ქართული მითოპოეტიკა

ქართული მითოპოეტიკა - ეროვნული მოძრაობა

ქართული მითოპოეტიკა

ქართული ეროვნული მოძრაობის თაობაზე მსჯელობისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია, რომელმაც აგრეთვე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია საქართველოში ეთნოფსიქოლოგიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე.
        ერთი შეხედვით, თითქოს სად 9 მარტი, სად სტალინის ფენომენი და სად - ეროვნული მოძრაობა? «მოძრაობის» ლიდერთათვის ეს ფენომენი საერთოდ არ წარმოადგენდა რაიმე «ეროვნულ» ფასეულობას. პირიქით - სტალინიზმი და სტალინისადმი თაყვანისცემა ეროვნულობის საწინააღმდეგოდ მიაჩნდათ. არადა, სინამდვილეში, ქართული ეთნოფსიქოლოგიისა და ეროვნული შეგნებისათვის ამ ფენომენს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
        წინა თავში ვისაუბრეთ ინტელიგენციის მცდელობაზე, როგორმე «შეეკრიბა» ეთნიკურად არაკონსოლიდირებული და დანაწევრებული ერი. სწორედ ამ თვალსაზრისით, სტალინის ქართველობა დიდწილად განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.
        ერის ეთნიკური კონსოლიდაციის მისაღწევად ქართული ინტელიგენცია ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან ეძებდა «ქართული ფენომენის» განსაკუთრებულობისა და აღმატებულობის დამადასტურებელ ფაქტებს, მოვლენებს, პიროვნებებს. . . .
        განა რა შეიძლება ყოფილიყო ამ თვალსაზრისით სტალინზე მეტყველი? - «ქართველი კაცი», რომელიც მსოფლიოს ერთ მეოთხედს მართავდა, დედამიწას აზანზარებდა, უძლიერეს ერებსა და სახელმწიფოებს შიშის ზარს სცემდა, მსოფლიოს ისტორიაში უდიდეს, მძლეთა-მძლე იმპერიას ედგა სათავეში.
        სხვათა შორის, თავდაპირველად ქართული ინტელიგენცია სტალინს ასე არ აღიქვავდა. მიხეილ ჯავახიშვილი ოს ჯაყოში უეჭველად სწორედ მას გულისხმობდა, მაგრამ მერე და მერე, იოსებ ჯუღაშვილის ფენომენმა ქართველი ერის «შემკრების» ფუნქცია შეიძინა.
        განა რა რჯიდა «სამშვიდობოს მყოფ» გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც 1945 წელს იოსებ სტალინს «კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ტიტანს, გენიოსთა შორის გენიოსს» უწოდებდა? მას ხომ საბჭოთა დიქტატორისადმი მლიქვნელობა არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ რობაქიძე ქართველი ნაციონალისტი იყო და სტალინის «ქართველობა» მის ეროვნულ თვითშეგნებასაც ტკბილად ელამუნებოდა.
        ამჟამინდელი თაობა (ჩვენი თაობა), რომელიც სტალინს ვერ მოესწრო, ამ გარემოებას ვერ აცნობიერებს. «ეროვნული მოძრაობის» ლიდერთათვის ეს რომ გეთქვა, - საცინლად აგიგდებდნენ. არადა, საქართველოში ანტირუსული განწყობისა და ერთგვარი რუსოფობიის ერთ-ერთი მიზეზი უეჭველად 1956 წლის 9 მარტის მოვლენები გახდა.
        (ამასთანავე, ანტირუსული განწყობილებების სიღრმისეულ მიზეზთაგან შეიძლება დავასახელოთ, ერთმორწმუნეობის მიუხედავად, ეთნოსაზოგადოებრივი ფასეულობების სისტემისა და მენტალიტეტის კარდინალური სხვაობა, აგრეთვე ის გარემოება, რომ აფსუა და ოსი სეპარატისტები, მთელი XX საუკუნის განმავლობაში, სწორედ რუსულ ენას, რუსულ ფენომენს იყენებდნენ ინსტრუმენტად ქართული ფენომენისაგან გასამიჯნავად.)
        არ დაიჯეროთ, თითქოს იმ ხალხს, ვინც 1956 წელს თბილისის ქუჩებში გამოვიდა, საბჭოთა ხელისუფლების ერთგულება ამოძრავებდა - აქაოდა, სტალინი სომეხი ან ყალმუხი რომ ყოფილიყო, ქართველები მისი გულისათვის მაინც შეაკლავდნენო თავს «რუსის ჯარს». აშკარა ტყუილია! სტალინის დამხობა (რაკი იგი ქართული ეროვნულობის «შემკრებ» ფაქტორად აქცია ინტელიგენციამ), ერმა აღიქვა, როგორც ეროვნული შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ დაღვარა სისხლი. «რუსი» ხრუშჩოვისადმი სიძულვილიც სწორედ ამ მომენტითაა განპირობებული.
        გარდა ამისა, 1956 წლის 9 მარტს (ისევე, როგორც 1989 წლის 9 აპრილს) «რუსების მიერ» ქართველების ხოცვა და შეურაცხყოფა დარჩა პასუხგაუცემელ, დაუკმაყოფილებელ, გულში ჩაკლულ ბოღმად. იმ დღის შემდეგ, რომელმაც შეძრა ერის სულიერი სამყარო, - 9 აპრილამდე 33 წელი გავიდა. გაიზარდა ახალი თაობა, რომლისთვისაც სტალინი თითქოს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ სინამდვილეში, ანტირუსული განწყობა (მისდა გაუცნობიერებლად) იმ ატმოსფეროში ჩამოუყალიბდა, რომელიც მათი მშობლების საზოგადოებაში გამეფდა სწორედ 9 მარტის შედეგად.

        აქვე სრული დარწმუნებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ მრავალი იმ ფსიქოლოგიურ თვისებათაგან, რაც ახასიათებდა 1988-1993 წლების ეროვნულ მოძრაობას, ქართულმა ინტელიგენციამ აღზარდა და გააძლიერა ერში ათწლეულების განმავლობაში მიზანმიმართული პროპაგანდით.
        «ქსენოფობიაზე» ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ახლა სხვაც გავიხსენოთ. ე.წ. «ზვიადიზმის» წინააღმდეგ ბრძოლის ეპოქაში ხშირად გაიგონებდით «ცნობილ» მოღვაწეთა ჭმუნვით წარმოთქმულ კითხვას: ნეტავ საიდან გაჩნდა ერში ასეთი ფანატიკური ანტირუსული განწყობა, რუსეთისადმი ზიზღი, რადიკალიზმი, რეალობის სრული იგნორირება, შეურიგებლობა და ა. შ.
        დალოცვილნო, ეს ყოველივე თქვენ არ აღზარდეთ ერში?
        რა თქმა უნდა, მხოლოდ სიკეთე გინდოდათ, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ამას რა მნიშვნელობა აქვს?
        განა თქვენ არ ჩაუნერგეთ (მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში) ერს რწმენა, რომ რუსეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება «გოგისა და მაგუგის ბნელი საუფლო?»
        «ქსენოფობია და რადიკალიზმიო» - დალოცვილებო, წაიკითხეთ საკუთარი წიგნები, რომანები, მოთხრობები, ლექსები; ნახეთ საკუთარი ფილმები, სპექტაკლები. . . .
        მხოლოდ ერთი მაგალითი (ათასიდან): შეგახსენებთ ეპიზოდს ოთარ იოსელიანის შესანიშნავი ფილმიდან «იყო შაშვი მგალობელი», როდესაც მთავარ გმირს სტუმრები (ცოლ-ქმარი) ეწვევიან რუსეთიდან. დააკვირდით, რაოდენი ზიზღი და სიძულვილია ამ ეპიზოდში არა იმპერიის, არა ტოტალიტარული რეჟიმის, არამედ სწორედ რუსების, რუსული ფენომენის მიმართ. ესეც ზვიად გამსახურდიაა? ესეც ირაკლი წერეთელია?
        აკი მოგახსენეთ: ამ თვალსაზრისით, «მოძრაობა» ინტელიგენციის მებრძოლი კოჰორტა იყო და მის მიერვე შექმნილ სოციფსიქოლოგიურ თუ ეთნოფსიქოლოგიურ მოტივაციებს ახორციელებდა.
        «ანტიოსური განწყობა» საიდან გაჩნდაო - თემურ ჩხეიძის «ჯაყოს ხიზნების» ნახვის შემდეგ, მე რომ ოსი ვყოფილიყავი, ალბათ მეც შევიძულებდი ყოველივე ქართულს.
        ისევე, როგორც ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ იყო, ვის გულისხმობდა ჭაბუა ამირეჯიბი «ხლისტებში».

