შადმან ვალავი ტონს ამკაცრებს

შადმან ვალავი ტონს ამკაცრებს

 

    საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს «კურატორი» - შადმან ვალავი ბოლო ვიზიტისას ერთობ «დაუტკბა» საქართველოს ხელისუფლებას. ოფიციოზმა უმალვე აუწყა საზოგადოებას, რომ სავალუტო ფონდმა «უაღრესად დადებითად» შეაფასა განხორციელებულ რეფორმათა სიღრმე და ლიბერალური შინაარსი. ვალავის თქმით, «საქართველო სამაგალითოა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში სსფ რეკომენდაციათა განუხრელი შესრულებისა და მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით».
    აღსანიშნავია, რომ შადმან ვალავისათვის «პროგრესი» უეჭველად ყოველთვის სწორედ რეკომენდაციათა განუხრელ შესრულებასთან არის დაკავშირებული. ვერც შეედავები, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თავისთავად მეტყველებს არსებულ ტენდენციაზე, მაგრამ ეს «პერმანენტული წარმატება» სულ უფრო მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს და ზღუდავს მის სუვერენიტეტს ეკონომიკურ სფეროში.
    მაგალითისათვის შადმან ვალავის ბოლო დემარშიც კმარა. გასულ კვირას მან «მრისხანე» წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტს და კატეგორიულად მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, გააუქმოს მის მიერვე მიღებული «საგადასახადო კოდექსი» იმ ნაწილში, რომელიც დღგ-საგან ზოგიერთი სახის შემოსავლის გათავისუფლებას ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შადმან ვალავი გვემუქრება საკრედიტო ხაზის ბლოკირებით, რაც ინფლაციას (არა ეკონომიკური მიზეზებით, არამედ «ინფლაციური მოლოდინის» გამო); ლარის გაუფასურებას და ეკონომიკურ სტაგნაციას გამოიწვევს.
    ერთი სიტყვით, შადმან ვალავი და მის უკან მდგომი მიშელ კამდესიუ (სსფ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) საქართველოს დაახლოებით იმავე ტონით ესაუბრებიან, როგორც ყოფილი პოლიტბიუროს წევრი ეგორ ლიგაჩოვი, რომელიც აგრეთვე განსაკუთრებული «სიმკაცრით» კურირებდა «საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას».
    ამავე დროს, რუსეთს (და ზოგიერთ სხვა «მოკავშირე რესპუბლიკას») ისინი სულ სხვაგვარად ექცევიან. ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ კომპრომისზეც მიდიან და თუ, მაგალითად, რუსეთი მოთხოვნებს არ ასრულებს, მიშელ კამდესიუ თავად იკადრებს ხოლმე მოსკოვში ჩაბრძანებას და მოთმინებით იტანს «მუჟლანი» ელცინის საჯარო დაცინვას. როგორც ჩანს, მთავარ როლს ამ შემთხვევაში პოლიტიკური გავლენა, მძლავრი დიასპორა (სხვა რესპუბლიკებისათვის) და პრინციპული პოზიცია ასრულებს. საქართველოს არც პირველი გააჩნია და არც მეორე. ბუნებრივია, ვერც მეტისმეტ «პრინციპულობას» გამოიჩენს, ვინაიდან ამ შემთხვევაში შადმან (შადიმან) ვალავი საერთოდ «გადაგვიკეტავს» ფინანსურ წყაროს და არ მოერიდება სსფ-ს პრესტიჟის ერთგვარ შელახვასაც (ბოლოს და ბოლოს, ამ ორგანიზაციამ ხომ საქართველოში უკვე ასეულობით მილიონი დოლარი დააბანდა). მაგრამ საქართველოს მაინც აქვს შანსი, შეცვალოს ეს დამოკიდებულება.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ მისივე იარაღი, ანუ სკურპულოზური სიზუსტით შევასრულოთ «რეკომენდაციები» (იგივე დირექტივები), ოღონდ რეალურად ავამოქმედოთ ის კანონები, რომელთაც პარლამენტი იღებს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ზეწოლით. ვთქვათ, მათივე ბრძანებით მიღებული «კანონი მიწის შესახებ», რომელიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. არადა, მისი განხორციელების შემთხვევაში ლარი მყარ ეკონომიკურ საფუძველს შეიძენს, ამდენად აღარ იქნება დამოკიდებული «ფონდის» წყალობაზე და საქართველოსაც შეეძლება, უფრო პრინციპულად ესაუბროს დასავლელ პარტნიორებს, რომელთაც დღეს ჩვენი ქვეყანა «დაბალ ღობედ» მიაჩნიათ.

მერიდიანი, 26 ივნისი, 1997 წ.