისათვის არახელსაყრელი იყო სახელმწიფო მონოპოლიის აღდგენა მნიშვნელოვან საწარმოებზე, ამ საწარმოთა ნაციონალიზება და ასე შემდეგ – მან გაზპრომის ხელით დაიწყო მათი შესყიდვა.
        ყველაზე ნათელი მაგალითი ამ პოლიტიკისა იყო «იუკოსის» გაკოტრება, მისი დამფუძნებლის, მიხაილ ხოდორკოვსკის ციხეში ჩასმა და შემდეგ, დანაწევრებული კომპანიის შესყიდვა იმ ბიზნეს – სტრუქტურების მიერ, რომლებსაც საბოლოო ანგარიშით «გაზპრომი» აკონტროლებს. ხოლო თვით «გაზპრომში», როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო საკონტროლო პაკეტს ფლობს. ანუ, 50 პროცენტს პლიუს ერთი აქცია.
        დანარჩენი 49,99 კი გაყიდულია (მათ შორის უცხოელ აქციონერებზე) მაგრამ კრემლის როლს ეს ვერ ამცირებს. მეტიც, - აძლიერებს მის პოზიციებს, რაკი «გაზპრომის» ამერიკელი და ევროპელი მფლობელები დაინტერესებულნი ხდებიან მხარი დაუჭირონ მოსკოვის პოლიტიკას და საკუთარ ქვეყნებში მის «ლობისტებად» იქცნენ.

გაზპრომ-მედია

        რა სჭირდება პირველ რიგში სახელმწიფო მონოპოლისტს, რომელიც იმპერიულ ინტერესებს ახორციელებს და რომლის დანიშნულებაა «დერჟავის აღორძინება?» რა თქმა უნდა კონტროლი მედიაზე! ჯერ საკუთარ ქვეყანაში.
        თავდაპირველად, «გაზპრომმა» «შეისყიდა» (სინამდვილეში ძალით დაისაკუთრა) გუსინსკის «ნტვ» და მთელი მისი მედია-ჰოლდინგი. შემდეგ - უკლებლივ ყველა სატელევიზიო არხი. მათ შორის რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საკონტროლო პაკეტიც.
        საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი «საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან» განსხვავებით, რუსეთის «საზოგადოებრივი ტელევიზია» - «ორტ» სააქციო საზოგადოებაა. საკონტროლო პაკეტს იქ ბორის ბერეზოვსკი ფლობდა, მაგრამ ეს პაკეტიც, ბერეზოვსკის ლონდონში გაძევების შემდეგ, გაზპრომის ყულაბაში მოხვდა.
        ამის შემდეგ, გაზპრომმა, კრემლიდან ბრძანებით, დაიწყო ევროპის მედია- ბაზარზე შეღწევა და საკმაო წარმატებითაც. შედეგები აგვისტოს ომის დროს ვიწვნიეთ, როდესაც დასავლური (პირველ რიგში ევროპული) პრესა არც თუ ყოველთვის ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს და, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ადანაშაულებდა.
       
       

«დას ეს ფანტასტიქ!!!»
       

       

        ყველაზე მკაფიო მაგალითი «გაზპრომის» (ფაქტობრივად, მისი სახით, კრემლის სპეცსამსახურთა) შეღწევისა ევროპულ მედია - ბაზარზე არის ოდესღაც ავტორიტეტული, დღეს კი «პუტინის რუპორად» წოდებული გერმანული ყოველკვირეული «შპიგელი»
        ოღონდ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ» გაზპრომი» ასეთ დროს ეშმაკურ ხერხებს მიმართავს: ის პირდაპირ კი არ ყიდულობს ევროპულ გაზეთებს, ტელე ან რადიო-კომპანიებს, არამედ აფუძნებს «შვილობილ» ფირმებს, შემდეგ ისინი აფუძნებენ სხვა კომპანიას, რომელიც თავის მხრივ ყიდულობს არა «შპიგელს» არამედ მისი მფლობელ კომპანიას. . . . . შედეგად, მთელი «ჯაჭვისათვის» თვალის მიდევნება არც თუ იოლი ხდება.
        ბუნებრივია, ამ პროცესში დიდ როლს ასრულებდა გაზპრომის «ტოპ-მენეჯერი», გერმანიის ყოფილი კანცლერი, Gგერჰარდ შრიოდერი, რომელიც გაზპრომმა წელიწადში 2 მილიონ ევროდ დაიქირავა ახალი გაზსადენების მშენებლობისთვის - აღმოსავლეთ ევროპის გვერდის ავლით.
        ისეთ «წვრილმანზე», როგორიცაა გერმანულ მედია-წრეებში საკუთარი გავლენის გამოყენება და «შპიგელის» მფლობელთა დარწმუნება, ეს «ტოპ-კანცლერი» აბა უარს როგორ ეტყოდათ?!
        ჰოდა გახშირდა მას შემდეგ ამ ჟურნალში საქართველოს «მამხილებელი» სტატიების გამოქვეყნება. მათ შორის აგვისტოს ომის შესახებ. თანაც ავტორები აცხადებენ, რომ მოიპოვეს ტალიავინის საგამოძიებო კომისიის მასალები, რომელმაც უნდა დაადგინოს დამნაშავე 2008 წლის მოვლენებში.
        თვით ტალიავინი აცხადებს, რომ არავის ეს მასალები ოფიციალურად ჯერ არ უნახავს. მაშ საიდან უნდა ჰქონოდა ინფორმაცია «შპიგელს» თუ არა რუსული სპეცსამსახურებიდან? ამით «შპიგელის» ჟურნალისტური ინტერესიც კმაყოფილდება: ყველა გამოცემას სურს ექსკლიუზივების მოპოვება. თუნდაც სპეცსამსახურების მეშვეობით – ეს ექსკლიუზივები შემდეგ კატეგორიულადაც რომ უარყონ.

