ქიონიას სინდრომი

ქიონიას სინდრომი

    ცნობილი ქართველი მწერალი, რეზო მიშველაძე თავის შესანიშნავ ნოველაში «ქიონია» აღწერს, თუ რა ფორმებს იძენს საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების პროცესი საქართველოში. ქიონია საწარმოს შეიძენს, მაგრამ იმის გამო, რომ მეწარმეობის და ბიზნესის არაფერი გაეგება - სულ მალე კოტრდება და ამთავრებს იმით, რომ ტყეში ყაჩაღად გავარდება.
    რეზო მიშველაძის ეს ნოველა, ჩემი აზრით, უაღრესად ზუსტად აღწერს იმ მოვლენას, რომელსაც პირობითად შეიძლება «ქიონიას სინდრომი» ვუწოდოთ და რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ჩვენში არსებული «პროვინციული დემოკრატიის» ფენომენს.
    მართლაც, საქართველოში საბაზრო ეკონომიკა ბევრს ისევე პრიმიტიულად აქვს წარმოდგენილი, როგორც ბულგაკოვის ცნობილი მოთხრობის გმირს, შარიკოვს - სოციალიზმი. თუკი შარიკოვი სოციალური სამართლიანობის პრობლემის გადაწყვეტას ძალზე მარტივად აპირებდა - «Раздать всем поровну и - все» - ჩვენებური «ქიონიები» ასევე პრიმიტიულად აღიქვამენ საბაზრო ეკონომიკასაც: დავურიგოთ ყველას ქონება; მიწა მივცეთ გლეხებს, ქარხნები - კაპიტალისტებს, ამით განვითარდება კერძო ინიციატივა, ამუშავდება წარმოება, შეიქმნება ბაზარი და ქვეყანაც აყვავდება!
    მართლაც მაცდუნებელი პერსპექტივაა. აბა რა არის იმაზე ადვილი, რომ ქარხანა აუქციონზე გაყიდო და კაპიტალისტს ჩააბარო სამართავად?! თუკი ეს, საბოლოო ჯამში, ქვეყნის აყვავებას მოგვიტანს, რა თქმა უნდა, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზეც უნდა ვთქვათ უარი (თითქოს პრობლემა მხოლოდ ამაში იყოს!); ან იმაზე ადვილი რა არის, მიწა გლეხს დაუსაკუთრო, რათა მან იმდენი მოსავალი მოიყვანოს, რამდენიც «გაუხარდება», ეს მოსავალი ბაზარზე გამოიტანოს, გაყიდოს და მოსახლეობის მოთხოვნაც დააკმაყოფილოს.
    ამ პრიმიტიული სქემების ავტორთ (ისინი განსაკუთრებით ბევრნი არიან ჩვენებურ «ქრონიკულ ოპოზიციონერთა» შორის) ნამდვილად არ ესმით და ვერც გაიგებენ ოდესმე, რომ პრობლემის არსი ამაში არ არის. პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა და რთულია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
    ერთ-ერთი ასეთი «ოპოზიციონერი» ამასწინათ წერდა: ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძეს ის ანათესავებთ პოლიტიკურად, რომ ერთიც და მეორეც ანტირეფორმატორულ პოლიტიკას ატარებსო. მაშასადამე, რეფორმების გატარება არის გზა ქვეყნის აყვავებისა და აღორძინებისაკენ, ხოლო გამსახურდიაც და შევარდნაძეც იმდენად «გონებაჩლუნგები» და «უტვინოები» აღმოჩნდნენ, რომ არაფრის დიდებით არ სურთ ამგვარი «რეფორმების» გატარება და ქვეყნის აყვავება.
    იგულისხმება: ქართველი ხალხი რომ თავად არ იყოს გონებაჩლუნგი და ზემოთხსნებული მოღვაწეებისათვის არ მიეცა ხმა არჩევნებში ანუ, ის დიდი რეფორმატორები აერჩია, რომლების «ანტირეფორმისტობის» გამო ერთსაც აკრიტიკებენ და მეორესაც, ახლა საქართველო თუ გერმანიასავით არ იქნებოდა აყვავებული, ყოველ შემთხვევაში, სწორ გზას მაინც დაადგებოდა.
    არადა ამის მთქმელნი იოტისოდენადაც არ უშვებენ იმ ალბათობას, რომ შესაძლოა, ეს «ანტირეფორმიზმი» იმით კი არ იყო და  არის გამოწვეული, რომ ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე მათზე უტვინოები არიან, არამედ იმით, რომ მათთვის ესოდენ საყვარელი «რეფორმები» საქართველოში ობიექტურ სირთულეებს აწყდება, მათი გადალახვა კი პრობლემის «არსთა წვდომას» მოითხოვს და არა ზედაპირულ, პოლიტიკურ ყბედობას.

