ქაოსი საქართველოში

ქაოსი საქართველოში

 

    დღეს საქართველოში ჩამოყალიბდა ვითარება, რომლის მახასიათებელია სრული ქაოსი და განუკითხაობა სახელმწიფოებრივი ცხოველმყოფელობის ყველა სფეროში. რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების უსუსურობითა და უუნარობით უნდა აიხსნას.
    საქართველოში, ფაქტობრივად, სახელმწიფო არც არსებობს. ამიტომ, ხელისუფლების მცდელობა, როგორმე საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები - სრული კრახით სრულდება.
    სახელმწიფოს არარსებობის დამადასტურებლად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამჯერად მოვიყვან ყველაზე თვალნათელს: დალის ხეობაში მიმდინარე საომარი მოქმედებები გვიქადის უკანასკნელი პლაცდარმის - აფხაზეთის სვანეთის დაკარგვას. მიუხედავად ამისა, მმართველი ეშელონის ყველა მცდელობა, როგორმე მოახდინოს ძალთა კონცენტრაცია ამ რეგიონში, უშედეგოდ მთავრდება. პარლამენტის დახურულ სხდომაზე გამოსვლისას, სახელმწიფოს მეთაურმა პირდაპირ განაცხადა, რომ დღეს ქართულ სახელმწიფოს არ ძალუძს დაიცვას კოდორის ხეობა, ვინაიდან ვერ ხერხდება საჭირო ძალთა თავმოყრა - მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უკვე ამოქმედებულია.
    მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ბერკეტები ფუჭად მოქმედებენ: უკვე დაინგრა ის სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელშიც შეიქმნენ, ხოლო ახალ სისტემას კი (ჯერ ჩამოუყალიბებელს) ისინი ვერ ეგუებიან. ალბათ, სწორედ აქ უნდა ვეძიოთ დღევანდელი კრიზისის მიზეზები - ეს კრიზისი უეჭველად სისტემური შეუთავსებლობითაა გამოწვეული.
    ვერ ვიტყვი, თითქოს სახელმწიფოს მეთაური არ ცდილობდეს მყარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებას (ეს ხომ მის ინტერესებშია) მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მცდელობა ნაყოფს ვერ გამოიღებს, ვინაიდან, ნებსით თუ უნებლიეთ, მთელი ძალისხმევა ხმარდება ძველი, დრომოჭმული სისტემის აღდგენას და არა თვისებრივად ახლის შექმნას. სწორედ ამიტომ შევიდა აღმშენებლობითი პროცესი ჩიხში - ახალ სახელმწიფოს ძველ საფუძველზე ვაშენებთ და იმისათვის, რათა გავიგოთ, რატომაა ეს შეუძლებელი, უპირველეს ყოვლისა უნდა გავაცნობიეროთ, თუ რას წარმოადგენდა ხსენებული საფუძველი.
   

