წელი - 1994

წელი - 1994

 

    გასრულდა კიდევ ერთი წელი საქართველოს ისტორიაში. მისი ობიექტური შეფასება, ისევე, როგორც ობიექტური შეფასება იმისა, რაც საერთოდ მოხდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში - მომავლის საქმეა.
    მხოლოდ მაშინ, როდესაც «დაცხრება ვნებები», პოლიტიკურ ასპარეზს დატოვებენ სამოქალაქო ომის ინიციატორები და მსხვერპლნი, გახდება შესაძლებელი აბსოლუტურად მიუკერძოებელი და ობიექტური დასკვნების გაკეთება. დღევანდელი ანალიზი მხოლოდ «მასალად» თუ გამოდგება ისტორიის მომავალი «სასამართლოსათვის», რომელიც უეჭველად, უეჭველად გაიმართება ადრე თუ გვიან, რადგან საქართველოს ამჟამინდელ კატასტროფას, ისევე როგორც 1992-93 წლებში დატრიალებულ საზარელ ტრაგედიას, ახსნა სჭირდება.
    ახსნა სჭირდება იმას, თუ რატომ დაიკარგა სამაჩაბლო, რატომ დავმარცხდით აფხაზეთში, რატომ დაინგრა საქართველო და ვინ არის ყოველივე ამაში დამნაშავე.
    «კოლექტიური პასუხისმგებლობის», «კოლექტიური დანაშაულის» სინდრომი, რომელსაც ამჟამად მავანნი ამკვიდრებენ ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო დამანგრეველად ზემოქმედებს ეროვნულ ცნობიერებაზე, ვინაიდან იგი ფაქტობრივად მთელ ერს ადანაშაულებს, მაშინ როდესაც, ერი არ შეიძლება დამნაშავე იყოს - თუ მისი თავისუფალი ნება მისივე უზენაესი უფლებიდან გამომდინარეობდა, მაშინ ის უნდა გაირკვეს, რატომ ვერ შეძლო საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ელიტამ აღესრულებინა ერის ნება და მოინდომა თუ არა მან საერთოდ მისი აღსრულება.
    ხომ არ შეიძლება ქვეყანამ, სახელმწიფომ, ყველა მიმართულებით მარცხი განიცადოს და ამაში არავინ არ იყოს კონკრეტულად დამნაშავე, არავინ არ აგოს პასუხი ღვთისა და ერის წინაშე.
    გასულ წელს ქვეყნის ხელისუფლება ხშირად იმეორებდა და იკვეხნიდა, რომ მიღწეულია «გარკვეული სტაბილიზაცია», «საქმე უკეთ მიდის» და ა.შ. სინამდვილეში კი, 1994 წელი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო უარესი იყო მრავალი თვალსაზრისით.
    ის გარემოება, რომ საქართველოში სისხლი აღარ იღვრებოდა და შეწყდა ომი, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, რადგან ომის შეწყვეტა ტერიტორიების დაკარგვის შედეგი იყო და არა ხელისუფლების «სიბრძნისა».
    ომი შეწყდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს მტრებს საომარი  არაფერი დარჩათ - მათ მიიღეს ყველაფერი რაც სურდათ: გამოდევნეს აფხაზეთიდან მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობა, დააფიქსირეს «საქართველო-აფხაზეთის» საზღვარი და ამ საზღვარზე შემოიყვანეს ე.წ. «სამშვიდობო ჯარი», რომელიც სინამდვილეში სასაზღვრო ჯარი უფროა, ვიდრე «სამშვიდობო პროცესის გარანტი». ამავე დროს, ჟენევაში, მთელი მსოფლიოს თვალწინ დაფიქსირდა ორი სუბიექტი - საქართველო და აფხაზეთი, მათ (გაეროს გენერალური მდივნის აზრით) უნდა მოილაპარაკონ «სახელმწიფოებრივ ურთიერთობათა აღდგენისა» და «სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის თაობაზე».
    გაუგებარია, სხვას რაღას უნდა მიაღწიონ აფხაზმა სეპარატისტებმა? მეტზე თვით არძინბაც კი ვერ იოცნებებდა - აფხაზეთში არც ერთი ქართული ოჯახი აღარ ცხოვრობს, ქართული სოფლები პირწმინდად დამწვარი და დანგრეულია, საზღვარი დაფიქსირებულია და «საიმედო ზღუდედ» ქართული აგრესიის წინააღმდეგ ამ საზღვარზე რუსეთის ჯარი დგას. ამის შემდეგ და ამაზე მეტი დარჩა მხოლოდ ერთი - აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება, რაც ჯერჯერობით ყოვნდება, მაგრამ არა საქართველოს მიერ გატარებული «ბრძნული პოლიტიკის» წყალობით, არამედ იმის გამო, რომ აფხაზეთის იურიდიული დამოუკიდებლობით თავად რუსეთი არ არის დაინტერესებული.
    დიახ, ომი მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ საქართველომ აფხაზეთში დაკარგა ყველაფერი, რისი დაკარგვაც კი შეიძლებოდა. ამავე დროს, 1994 წელი წინაზე უარესი არა მხოლოდ ხილული შედეგით იყო, - გაცილებით უარესია ის ფარული პროცესი, რომელიც ამჟამად ლტოლვილთა შორის მიმდინარეობს. აფხაზეთი ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული მანამ, სანამ ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნების იმედს ინარჩუნებდნენ, მაგრამ «გენიალური სამშვიდობო პროცესის» განვითარებასთან ერთად, მათ ეს იმედი თანდათანობით დაკარგეს - ათი ათასობით ლტოლვილმა შეიძინა ბინა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში - მაშასადამე, ისინი უკვე აღარასოდეს დაბრუნდებიან აფხაზეთში. სხვები რუსეთში გაემგზავრნენ მუდმივ საცხოვრებლად.
    არძინბას ეს ყოველივე იმთავითვე ჰქონდა გათვლილი - მან ძალიან კარგად იცოდა: ლტოლვილი მხოლოდ პირველი თვეების განმავლობაში არის «საშიში», როდესაც სამშობლოს, კერიას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ჯერ კიდევ ღადარივით მწველი და მტანჯველია. შემდეგ და შემდეგ კი, ეს გრძნობა თანდათან ჩლუნგდება (ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა). ლტოლვილი თავის «ადგილს» პოულობს, ეგუება ახალ პირობებს და აღარც სურს ომის ზონაში დაბრუნება.
    აფხაზეთის საბოლოო დაკარგვა მაშინ დაიწყო, როდესაც ლტოლვილებმა იმედი დაკარგეს და სამშობლოს «დავიწყება» იწყეს. რა ვქნათ, გავამტყუნოთ ეს უბედური ადამიანები? ეს უზნეობა იქნება, რადგან არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის დანამდვილებით, როგორ მოიქცეოდა თავად ამგვარ პირობებში - ჩვენ ხომ არ განგვიცდია მრავალთვიანი ომი, ხოცვა-ჟლეტა, სახლის დანგრევა, ახლობლების სიკვდილი, კოდორის გოლგოთა, გაყინული ბავშვები და «იძულებით გადაადგილებულის» დამამცირებელი სტატუსი.
    1994 წელს, სწორედ ლტოლვილთა განწყობილებაში მომხდარი ამ ცვლილების გამო, საქართველოს აფხაზეთი კიდევ უფრო მეტად დაშორდა, ვიდრე 1993 წელს - როდესაც სოხუმი დაეცა და აფხაზური ფორმირებები ენგურზე გავიდნენ.
    რაც შეეხება ე.წ «მოლაპარაკებებს», რომლებიც ჟენევაში და სოჭში მიმდინარეობდა, ვგონებ, თვით მოლაპარაკების მონაწილეთათვისაც კი ნათელი გახდა მათი სრული უნაყოფობა. ყოველ შემთხვევაში, ამ «სამშვიდობო პროცესის» ერთ-ერთმა მთავარმა «არქიტექტორმა» მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე უკვე განაცხადა, რომ «საქართველო ენგურიდან რუსეთის ჯარების გაყვანას დაუჭერს მხარს».
    სამწუხაროდ, პრესკონფერენციას არ ესწრებოდა არც ერთი საღად მოაზროვნე ჟურნალისტი, რომელიც იმ «არქიტექტორს» დაუსვამდა ელემენტარულ კითხვას: დალოცვილებო, აბა რაღას შემოგყავდათ ეს ჯარი? რა საჭირო იყო პარლამენტში ომით და უბედურებით ამ საკითხის გატანა, გააფთრებული ბრძოლა ჯარის შემოყვანისათვის - იმისთვის, რომ ახლა ასევე გააფთრებით იბრძოლოთ მისი გაყვანისთვის?
    აღმოჩნდა რომ СНГ-ში საქართველოს გაწევრიანებით მოიგო მხოლოდ რუსეთმა. მან კიდევ ერთხელ «დააფიქსირა» მთელი მსოფლიოს თვალწინ საქართველოს ყოფნა საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში. რაც შეხება «რძესა» და «კარაქს» - რუსეთთან და СНГ-ს წევრ სხვა ქვეყნებთან საქართველო კვლავინდებურად მსოფლიო ფასებით ვაჭრობს.

