შამილი - რუსეთის რისხვა

შამილი - რუსეთის რისხვა


   
   

    14 ივნისს, რუსეთის სტავროპოლის მხარეში, ჩეჩნეთის მხრიდან შევიდა ორი «კამაზი», რომელიც კუბოებით იყო სავსე. საჭესთან რუსეთის მილიციის ფორმაში გამოწყობილი შავგვრემანი მძღოლები ისხდნენ. ავტოინსპექტორები შეუფერხებლად ატარებდნენ «ტვირთი - 200»-ით დატვირთულ მანქანას. სინამდვილეში კი, მათ რუსეთის სიღრმეში შეუშვეს თავზეხელაღებულ დივერსანტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი უმამაცესი სამხედრო მეთაური.

    შამილ ბასაევის ორმოცდაათკაციანი რაზმი 12 საათისათვის შეიჭრა პროვინციულ ქალაქ ბუდიონოვსკში და ფაქტობრივად დაიპყრო ეს ქალაქი. რას ნიშნავს ქალაქის დაპყრობა? რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ყველა ქუჩაზე კონტროლის დაწესებას. მთავარია დაიკავო საკვანძო პუნქტები. ბასაევის მებრძოლებმა აიღეს მილიციის საქალაქო განყოფილება, - დახვრიტეს ან ტყვედ აიყვანეს მისი თანამშრომლები, აიღეს აგრეთვე საქალაქო ადმინისტრაცია, დააპატიმრეს ქალაქის «აქტივი» და შენობის თავზე ჩეჩნეთის დროშა აღმართეს. შემდგომ ტყვეები ადგილობრივი საავადმყოფოს შენობაში წაასხეს და იქ გამაგრდნენ. გზაში რუსი მფრინავებით სავსე ავტობუსი გადაეყარათ - ჩეჩნებმა ისინიც დააპატიმრეს და შემდგომ ხუთი მათგანი დახვრიტეს რადგან, როგორც აღმოჩნდა, ეს სწორედ ის მფრინავები იყვნენ, ვინც ჩეჩნეთის მშვიდობიან სოფლებს ბომბავდნენ. როგორც ჩანს, მათ ეგონათ ვერავინ ვერასდროს მიაგნებდა და ვერ დასჯიდა ჩადენილი ბარბაროსობისათვის, მაგრამ რუსეთის სიღრმეშიც მისწვდათ შურისმაძიებელი.
    საავადმყოფოში გამაგრების შემდეგ, შამილ ბასაევმა ჩაატარა პრეს-კონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ მის რაზმს დაგეგმილი ჰქონდა მოსკოვამდე ჩაღწევა და იქ ომის დაწყება: «ჩვენ არ ვაპირებდით მოსკოვის დაპყრობას, უბრალოდ გვინდოდა კრემლის შტურმით აღება».

