უმტკიცესი ბორკილი საქართველოზე

უმტკიცესი ბორკილი საქართველოზე

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ნიკო ჭავჭავაძემ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს მრავალგვარი ხუნდი აძევს იმპერიისა და თუ ქართულ ეროვნულ მოძრაობას სურს სამშობლოს გამოხსნა, მან ცალ-ცალკე უნდა შეისწავლოს ეს ხუნდები და თანდათანობით გაათავისუფლოს ქვეყანა თითოეული მათგანისაგან.
    მართლაც, იმპერიამ მრავალგვარი ბორკილი დაადო საქართველოს: სამხედრო, ეკონომიკური, დემოგრაფიული. . . ამჯერად მსურს მკითხველის ყურადღება შევაჩერო კიდევ ერთ ხუნდზე, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ერთ-ერთი უმძლავრესია და რომლის თავისებურება ის არის, რომ თითქოს შეუმჩნევლად, ერთი შეხედვით უწყინარადაც კი გვაძევს სულზე. ეს არის ინფორმაციული ბორკილი.
    სამწუხაროდ, ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ არა თუ ჯეროვნად ვერ შეაფასა, არამედ ვერც კი შეამჩნია ეს. უმძლავრესი და უმყარესი ჯაჭვი, რომლითაც კვლავ კრემლზე ვრჩებით მიბორკილი და სრული პასუხისმგებლობით უნდა ითქვას, რომ ამ ჯაჭვისგან გათავისუფლების გარეშე (თუნდაც ყველა სხვა ხუნდი დავამსხვრიოთ) საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ გახდება.
    რუსეთის იმპერიას, სხვა მრავალთან ერთად, ის თავისებურებაც გააჩნია, რომ მიუხედავად ძირითადი, ათასწლეულებში გამოტარებული იმპერიული მუხტისა, ის ეპოქა, რომელშიც მისი მეორე მოდერნიზება მიმდინარეობს, ელექტრონისა და ატომის, კოსმოსური ხომალდებისა და ტელევიზიის ეპოქაა.
    კაცობრიობის მეცნიერულ-ტექნიკური გენიის ეს მიღწევები უმძლავრეს იარაღად იქცნენ იმპერიის ხელში და თითოეული მათგანი მან დაპყრობილ ხალხებზე თავისი ძალმოსილების შენარჩუნების - საკუთარი პოლიტიკური დოქტრინის განმახორციელებელ იარაღად აქცია.
    განსაკუთრებით მძლავრი იარაღი ამ თვალსაზრისთ აღმოჩნდა ტელევიზია. სანამ იმპერიული პოლიტიკის ამ უახლეს და უმძლავრეს ბერკეტზე დავიწყებთ მსჯელობას, სულ ბოლო ფაქტი გავიხსენოთ: რუსეთის ტელეკომპანია «ოსტანკინომ» ამასწინათ გადმოსცა ცნობა, რომ თითქოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობას განზრახული აქვს აჭარაში შეჭრა. ამ ცნობამ ქვეყანაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია, - საშინლად აღელდა აჭარის მოსახლეობა, საშინლად აღელდა მთელი საქართველო, სახელმწიფოს მეთაური იძულებული გახდა, ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა ამის თაობაზე; მკვეთრად გამწვავდა ურთიერთობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასა და პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებსა თუ ფრაქციებს შორის.
    ეს ყოველივე მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც მტერი მოსდგომია სოხუმს, როდესაც თვალისჩინივით გასაფრთხილებელია ქვეყანაში შიდა სტაბილურობა... და ყოველივე რამ ჰქნა? ვინ შესძრა ასე მთელი საქართველო? სწორედ ის საქართველო, რომელმაც „ბრძოლისა და შრომის ათასწლეულები გამოიარა, რომელმაც გმირობისა და სიქველის სასწაულები შეძლო, რომლის სულიერი სიმტკიცე დაუძლეველი ბალავარი იყო ევროპული ქრისტიანული სულისკვეთებისა?“ სწორედ ის საქართველო, „რომელმაც საკუთარი, თვითმყოფადი ცივილიზაცია შექმნა?!“
    ყოველივე ეს შეძლო ერთმა უბრალო რუსმა გოგონამ, რომელიც მომხიბლავი ღიმილით კითხულობდა ტექსტს ეკრანიდან.
    მკითხველს ვთხოვ, ჩაუფიქრდეს ზემოთ აღწერილ სიტუაციას და იგი უეჭველად დამეთანხმება, რომ ეს ყოველივე აბსოლუტურად არანორმალურია თავისუფალი ერისთვის, აბსოლუტურად არანორმალურია იმ ქვეყნისათვის, რომელსაც თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიაჩნია.