    სოციალურ-ეკონომიკური წყობა, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებობდა, რა თქმა უნდა, არაბუნებრივი მოვლენა იყო. არაბუნებრივი იყო ჯერ ერთი და, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ აბსოლუტურად არ ითვალისწინებდა იმ საზოგადოებათა ეთნოფსიქოლოგიურ თუ სხვა სახის თავისებურებებს, რომელთა საკუთარ ჩარჩოებში მოქცევასაც ძალისმიერი ხერხებით ცდილობდა და გარკვეულ (თუმცა დროებით) წარმატებებსაც აღწევდა.
    მაგრამ რაკი საზოგადოების შინაგანი ბუნების, ისევე, როგორც ეთნოფსიქოლოგიის შეცვლა არცთუ ისე იოლი საქმეა (ამას მთელი ისტორიული ეპოქა სჭირდება) ის წყობა ძალაუნებურად ქმნიდა ისეთ სისტემებსაც, რომელთა არსებობა იდეოლოგიურად (საკუთარი იდეოლოგიიდან გამომდინარე) თითქოსდა სრულიად მიუღებლად მიაჩნდა.
    მაგალითად: საქართველოში, ე.წ. «მარქსისტულ-ლენინური» სოციალური და ეკონომიკური სქემების პროეცირების შედეგად, მივიღეთ სრულიად განსაკუთრებული ტიპის საზოგადოება, რომელსაც ერთგვარი სისტემური დუალიზმი, სისტემური გაორება ახასიათებდა.
    კერძოდ: ლეგალურ, დაკანონებულ, იდეოლოგიურ თუ სხვა სქემებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილ მიმართებებთან ერთად, არსებობდნენ არალეგალური, ოფიციალურად დაუკანონებელი მიმართებები, რომლებიც, მიუხედავად მათი უკანონო, შეიძლება ითქვას, კონსპირაციული ხასიათისა, იმდენად მძლავრ სისტემას ქმნიდნენ, რომ თვით ეს სისტემა, ფაქტობრივად, მეორადი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ხასიათს იძენდა.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, საბჭოთა საქართველოში, სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ღერძს, ლეგალურ მიმართებებთან ერთად (კომპარტიის ცეკადან - სოფლის «დამზადებამდე»), გასდევდნენ აგრეთვე არალეგალური, ფარული, უკანონო მიმართებები.
    ამ მეორე სისტემის უპირველესი მახასიათებელი, რა თქმა უნდა, კორუფცია იყო. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი საზოგადოება კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა იმდენად კორუმპირებული, როგორც ის საზოგადოება, რომელიც აქ არსებობდა ბოლო ოცდაათი-ორმოცი წლის განმავლობაში.
    ეს, რა თქმა უნდა, არ არის ქართველი ერის ბრალი, ან იმ კონკრეტული «ცკ»-ს მდივნის დანაშაული, რომელიც ამა თუ იმ პერიოდში მართავდა ქვეყანას - ეს იყო ლოგიკური შედეგი საზოგადოების შინაგანი ბუნების, ერის ეთნოფსიქოლოგიის გაუთვალისწინებლობისა. საბჭოთა კავშირის ე.წ. «გეგმიური ეკონომიკა» საკუთარ თავში იმთავითვე გულისხმობდა «მიწერებს». ეს უკანასკნელი კი - მექრთამეობას.
    კორუფცია შეეხო უკლებლივ ყველა სოციალურ შრეს თუ ფენას. კომუნისტური რეჟიმის ბოლო წლებში კი მან იმდენად ყოვლისმომცველი ხასიათი შეიძინა, რომ ზემოთხსენებული არალეგალური სისტემა, ფაქტობრივად, გაბატონებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

    და აი, სწორედ აქ მივადექით საკვანძო საკითხს: როდესაც კომუნისტების სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, მისი სრული რეგრესულობის, არაბუნებრიობის, მანკიერების გამო, დაემხო და გაცამტვერდა, საქართველოში ამან განსაცვიფრებელი შედეგი გამოიღო: სისტემათა დუალიზმი მოისპო - ლეგალური სისტემა განადგურდა, მაგრამ ის არალეგალური სისტემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, ის «ფარული მიმართებები», რომლებიც თავიდან ბოლომდე გასდევდნენ სახელმწიფოებრივ ღერძს - სწორედ ისინი გადარჩნენ და არათუ გადარჩნენ, არამედ გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვეს.
    კომუნისტური წყობის მოსპობით არ მოსპობილა ამ წყობის მიერ შობილი კორუმპირებული სისტემა - ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული, კლანური ინტერესით შედუღაბებული ეს სისტემა კვლავაც არსებობს და აგრძელებს ცხოველმოქმედებას.

