ფეხბედნიერი ამერიკა

ფეხბედნიერი ამერიკა

   გუშინ საქართველოში ნატოს მორიგი «ავღანური» პროექტის პრეზენტაცია განხორციელდა. თბილისში რამდენიმე საათით ჩამოფრინდა ამერიკის ევროპული სარდლობის სარდალი (დასავლური სუბორდინაციითა და ინსტიტუციური თვალსაზრისით, «გაერთიანებული შტატების შტაბის მეთაური»), გენერალი ჯეიმს ჯონსი.

        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ნატოს მრავალვარსკვლავიან გენერალთა და ჩინოსანთა ( გენერალური მდივნიდან – ბრიუსელის დაგეგმარების კომისიის კოორდინატორ -ექსპერტებამდე) რამდენიმე საათიანივიზიტების გახშირება ერთობ ნიშანდობლივია.
       ამერიკელები და, ზოგადად, ნატოელები (თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალის 80 პროცენტი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია) საქართველოში დღეს, დაახლოებით, ისე იქცევიან, როგორც ამერიკის დიდი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი მოიქცა 1984 წლის დაუვიწყარი დემარშის დროს, ორცა დასავლეთ ბერლინში ყოფნისას, სურათის გადაღება გადაწყვიტა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინთა გამყოფი თეთრი ხაზის ფონზე და თეატრალური მოხერხებით (აკი წარსულში არცთუ უნიჭო მსახიობი იყო) «ფეხი ჩაჰკრა» ხაზს იქით.
       ეს ეპიზოდი დასავლურმა და (თქვენ წარმოიდგინეთ) საბჭოთა ტელევიზიამ მაშინ რამდენჯერმე აჩვენა, როგორც არნახული გამბედაობის გამოვლინება.
       თუმცა, ხუთიოდე წლის შემდეგ, ამერიკელებმა «ფეხი ჩაჰკრეს» კი არა, დიდი გერმანია გააერთიანეს.
       დაახლოებით, ასეთი ვითარებაა დღეს საქართველოში.
       ამერიკელები ძალიან გვგულშემატკივრობენ, გვეხმარებიან, «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამაც წამოიწყეს, ერაყში ჯარების გაგზავნაშიც დაგვეხმარენ, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ჯერ კიდევ ბერლინ.ის გამყოფი ხაზის მიღმა «ფეხის ჩარტყმის» ტოლფასია და მეტი არაფრის.
       ყოველ შემთხვევაში, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ჯერ კიდევ აქვს რუსეთს საქართველოში: დაწყებული ოთხი მოქმედი ბაზით (თბილისის ბაზის ჩათვლით, რომელსაც «შტაბის დაცვა» ჰქვია) – დამთავრებული დლიახვისა და ენგურის აუზებში დისლოცირებული «სამშვიდობო ძალებით», რაც თამამად შეიძლება ჩაითვალოს მეხუთე და მეექვსე ბაზებად.
       მიუხედავად ამისა, უეჭველია, რომ ამერიკა საქართველოს ბოლომდე არ მოეშვება და როგორც სტრატეგიულ კომპრომისსაც უნდა მიაღწიოს რუსეთთან, ჩვენში «ფეხის ჩადგმის» საშუალებას ყოველთვის შეინარჩუნებს, რაც ნამდვილად არ ნიშნავს და არ გულისხმობს რუსეთთან დაპირისპირებას, საქართველოში მისი სამხედრო ყოფნის შესამცირებლად.
       საქმეც ის გახლავთ, რომ იმ სტრატეგიული ამოცანების გადასაწყვეტად, რაც ამერიკას შეიძლება დასჭირდეს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, სულაც არ არის აუცილებელი, რუსი სამხედროების დაუყოვნებელი გაძევება საქართველოდან. სავსებით შესაძლებელია «ორმხრივი შეთანხმების» შთაბეჭდილების შექმნით, რეალურად სამმხრივი გარიგებების ალგორითმი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.
       ამ თვალსაზრისით, ლოგიკურია, რომ გენერალი ჯონსი, «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამის მონიტორინგისა და ელიტარული ქართული შენაერთების მონახულების შემდეგ აკეთებს განცხადებას ახლო მომავალში ქართული კონტინგენტის ავღანეთში გაგზავნის შესახებ.
       ყველა შემთხვევაში, ქართველ «ცისფერჩაფხუტიანთა» მარშრუტი ამერიკელ რეინჯერთა და საშუალო სიშორის ბომბდამშენ - გამანადგურებელთა «იმხდომის» ობიექტს ააშკარავებს.
       საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე სამხედრო სტრატეგიაში არსბეობს ასეთი ტერმინი «მიხდომის წერტილი», «მიხდომის აეროპორტი».
       სწორედ ამ თვალსაზრისით არის საინტერესო საქართველო ამერიკისათვის, რაკი ორივე ხსენებულ რეგიონში, ვითარების სირთულე და არაპროგნოზირებადობა, სულ ცოტა, მოითხოვს სათადარიგო აეროპორტების არსებობას «მარქაფში».
       ამ მხრივ, საქართველოს ფუნქცია უკვე განსაზღვრულია იმ სამხედრო აუცილებლობით, რაც შეიძლება წარმოიშვას მიმდებარე რეგიონებში. ჩვენი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ამერიკამ ბოლოს და ბოლოს გადაწყიტა «დაარტყას» ირანის ისლამურ რესპუბლიკას. ეს ნაკლებ სავარაუდოა, ყოველ შემთხვევაში უახლოესი წლების განმალვობაში. თუმცა, ნატო-ამერიკის გენერალური შტაბი ყველაფერს სტრატეგიულად მიიჩნევს.
       რაც შეეხება ვიზიტის ფორმალურ მხარეს, ჯონსმა არა მხოლოდ დაადასტურა, რომ «საქართველოს ორიენტაციის შეცვლა» მტკნარი სისულელეა, თუ აქ ამერიკის «წასვლა» იგულისხმება.
       მან აგრეთვე განაცხადა, რომ ამერიკა მინიმუმა 2004 წლამდე გააგრძელებს «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამას. მაშასადამე, რუსეთის გვარიანი სამხედრო ყოფნის პარალელურად, შეინარჩუნებს თავადაც ყოფნას ჩვენს ქვეყანაში «სწორედ ფეხის ჩადგმის» დონეზე.
       თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკელი «ინსტრუქტორები» 2004 წლის შემდეგაც დარჩებიან საქართველოში.
       და საერთოდ, რა დონესაც უნდა მიაღწიოს რუსეთ- ამერიკის ურთიერთობამ, ამერიკელები რუსებს საქართველოში «ხელების სრულ თავისუფლებას» არ მისცემენ. რუსეთისაგან განსხვავებით, ისინი მოკავშირეებს არადსროს ტოვებენ ბოლომდე.

დილის გაზეთი, 11 აგვისტო, 2003 წელი