        ეს ქედმაღლობა «ელიტარულ ფორუმებზეც» მჟღავნდებოდა. 1982 წლის შემოდგომით, ფილარმონიის დარბაზში გალაკტიონ ტაბიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი «საზეიმო სხდომა» გაიმართა. მას უამრავი სტუმარი ესწრებოდა მეზობელი (მათ შორის ჩრდილო კავკასიის) რესპუბლიკებიდან და რასაკვირველია, მთელი «ქართული ელიტარული ინტელიგენცია» ლამის სრული შემადგენლობით.
        «გენერალური სიტყვა» საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ-ს რომელიღაც მდივანმა წარმოთქვა იმის თაობაზე, თუ «როგორ გადავიდა გალაქტიონ ტაბიძე ინდივიდუალიზმიდან - სოციალიზმის რელსებზე».
        მუხრან მაჭავარიანმა კი, გენიალური პოეტი-ემოციონალისტის მართლაც გალაკტიკასავით უსაზღვრო შემოქმედებიდან მაინც და მაინც ის სტრიქონი ამოარჩია, სადაც (ციტატა გამოსვლიდან) «გალაკტიონი, ქართულ ენასთან, როგორც ჩანს მწყრალად მყოფ ქალბატონს ეუბნება: ილაპარაკეთ ქალბატონო ილაპარაკეთ, მხოლოდ ქართულად ილაპარაკეთ!» (მქუხარე ტაში ფილარმონიის დარბაზში).
        შესაბამისი რანგირებით (რუსი, უკრაინელი, სომეხი და ა.შ მწერლების შემდეგ), სხდომაზე ყაბარდოელი პოეტიც გამოვიდა და გულწრფელი სიყვარულის ნიშნად გალაკტიონის «მე და ღამე» ყაბარდოულ  ენაზე წაიკითხა.
        დარბაზში მცირე ხნით სიჩუმე ჩამოწვა, მერე  ზიზღნარევმა ხითხითმა გადაუარა, შემდეგ ეს მედიდური ხითხითი ხარხარში გადაიზარდა - ისევ და ისევ ზიზღის ნიშნად: ეს რა ენააო. არადა, რა ექნა კაცს – დედაენაზე კითხულობდა დიდი გალაკტიონის შედევრს. რუსს ან ფრანგს ხომ ქართულიც არც თუ ტკბილხმოვნად ეჩვენება?
        როდესაც ხორხოცმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, ყაბარდოელი შეჩერდა, დარბაზს გადახედა და გულამოსკვნით, თუმცა მტკიცედ შესძახა: «Я читал стихи Галактиона на моём родном, великом, прекрасном, бессмертном языке!!!». მაშინ კი დაუკრეს ტაში, მაგრამ უკვე გვიან იყო.
        საერთოდ, «ენის საკითხთან» დაკავშირებით მრავალი თემა დღემდე ტაბუირებულია. ქართული ინტელიგენცია სწორედ ამ საკითხში საოცარ პროვინციალიზმს ამჟღავნებდა. ენა არ შეიძლება იყოს «დიდი და პატარა». წყნარ ოკეანეში ჩაკარგულ რომელიღაც კუნძულზე მცხოვრები საბრალო აბორიგენების დედა-ენაშიც კი შეიძლება ისეთი უნიკალური, ურთულესი ენობრივი მიმართებები, ისეთი გენიალური სემანტიკური მიგნებები, იმდენად მშვენიერი მეტაფორები აღმოაჩინოთ, ინგლისურსა და ფრანგულშიც რომ ვერ მოუძებნით ანალოგს. ლიტერატურისა და დამწერლობის ქონა-არქონა აქ არაფერს ცვლის – ენა ამდიდრებს ლიტერატურას, ენა სძენს მას ღირსებას და არა პირიქით.
        ძალიან ბევრ ენათმეცნიერს მტკნარ სისულელედ მიაჩნია დარვინისტურ-კომუნისტური თეორია «ენების წარმოშობა-განვითარების» შესახებ და თვლის, რომ ენის ფენომენი სწორედაც ღმერთის არსებობის ყველაზე ნათელი დადასტურებაა, ვინაიდან სხვა ვერაფერი ამ ფენომენის წარმოშობას ვერ ხსნის.
        ჩვენმა ელიტამ კი ეს საოცარი ფენომენი პრიმიტიული ეთნონაციონალიზმისა და ქსენოფობიის ინსტრუმენტად აქცია.
        მაგალითად, ბავშვობიდან ჩაგვიჭედეს თავში, რომ რაკი აფსუა «რუსულენოვანია» - ის «გარუსებულია» და ეთნიკური იდენტობა უკვე ამიტომ დაკარგული აქვს. ასევე, «რუსულენოვანი» ყაზახი ნაკლები ყაზახია, ვიდრე ნებისმიერი ქართველი და ასე შემდეგ.
        ამგვარმა ვულგარიზებულმა დამოკიდებულებამ ენის ურთულესი ფენომენისადმი უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას. ყველა ჩვენმა მტერმა და ავისმოსურნემ ბრწყინვალედ ისარგებლა ამ «ენობრივი ფობიით».
        სინამდვილეში, აფსუები, მაგალითად, «რუსულენოვნების» მიუხედავად, სულაც არ იყვნენ ნაკლები «აფხაზეცები», ვიდრე ჩვენ - ქართველები. რუსული ენა კი მათ შესანიშნავად გამოიყენეს ეროვნული მიზნების განსახორციელებლად.
        ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს ენა (რუსული) «გამარჯვებული მენტალიტეტის» მატარებელი იყო (რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია). სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით (ისტორიულად) ქართულზე. თუმცა, ამ თემის შემდგომი გაშლა ძალიან შორს წაგვიყვენს.
        კვლავ და კვლავ ვიმეორებ: ყოფილი საბჭოთა კავშირის ეროვნულმა  ელიტებმა ბრწყინველედ გამოიყენეს რუსული ენა (მსოფლიო ტენდენციათა შესაბამისად), როგორც მაკონსოლიდირებელი ფაქტორი - «სამოქალაქო  ნაციის» ფორმირების შესამზადებლად, რამაც საშუალება მისცათ ძალიან ბევრი პრობლემა თავიდან აეცილებინათ იმპერიის დაშლის შემდეგ.
        მაგალითად, «რუსულენოვანი ყაზახეთი», რომელშიც საკუთრივ ყაზახები სულ რაღაც 30 პროცენტს შეადგენდნენ, დღეს მძლავრი, სტაბილური, რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიაზეც არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ იმყოფება (ამერიკელ ჯარისკაცებს არ ჩავთვლით რასაკვირველია). ვითომ «რუსულენოვანი» ყაზახი ამით ქართველზე «ნაკლებ ამაყია?» და ნაკლები ყაზახია, ვიდრე ნებისმიერი ქართველი - ქართველი?
        ანუ ყაზახეთის ეროვნული ელიტა (ისევე, როგორც თითქმის ყველა ეროვნული ელიტა საბჭოთა კავშირში) უაღრესად ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებდა რუსული ენის მიმართ, რაკი შესანიშნავად ესმოდა, რომ თავისთავად ენას არაფერი მოაქვს სიმდიდრისა და ძლიერების გარდა (გააჩნია, რამდენად მოახერხებ იგი ეროვნულ ინტერესთა სამსახურში ჩააყენო) - მაშინ, როდესაც ქართული ელიტა ამ საკითხში გამაოგნებელ პროვინციალიზმსა და პრიმიტიულ ქსენოფობიას ამჟღავნებდა.
        მოვიდა დრო, სწორედ ამ კონტექსტში განვიხილოთ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, რომლებიც ე.წ. «მოძრაობის» პირველ აქციად არის მიჩნეული და ერთმნიშვნელოვნად დადებითად ფასდება დღემდე.
        ჩვენ კი საპირისპიროს დავამტკიცებთ: იმ აქციამ უარყოფითი განუზომლად მეტი მოიტანა, ვიდრე დადებითი.
        თუმცა, თავდაპირველად «ისტორიულ სტერეოტიპებზე».
        14 აპრილთან დაკავშირებით, ისინი დაახლოებით ასე ფორმულირდება: «მოსკოვს უნდოდა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო პუნქტი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ და მის ნაცვლად სახელმწიფო ენად საქართველოში რუსული გამოეცხადებინა, მაგრამ ქართულმა ინტელიგენციამ და ახალგაზრდობამ ამ მზაკვრულ მცდელობას წინააღმდეგობა გაუწიეს და აიძულეს კრემლი უკან დაეხია, - ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო სტატუსი საქართველოში»