    კი მაგრამ, ხომ ნათელია, რომ ის ინფორმაცია წინასწარ განსაზღვრული პროვოკაცია იყო? ხომ ნათელია, რომ იგი მიზნად ისახავდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას; პოლიტიკურ ძალთა და ლიდერთა ერთმანეთზე წაკიდებას; უმართავი, ანარქიული პროცესების გაღვივებას?
    საქმე კი ისაა, რომ მიუხედავად ფორმალური დამოკიდებულებისა, ჩვენ კვლავ ვრჩებით იმ უხილავი, მაგრამ გრძნეული ძალის მქონე სივრცეში, რომელიც იმპერიამ თავის გეოპოლიტიკურ არეალში ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ძალისხმევითა და რუდუნებით შექმნა და რომელსაც პირობითად შეიძლება იმპერიის «საერთო ცნობიერი სივრცე» ვუწოდოთ.
    ეს სივრცე არის იმპერიის უკანასკნელი და ყველაზე მძლავრი ბასტიონი. შეიძლება დაინგრეს ყველა სხვა სივრცე - «საერთო ეკონომიკური», «საერთო ფინანსური», «საერთო პოლიტიკური» თვით «საერთო სამხედრო» სივრცეც კი, მაგრამ, სანამ არსებობს რუსეთის იდეოლოგიური მონსტრის მიერ შექმნილი ეს საერთო «ცნობიერი სივრცე», სანამ პროგრამა «ნოვოსტის» ერთნაირი გულისფანცქალით ელის ქართველიცა და უკრაინელიც, ყალმუხიცა და უზბეკიც, სომეხიცა და აზერბაიჯანელიც, - მანამ არსებობს იმპერია და მანამ ინარჩუნებს იგი დაპყრობილ ხალხებზე თავის ძალმოსილებას.
    როგორც უკვე ითქვა, ეს უმძლავრესი «ძალისმიერი ველი» იმპერიამ უდიდესი რუდუნებითა და ძალისხმევით ქსოვა ათწლეულების განმავლობაში: ფიზიკურად დაპყრობილ ერთა კრემლის ტახტზე სულიერად მიბორკვისათვის იგი განსხვავებულ ხერხებს მიმართავდა, რადგან ასეთივე განსხვავებული, თვითმყოფადი იყო ამ ერთა ეთნოფსიქოლოგია.
    მისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართული ეთნოფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ჩვენი ხალხის ავადმყოფობამდე მისული თავმოყვარეობაა. სწორედ ჩვენს ამ ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სათუთ ნერვს ჩასჭიდა მან ხელი.
    მოვიყვან ასეთ მაგალითს: გაიხსენეთ 70-იანი წლების საინფორმაციო პროგრამა «ვრემია». მასში ძალზე ხშირი იყო ქართველი ერის, ქართული კულტურის ქება-დიდება, სიუჟეტი-სიუჟეტს ცვლიდა. საინფორმაციო პროგრამა მოუთხრობდა ტელემაყურებლებს იმის შესახებ, თუ რა მშვენიერი, რა წარმტაცია საქართველო, რა მდიდარია, რა უნიკალურია მისი კულტურა, რა ლამაზი, თვითმყოფადია ქართული ცეკვა... და უეცრად ამ «ტკბილი» სიუჟეტების შემდეგ «ცივი შხაპივით» სიუჟეტი (ერთი შეხედვით უმნიშვნელო) რომელშიც აღწერილი იყო, რომ საქართველოდან მოსკოვში ჩამოიტანეს ყურძენი, რომელიც უკვე დამპალი იყო და დიქტორის ხმა: ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, ნუღარ გამოუგზავნიან მოსკოველებს დამპალ ყურძენს!
    შემდეგ კი კვლავ «ტკბილი» სიუჟეტები: თუ როგორ შეძრა ინგლისი ქართველი რეჟისორის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა, როგორი ოვაციით შეხვდნენ იტალიელები ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს და.. კვლავ, უეცრად, სიუჟეტი უვარგისი ქართული ჩაის შესახებ.
    ასეთ სიუჟეტებში რუსი დიქტორები ყოველთვის ცდილობდნენ სიტყვა «ქართულისათვის» გაესვათ ხაზი, რათა ჩვეული ქება-დიდებით გაბრუებული ქართველისთვის  სიუჟეტი განსაკუთრებით მწვავე და მტკივნეული ყოფილიყო.