    ახლა კი წარმოიდგინეთ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ყოველივე ამას ტელევიზიით ადევნებს თვალს გულგასიებული და ბოღმით დატენილი - მის თვალწინ იმსხვრევა რუსეთის უძლეველობის მითი. თვით სახელგანთქმული «ალფაც» კუდამოძუებული გამოიქცა საავადმყოფოს ტერიტორიიდან მას შემდეგ, რაც უშედეგოდ სცადა იქ შეჭრა.
    პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ოდესღაც უძლეველად მიჩნეულმა «ალფამ» დაკარგა სამი ოფიცერი მოკლულთა სახით და შვიდი დაჭრილი. შამილ ბასაევი კი იოტისოდენად არ აღელვებულა - მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იგი არა ტერორისტი, არამედ დივერსანტია. ამ ცნებებს შორის დიდი განსხვავებაა: თუ რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს, მაშინ ჩეჩნეთის არმიას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება დივერსანტები შეაგზავნოს მტრის ტერიტორიაზე და მას საკუთარი მოთხოვნებიც წაუყენოს: რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა ჩეჩნეთის ტერიტორიიდან, პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება ჯოჰარ დუდაევსა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის. . . . წინააღმდეგ შემთხვევაში, შამილ ბასაევი ტყვეთა ამოწყვეტითა და საავადმყოფოს აფეთქებით იმუქრება.
    ამასობაში კი, რუსეთის პრეზიდენტი ჰალიფაქსში ჩადის და «დიდ შვიდეულში» შეძრომას ცდილობს. არადა, იმთავითვე ნათელია (თუნდაც ბუდიონოვსკის ეპიზოდის გათვალისწინებით), რომ რუსეთს ცივილიზებული ქვეყნების ამ ელიტარულ კლუბში არაფერი ესაქმება.
    ბუდიონოვსკში დატრიალებული ამბები რუსეთის სირცხვილია. ამაზე მეტი თავსლაფისდასხმა იმ ქვეყნისათვის, რომელსაც «ზესახელმწიფოობის» პრეტენზია აქვს ძნელი წარმოსადგენია! ჩეჩნეთმა ფაქტობრივად დაამარცხა რუსეთი - აიძულა პრემიერ-მინისტრი პირდაპირ მოლაპარაკებაზე წასულიყო. უფრო სამარცხვინო კი ის არის, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საავადმყოფოს შტურმით აღების თაობაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერ განახორციელა. ესე იგი, მძევალთა სიბრალული აქ არაფერ შუაშია: რუსეთს, რაოდენ საოცრადაც უნდა მოგვეჩვენოს, ძალა არ ეყო - აქ ის არ იგულისხმება, რომ რუსეთის ჯარს არ შეეძლია საავადმყოფოს აღება: რა თქმა უნდა, თუ «ურაგანის» ტიპის სარაკეტო დანადგარებს მიაყენებდნენ შენობას, მას პირწმინდად დაანგრევდნენ და განაცხადებდნენ: «ავიღეთო» (როგორც გროზნოში მოხდა), მაგრამ აქ «ძალაში» ვგულისხმობ სპეცსამსახურთა პროფესიონალიზმს, რომელიც უაღრესად დაბალ დონეზე აღმოჩნდა, აგრეთვე იმასაც, რომ დივერსიულმა ჯგუფმა შეუფერხებლად გაიარა სტავროპოლის მხარის (რუსეთის სამხრეთის) თითქმის ნახევარი.
    გულწრფელად თუ ვიტყვით, არავითარ სიბრალულს რუსეთი არ იწვევს: გავიხსენოთ, როგორი იყო მისი პოზიცია აფხაზეთის ომის დროს. როდესაც საქართველოში საზარელი ტრაგედია ტრიალებდა, რუსეთის ტელევიზია დაგვცინოდა კიდეც და ყოველმხრივ აგულიანებდა აფხაზ ბოევიკებს, რითაც ხელს უწყობდა საქართველოს დამარცხებას; რომ აღარაფერი ვთქვათ ტყვია-წამალზე და სამხედრო სპეციალისტთა უშუალო მონაწილეობაზე კონფლიქტში. ახლა კი, ნაძირალა სტეპაშინი (რუსული ФСК-ს ხელმძღვანელი), რომელსაც ხელები იდაყვამდე ქართულ სისხლში აქვს გასვრილი, გულგასიებული ზის ბუდიონოვსკში და საკუთარი ქვეყნის თავსლაფისდასხმას ადევნებს თვალს.

    ბუდიონოვსკი, როგორც ჩანს, რუსეთის «კავკასიური პოლიტიკის» კრახის დასაწყისია. ისტორიულად ჩეჩნეთს რუსეთი სამუდამოდ ვერ დაამარცხებს - შესაძლოა კონფლიქტი დროებით შეწყდეს, მაგრამ უახლოეს ხანებში იგი ახალი ძალით იფეთქებს. სამწუხაროდ, აფხაზები არა თუ მხარს არ უჭერენ ჩეჩენი ხალხის გმირულ ბრძოლას, არამედ პირიქით, - ფაქტობრივად რუსეთს ეხმარებიან.
    არძინბას პოლიტიკა აფხაზეთში თავისი არსით ანტიკავკასიურია, რადგან საშუალებას აძლევს რუსეთს გაატაროს «დაჰყავი და იბატონეს» პოლიტიკა. საინტერესოა, რა პირით შეხვდება აფხაზი - ჩეჩენს მას შემდეგ, რაც აფხაზეთში რეფერენდუმი ჩატარდება და ჩეჩნეთში მიმდინარე გენოციდის ფონზე აფხაზები «ერთსულოვნად» მისცემენ ხმას რუსეთთან ასოცირებულ კავშირს? სწორედ იმ რუსეთთან, რომელიც მათ სისხლისმიერ ძმებს ხოცავს.
    ჩეჩნეთის ომი ჩვენთვისაც ძალზე ჭკუისსასწავლებელია, რადგან, ეს არის მაგალითი თავისუფლებისათვის თავგანწირული ბრძოლისა. ერი, რომელსაც ასეთი მებრძოლები ჰყავს, ნამდვილად ღირსია თავისუფლებისა და, ადრე თუ გვიან, მოიპოვებს კიდეც თავისუფლებას.

«მსგეფსი», 16 ივნისი, 1995 წელი.