ერთი სიტყვით «დედა-ენას» გვართმევდნენ და არ დავანებეთ!
        როგორ არ აგიჩუყდება (მართლა) გული, როდესაც იმდროინდელ სურათს დახედავ: ულამაზეს მეათეკლასელ გოგონას მკერდზე აწერია: «აი-ია». და ასე შემდეგ. მაგრამ თავადაც დავიღალე და მკითხველიც დავღალე ალბათ გაუთავებლად იმის მტკიცებით, რომ პოლიტიკაში ყველაზე საშიში სწორედ ეს «გულისაჩუყებაა».
        ისევ და ისე: რატომ გვგონია, რომ სხვას (ვისაც კონსტიტუციაში ანალოგიური ჩანაწერი არც მანამდე ჰქონია და არც მოუთხოვია) დედა ენა ჩვენზე ნაკლებად უყვარს?
        ზემოთმოყვანილი სულელური სტერეოტიპის ოდნავ «ინტელიგენტური» მოდიფიკაციის შესაბამისად კი «საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ენა იყო რუსული, ამიტომ დედა-ენის დასაცავად აუცილებელი ჩანდა ქართულის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება. მერე რა, რომ სხვას არავის ჰქონია და არც მოუთხოვია (მიაქციეთ ყურადღება, არც ბალტიის რესპუბლიკებს - ავტ.), მათ არ ესმოდათ რა საშიშროება ემუქრებოდათ იმ ვითარებაში, როცა რუსული სსრკ სახელმწიფო ენა იყო, ხოლო საქართველოს «დამცავი მექანიზმი» აღარ ექნებოდა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის სახით».
        უკანასკნელის «ინტელიგენტურობის» მიუხედავად, ორივე ეს სტერეოტიპი, რასაკვირველია, მტკნარი სისულელეა.
        დავიწყოთ იმ ელემენტარული იურიდიული (და ისტორიული) ფაქტით, რომ არავითარი სახელმწიფო ენა საბჭოთა კავშირში  არ არსებობდა და არც შეიძლებოდა (ლენინის ეროვნული კონცეფციიდან გამომდინარე) არსებულიყო.
        ამაზე მიპასუხებენ: «ფაქტობრივად სახელმწიფო ენა ხომ რუსული იყოო».
        ბატონებო, «ფაქტობრივი სახელმწიფო ენა» ისეთივე იდიოტური და აბსურდული გამოთქმაა, როგორც «ხის რკინა». თუკი იურიდიულ სივრცეში განვითარებულ ან მოსალოდნელ საფრთხეზე ვსაუბრობთ, მაშინ კეთილი ვინებოთ და რეალობის (იურიდიული რეალობის) ფარგლებს ნუ გავცდებით.
        სულ სხვა საქმეა, რომ რუსულ ენას, ისტორიული ევოლუციის შედეგად, ნამდვილად ჰქონდა პრიორიტეტი საბჭოთა კავშირში, მაგრამ ეს ისეთივე «ბუნებრივი მონოპოლია» იყო, როგორც, მაგალითად, ინგლისურისა - დიდ ბრიტანეთში.
        რა შუაშია აქ ენის კონსტიტუციური სტატუსი? ამ სტატუსს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ენის შესაძლო (თუნდაც მართლაც შესაძლო – დავუშვათ ეს არ უარვყოთ) გამოყენებასთან ერთა ეთნიკური იდენტობის ნიველირებისა და მათი ასიმილირების მიზნით - ისევე, როგორც ზემოთხსენებულ ტერმინ «საბჭოთა ხალხს».
        ამას უმალვე მიხვდა უკლებლივ ყველა ეროვნული ელიტა (ჩვენი კუდაბზიკა «ზეპური საზოგადოების» გარდა) და სწორედ ამიტომ არ მოუწყვიათ ანალოგიური ვაიუშველებელი არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ ესტონეთშიც - კონსტიტუციაში უზბეკურისა და ესტონურის სახელმწიფო სტატუსის დაკანონების მოთხოვნით.
        ასეთი ჩანაწერი მათ არც ჰქონიათ ოდესმე და ამაში ვერც ხედავდნენ რაიმე საშიშროებას, ვინაიდან შესანიშნავად ხვდებოდნენ, რომ მოსკოვი (როგორც არ უნდა მოენდომებინა) საბჭოთა სისტემის პირობებში ერთა ასიმილირების ცარისტული პოლიტიკის რეანიმაციას ვერ შეძლებდა - ამ სისტემის ფარგლებში ეს აბსოლუტურად არარეალური იყო.
        ანუ, ის მოსკოველი ფუნქციონერები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციიდან ამ პუნქტის ამოღებას მოითხოვდნენ (რაკი «სახელმწიფო ენის ინსტიტუტს» არც ერთი მოკავშირე რესპუბლიკის და თვით საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია არ ცნობდა) ამით უბრალოდ, მათთვის ჩვეული «იდეოლოგიური უნიფიკაციის» ინსტიქტით მოქმედებდნენ და არა შოვინისტური ქვენაგრძნობით.
        ერთობ ჩლუნგი ინსტიქტია, რასაკვირველია, მაგრამ «ასიმილაციასთან» და «გარუსებასთან» ამ კომუნისტურ ინსტიქტს საერთო არაფერი აქვს.
        გვიანბრეჟნევის ეპოქაში ქართველთა ეროვნულობას, ჩვენს ეთნიკურ იდენტიფიკაციას უკვე აღარაფერი ემუქრებოდა - პირიქით, ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ის ეპოქა ქართული კულტურის აყვავების ხანა იყო.
        რუსული ენის «ბუნებრივი მონოპოლია», როგორც რეალურად სახელმწიფო ცხოველმოქმედების უზრუნველმყოფი (არ აგერიოთ «სახელმწიფო სტატუსის მატარებელში») და «ერთაშორის ურთიერთობის   ენისა», ამას სრულიად არ უშლიდა ხელს.
        განა არსებობს დიდ ბრიტანეთში «სახელმწიფო ენა?». რასაკვირველია არა! ინგლისელებს თვით კონსტიტუციაც არ გააჩნიათ, მაგრამ ეს იოტისოდენ გავლენას ვერ ახდენს იგლისურის რეალურ ფუნქციაზე.
        ამაზე უეჭველად მეტყვიან: დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ქვეყანაა საბჭოთა კავშირისაგან განსხვევებითო. როგორ გეკადრებათ ბატონებო (და ქალბატონებო)! - ბრიტანეთი დემოკრატიულია პიროვნული თავისუფლების მხრივ, თორემ ეროვნული თვალსაზრისით ჩვეულებრივი «იმპერიაა». საკმარისია ითქვას, რომ მაგალითად შოტლანდიელებს მხოლოდ პრემიერ ტონი ბლეერის ეპოქაში (ანუ XX საუკუნის 90-იან წლებში!!!) მიეცათ უფლება, თავიანთი წარმომადგენლობითი ორგანო (შოტლანდიის ყოვლად უუფლებო «პარლამენტი») აერჩიათ. ეროვნულ და პიროვნულ თავისუფლებას კი ერთმანეთთან ყოველთვის ნუ გავაიგივებთ.
            ეს კი არა და, ბრეჟნევის ეპოქაში ჭეშმარიტი პრობლემა სწორედ პიროვნული თავისუფლება იყო, თორემ თუ ეთნიკურ თვითმყოფადობასა და ეთნიკურ იდენტობაზეა საუბარი - ეროვნულ კულტურათა განვითარებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას იმ ხანაში არათუ არავინ ზღუდავდა, არამედ პირიქით - მილიარდობით რუბლი იხარჯებოდა სრულიად უნიჭო «ეროვნული კინოსტუდიების», უნიათო «ეროვნული აკადემიური თეატრების», რეგვენ მწერალთა «კავშირების» შესანახად და შესანარჩუნებლად მთიანი ბადახშანის ავტონომიური რესპუბლიკიდან - იოშკარ ოლას «უდმურტულ ეროვნულ ცენტრამდე».
        ახლა კი დავსვათ ლოგიკური კითხვა: რა «მოვიგეთ» (არც თუ ლიტერატურულ-რაფინირებული გამოთქმაა, სამაგიეროდ, აზრობრივად სავსებით ზუსტი) 1978 წლის აპრილის «გამოსვლების» შედეგად?
        მით უმეტეს იმ ერებთან (ესტონელებთან, უზბეკებთან, მოლდოველებთან, ლიტველებთან, ყირგიზებთან და ა.შ.) შედარებით, რომელთაც (ვიმეორებ) ასეთი ვაიუშველებელის ატეხვა აზრადაც არ მოსვლიათ?
        პასუხი გახლავთ: არაფერი! ნოლი! გნებავთ «აბსოლუტური» დაარქვით და გნებავთ «არითმეტიკული» – ნოლი ყოველთვის ნოლია და უდრის ნოლს.
        არ დაიჯეროთ აშკარა ტყუილი, თითქოს იმ «გამოსვლებით შევინარჩუნეთ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი».
        ჩავხედოთ საქართველოს სსრ კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა გარეთ მიმდინარე ბობოქარი დემონსტრაციის «აკომპანიმენტით». შავით თეთრზე წერია, რომ ქართულ ენას უნარჩუნდება სახელმწიფო სტატუსი (მიაქციეთ ყურადღება) კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო რუსული ენა მასთან თანაბრად გამოიყენება.
        რასაკვირველია, ეს არ არის სახელმწიფო ენის სტატუსი, ვინაიდან «სახელმწიფიო ენა» იმპერატიულად გულისხმობს საქმისწარმოებას მხოლოდ ამ ენაზე.
        არაფერი მსგავსი ახალ კონსტიტუციაში არ ჩაიწერა და გულწრფელად მებრალება (დღევანდელი გადასახედიდან) ის ხალხი, ვინც მაშინ სიხარულით ბღაოდა - «გავიმარჯვეთ და კრემლი დავაჩოქეთო».
        არადა, «კულტურული ავტონომიის» სტატუსი (სწორედ ამას ნიშნავს ხსენებული ჩანაწერი) ქართულ ენას ხომ ისედაც ჰქონდა? – ვინ ზღუდავდა მის გამოყენებას «კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში» (თუნდაც ყოველგვარი «კონსტიტუციური ჩანაწერის გარეშე») მანამდე, ან ვინ აპირებდა ამას შემდგომში?
        კი ბატონო, «კრემლის დაჩოქებით» ეროვნული გრძნობები დავიკმაყოფილეთ და «გული მოვიფხანეთ». ასე ვთქვათ, «რუსებს ქართული ჯიშისა და გენის ძალა დავანახეთ», მაგრამ ახლა გავიხსენოთ ის უდიდესი ზიანი, რაც იმ გამოსვლებმა მოიტანა სწორედ საქართველოს გრძელვადიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრით და შემდეგ შევადაროთ, «ღირდა თუ არა» ის უაზრო, არაფრისმომცემი ჩანაწერი ამ «ფასად»:
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილი არის აფხაზური სეპარატიზმის საბოლოო აღორძინების და გამარჯვების დღე!
        სწორედ იმ მოვლენათა დროს შედგა საბოლოო «ინტერესთა თანხვედრა» კრემლსა და აფსუა ელიტას შორის, რადგან მოსკოვი სწორედ მაშინ დარწმუნდა საბოლოოდ, რომ «ქართულ ნაციონალიზმის» შესაკავებლად (сдерживание) მას აფხაზეთის ფაქტორი და აფსუანური სეპარატიზმი უნდა გამოეყენებინა, როგორც «სტრატეგიული მოკავშირე».
        სწორედ მაშინ დაარწმუნა სულძაღლმა ანტიქართველმა სუსლოვმა თავისი კოლეგები, რომ «ქართული ნაციონალიზმი» მეტად საშიში მოვლენაა და მის «გასაწონასწორებლად» აუცილებელია საქართველოს ავტონომიებში ადრე ჩადებული ნაღმების კიდევ უფრო მეტი «დენთით» დაჩურთვა.
        თბილისში 1978 წლის რომანტიულ მოვლენებს მოჰყვა «ცივი შხაპი» აფხაზეთის 1979 წლის გამოსვლათა სახით. სწორედ მაშინ გამოვიდა (გამოიყვანეს) ასპარეზზე ფანატიკოსი ანტიქართველი არძინბა. აფხაზეთში (აფსუანურთან და ქართულთან ერთად) რუსული ენა სახელმწიფოდ გამოცხადდა. საოცარი პარადოქსია - აფხაზეთი იყო ერთადერთი ტერიტორია საბჭოთა კავშირში, სადაც რუსულ ენას სახელმწიფო სტატუსი ჰქონდა.
        კრემლი კი საბოლოოდ და სამუდამოდ დარწმუნდა, რომ ქართული ნაციონალიზმი არის მისი მთავარი გეოპოლიტიკური მტერი კავკასიაში (ლამის მთელს იმპერიაშიც) და აუცილებელია თადარიგი დაიჭიროს მის წინააღმდეგ.
       
       
       

        მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ინტელიგენციის მიერ ერში აღზრდილ დამღუპველ ეთნოფსიქოლოგიურ სტერეოტიპებსა და მოტივაციებს.
        «ნეტავ ეს რადიკალიზმი და შეურიგებლობა საიდან არისო», კითხულობდა 1989-1992 წლებში «მოძრაობის» სხვადასხვა ფრთის ფანატიზმით გულშეწუხებული ინტელიგენცია.
        არადა, ის უბედური  ზვიადისტი ქალები და კაცები, თბილისის ქუჩებში რომ «ტყვიაზე მიდიოდნენ» - აშკარად მრავალწლიანი ნაციონალისტური ისტერიით იყვნენ გონებადახშულნი.
        სწორად გამიგეთ: ერში პატრიოტული გრძნობების აღზრდა, ისევე, როგორც შეურიგებლობის სტერეოტიპთა და მოტივაციათა (გარკვეული დოზით) დანერგვა აუცილებელია, მაგრამ ლათინები ამბობდნენ: «არაფერი ზომაზე მეტი!» - ისტერიაში გადაზრდილი და გადაჭარბებული არაფერი ვარგა. ზვიად გამსახურდიასადმი ბრმა (ხშირად პათოლოგიური) ერთგულებაც ამის შედეგია.
        1988 - 1993 წლებში ქართველი ერი იმდენად ერთგული გამოდგა იმ იდეალებისა, რომელიც საკუთარმა ინტელიგენციამ ჩაუნერგა, რომ არ აღმოაჩნდა ცინიზმის მხსნელი (დიახ მხსნელი!) თვისება, რაც ესოდენ ჭარბად გამოავლინეს იმავე რუსებმა თუნდაც 1993 წლის ოქტომბრის მოვლენათა შემდეგ.
        ნურავინ გაიკვირვებს ცინიზმის ხსენებას დადებით კონტექსტში: პოლიტიკის თვისებრიობიდან გამომდინარე ჯანსაღი ცინიზმი უბრალოდ აუცილებელია, თორემ ერი შეიძლება დაიღუპოს და სათამაშოდ იქცეს პოლიტიკოსთა ვნებების დასაკმაყოფილებლად, ანუ მოხდეს ის, რაც რეალურად მოხდა საქართველოში.
        ეს ჯანსაღი თვისებაც ინტელიგენციამ უნდა აღზარდოს ერში გარკვეული დოზით - «ყოველი შემთხვევისათვის» რაც, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე მხოლოდ დადებით, კეთილშობილ იდეალთა ქადაგება.
        აქვე ესეც სათქმელია: ჩვენ რომ სახელმწიფოებრივად კულტურული ერი ვყოფილიყავით, ჯანსაღი ცინიზმის თვისება ისედაც უეჭველად აღმოგვაჩნდებოდა. რაც, იმ პირობებში, სამოქალაქო ომისა და მრავალი სხვა უბედურების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემდა.