    ეს ყოველივე გრძელდებოდა წლების, ათწლეულების მანძილზე.
    ასე გამოუმუშავეს ქართველს კაცს იმპერიისათვის ყველაზე საჭირო უძვირფასესი «შიშის სინდრომი». ასე გახადეს იგი «სულიერად დამოკიდებული» იმპერიის «ინფორმაციულ ნარკოტიკზე». ასე გაუღვივეს ცნობიერებაში ყოველი ერისათვის ყველაზე საშიში კომპლექსი - ეროვნული არასრულფასოვნების ქვეცნობიერის გრძნობა.
    დღეს სავსებით აშკარაა, რომ რუსეთის ტელევიზია გახდა ის უმძლავრესი ბერკეტი, რომლითაც იმპერია მართავს შიდა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ პროცესებს დაპყრობილ ქვეყნებში, აღვივებს ეთნოკონფლიქტებს, ახერხებს სხვადასხვა ძალთა შეჯახების პროვოცირებას.
    იმპერიის «ინფორმაციული იარაღის» მოქმედების სპეციფიკა და ხერხები ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ხერხის საერთო მნიშვნელია რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის განსაცვიფრებელი უნარი იცრუოს ისე, რომ ტყუილი არ თქვას. დიახ, «სიცრუე ტყუილის გარეშე» - აი ეს არის მისი მთავარი თვისება.
    მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს: დღეს იმპერიას განსაკუთრებით სჭირდება სიტუაციის დესტაბილიზაცია საქართველოში; განსაკუთრებით სჭირდება მთელი მსოფლიოსათვის იმის დემონსტრირება, რომ ედურად შევარდნაძე ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, რომ იგი მერყეობს და დასავლეთის სახელმწიფოებმა ასეთ «სუსტ» პოლიტიკურ ფიგურასთან არავითარი მჭიდრო კონტაქტი არ უნდა დაამყარონ.
    ამ მიზნით, კრემლის საინფორმაციო იარაღმა განახორციელა ასეთი პროვოკაცია: პროგრამა «ნოვოსტი»-ში გადმოიცა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ «ედუარდ შევარდნაძე კორესპონდენტებთან შეხვედრისას საუბრობდა თავისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ».
    საქმეში ჩაუხედავ ტელემაყურებელს ამ ინფორმაციით ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნეს, რომ შევარდნაძე მერყეობს და დღე-დღეზე გადადგება. სინამდვილეში კი, აი, რა მოხდა: ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, რომელიღაც რუსმა ჟურნალისტმა (ალბათ წინასწარგანზრახულად) დაუსვა შევარდნაძეს კითხვა: «აპირებთ თუ არა გადადგომას აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო?», რაზეც მტკიცედ უარყოფით პასუხი მიიღო. «ნოვოსტიმ» კი განაცხადა: «შევარდნაძემ ისაუბრა თავისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ». და განა ეს ტყუილი იყო? რა თქმა უნდა არა! მაგრამ თვით ინფორმაცია ხომ ცრუ შთაბეჭდილებას(!) ქმნიდა? - რასაკვირველია.
    ამგვარი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. ვინც ამასწინათ რუსი ჟურნალისტის, ლეონიდ პარფიონოვის მიერ მომზადებული გადაცემა «პორტრეტი ფონზე» დაკვირვებული თვალით ნახა, დამეთანხმება, რომ რუსეთის ტელევიზია არა თუ დასცინის, არამედ სულში აფურთხებს ქართველ ერს და ჩვენს სამშობლოს.
    როდემდე შეიძლება ამის მოთმენა? სად არის გამოსავალი? გამოსავალი მხოლოდ ერთია - იმპერიის საინფორმაციო იარაღის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეწყდეს.
    დიახ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ, სამწუხაროდ, საეჭვოა მისი გამოყენება შეძლოს დღევანდელმა ქართულმა საზოგადოებამ.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ქართველთა დიდი ნაწილი ვერაფრით ვეღარ შეელევა «ოსტანკინოს» სპორტულ, მუსიკალურ, გასართობ თუ ინფორმაციულ (უფრო სწორად, დეზინფორმაციულ) გადაცემებს... არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს მოვიშორებთ სულიდან ამ უმტკიცეს ბორკილს და ჩვენი სწრაფვა რეალური თავისუფლებისაკენ მხოლოდ და მხოლოდ ქიმერა ყოფილა.
   

«ივერია ექსპრესი» 23 თებერვალი, 1993 წ.