ჩვენი პასუხი მსოფლიო ოლიგარქიას

ჩვენი პასუხი მსოფლიო ოლიგარქიას

        გუშინ პარლამენტში ერთობ საინტერესო დღე იყო. რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების გაუთავებელი პერიპეტიების შემდეგ, როგორც იქნა, პარლამენტი დაუბრუნდა ეკონომიკურ პრობლემატიკას, რომლის გადაწყვეტა, სინამდვილეში, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

        ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა კანონპროექტთა პაკეტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე. საქმე ეხება იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენმა ქვეყანამ იკისრა მსო-ში გაწევრიანების დროს, ანუ 2000 წელს.
        იგულისხმება საბაჟო გადასახადთა მნიშვნელოვანი შემცირება და მთლიანად გაუქმება სასაქონლო ნომენკლატურაზე. ოღონდ, არა დაუყოვნებლივ, არამედ 2005 წლიდან, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს ხუთწლიან გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც, ახლად გაწევრიანებული ქვეყანა უნდა მოემზადოს, მოახერხოს წარმოების მოდერნიზაცია, რათა საბაჟო განაკვეთების გაუქმება დამანგრეველი არ აღმოჩნდეს ეროვნული ეკონომიკისთვის.
        თავისთავად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნა სავსებით გასაგები და ბუნებრივია: ეს ორგანიზაცია ეფუძნება თავისუფალი კონკურენციის პრინციპს. საქართველოს უკვე აქვს უფლება, ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეიტანოს პროდუქცია. სხვა საქმეა, რამდენად შეესაბამება ეს პროდუქცია მოთხოვნასა და დასავლურ სტანდარტებს. მეორე მხრივ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ნაწარმოს მოუწევს კონკურენცია საკუთარ ბაზარზე უცხოურ ანალოგთან. პარლამენტართა დიდი ნაწილის აზრით, «ეს დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას». მაგრამ ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია, საერთოდ ვინ გვაძალებდა მსო-ში გაწევრიანებას? თუ კანონთა პაკეტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო არ დაამტკიცებს, მაშინ ქვეყანას უბრალოდ გარიცხავენ მსო-დან ან ისეთ ჯარიმებს დაგვიწესებენ, თავად გამოვალთ. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ისტორიაში, ვინაიდან XX საუკუნის განმავლობაში ის სახელმწიფოები, რომლებიც ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს არ ცნობდნენ, მსო-ს «კაპიტალისტური იმპერიალიზმის» ბუდედ აცხადებდნენ და იქ შესვლას არ ცდილობდნენ, ხოლო სხვები (ვინც განვითარების ერთადერთ პირობად ჯანსაღ კონკურენციას აღიარებდა) იმასაც ურიგდებოდა, რომ ეს ძალზე მტკივნეული, ოღონდ, სრულიად აუცილებელი პროცესია.
        ჩვენ კი (უკვე მერამდენედ) აღმოვჩნდით რაღაც ტრაგიკომიკურ ვითარებაში: პრესტიჟულ ორგანიზაციაში წევრობა გვინდა, მაგრამ რთული გადაწყვეტილებების მიღება და «თავის ატკივება» არ გვსურს.
        რაც შეეხება იმ არგუმენტს, თითქოს «მთავრობას მოდერნიზაცია უნდა განეხორციელებინა, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვედროდა საბაჟო შეზღუდვათა გაუქმებას», - ამაზე დიდი სისულელე (ეკონომიკის თემაზე) თვით ისტორიული მატერიალიზმის ფუძემდებელ ვლადიმირ ულიანოვ-ლენინსაც არ უთქვამს.
        სინამდვილეში, «გარდამავალი პერიოდი» არ გულისხმობდა და ვერც იგულისხმებს ეკონომიკის სისტემურ მოდერნიზაციას, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია. მთავრობა ვერავის უბრძანებს, დემოკრატიის პირობებში კერძო ბიზნესის რესტრუქტურიზება მოახდინოს. «საამორტიზაციო პერიოდი» კი რეალურად გულისხმობს თვით კერძო მეწარმეთა მოქმედებას საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად და ახალი პირობებისადმი ინდივიდუალურ მომზადებას.
        მაგრამ მასობრივად, თვით ტრანსფორმაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კონკრეტულ გარემოში, ანუ ეს გარემო აიძულებს (უნდა აიძულოს) ეროვნული ეკონომიკა, თავის გადასარჩენად გამოიმუშაოს განვითარების ინსტინქტი და ინერცია.
        სხვა გამოსავალი ჩიხიდან უბრალოდ არ არსებობს _ როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს ეს. «სხვაგვარად საქართველო დარჩება თავის თავში ჩაკეტილ» მაჩანჩალა ქვეყნად. არადა, «თავის თავში ჩაკეტვა» ოდესღაც ღირსეული არჩევანი იყო ვეებერთალ ჩინეთისთვის. საქართველოსთვის კი ეს, უბრალოდ, კომიკური თვითმკვლელობაა.

დილის გაზეთი, 10 ოქტომბერი, 2002 წელი