თუმცა, სამოქალაქო ომისაკენ ჩვენივე საზოგადოებრივი ფსიქოლოგიაც (მისი აშკარა პათოლოგიურობა) მიგვათრევდა. ამასთან დაკავშირებით, შემდეგი ეპიზოდი მახსენდება:
        1999 წლის შემოდგომით საქართველოში მწვავე კამათი გაიმართა იმის თაობაზე, თუ როდის იწყება ახალი ათასწლეული, 2000 წლის 1 იანვარს თუ 2001 წლის 1 იანვარს. ამაზე მსჯელობდნენ და კამათობდნენ ყველგან - სკვერებში, სტუდენტურ აუდიტორიებში, დაწესებულებებში, პრესის ფურცლებზე, ტელევიზით, წვეულებებზე და ასე შემდეგ.
        თითქოსდა, რა არის ამაში არაბუნებრივი - ასეთი დისკუსია ხომ თითქმის მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა, ვინაიდან «ათასწლეულთა მრისხანე ჟამტეხილი» ანდამატივით იზიდავდა ადამიანს და სულს უფორიაქებდა.
        მაგრამ საქართველოში დისკუსიამ, როგორც ყოველთვის, აშკარად ავადმყოფური, მართლაც პათოლოგიური ხასიათი შეიძინა:
        1999 წლის დეკემბრის დასაწყისში სუფრაზე მოვხვდი თბილისის ელიტარულ ოჯახში.
        ინტელიგენტურ თემებზე «სალონურ-არისტოკრატიული» მსჯელობის პროცესში საუბარი «მილენიუმის» საკითხსაც შეეხო.
        დაიწყო კამათი. ჯერ ინტელიგენტურად, მშვიდად, არგუმენტების მოყვანით, შემდეგ თანდათანობით მოკამათეები აშკარად გაღიზიანდნენ, მერე გაცხარდნენ, «ერთმანეთს შეჰყვნენ» (ორივე მხრიდან რამდენიმე სხვადასხვე ასაკისა და სქესის ადამიანი მონაწილეობდა), ბოლოს კი შეძრწუნებული ვადევნებდი თვალს, თანდათანობით როგორ აენთოთ თვალები სიძულვილით, აუცახცახდათ ტუჩები ზიზღით, გადავიდნენ ლანძღვაზე, ჯერ მსუბუქი «იდიოტო-კრეტინო», შემდეგ ერთმა «ინტელიგენტმა» კახურად «ერთი თქვენი დედის ისიცო», სხვები გაიწიენ, ვიღაცამ დააკავა, ქალებმა იკივლეს, ბავშვები ატირდნენ და ეს ყოველივე რისი გულისათვის?
        შეიძლება ვინმეს უტრირებად მოეჩვენოს, მაგრამ მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში და ასეთ საზოგადოებაში სამოქალაქო ომი აბსოლუტურად გარდაუვალი იყო!
        პატარა ხუმრობის სახით აქვე დავძენ: დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმრავლესობა 2001 წლის 1 იანვრიდან ითვლის ახალ ათასწლეულს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დროის ათვლა (რასაკვირველია ყველაფერი პირობითია) იწყება ნოლიდან, ამიტომ ახალი ათასწლეული დიახაც დაიწყო 2000 წლის 1 იანვრიდან!
        ასეა თუ ისე, მთელი მსოფლიო (საქართველოს გარდა), სწორედ ამ პირობითობის სისულელის გამო, 1999 წლის 31 დეკემბერს შეეგება ახალ ათასწლეულსა და საუკუნეს (გაიხსენეთ გრანდიოზული ზეიმი წყნარი ოკეანის კუნძულებიდან - ნიუ-იორკამდე), მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია მათთვის ხელი, 2001 წლის 1 იანვარს მეორედ აღენიშნათ იგივე «ჟამტეხილი», რადგან უბრალო ადამიანური აღქმის წინააღმდეგ წასვლა ნორმალურმა საზოგადოებებმა ელემენტარულ სიბრიყვედ მიიჩნიეს.
        საქართველოში კი ეს ლამის სახელმწიფო დონეზე აიკრძალა. მიაქციეთ ყურადღება: პრეზიდენტმაც კი ისაუბრა ამ «პრობლემაზე» საახალწლო გამოსვლაში! და ეს გააკეთა საზოგადოების იმ ნაწილის ზეწოლით, რომელმაც ახალი ათასწლეულის 2000 წლიდან «არაღნიშვნა» სოციო-ინტელექტუალური აღმატებულობის ნიშნად აქცია.
        ამაზე მეტი სიგიჟე და პათოლოგია გაგონილა?! ასეთ საზოგადოებაში როგორ შეიძლება გათავისუფლების შემდგომი პირველი რეაქცია სამოქალაქო ომი არ ყოფილიყო?!!!
        ამიტომ: მკითხველი (ერთ-ერთი შეხედულების მომხრე) როგორც არ უნდა გაღიზიანდეს (დააკვირდეს საკუთარ  ემოციას ჩემი «თავხედობის გამო»), მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოს, მთელს მსოფლიოსთან ერთად, 1999 წლის 31 დეკემბრის ღამეს უნდა აღენიშნა ახალი საუკუნისა და ათასწლეულის შემობრძანება.
        რა ვქნა «მომკალით და ასეა!»

    ისევ ძირითადი თემის კალაპოტში: ხშირად მოისმენ და წაიკითხავ «ელტარულ ინტელიგენთა» ოხვრა-გოდებას ქართველთა გადაჭარბებული ამბიციის გამო. კონსტანტინე ზატულინის ციტირებასაც კი მოუხშირეს («Амбиция – единственный враг грузии»).
        1994 წელს გიგა ლორთქიფანიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გულწრფელად თქვა: «რას ვყოყლოჩინობდით «ესა ვართ და ისა ვართო», როცა ყველაზე სუსტი ერი ჩვენ ვყოფილვართ?!».
        სრული ჭეშმარიტებაა! მაგრამ ეს ყოველივე ვინ აღზარდა ერში? გაუგებარია ვის უგებთ ნიშნს ბატონებო, განა თქვენ არ აღზარდეთ ერში ეს საზიზღარი კუდაბზიკობა («აფსუა ვინ აგდია, მე პირდაპირ რუსს უნდა შევასკდეო»), ეს გულისამრევი ამპარტავნობა, «სხვაზე უკეთესობისა და განსაკუთრებულობის» არაფრით გამართლებული, ბრიყვული რწმენა?!
        ქართული ინტელიგენციის შეცდომა (დანაშაული) იმაში მდგომარეობს, რომ მან ერში აღზარდა ისეთი ამბიცია, რომელიც არ შეესაბამებოდა ამ ერის რეალურ თვისებებსა და შესაძლებლობებს.
        უიშვიათესი გამონაკლისის გარდა (მაგალითად, რეზო ჭეიშვილის «შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი»), ვერ გაიხსენებთ მთქმელსა და ნათქვამს, რომელიც თავის ხალხს ვაჟკაცურად, პირუთვნელად ეტყოდა, რომ ჩვენ ვართ ერთი საწყალი, სუსტი ერი - უშველებელი ამბიციითა და პაწაწკინტელა შესაძლებლობებით.
        ეს ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამომჟღავნდა 1988 – 1993 წლებში.
        ხოლო როდესაც მანამდე სხვები გვეუბნებოდნენ, რომ ნებისმიერი ნაციონალიზმი (გარდა სამოქალაქო ანუ სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმისა) სისულელე და საზიზღრობაა, ჩვენ ეს «კომუნისტური პროპაგანდა» გვეგონა. არადა, ნამდვილად ასეა!
        მით უმეტეს, ისეთი ნაციონალიზმი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ზურგს ბევრი არც არაფერი უმაგრებს. ყოველ შემთხვევაში, იმდენი და ისეთი, რაც ესოდენ უსაშველო ამბიციის საფუძველი იქნებოდა.
        ქართველი ერი სინამდვილეში შეუდარებლად იმაზე სუსტი და უმწეო აღმოჩნდა, ვიდრე იგი ჩანდა მისივე ელიტის მიერ შექმნილ ფანტასმაგორიულ კონსტრუქციებში.
        ამ წინააღმდეგობამ იჩინა თავი აფხაზეთის ომის დროს, ხოლო დამარცხება (ანუ ტკბილი ბურანიდან, წარმოსახვითი სიძლიერის სამყაროდან - მწარე და დამამცირებელ რეალობაში დაბრუნება) გამანადგურებელი აღმოჩნდა ეროვნული ცნობიერებისათვის.
        არადა, ნუთუ ძნელი მისახვედრი იყო, რომ ქვეყანაში, სადაც მშვიდობის სადღეგრძელო სუფრაზე ყოველთვის ფიგურირებს და ხშირად პირველადაც კი ისმება, სწორედ იგია უდიდესი სიკეთე და პიროვნული მისწრაფების უმთავრესი გამოხატულება. მშვიდობა (აქ) დიახაც როგორც ომისა და ბრძოლის ანტიპოდი. «მშვიდობის სადღეგრძელო» ხომ საბრალო, მრავალტანჯული ერის არსობრივი მისწრაფების ასახვა იყო - ათასწლოვანი, საშინელი ტანჯვა-ვაების შემდეგ.
        ეს მენტალიტეტისა და ეთნოფსიქოლოგიის საკითხიცაა - ჩირად არ ღირს ნებისმიერი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პარადიგმა, თუ იგი მათ არ ითვალისწინებს.
        «ქართველი კაცის» მენტალიტეტი, გასული საუკუნის 80-იანი წლების შუახანისათვის აბსოლუტურად შეესაბამებოდა ნიჭიერი ქართველი პუბლიცისტის, ლოვარდ ტუხაშვილის ნათქვამს: «ჩვენ ისტორიით დაღლილი ერი ვართ».
        იმ პერიოდისათვის ქართული «საზოგადოებრივი ტიპი» გახლდათ ობივატელი, რომელსაც გულწრფელად სძულდა კომუნისტური რეჟიმი, მაგრამ ამ დამოკიდებულებას როგორღაც უთავსებდა სრულ ინდიფერენტიზმსა და გულგრილობას რაიმე საზოგადოებრივი აქტიურობის მიმართ.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ამქვეყნად არაფერი აინტერესებდა (რეალურად) ჭირის დღესავით საძულველი სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გემრიელი ვახშმის, ბავშვების მოფერებისა და ტკბილი ძილის გარდა. თუმცა, ამავდროულად, საუბრისა თუ ოცნების (განყენებული მსჯელობის) დონეზე ბევრ რამეზე შეიძლებოდა ელაპარაკა და სადღეგრძელოებში ხომ სულ მთლად მაღალი იდეალებისთვის თავგადაკლული მებრძოლი იყო.
        ეს საზოგადოებრივი ტიპი ჯერ კიდევ  ილია ჭავჭავაძემ დახატა ლუარსაბ თათქარიძის სახით.
        ოღონდ აქვე, უდიდესი მოკრძალებით და თავდახრილობით ვიტყვი, რომ როდესაც ესა თუ ის სოციოფსიქოლოგიური თვისება არსობრივია, მხოლოდ ნეგატიური აზრით მის განხილვას ჩიხში შევყავართ.
        საქმეც ის გახლავთ, რომ ლიტვისა და სომხეთის «საზოგადოებრივი ტიპი» იმავე პერიოდისათვის სულ სხვა ყაიდის პიროვნება იყო.
        ანალოგიური სიმპტომები სხვაც მრავალი შეიძლება დავასახელოთ. მაგალითად, უაღრესად ნიშანდობლივია 70 – იანი წლების ქართველ დისიდენტთა რაობა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე იმითაა დაკავებული, რომ ერთმანეთს «ამუნათებს»: «არა შენ იყავი «ნასედკა», არა შენო».