    ზემოთთქმულს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ საბჭოთა კავშირის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, საქართველოს მმართველი ელიტის წინაშე (ვგულისხმობ არა პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ელიტას ანუ ისტებლიშმენტს, რაც ჩვენს პირობებში ერთი და იგივე არ არის) მთელი სიმწვავით დადგა ე.წ. «ძალის წყაროს» საკითხი.
    ათწლეულების განმავლობაში საქართველო იმართებოდა რუსეთის სამხედრო ძალზე დაყრდნობით - უფრო ზუსტად, ამ ძალის არსებობა ყოველთვის იგულისხმებოდა სახელმწიფოებრივი მექანიზმის ყველა დონეზე. ამიტომ, მექანიზმის ვერც ერთი ნაწილი ურჩობას ვერ გაბედავდა - რაკი იცოდა, რომ მმართველ დაჯგუფებას ძალის ამოუწურავი წყარო ჰქონდა. დღეს ეს წყარო აღარ არსებობს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და «არალეგალური სისტემის» გაბატონების პირობებში, სიტუაციას, ფაქტობრივად, უმართავს ხდის.
    თუ ჩვენ სერიოზულად გვსურს, ავაშენოთ სახელმწიფო, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, ის «არალეგალური სისტემა» უნდა გავანადგუროთ, რომელიც არაფრის დიდებით არ მოგვცემს დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საშუალებას, რადგან ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთ სახელმწიფოში იგი ვერ იმოქმედებს, მას იგი ვერ შეეგუება - თუნდაც «არალეგალურ» მდგომარეობაში.
    დიდად სამწუხაროდ, დღევანდელი სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის პოზიცია მრავალ საკითხში (განსაკუთრებით, მისი მართვის სტილი), აგრეთვე ზოგიერთი განსაცვიფრებელი გამონათქვამი, ბადებს ძალზე სერიოზულ ეჭვს იმისას, რომ იგი ვერ შეძლებს ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, ანუ ვერ შეძლებს თვისებრივად ახალი სახელმწიფოებრივი სისტემის აგებას.
    პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო უაღრესად შეწუხებული იყო სატრანსპორტო არტერიებზე გამეფებული ძარცვა-გლეჯის გამო, ამიტომ ადამიანები ნატრულობდნენ: «იყოს ისევ ის ძველი მექრთამეობა ტრასებზე, ოღონდ გზას ერთი პატრონი ჰყავდეს, ოღონდ ეს შეიარაღებული ბანდები აილაგმონ».
    ვინც მისი გამოსვლა მოისმინა, უეჭველად დაასკვნიდა, რომ სახელმწიფოს მეთაური მზად არის, გარკვეულწილად, შეურიგდეს კიდეც ამ ძველი სისტემის აღდგენას, ოღონდ კი გზებზე მეტ-ნაკლები წესრიგი დამყარდეს. სწორედ ამიტომ, ეს არის უაღრესად ნიშანდობლივი, ძალზე მრავლისმეტყველი განცხადება.
    მეორე მაგალითი: პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებას ვერ მალავს მმართველ ეშელონში ზოგიერთი აშკარად კორუმპირებული, ოდიოზური პიროვნების არსებობის გამო. მაგრამ ისინი ვერ ითვალისწინებენ, რომ ეს ოდიოზური პიროვნება ფაქტიურად იმ «შავ სამუშაოს» ასრულებს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია (დღევანდელ პირობებში) საქართველოს ხორბლით, გაზით თუ საწვავით მომარაგება. ანუ, იგი მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში (ძირითადად ყოფილ «საბჭოთა რესპუბლიკებში) და ელემენტარული ქრთამით აკეთებს «სახელმწიფოებრივ საქმეს». არსებულ სისტემაში იგივეს გაკეთება სხვაგვარად, სხვაგვარი ხერხითა და მეთოდით - ყოვლად შეუძლებელია.
    ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია აგრეთვე სახელმწიფოს მეთაურის მართვის სტილიც. მას აშკარად ეტყობა შიში იმისა, რომ გადამჭრელი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში (სახელმწიფოებრივი მექანიზმის განმტკიცების მიზნით) არალეგალურმა სისტემამ, რომელიც კვლავინდებურად არსებობს, შესაძლოა ისედაც სუსტი ძალაუფლებრივი მექანიზმის სრული ბლოკირება მოახდინოს. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ მიუხედავად ბიუროკრატიის თითქმის აშკარა საბოტაჟის, მისი სრული უპასუხისმგებლობის და უნიათო ქმედებისა, ფაქტობრივად არავინ ისჯება და აშკარა დანაშაულიც კი ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება.
   

     რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ხელისშემშლელ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიცია. საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა საქართველოში არსებულ მანკიერ სისტემას ცხოველმყოფელობა შეუნარჩუნოს.
    ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთი ებრძვის არა მხოლოდ დამოუკიდებლობას საქართველოში, არამედ თვით სახელმწიფოებრიობასაც, როგორც ასეთს.
    ყოველივე ამის გათვალისწინების გარეშე კი, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის «შევარდნაძისეული» პროცესი უეჭველი და სრული კრახით დასრულდება.

«მსგეფსი», 19-26 აპრილი, 1994 წელი.