ჩეკისტი-კაპიტალისტები

        გარდა «შპიგელისა», რუსეთი წილს ფლობს თვით «ევრონიუსშიც» კი!!! ბრიუსელელი ბიუროკრატები ხბოს აღტაცებით ამბობდნენ 2000 წელს (როცა «ევრონიუსის» აქციონირება მოხდა), რომ «გიგანტური რუსული სააქციო საზოგადოება გამოეხმაურა ჩვენს წინადადებას ევროპული ბიზნესისადმი». არადა, ეს «ევროპული ბიზნესი» და «გიგანტური კომპანია» სინამდვილეში საბჭოთა «კგბ»-ს მოდერნიზებული ვარიანტია.
        შემთხვევითი როდია, რომ «გაზპრომის» «ტოპ-მენეჯერთა» უდიდესი ნაწილი ყოფილი «კგბ»-ს ოფიცერია და მათ «ჩეკისტ-კაპიტალისტებს» უწოდებენ. სხვათა შორის, ამ ჩეკისტებს, იმავე საბჭოთა პერიოდიდან, აქვთ ევროპულ მედიასთან მუშაობის გამოცდილება, როდესაც ყველანაირად ეხმარებოდნენ სწორედ იმ ევროპულ გამოცემებსა და ჟურნალისტებს, ვინც რონალდ რეიგანის პოლიტიკას აკრიტიკებდა ან ამერიკული რაკეტების ევროპაში განლაგების წინააღმდეგ გამოდიოდა – რა თქმა უნდა «მშვიდობისმოყვარე» ლოზუნგებით.
        მაშინ «სსრკ» - ში სააქციო საზოგადოებები არ არსებობდნენ და ამ საქმეს უშუალოდ ლუბიანკაზე მდებარე შენობიდან ასრულებდნენ. დღეს შენობა გამოიცვალა: «გაზპრომის ნაგებობა» ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.
        თუმცა, მოსკოვში ინგლისის ყოფილი ელჩი, კრეიგ მიურეი წერდა ამას წინათ, რომ ამ «ამ ერთ შენობაში მყოფმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა დასავლეთს იმაზე დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს, ვიდრე ყველა საბჭოთა დივიზია მიაყენებდა ერთად აღებული». იგივე ავტორი აღნიშნავდა, რომ «კრემლის ახალი «გაზპრომული» იმპერიალიზმი დასავლური ცივილიზაციისათვის იმაზე დიდი საშიშროებაა, ვიდრე ისლამური ტერორიზმი».
        როგორც ჩანს, ბოლო დროს ამას პოლიტიკოსებიც ხვდებიან. ყოველ შემთხვევაში, «შპიგელის», «ევრონიუსისა» და რამდენიმე მესამეხარისხოვანი მედია-ჰოლდინგის შესყიდვის შემდეგ ეს პროცესი ევროპაში შენელდა, რადგან იმ ორგანოებმა, რომელთა ანალოგსაც საქართველოში «კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია» ეწოდება და მედია-სივრცეს განაგებენ (საინტერესოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბეჭდურ მედიასაც) მოითხოვა «გამჭვირვალობა» პრივატიზებისას და აკრძალა ზოგიერთი შეთანხმება იმ მოტივით, რომ «გაზპრომი», ფაქტობრივად, სახელმწიფო კომპანიაა და მისი ხელმძღვანელობა უარს ამბობს საკონტროლო პაკეტის დათმობაზე კერძო ინვესტორებისათვის. ამ დროს, თავად ევროპის მედია-სივრცეში ყველაზე გემრიელი ლუკმების გადასანსვლას ლამობს.
        ამის შემდეგ, რუსულ მედია-სივრცეში ის მოსაზრებებიც გაჩნდა (კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან) რომ არ არის საჭირო ასტრონომიული თანხების ხარჯვა ევროპული მედია-რესურსების შესაძენად მაშინ, როდესაც შესაძლებელია უბრალოდ ჟურნალისტების მოქრთამვა ბევრად ნაკლები ფულით.
        ეს «გაზპრომის» ახალი ტაქტიკაა. როგორც ჩანს, «გაზპრომ-ლუბიანკაზე» მიაჩნიათ, რომ ევროპელი ჟურნალისტები ისევე ადვილად იყიდებიან, როგორც ბრიუსელის «წითელი ლამპიონების» უბნის მოსამსახურე გოგონები.
        ზოგიერთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არც ცდებიან!