    კიდევ ინტელიგენციის პასუხისმგებლობის შესახებ: შეგახსენებთ, რომ უმცირესი გამონაკლისის გარდა (გამონაკლისი კი, როგორც ცნობილია, წესს ადასტურებს) იგი დუმდა მაშინ, როდესაც საქართველოს ბედი წყდებოდა და ბეწვზე ეკიდა, ანუ 1988 წლის 29 ნოემბრიდან - 1989 წლის 4 აპრილამდე (საბედისწერო მიტინგის დაწყებამდე).
        რადიკალთა წინააღმდეგ რეპრესიების ხელშეწყობა არ უნდოდა? მე მგონი აქ უფრო ინფანტილიზმი ვლინდებოდა ვიდრე ეს პრინციპული პოზიცია, ვინაიდან როდესაც იგივე «მოძრაობა» (გამსახურდიას სახით) მის სოციალურ სტატუსსა და პრივილეგიებს შეეხო, არათუ «ხმა ამოიღო», არამედ უიარაღო «ზვიადისტების» დახვრეტა გაამართლა 1992 წლის იანვარ-თებერვალში..
        ამასთან დაკავშირებით კვლავაც ზემოთაღწერილ ეპიზოდს შეგახსენებთ: 1989 წლის 6 აპრილს «ელიტარულ ინტელიგენტთა» ჯგუფი რუსთაველის გამზირზე მდებარე «მხატვრის სახლში» შეხვდა ირაკლი წერეთელს და აქციის შეწყვეტა სთხოვა. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება - საჯაროდ კი არ გამოვიდნენ (ვთქვათ, ტელევიზიით, როგორც ჭეშმარიტად პატიოსანმა ინტელიგენტმა, ზურაბ ანჟაფარიძემ «გაბედა») და მიტინგის მონაწილეებს საჯაროდ კი არ მოუწოდეს შეეწყვიტათ დამღუპველი მიტინგი ან სხვა ადგილას გადაეტანათ, არამედ «მოფარებულში» შეხვდნენ აქციის ორგანიზატორებს და ფორმალურად «ვალი მოიხადეს». რამდენიმე წლის შემდეგ კი იგივე ინტელიგენტები ბევრს წუწუნებდნენ, «ამ იდიოტებს ხალხი რატომ გაჰყვა - ეს რა გონებაჩლუნგი ხალხი გვყოლიაო».
        კი მაგრამ, რატომ საჯაროდ არ გამოხვედით, რატომ არ მოიხადეთ მოქალაქეობრივი ვალი და ტელევიზიით რატომ არ უთხარით ხალხს ის, რასაც შემდგომ (როცა უკვე ადვილი იყო) ხმამაღლა წუწუნებდით? რა ძნელი გასათვლელი იყო, რას-რა მოჰყვებოდა ან ვინ-ვინ იყო?
        საქმეც ის გახლავთ, რომ შესანიშნავად ხვდებოდნენ, მაგრამ მაშინ (1989 წლის 6 აპრილს) ამის საჯაროდ სათქმელად მოქალაქეობრივი პატიოსნება და ვაჟკაცობა იყო საჭირო.
        გაცილებით ადვილი ჩანდა «მოფარებულში» შეხვედრა ირაკლი წერეთელთან და ფორმალური თხოვნა ისეთნაირად, რომ მასთან ურთიერთობა საბოლოოდ არ გაეფუჭებინათ - «რა იცი რა ხდება»?
        იმასაც შეგახსენებთ, რომ როდესაც ირაკლი წერეთელი მხატვრის სახლიდან გამოვიდა, მომიტინგეებს აგრესიული ტონით ჰკითხა: «თქვენ იღებთ მათ წინადადებებს?!!!» და მიტინგმა, მისდა მოულოდნელად, ერთხმად შესძახა: «ვიღებთ, ვიღებთ!». ეს უეჭველად მეტყველებს რა განწყობა სუფევდა თვით მიტინგის მონაწილეებში - მთელს მოსახლეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ «მოძრაობამ» მაშინ უკვე შექმნა საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ დომინანტთა დიდი ნაწილი, რომელთა წინააღმდეგ წასვლის ვაჟკაცობა მხოლოდ ჭეშმარიტ ინტელიგენტს (იმავე ზურაბ ანჯაფარიძეს) აღმოაჩნდა.
        თუმცა, ერთი ხმა პროცესებზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა. «ფლიუგერობას» მიჩვეული უმრავლესობა კი ცხვირს ახალ ნიავს უმარჯვებდა ანუ კომუნისტების ჩამანაცვლებელ ახალ ტოტალიტარულ ძალას, რომელმაც თავისი არსებობის შესახებ მართლაც ხმამაღლა განაცხადა.
        შედეგად კი მივიღეთ, რაც მივიღეთ. ძალიან ვშიშობ, რომ ის, რაც 1988-1993 წლებში საქართველოში მოხდა, ისეთი გამანადგურებელი მარცხი იყო, რომლის შემდეგ ერი წელში უკვე ვეღარასოდეს გაიმართება და ფეხზე სრულფასოვნად ვეღარ წამოდგება.
        ერის შინაგანი სისუსტის გამოვლინებაა აგრეთვე, როგორც მოგახსენეთ, გაფაქიზებული თავმოყვარეობა, ყველა სულელურ წვრილმანზე არაადეკვატური რეაგირება - ეს თვისება უმალვე შეამჩნია კრემლის სპეცსამსახურმა და დიდოსტატურად იყენებდა კიდეც ეთნოფსიქოლოგიურ პროცესთა სამართავად საქართველოში.
        არც ერთ «რესპუბლიკაში» პროცესები ისე ადვილად სამართავი არ ყოფილა, როგორც ჩვენს ქვეყანაში. ამაშიც ერის შინაგანი სისუსტე მჟღავნდებოდა.

აქ ისევ და ისევ ინტელიგენციის, ანუ ერის ინტელექტუალური ელიტის თაობაზე გვიხდება მსჯელობა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან სწორედ იგია პასუხისმგებელი ეროვნულ ცნობიერებაში მიმდინარე პროცესებზე. ელიტამ ერი უნდა აღზარდოს, მან უნდა შეუქმნას ერს შესაბამისი ცნობიერი სტერეოტიპები ანუ «მზა პასუხები» ყველა იმ მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც განვითარების პროცესში წარმოიშობა. ასეა ყველგან, ყველა ქვეყანაში, ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში.
        იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი თუნდაც ისეთ «თავისუფალ» ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია - თვითდინებაზეა მიშვებული? როგორ გეკადრებათ! აბა ერთი ყურადღებით დააკვირდით იმავე ჰოლივუდის ფილმებს (ვგულისხმობ, რასაკვირველია, მასობრივ პროდუქციას და არა ნამდვილ კინოხელოვნებას) - უეჭველად შენიშნავთ გარკვეულ სტერეოტიპებს, მათ ერთობლიობას, ურთიერთმიმართებებს, შესაბამისი სტერეოტიპული წარმოდგენების დანერგვის მცდელობას. რასაკვირველია, იქვეა უკუქმედებაც, ანუ თვით საზოგადოებრივ წარმოდგენათა ასახვა შემოქმედებაში, მაგრამ ეს ორი მოვლენა ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. ხსენებული სტერეოტიპები და მათი დანერგვის ძალისხმევა კი ე.წ. «პოლიტკორექტულობაშიც» მჟღავნდება. ამ თვალსაზრისით ამერიკულ კინემატოგრაფს ალბათ ვერაფერი შეედრება - ბრეჟნევის ეპოქის საბჭოთა კინემატოგრაფის გარდა.
        რა თქმა უნდა, ერი უნდა «უჯერებდეს» საკუთარ ელიტას, მისდამი იმთავითვე სტრატეგიული ნდობით უნდა იყოს განწყობილი, ელიტის გარეშე ერი მართლაც «ყრუ, მუნჯი და ბრმაა», მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული ელიტა თავად უაღრესად სუსტი აღმოჩნდა თვისებრივად (ანუ უმთავრესი თვისებით) - ინტელექტუალური თვალსაზრისით.
        ხოლო მისი ინფანტილიზმი თავს იჩენდა უპირველეს ყოვლისა საოცარ (არც კი ვიცი რა ვუწოდო) «წამხედურობაში», რომელიც თითქმის ყოველ ნაბიჯზე მჟღავნდებოდა, როდესაც რაიმე პროცესთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბება ხდებოდა საჭირო.
        საკმარისი იყო ორი «ელიტარული ინტელიგენტი» გამოგეყვანა ტელევიზიით და მათ მტკიცე ტონით რაიმე პოზიცია დაეფიქსირებინათ (ვინმეს საწინააღმდეგოდ თუ მომხრედ), რომ მანამდე მდუმარე მთელი «ელიტა» უმალვე ამ პოზიციას გაიზიარებდა.
        რაღა გასაკვირია, თუ ამის გათვალისწინებით, საქართველოში პროცესების მართვა უადვილესი იქნებოდა იმ სამსახურებისათვის, რომელთაც, საბჭოთა პერიოდში, ხსენებული «ელიტის» წევრები დაწვრილებით (მრავალგვერდიან) მოხსენებით ბარათებს «უდგენდნენ» დასავლეთში ყოველი მივლინების შემდეგ.
        იგივე ინფანტილიზმი მჟღავნდებოდა საოცარ მსოფლმხედველობრივ დაბნეულობაში. მაგალითად: მკითხველს ეხსომება მეტად ნიშანდობლივი დისკუსია, რომელიც «საზოგადოებაში» გაიშალა 1987-1988 წლებში «გამსოფლიურობის» თაობაზე. «რობიკო სტურუას» სწორედ ამაში დასდეს ბრალი.
        ზოგიერთი კი ედუარდ შევარდნაძის ფენომენს უკავშირებს ამ «გამსოფლიურობის» ფენომენს და არც თუ მთლად უსაფუძვლოდ.
        შემდგომ განწყობა ნაწილობრივ შეიცვალა და იმავე წრეებში ხშირად გაიგონებდით ოხვრას: «მსოფლიო იდეალებისათვის საქართველო არ უნდა შეგვეწირაო». არადა ედუარდ შევარდნაძე მაშინაც ქართული ინტელიგენციის იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი შეკვეთის შემსრულებელი იყო, როდესაც სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა და მართლაც ყველაფერს აკეთებდა დემოკრატიულ იდეალთა გასამარჯვებლად, რაც უეჭველად გულისხმობდა «დერჟავის» დაშლას.
        ამ თვალსაზრისით, არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ ედუარდ შევარდნაძის ფენომენიც ქართული ინტელიგენციის შექმნილია.
        და იმავე დროს (საოცარია, მაგრამ სინამდვილეა) ქართული ინტელიგენციის მსოფლმხედველობრივი კრედო (ანუ ის ძირითადი დომინანტი, რასაც იგი ერში ზრდიდა და ამკვიდრებდა ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად) საოცარი სიზუსტით გამოიხატა პოეტის სიტყვებში: «დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი».
        მოდით დავაკვირდეთ ამ დებულებას. ეს გახლავთ კვინტესენცია ქართული ტოტალიტარული ეთნონაციონალიზმისა, რომელიც კატეგორიულად  გამორიცხავს უბრალო, კეთილშობილ და სინამდვილეში უაღრესად პატრიოტულ, იმავდროულად დემოკრატიულ და ლიბერალურ დებულებას, რომ ადამიანი კი არ არსებობს საქართველოსთვის, არამედ საქართველო არსებობს ადამიანისათვის.

