ქართველების დაჩოქება ცხინვალში

ქართველების დაჩოქება ცხინვალში

ოპერაცია - «იმედის ჩახშობა»

        მოგვწონს თუ არა, ეს ეპიზოდი სამუდამოდ აღიბეჭდა საქართველოსმრავალისმნახველ ისტორიაში: მთელი რუსეთისა და მსოფლიოს დასანახად, ათეულობით ქართველი ჯარისკაცი, ცხვრის ფარასავით გამორეკეს ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე და იქვე, სამარცხვინოდ დააჩოქეს ტელეკამერებისა და დამცინავი ზიზღით ტუჩათამაშებული მოსკოველი ჟურნალისტი გოგონების თვალწინ.
        საოცრად სიმბოლური სურათია, რომელიც უზუსტესად გამოხატავს იმას, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს დაჩოქებას მოკავშირე სეპარატისტების მეშვეობით. პოლიტიკა ხომ საკუთატი ინტერესების სხვისი ხელით განხორციელების ხელოვნებაცაა!
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია, რაც სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა სოფელ ვანათაში განახორციელა, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და განზრახული შედეგიც მთლიანად გამოიღო: მისმა ავტორებმა ბრწყინვალედ გაითვალისწინეს ქართული ფსიქოლოგია, ქარტული მენტალიტეტი.
        არცერთი სხვა აქცია მისთვის ასეთი მტკივნეული და გამანადგურებელი შედეგის მომტანი არ იქნებოდა, ვინაიდან (გავიხსენოთ ჯერ კიდევ 9 აპრილი) არაფერი იმდენად დამანგრევლად არ მოქმედებს ქართულ ეთნომენტალიტეტზე, როგორც უპასუხოდ დატოვებული შეურაცხოფა, საკუთარი უმწეობის შეგრძნება.
        რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ არავითარი «სპეცდანიშნულების რაზმი» ის არ ყოფილა, რომ, ფაქტობრივად, 18-19 წლის ბავშვები აიყვანეს ტყვედ, ამით საქმეს აღარ შველება. მოხდა ის, რაც არაფრის დიდებით არ უნდა მომხდარიყო. ოსტატურად განხორციელებული ოპერაციის დამგეგმავ რუს ანალიტიკოსთა ძირითადი მიზანი «სამხრეთ ოსეთის» მოგება როდი იყო მხოლოდ. მათ სურდათ, ერთი დარტყმით ჩაეშხამებინათ საქართველოს ფეხზე წამოდგომისა და წელში გამართვის ის იმედი, რაც ბოლო თვეებში გაჩნდა; კვლავ ამოეტივტივებინათ ეროვნულ ცნობიერებაში 1992-1993 წლების საზარელი ეროვნული მარცხნით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმები და განეახლებინათ ეროვნული არასრულფასოვნების შეგრძნება.
        ბუნებრივად ისმის კითხვა მაინც რატომ სჭირდებოდათ საქართველოში წარმოშობილი იმედიანი ატმოსფეროს ჩაშხამება? აქ ემოცია და მხოლოდ შოვინისტური ქვენაგრძნობა არაფერ შუაშია. ყოველ შემთხვევაში, განმსაზღვრელი ნამდვილად არ არის: საქართველოს ფეხზე წამოდგომა და მრავალწლიანი «ძილქუშიდან» გამოსვლა, ნორმალურ ქვეყნად იქცევა, განვითარების ინერციის მოპოვება, აშინებს რუსულ ისტებლიშმენს და საკუთარი ქვეყნის ინტერესების შელახვად მიაჩნია, რაკი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს სახით ძლიერი, სტაბილური, სწრაფად განვითარებადი ქვეყნის არსებობა ობიექტურად ვნებს მის გრძელვადიან ინტერესებს ჩრდილოეთ კავკასიაში.