    რამდენიმე ხნის წინ, ნოდარ ნათაძემ საპარლამენტო სხდომაზე უცნაური და ზოგიერთთათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საბაზრო ეკონომიკის უკონტროლო დამკვიდრება საქართველოში უეჭველად გამოიწვევს იმას, რომ საქართველოდან ყველაფერი, რაც ფასეულია დაუყოვნებლივ გაიწოვება საზღვარგარეთ - უპირველეს ყოვლისა რუსეთში. ამ განცხადებამ ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში გამრავლებული და მყარად დამკვიდრებული «ქიონიების» აღშფოთება გამოიწვია: აქაოდა, დაგვიბერდა ბატონი ნოდარი და «სოციალისტურ რელსებზე» გადავიდაო. არადა, ნათაძის ეს განცხადება სავსებით სწორია - რა დიდი ჭკუა უნდა იმის გათვლას, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოში სახელმწიფოებრივი სისტემა ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება, საბაზრო ეკონომიკის აბსოლუტიზაცია უეჭველად გამოიწვევს ქვეყნის ქცევას ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე არსებული «დიდი ბაზრის» ერთ ჩვეულებრივ და მცირე ნაწილად, რის შედეგადაც იგი უმალვე «ჩაიხარშება» იმ უზარმაზარ ქვაბში, რომელშიც მოსკოვი თავის გეოპოლიტიკურ სივრცეზე ახალ «საბაზრო იმპერიას» ამზადებს.
    რუს იმპერიალისტებსაც ხომ სწორედ ეს უნდათ?! მაგალითად, ისინი იმიტომ კი არ იბრძვიან უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის «ტოტალიტარიზმის» წინააღმდეგ (ადრე კი იმავე მოტივებით ებრძოდნენ «ქართველ ნაციონალისტთა ტოტალიტარიზმს») რომ, «უზბეკური დემოკრატიის» ბედი აწუხებთ და გულს უჩუყებთ უზბეკი «დემოკრატების» მწარე ხვედრი, არამედ, იმიტომ, რომ «უზბეკური ტოტალიტარიზმი» საშუალებას არ აძლევს რუსეთის ახალშობილ «დემოკრატიულ იმპერიას» შეისყიდოს ამ ქვეყანაში ყველაფერი, რაც კი ფასეულია.
    ეს კვლავ გვაბრუნებს იმავე თეზისამდე, რომელიც არაერთგზის გამოუთქვამს ჭკვიან ხალხს: საქართველოში დემოკრატია (მათ შორის საბაზრო ეკონომიკის თვალთმაქცური მხარდაჭერა) შენიღბული რუსი იმპერიალისტებისათვის შესანიშნავი საშუალებაა ახლადშობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების «ასათვისებლად». ამ თვალსაზრისით, ეს ჩვენი «ქიონიები» (უაზროდ ყველგან და ყოველთვის რომ «ბაზარს» გაიძახიან) მათი უერთგულესი მოკავშირეები არიან, თუმცა ამას, ხშირ შემთხვევაში თავადაც ვერ აცნობიერებენ.

    მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. დავუშვათ ერთი წუთით, რომ არ არსებობს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საბაზრო ეკონომიკის სტიქიური დამკვიდრებით სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევის საშიშროება. დავუშვათ, რუსეთი სულაც არ ემუქრება საქართველოს ხელმეორე გადაყლაპვით, - «ქიონიათა» მოთხოვნები მაინც უსაფუძვლოდ და უტოპიურად რჩება.
    დღეს რომც შეიძლებოდეს პრივატიზების პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარება, რომც იყოს შესაძლებელი სახელმწიფო ქონების კერძო პირთათვის გადაცემა და მიწის გლეხებისათვის დარიგება - ეს სრულიადაც არ გამოიღებს იმ შედეგს, რაც ჩვენს პოლიტიკანებს თავიანთი მოღვაწეობის უმთავრეს მიზნად, იდეალად აქვს წარმოდგენილი - ჭეშმარიტად ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას საქართველოში.
    მაგალითი თვალწინ გვაქვს: 1992 წლის იანვარში, «დემოკრატიული რევოლუციის» შედეგად, ქვეყნის სათავეში მოსულმა სამხედრო საბჭომ, აქაოდა «დემოკრატებად» უნდა წარმოვჩნდეთ დასავლეთის თვალშიო - მიწები გლეხებს დაურიგა. მაგრამ ნაცვლად სოფლის მეურნეობის აყვავებისა, შედეგად სრული განადგურება და გაპარტახება მივიღეთ - წაიღეს, გაძარცვეს, გააცამტვერეს, გაანადგურეს ყველაფერი, რისი გაყიდვაც და ფულად ქცევაც შეიძლებოდა. იგივე ხდება მრეწველობაშიც - პრივატიზებული საწარმოები ან სულ არ მუშაობენ ან მხოლოდ იმდენს აწარმოებენ, რამდენიც ამ ქარხნის პატრონსა და რამდენიმე მუშაკს ეყოფა. საბანკო სისტემის «კაპიტალიზაციამ» საქართველოში ის შედეგი გამოიღო, რომ ვინც კი სესხი აიღო, უმალვე აიკრა გუდანაბადი და იმ ფულთან ერთად გადაიხვეწა. ჩვენში «ბიზნესმენი» - ყაჩაღს ნიშნავს, რომელსაც ბიზნესის საწარმოებლად საკუთარი, კარგად შეიარაღებული არმია სჭირდება, რათა ფული იშოვოს და როგორც კი იშოვის, საზღვარგარეთ გაიქცეს.
    ის, რაც ჩვენში მკვიდრდება, საბაზრო ეკონომიკა ნამდვილად არ არის. ამჟამად რაც ხდება, იმას ჰგავს, პირველყოფილ საზოგადოებაში რომ სცადოს ვინმემ, ამერიკაში გავრცელებული უახლესი, «მასტერკარდის» საკრედიტო სისტემის დანერგვა. ის პირუტყვები «მასტერკარდს», რა თქმა უნდა, ვერაფერს გაუგებენ, - ვერ აუხსნი, და რომც აუხსნა, მაინც პირში გააქანებენ. აკი ყველაფერი, რაც ლამაზია - საჭმელი ჰგონიათ.
    ყოველივე კი იმის ბრალია, რომ ამ ჩვენმა «დემოკრატებმა» ვერაფრით  გაიგეს, ვერაფრით  «შევიდა მათ ტვინში», რომ ის ცივილიზაცია (დასავლური ცივილიზაცია), რომელსაც ისინი ესოდენ მიელტვიან და შესტრფიან, აბსოლუტურად სხვა მენტალურ, ღირებულებით, ცნობიერ, საზოგადოებრივ სისტემებს ეყრდნობა.
    საბაზრო ეკონომიკა უდიდეს კულტურას მოითხოვს, იგი მოითხოვს ადამიანის, პიროვნების შინაგანი ეთიკის სისუფთავეს; მოითხოვს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ განწყობასა და ამ განწყობის შესაბამის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ინსტიტუტთა არსებობას, რომელნიც, თავის მხრივ, საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციებს ეყრდნობიან.
   

    შვეიცარელი ბიზნესმენი, რომელიც მუხლჩაუხრელი შრომით მილიონ დოლარს დააგროვებს, უმალვე იწყებს მილიარდის დაგროვებას; მაგრამ იმიტომ კი არა რომ «ღორია» და «ფულის გიჟია» (როგორც ჩვენში ამბობენ) არამედ იმიტომ, რომ «დაგროვებისაკენ სწრაფვა» მასში კალვინისტურმა მსოფლმხედველობამ აღზარდა. დასავლელი ბიზნესმენებისათვის თვით შრომა (დაგროვება) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ შრომის მატერიალური შედეგი; დასავლეთში შრომა საზოგადოებრივი იდეოლოგიაა - ოღონდ არა მონური შრომა (როგორც სოციალიზმის პირობებში) არამედ თავისუფალი შრომა - დამყარებული პიროვნების თავისუფალ არჩევანზე.
    ჩვენში კი, თუ ვინმე მილიონ დოლარს იშოვის, მეორე მილიონისთვის თავს უკვე აღარ შეიწუხებს - ორი კვირის შემდეგ ან შამპანურში ჩაიხრჩობა ან «წამალში», რადგან ფულს, სიმდიდრეს უდიდესი კულტურა სჭირდება, რაც ნამდვილად არ გაგვაჩნია.

    დასავლური ცივილიზაცია, რომელმაც დღეს მართლაც თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწია - 500 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა! 500 წლის განმავლობაში რუდუნებით ქმნიდა იგი პიროვნებას, რომლისთვისაც თავისუფალი შრომა სულიერი მოთხოვნილებაა და არა გამდიდრების, მუცლის ამოყორვის საშუალება.
    ჩვენში კი, ანალოგიური საბაზრო სისტემების უკანმოუხედავი, წამხედურული გადმოტანა მხოლოდ იმ შედეგს გამოიღებს, რომ ქვეყანას «ქიონიები» დაეპატრონებიან, რომელნიც არათუ ვერაფერს შექმნიან ფასეულს, არამედ ქვეყანას გაანადგურებენ, შეჭამენ და საღორედ აქცევენ - საკუთარი თავის «ხატად და მსგავსად».

«მსგეფსი», 12 მაისი, 1995 წელი.