   ამასთანავე, სწორედ ინტელიგენციამ აღზარდა ერში ყველაზე დამანგრეველი თვისება (მითოლოგიზირებული აზროვნებისადმი მიდრეკილება), რომელმაც უდიდესი უბედურება მოუტანა ქვეყანას.
        არასდროს დამავიწყდება, საბჭოთა პერიოდის «ინტელექტუალურ დისიდენტად» ცნობილი პიროვნების წინაასაარჩევნო მიტინგზე (1989 წელს) ლოზუნგად გამოტანილი მისივე ფრაზა: «კაცობრიობის ისტორია სიყვარულის და სიკეთის ისტორიაა».
        ღმერთო ჩემო, რა გამაოგნებელი, რა შემაძრწუნებელი გულუბრყვილობაა!!!
        ან კიდევ (სხვა კატეგორიისა) – «საქართველოში არასდროს ანტისემიტიზმი არ ყოფილაო».
        მადლობა ღმერთს, მართლაც არ ყოფილა. მაგრამ ამის მიზეზი ჩვენი განსაკუთრებული ეთნოტოლერანტობა კი არ არის, არამედ ის გარემოება, რომ საქართველოში (ესპანეთისა და რუსეთისაგან განსხვავებით) ქრისტიანობა არასდროს ყოფილა ჭეშმარიტად სახალხო რელიგია.

            ახლა კი, ვიგულისხმოთ ზემოთთქმული და დავუბრუნდეთ ფილმ «მონანიებას».
        კვლავ და კვლავ ვიმეორებ, რომ ამ ფილმმა პოლიტიკური თვალსაზრისით (არადა, იგი თავიდანვე, დიახაც ჩაფიქრებული იყო, როგორც პოლიტიკური ჟღერადობის მხატვრული მოვლენა) უდიდესი, განუზომელი ზიანი მიაყენა საქართველოს, ვინაიდან არა მხოლოდ განამტკიცა სრულიად უსაფუძვლო «არასრულფასოვნებისა და დანაშაულის კომპლექსი» ეროვნულ ცნობიერებაში, არამედ სიმართლე დაუდასტურა ყველა იმ რუს შოვინისტს («დემოშოვინისტებსაც» და «კომუნოშოვინისტებსაც»), ვინც ამტკიცებდა და დღემდე ამტკიცებს, რომ სტალინი და სტალინიზმი თურმე ქართული მოვლენა იყო და რუსულ საზოგადოებას ამისათვის არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება ისტორიულად.
        მე თქვენ გეკითხებით პატივცემულო მიკითხველო: თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ დიდ რუსულ კინემატოგრაფში (ყველა თვალსაზრისით ბევრად უფრო დიდ, ვიდრე ქართული კინემატოგრაფია) გვიანსაბჭოურ ან პოსტსაბჭოურ პერიოდში თუნდაც ერთი ფილმი, რომელშიც საზოგადოებრივი «მონანიების» და ზნეობრივი კათარზისის თემას ისეთივე კონტექსტში გაეჟღეროს როგორც თენგიზ აბულაძისა და «მთელი ქართული ინტელიგენციის» ხსენებულ თხზულებაში? ვერ გაიხსენებთ, ვინაიდან ასეთი რამ არ არსებობს. ერთადერთი მხატვრულად ღირებული ფილმი, რომელიც კომუნისტურ რეპრესიათა თემაზე შეიქმნა რუსულ კინემატოგრაფში, გახლავთ ნიკიტა მიხალკოვის «მზით დაღალულნი» და მასშიც (მიაქციეთ ყურადღება) მთავარი გმირის (რუსი ოფიცრის) დასაპატიმრებლად მოსულ ჩეკისტთა საზიზღარი, ღიპიანი უფროსი (ვისაც პატარა ნადენკა ეუბნება «რა ზოოპარკივით ყარხარო»), ქართველია და მას ნიკიტა მიხალკოვი «არაგვში» ეპატიჟება!
        აი, ასე! არადა, თითქოს რატომ «ასე» თუკი «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას?!» მარტო ქართველებისათვის დგას და უნდა იდგეს იგი «სამშობლოზე მაღლა»?
        მაშასადამე, ხედავთ თურმე რა გამოდის? «თურმე» რუსებს (რუსულ საზოგადოებას) არაფერი ჰქონიათ მოსანანიებელი ჯერ რომონოვების, შემდეგ სტალინის საშინელ რეპრესიათა გამო, რომლებიც მთელი ხალხების გასახლება-გენოციდით და ტერორით სწორედ რუსულ «დერჟავას» განამტკიცებდნენ და აბულაძე-წულეისკირის აზრით, ყოველივე ამისათვის ჩვენ (ქართველებს) უნდა მოგვენანიებინა!
        «ამის თქმა არ უნდოდათო» - მათ რისი თქმა უნდოდათ, მეასეხარისხოვანი საკითხია. მთავარი ის კი არ არის, რისი თქმა უნდოდათ, არამედ ის, თუ რეალურად რა გამოუვიდათ და მათი გულწრფელი აღტკინება ვინ როგორ გამოიყენა პოლიტიკური თვალსაზრისით.
        არადა, აქ სწორედ პოლიტიკური მხარეა საინტერესო, ვინაიდან ეს ფილმი პოლიტიკურ მოვლენად იქცა, რაც აშკარად ძალიან სურდათ ავტორებს.
        რუსულმა საზოგადოებამ კი, ერთის მხრივ «დიდად დააფასა» ქართული მონანიება (შეგვაქო, ასე ვთქვათ), რა თქმა უნდა, თვითონაც დაგმო «სტალინ-ბერიას» რეპრესიები, ხოლო თავად, იმავე სტალინის ეპოქალური სულისკვეთების გამომხატველი, ლამის პირადად სტალინის შექმნილი ჰიმნი (რომლის ხმაზეც ათეულობით მილიონი პოლიტპატიმარი იღვიძებდა «არხიპელაგ გულაგის» გათოშილ ბარაკებში და მისივე აკომპანიმენტით ხვრეტდნენ მილიონობით უდანაშაულო ადამიანს) რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნად გამოაცხადა, ხოლო რუსეთი – საბჭოთა კავშირის იურიდიულ და ისტორიულ სამართალმემკვიდრედ!!!
        ესე იგი, საშინელ რეპრესიებზე ქართველები გამოვედით ისტორიულად პასუხისმგებლები (რაკი ჩვენს გარდა არავინ არაფერი მოინანია, როგორც დავრწმუნდით), ხოლო რუსული საზოგადოება დიადი სახელმწიფოს (ფაშიზმის გამანადგურებლისა და კოსმოსური თანამგზავრის სამშობლოს) ისტორიული, მორალური და იურიდიული მემკვიდრეობით ამაყობს და ტკბება.
        მართლაც რომ ახია ჩვენზე!!!
        «მონანიების» მხატვრულ ღირსებას აქ არ ვეხები. ეს ჩვენი განსჯის საგანი არ არის, თუმცა არა მგონია იგი ამ თვალსაზრისითაც თენგიზ აბულაძის საუკეთესო ქმნილება იყოს და ოდნავ მაინც შეედრებოდეს «ნატვრის ხეს» ან (მით უმეტეს) «მაგდანას ლურჯას».
        სხვათა შორის ეს უკანასკნელი ფილმი («მაგდანას ლურჯა»), რომელიც თენგიზ აბულაძემ დიდ რეზო ჩხეიძესთან ერთად შექმნა, «სოციალური ჰუმანიზმის» უკვდავი, ღრმად ქრისტიანული იდეის ყველაზე ნიჭიერი და მაღალმხატვრული პროპაგანდაა ალბათ მთელს მსოფლიო კინემატოგრაფში. გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და მაღალმხატვრული, ვიდრე ეიზენშტეინის ყბადაღებული «ჯავშნოსანი პოტიომკინი».
        რაც შეეხება ისევ და ისევ მრავალგზის ხსენებულ «მაქსიმას», (იგი უაღრესად ზნეობრივი მოვლენა იქნებოდა, წმინდად ფილოსოფიურ სენტენციად რომ დარჩენილიყო და პოლიტიკურ ფაქტორად არ ქცეულიყო) «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას», - ამასთან დაკავშირებით, დიდმა ქართველმა პოლიტიკოსმა, ედუარდ შევარდნაძემ, მრავალი წლის შემდეგ (როცა რუსეთი, ჩეჩნეთის ომის დროს, საქართველოს მიმართ ყოვლად უსინდისო ორმაგი სტანდარტით მოქმედებდა რუსული ინტელიგენციის მდუმარე მხარდაჭერით და დაბომბვებით ემუქრებოდა პატარა, უმწეო ქვეყანას, რათა «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» ინვესტორები დაეშინებინა), საოცრად ნიშანდობლივი რამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში: «80-იანი წლების მიწურულს, რუსი საზოგადო მოღვაწეები აქტიურად მოგვიწოდებდნენ, გვემოქმედა იმ ზნეობრივი მაქსიმით, რომ «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას», მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ როცა საქმე მათ სამშობლოს შეეხო, სულაც არ სურთ იმავე მაქსიმით იხელმძღვანელონ.»
        ეს არის ჭეშმარიტი პოლიტიკოსის უბრალო, საღი ლოგიკა, რომელიც ნებისმიერ კუდაბზიკურ დემაგო-ფსევდოფილოსოფიურ სენტენციას ნაცარტუტად აქცევს, როგორც კი ეს სენტენცია მისთვის განკუთვნილ ჩარჩოებს გასცდება და პოლიტიკური დომინანტის პრეტენზიით აღიჭურვება.
        ხოლო დიდ რუსულ ინტელიგენციას ამგვარი სენტენციების შეთხზვა სულაც არ ახასიათებდა. პირიქით, სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ მან შექმნა «რუსული ისტორიული პარადიგმა», რომლის მიხედვით, ყველაფერში წარსული რეჟიმი და ხელისუფლებაა დამნაშავე – მორჩა და გათავდა!
        მაგალითად, რომანოვების მიერ ხალხთა გასახლებაზე ახალი რუსეთი პასუხს არ აგებდა, ვინაიდან ის «ცარიზმის» დანაშაული იყო და კომუნისტურ რუსეთს რას ერჩით?
    ხოლო კომუნისტური რუსეთის მიერ თათარ-ჩეჩენ-ყალმუხ-ინგუშთა და მრავალი სხვა ერის გასახლებისათვის უკვე «დემოკრატიული რუსეთი» პასუხს არ აგებდა, ამდენად მას ჰქონდა უფლება ჩეჩენი ერისათვის მეასე გენოციდი მოეწყო, რაკი მათ ხსნებული «პარადიგმა» არ გაიზიარეს (ანუ არ დაიჯერეს, რომ ყველაფერი ქართველი სტალინის და ქართველი ბერიას ბრალი იყო) და მაინც რუსეთიდან გამოყოფა მოითხოვეს.
        ან: როდესაც რუსმა ხალხმა «შავი პოლკოვნიკი» აირჩია პრეზიდენტად (იგი გაცილებით საშიში და შემაძრწუნებელი მოვლენაა, ვიდრე თუნდაც ის საცოდავი ზვიად გამსახურდია), სად იყო რუსული ინტელიგენცია? რატომ არ ამოიღი ხმა და თავად რატომ არ «წავიდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ» (როგორც უფრო ადრე ქართველ კოლეგებს «უწონებდა») - აკი «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას»?
        ნურც იმას ვიტყვით, თითქოს ეს მხოლოდ რუსეთს ახასიათებს. უბრალო ამერიკელმა სერჟანტმა თქვა ბავშურად გულუბრყვილო, მაგრამ გენიალური სიტყვები: «მე მინდა, ჩემი სამშობლო ყოველთვის მართალი იყოს, მაგრამ მართალია იგი თუ არა, მაინც ჩემი სამშობლოა!»
        ეს უკვდავი ფრაზა, რომელიც ამერიკულმა ისტებლიშმენტმა თავისი ქვეყნის ძლევამოსილ დროშას წააწერა, მისი «უბრალოობის» მიუხედავად, პოლიტიკური პრეტენზიის მქონე ინტელექტუალ-მორალისტთა ყველა სენტენციას გადასწონის ერთად აღებულს.
        კვლავ ვიმეორებ: ფილოსოფოსი თუ მორალისტი დაეტიოს თავის სფეროში და პოლიტიკაში ნუ ერევა. აკი ჯერ კიდევ გენიალური ეინშტეინი ბრძანებდა (როდესაც ისრაელის პრეზიდენტობაზე უარი თქვა), რომ ამის «აწევას» ვერ შეძლებს, ვინაიდან «პოლიტიკა ფიზიკაზე ბევრად რთული მეცნიერებაა».