        ამდენად, კავკასიური მენტალიტეტის გათვალისწინებით, ოპერაციის კიდევ ერთი მიზანი კავკასიელ ხალხთა თვალში საქართველოსა და ქართველი ერის საბოლოო დისკრედიტებაც იყო. ამ მენტალიტეტისათვის ევროპული «არაძალადობა» აბსოლუტურად გაუგებარია. ოსები კი პირიქით: ამით კიდევ ერთხელ წარმოჩინდნენ რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ ურთულეს, მრავალფეროვან, მრავალკონფესიურ და ისტორიული წინააღმდეგობებით აღსავსე რეგიონში.
        რაც შეეხება ვანათში მომხდარს _ დავაკვირდეთ, რომ ოსებმა დარტყმის ობიექტად აირჩიეს ყველაზე სუსტი და უმწეო ქვედანაყოფი (პოლიციეს სკოლის კურსანტები, დაცვის პოლიციეს თანამშრომლები და ა.შ.), რომელიც კი კონფლიქტის ზონაშია განლაგებული.
        მათთვის იდეალური იყო უსისხლოდ ტყვეთა აყვანა, მაგრამ თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, _ უეჭველად იტყოდნენ (წინასწარ დამუშავებული გეგმის მიხედვით) _ ჩვენი სამშვიდობო რაზმი იქვე მყოფ ოსური სოფლისკენ მიემართებოდა და ქართველმა ბოევიკებმა ჩასაფრება მოგვიწყვეს, _ იძულებული ვიყავით საპასუხო ცეცხლი გაგვეხსნა და ტყვეებიც აგვეყვანაო.
        აკი წინასწარ ამზადებდნენ საზოგადოებრივ აზრს, -7-9 ივლისს დაგეგმილი აგრესიის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს , რამდენ ხანს თვლიდნენ ოპერაციის დეტალებს.
        ნაცნობმა ლატვიელმა ჟურნალისტმა, რომელმაც კონფლიქტის ზონა მოინახულა, საინტერესო დაკვირვება გამოაქვეყნა: ქრთულ და ოსურ სოფლებში თითქოს ყველაფერი ერთნაირია _ ერთნაირად ჩაცმული ადამიანები, ერთნაირი სიღარიბე და ა.შ. მაგრამ, მისი თქმით, არის ერთი განსხვავება: ოსურ სოფლებში მუდმივი დაძაბულობით, შემართებით, მობილიზებულობით თითქოს თვით ჰაერიც გაჟღენთილია; ქართულ სოფელში კი რაღაცნაირი გულარხეინობის, მოდუნების ატმოსფერო სუფევს.
        მადლობა ღმერთს, ხელისუფლება ჯერჯერობით ახერხებს რაციონალურად და უემოციოდ მოქმედებას. სწორი აქცენტები და მესიჯები იპოვა პრეზიდენტმა, მაგრამ ვერ გავექცევით იმ სიმართლეს, რომ აჭარაში მარცხით გაცოფებული რუსული სპეცსამსახურები სამაგიეროს გადახდას გააფთრებით ცდილობენ.
        საზარელი წყენა და მრისხანება კი უნდა მივმართოთ არა საცოდავი ოსი თანამამემულეების, ცხინვალში დარჩენილი უპატრონო მოხუცებისა და უმწეო ბავშვების (გუშინ, ცხინვალში დიდი და პატარა გულამოსკვნით იძახდა, პუტინი ჩვენს საშუელად «კოლხოზნიკით» მოიჩქარის და ვლადიკავკაზს უკვე გამოსცდაო), არამედ ჩვენს ქვეყანაშივე კორუფციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ვიქცეთ აყვავებულ და ჭეშმარიტად ძლიერ სახელმწიფოდ, რომელიც ყველასათვის მიმზიდველი და სანიმუშო იქნებოდა და რომლის წინააღმდეგაც მზაკვარი მოწინააღმდებე თვით ყველაზე დიდოსტატურად გათვლილ ოპერაციებსაც ვეღარ განახორციელებს.

12 ივლისი, ორშაბათი, 2004 წელი
        24 საათი