    1994 წელს საქართველოს ხელისუფლებამ რამოდენიმე ასეულჯერ გაზარდა ფასები პირველი საჭიროების პროდუქტებზე, რასაც რატომღაც «ეკონომიკური რეფორმა» უწოდა. შედეგად კუპონი მნიშვნელოვნად გამყარდა, მაგრამ საკითხავია - რის ფასად? თუკი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილობს, ადამიანები საკვების უკმარისობით იხოცებიან, ხოლო ეკონომიკას მაფიოზთა ხროვა დაეუფლა - ეს ვერაფერი «რეფორმაა».
    სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარება ჯერ კიდევ კითხვის ქვეშაა (მიუხედავად ფასების მომატებისა), ვინაიდან არ სრულდება მთავარი მოთხოვნა - მთავრობის რეორგანიზაცია. ამ მოთხოვნით კი საერთაშორისო თანამეგობრობა დელიკატურად ნიღბავს სხვა მოთხოვნას: საქართველოს ხელისუფლების გაწმენდას მაფიოზურ სტრუქტურათა გავლენისაგან. ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე კი, ვერავითარ სერიოზულ დახმარებას საქართველო ვერ მიიღებს, ხოლო სავალუტო ანგარიშზე დარიცხული თანხები «გაყინული» დარჩება.

    მთლიანობაში, 1994 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური გენოციდის წელი, რომელმაც, ამავე დროს, კიდევ უფრო დაგვაშორა სანუკვარ მიზანს - სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღდგენას.
    ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი წელი თუნდაც რაიმე შვებას მოუტანს ჩვენს ერს. თუმცა, ნათლად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ იმდენად მძიმე და საზარელი მარცხი განიცადა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე პროგრესსა და აღორძინებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

«მსგეფსი», 10 იანვარი, 1995 წელი.