განა რუსმა «ინტელიგენტმა» არ თქვა: «умом россию не понять. простым аршином не измерить, в ней особенная стать, в россию можно только верить!» - სულ სხვა, კატეგორიულად განსხვავებული პარადიგმაა ვიდრე «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას». ანუ რუსული ინტელიგანცია, როცა საქმე მის სამშობლოს ეხებოდა, უკვე მართლაც სულ სხვა მაქსიმით ხელმძღვანელობდა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ეს დებულება («ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას»), რასაკვირველია მამარდაშვილის შეთხზული არ არის. იგი ღრმად ქრისტიანული ჭეშმარიტებაა, რომელიც ჯერ კიდევ მაცხოვარმა წარმოთქვა. უფრო მეტიც: მაცხოვრის მოძღვრების დედააზრი დიდწილად სწორედ ამ მაქსიმით შეიძლება გადმოიცეს.
        მაგრამ რელიგიურ–ფილოსოფიური დებულების ქცევა საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ლოზუნგად (ასე გამოვიდა) ელემენტარული სიბრიყვე და სიტუტუცე გამოდგა და ამაში თვით მერაბ მამარდაშვილი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე.
        არადა, დაბეჯითებით შეიძლება ვამტკიცოთ: არც ერთ ერსა თუ ქრისტიანულ სახელმწიფოს (და თვით ეკლესიასაც კი, როგორც ინსტიტუტსა და ორგანიზაციას) ამ მაქსიმის შესაბამისად არ უცხოვრია და თუ მაინც მისით უხელმძღვანელია - კარგი დღე არ დასდგომია. ყოველ შემთხვევაში «ამ ქვეყნად», თორემ «იქ» შეიძლება კიდეც მიეგო ამისთვის.
        სინამდვილეში, ეს მართლაც წმიდათაწმიდა, კეთილშობილი რელიგიური დებულება ადამიანის სულიერი სრულყოფისა და ღვთისაკენ მუდმივი სწრაფვის ურთულეს, ფილოსოფიურ საკითხებს ეხება და მასში პოლიტიკის ნასახიც არ არის. პოლიტიკას საკუთარი, მრისხანე კანონები აქვს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში არანაკლები მრისხანე და ურყევი, ვიდრე რელიგიური ჭეშმარიტებანი.
        ეს რაც შეეხება რელიგიურ – ფილოსოფიურ თვალსაზრისს. ახლა შევხედოთ იგივე საკითხს ელემენტარული ლოგიკის თვალსაწიერიდან და დავაკვირდეთ რა გამოდის: 1989 წლის ზაფხულში, როცა მამარდაშვილმა ეს მაქსიმა «სახალხო ფრონტის» ყრილობაზე გააჟღერა, იგი უეჭველად «მოძრაობასა» და მის ლიდერებს გულისხმობდა. თუ პატივცემული მკითხველისთვის ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს, წინამდებარე წიგნისა და მოკრძალებული პოლიტოლოგიური ანალიზის ავტორიც (ანუ თქვენი მონა – მორჩილი) აგრეთვე მათი წინააღმდეგი იყო, ვინაიდან ის კურსი და კოკრეტული პოლიტიკა სამშობლოს ინტერესებისათვის (ანუ, კრებითი პიროვნების ინტერესებისათვის, ვინაიდან სამშობლოს ინტერესები პიროვნულ ინტერესთა ერთობაა და სხვა არაფერი) საზიანოდ, უპერსპექტივოდ მიმაჩნდა.
        გამოდის, ისინი მაშინ იყვნენ «სამშობლოსკენ», ხოლო მე ვიყავი «ჭეშმარიტებისკენ» ანუ სამშობლოს წინააღმდეგ?!!!
        მომიტევეთ, მაგრამ როგორი დიდი ფილოსოფოსიც არ უნდა იყოს (არის კიდეც) მერაბ მამარდაშვილი, მე, პირადად, აქ არათუ ღრმად ფილოსოფიურ საზრისს, არამედ ელემენტარულ ლოგიკას ვერ ვხედავ.
        აი, ასეთი შედეგი მოაქვს ერთი პარადიგმისათვის თვისებრივი დებულების ხელოვნურ, მექანიკურ ექსტრაპოლირებას სრულიად სხვა პარადიგმაში.
        «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას» - (ვიმეორებ) უაღრესად ზნეობრივი, წმიდა, კეთილშობილი რელიგიურ-ფილოსოფიური დებულებაა, მაგრამ როგორც კი იგი გადაგვაქვს რელიგიური პარადიგმიდან – პოლიტიკურ დისკურსში (ანუ თვისებრივად სხვა კოორდინატთა სისტემაში და სხვა სიბრტყეზე) –  უმალვე იქცევა სამშობლოს ღალატის იდეოლოგიად!
        ანუ, ამ პარადიგმაში (განსხვავებით კოორდინატთა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემისაგან) «სამშობლოსა» და «ჭეშმარიტების» მცნებათა გამიჯვნას ჭეშმარიტად გამანადგურებელი შედეგი მოაქვს – და მოიტანა კიდეც, ჩვენს სინამდვილეში.
        «სამშობლოსა» და «ჭეშმარიტების» ცნებები ქვეყანაში განუყოფელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა უეჭველად დაინგრევა და შეწყვეტს არსებობას როგორც ისტორიისა და მსოფლიო რეალობის სუბიექტი.
        ისევ ლოგიკურ დისკურსს თუ დავუბრუნდებით, გავიხსენოთ სტივენ სპილბერგის გახმაურებული ფილმი: «შინდლერის სია»: გერმანელი მეწარმე, რომელსაც სინდისი ჰქეჯნის მისი სახელმწიფოს მიერ უდანაშაულო ებრაელთა (ქალების, ბავშვების, მოხუცების) უმოწყალო ჟლეტის გამო, გერმანიის ომში დასამარცხებლად თავის საწარმოში საგანგებოდ ამზადებს ნაკლოვან ჭურვებს.
        ეს იმიტომ, რომ იგი ესოდენ საზარელი და ქრისტიანისათვის შეურაცხმყოფელი უსამართლობის ჩამდენ გერმანიას აღარ მიიჩნევს სამშობლოდ! ესე იგი მასში ჭეშმარიტებას ვეღარ ხედავს, როგორც პიროვნება, ვის ინტერესებსაც (მათ შორის სულიერ მოთხოვნებს) სამშობლო უნდა აკმაყოფილებდეს.     ისევ და ისევ დავაკვირდეთ რა გამოდის მამარდაშვილის უგვანი «ლოგიკით» : გამოდის, რომ ჰიტლერი და მისი კაცთმოძულე ხროვა იყვნენ სამშობლოსკენ, ხოლო ოსკარ შინდლერი, რომელმაც გერმანელ ერს (სამშობლოს) ნამუსი შეუნახა, ღირსება შეუნარჩუნა და სამომავლოდ სათქმელი დაუტოვა, - ჭეშმარიტებისკენ ანუ სამშობლოს წინააღმდეგ?!!!


        ამ მაგალითის გათვალისწინებით კვლავ გავაცნობიეროთ, რამდენად ეწინააღმდეგება ელემენტარულ ლოგიკას ის დებულება, რომ «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას»: თუკი მე სამშობლოში ჭეშმარიტებას ვერ ვხედავ, მაშასადამე მას არ ვაღიარებ სამშობლოდ, მაგრამ თუ ვაღიარებ, იგი ჩემთვის ჭეშმარიტების მატარებელია. გამოდის, «ჭეშმარიტება, სამშობლოზე მაღლა დგას» იგივეა, რაც «ჭეშმარიტება - ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას». არადა, ეს ხომ აბსურდია? როგორ შეიძლება ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაზე მაღლა იდგეს, - იგი ერთიანია და განუყოფელი!

        ქართული ინტელიგენციის ეს თვისებები ზოგჯერ საოცარ ფორმებს იღებდა და უმალვე მჟღავნდებოდა (მათ შორის სუბლიმირებული სახით) კრიზისულ ვითარებაში. რათა ნათელვყო, რაზეა საუბარი, ერთ მაგალითს მოვიყვან:
        1990 წელია. მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა. რამდენიმე დღის წინ ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შეაჩერა საბჭოთა კავშირის კონსტიტუცუიის მოქმედება ლიტვის ტერიტორიაზე და აღადგინა «ლიტვის რესპუბლიკის» კონსტიტუცია.
        რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ყრილობის მუშაობაშიც შეიტანა კორექტივი. გორბაჩოვის წინადადებით, ყრილობაზე სპეციალური სხდომა მიეძღვნა ლიტვაში შექმნილ ვითარებას. დებატები უაღრესად დაძაბულად წარიმართა. კრემლის ყრილობათა სასახლიდან პირდაპირი ტრანსლირების დროსაც კი იგრძნობოდა, როგორ დაიმუხტა ატმოსფერო, როგორ გაიჟღინთა იგი შეურიგებელი დაპირისპირების სულისკვეთებით.
        სხდომათა დარბაზში საზარელი სიჩუმეა. . . ყველანი გაფაციცებით ადევნებენ თვალს დისკუსიის განვითარებას. ყურადღებით ისმენენ გამომსვლელთა სიტყვებს. კამათში (ეს ადვილი შესამჩნევია) მხოლოდ რუსი და ლიტველი დეპუტატები მონაწილეობენ. ლიტველები თავიანთ სიმართლეს ამტკიცებენ. რუსი დეპუტატების უმრავლესობა კი პირიქით, ამტკიცებს, რომ ლიტვის გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ გაუმართლებელია.
        ყველა სხვა ერის წარმომადგენელი დუმს, მიუხედავად იმისა, რომ ლიტვასთან დაკავშირებული დისკუსია, რა თქმა უნდა, მათაც ეხებათ.
        მაგრამ მაინც დუმან, მდუმარედ უგდებენ ყურს კამათს. დუმან უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ჩეჩნები, ყალმუხები, მოლდაველები, თათრები. თქვენ წარმოიდგინეთ, ესტონელები და ლატვიელებიც კი დუმან! – მეზობელი ლიტვის დასაცავად არ გამოდიან («ისტორიულ ბედისწერათა ერთობის» მიუხედავად).
        დისკუსია გრძელდება. კამათობენ ისევ და ისევ ლიტველები და რუსები.
        აბა თუ გამოიცნობთ, პატივცემულო მკითხველო, რომელი რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო ის ერთადერთი არარუსი და არალიტველი დეპუტატი, რომელიც «სამართლიანობის დასაცავად» გამოიჭრა, მხურვალე სიტყვა წარმოთქვა, გორბაჩოვი «დაანამუსა», ერთი სიტყვით, რუსულ «დემო» და «კომუნო» შოვინიზმს მკერდმოღეღილი შეასკდა?
        დიახ, მართალი ბრძანდებით, - ის ერთადერთი არარუსი და არალიტველი დეპუტატი, ვინ დისკუსიაში (ასე ვთქვათ) «ჩაერთო» - ქართველი გახლდათ - ჩვენი «ზეპური საზოგადოების» წარმომადგენელი. . . .
        კი მაგრამ, რა გინდა შე დალოცვილო, ვინ გეკითხება, რას ეჩრები ანუ (როგორც იმერეთში იტყვიან) «რა გეგლახავება?!»
        არა, ნამდვილად ჭეშმარიტი «ქართველი ინტელიგენტი» იყო ცხონებული - «უსამართლობა ვერ აიტანა»!
        ამაში ჩვენი ვაჟკაცობა გამოვლინდა? როგორ, ჩეჩნებზე ვაჟკაცები ვართ, რომლებმაც შემდგომ, თავისუფლებისათვის ზღვა სისხლი გაიღეს? მაგრამ მაშინ მათ კრინტის დაძვრა საჭიროდ არ ჩათვალეს. არა იმიტომ, რომ ეშინოდათ - უბრალოდ, არამიზანშეწონილად მიიჩნიეს თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
        ან იქნებ უკრაინელები, მოლდაველები თუ ყირგიზები ჩვენზე ნაკლებ ღირსეული ერია? კი ბატონო, ჩავთვალოთ ასე – რომ რაკი ისინი დუმდნენ, მაშასადამე ჩვენზე ნაკლებ ღირსეული ერები არიან. ესტონელებიც? ლატვიელებიც? ისინიც რომ დუმდნენ?
        პოლიტიკაში ცინიზმის გარდა ყველაფერი დამღუპველიაო, ნათქვამია. ამის გათვალისწინებით კვლავ ვეკითხები ყველაზე გათვითცნობიერებულ მკითხველს: 1993 წელს (სულ რაღაც სამი წლის შემდეგ), როდესაც რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ სოხუმს, როცა საზარელი ტრაგედია ტრიალებდა საქართველოში და მუხლმოდრეკით ვეხვეწებოდით დახმარებას ყველა კეთილი ნების ერსა თუ ადამიანს, - თუ გაგიგიათ, თუ მოგისმენიათ, თუ გინახავთ, თუ წაგიკითხავთ არათუ ლიტვის მთავრობის, არათუ რომელიმე დეპუტატის, არამედ თუნდაც ერთი «რიგითი» ლიტველის არათუ მხარდაჭერის, არამედ თუნდაც თანაგრძნობის (თუნდაც თანაგრძნობის მეთქი!!!) განცხადება, წერილი ან ტელეგრამა? ვერ გაიხსენებთ, ვინაიდან ამგვარი რამ არ ყოფილა.
        ლიტველები (ჩვენგან განსხვავებით) სახელმწიფოებრივად კულტურული ერია და შესანიშნავად უწყიან, რომ პოლიტიკაში მიზანშეწონილობისა და პრაგმატული (დიახაც ცინიკური) გათვლის გარდა ყველაფერი სისულელეა.
        9 აპრილს ტყუილად მოვიყვანთ საპირისპირო მაგალითად. მაშინ სჭირდებოდათ იმის დაფიქსირება, რომ მხოლოდ ბალტიისპირეთი არ ამჟღავნებდა «ანტისაბჭოთა» განწყობას და «გამოყოფის» სურვილს. ამ ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის. მაგრამ 1993 წელს უკვე სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდათ და რაღაში აძლევდათ ხელს რუსეთის გაღიზიანება?

        ჩვენი მხრივ ამაშიც ერთგვარი მითოლოგიზირებული სტერეოტიპი მჟღავნდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ 1988-1990 წლებიდან გამოვლინდა ე.წ. «საერთაშორისო სამართლისადმი» დამოკიდებულებასა და გულუბრყვილო რწმენაში «დასავლეთის უეჭველი მხარდაჭერის შესახებ».
        არადა, დასავლეთის განწყობას განსაზღვრავს ან პრაგმატული გეოეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესი, ან საზოგადოებრივი აზრის დამოკიდებულება.
        კეთილო მკითხველო, რამდენად გაღელვებთ ტოკელაუს ან ტონგას სახელმწიფოთა ბედი თუ უბედურება? საერთოდ გსმენიათ რაიმე მათ შესახებ? რომც გსმენოდეთ, გულზე ხელი დაიდეთ და ბრძანეთ, იმ ერთა ბედისწერა რამდენად ხშირად გიჩუყებთ გულს? მათაც ძალიან ტრაგიკული და საინტერესო ისტორია აქვთ.
        ჰოდა, თუ ასეა, რატომ გვგონია, რომ რიგით ფრანგს, იტალიელს, ამერიკელს, ან ინგლისელს საქართველოსა და ქართველი ერის უბედურება უგრო მეტად უნდა აღელვებდეს? რა დააკლდება თუ ამაზე არც იფიქრებს საერთოდ?

        გასული საუკუნის სულისკვეთების თაობაზე კი . . . დღეს ჯერ კიდევ შეუძლებლად მოგვეჩვენება, მაგრამ გარწმუნებთ, მოვა დრო (30-40 წლის ანუ ერთი სრული თაობის შემდეგ) და რუსეთთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება სრულიად საპირისპირო (დადებითი) სტერეოტიპები, ხოლო «იმ დიდ და ძლიერ სახელმწიფოში» ყოფნა რომანტიული ორეოლით შეიმოსება. მაშინ სულ სხვა ელფერს შეიძენენ იმპერიული ეპოქის გმირები, პეტრე ბაგრატიონიდან - მელიტონ ქანთარიამდე, ყურადღება აღარ მიექცევა თვით რეჟიმის არსს (კომუნისტურ ტოტალიტარიზმს) და ვერავითარი საწინააღმდეგო არგუმენტი იმ სტერეოტიპს მასაში ვეღარ დაშლის.
        იმ მომავლის გათვალისწინებით, რაც საქართველოსათვის გეოპოლიტიკური და ისტორიული რეალობით უკვე განსაზღვრულია, – ეს აბსოლუტურად გარდაუვალი გახლავთ.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა