უკრაინა რუსეთს ბარდება?

უკრაინა რუსეთს ბარდება?

    

        უკრაინაში პერზიდენტ მედვედევის ვიზიტი ანონსირებული იყო, როგორც «ეპოქალური». წინა ასეთი დონის ვიზიტი 1997 წელს შედგა, როდესაც პრეზიდენტმა ელცინმა და პრეზიდენტმა კუჩმამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს ყირიმში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის 2017 წლამდე დატოვების შესახებ.
        სწორედ ამ ხელშეკრულების გაგრძელება მოხდა (ფორმალურად) ე.წ. «ხარკოვის პაქტით», რომელიც უკვე იანუკოვიჩმა და მედევდევმა გააფორმეს პრემიერ პუტინის «ფარული მეთვალყურეობით».
        ამჟამიდელი ვიზიტი კი რუსული წარმატების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად. მედევდევმა უკრაინელებს კიევში აშაკრად დასცინა. როდესაც კითხეს: «სად არის გარანტია, რომ რუსეთი შავი ზღვის ფლოტს მესამე ქვეყნებზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებსო», იქედნური ღიმილით უპასუხა: «ოსტაპ ბენდერი ამბობდა, რომ ნამდვილი გარანტია მხოლოდ სადაზღევო პოლისი შეიძლება იყოს».
        ოსტაპ ბენდერი ილფისა და პეტროვის გახმაურებული რომანის გმირია – თაღლითი და გაიძვერა. ოღონდ ნიჭიერი. მართლაც ნიჭი იყო საჭირო, «პროევროპელი» პოლიტიკოსების ნაღვაწი უკრაინაში სულ 2-3 თვეში წყალში გადაგეყარა. აღარავის ახსოვს «ნატოში ინტეგრაცია», აღარავის ახსოვს უკრაინის კონსტიტუციის (!) შესაბამისი პუნქტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ჯარების განლაგებას კრძალავს.
        უფრო მეტიც: რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკების ინტეგრაცია (სინამდვილეში, უკრაინის შესვლა რუსეთის ეკონომიკურ სივრეცში) უსწრაფესი ტემპებით გრძელდება. ყველაზე მკაფიო სიგნალი, თუ რას უპირებს მოსკოვი კიევს, იყო პუტინის წინადადება გაზპრომთან უკრაინული «ნაფტოგაზის» მიერთების შესახებ. ხოლო როდესაც უკრაინელებმა «თანაბარი წილი» მოითხოვეს, პუტინმა უპასუხა: «როგორ შეიძლება ჩვენს 250 მილიარდიან გაზპრომს და თქვენს მათხოვარ «ნაფტაგაზს» ერთნაირი წილობრივი მონაწილეობა ჰქონდესო».
        რეალურად, რუსეთი უკრაინასთანაც და სხვა პოსტსაბჭოურ ქევყნებთან ერთნაირ პოლიტიკას ატარებს: ჯერ მოიყვანოს ქვეყნის სათავეში ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ევროპულ ორიენტაციაზე უარს იტყვიან, გააფუჭოს ან გაყინოს ამ ქვეყნის ურთიერთობა დასავლეთთან, ხოლო შემდეგ შესთავაზოს «პატიოსანი კონკურენცია» იმ აზრით, რომ პატარა ქვეყნები რუსეთთან პირდაპირ კონკურენციას (დასაველთის მხარდაჭერის გარეშე) ვერც ერთ სფეროში ვერ შეძლებენ.: ვერც სამხედრო და ვერც ეკონომიკური მიმართულებით. Eბოლოს კი კრემლის «ორთავიანი არსება მხრებს აიჩეჩავს»: აბა რა გიყოთ ძვირფასებო, ჩემთან კონკურენციას ევრ გაუძელით და ამიტომ ჩემს შემადგენლობაში უნდა შემოხვიდეთო.

10 წლით გადადებული ანექსია

        იანუკოვიჩის დანაშაული პირველ რიგში სწორედ ის არის, რომ ერთის მხრივ რუსეთს ხელი მოუწერა დოკუმენტზე ბაზის 2042 წლამდე დატოვების შესახებ, ესე იგი გამორიცხა ამით უკრაინის ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში, ევროკავშირში, ნატოში და ა.შ. ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთისაგან იაფი გაზის გარანტია მხოლოდ 10 წლით მიიღო.
        შეავდაროთ: სად 2020 წელი და სად 2042? ამ 10 წლის განმავლობაში რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა დარჩეს დაგლახავებული ეკონომიკის სახელმწიფოდ და ვერ ისარგებლოს იაფი გაზით იმდენად, რომ განვითარდეს და რუსეთისადმი კონკურენტუნარიანი გახდეს. 10 წლის შემდეგ კი რუსეთი ისევ მსოფლიო ფასებით მოსთხოვს კიევს გაზის საფასურსი გადახდას, ხოლო კიევი რუსული ფლოტის ყირიმიდან გაყვანის მოთხოვნას ევღარ დააყენებს – ხელშეკრულება ხომ 25 წლითაა ხელმოწერილი?!!!
        ასეთი გეგმა რომ არსებობს, ამაზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს: მიუხედავად უკრაინასთან თითქოსდა «დამთბარი» ურთიერთობისა, მოსკოვი მაინც არ ამბობს უარს «შემოვლითი გაზსადენების» მშენებლობაზე შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის გავლით. მაშასადამე, უკვე დღეს ემზადება იმ პერიოდისთვის, როდესაც უკრაინის «მოხრჩობა» ისევ დასჭირდება.
        ყველაფერ ამაზე ხელის მომწერი იანუკოვიჩის ერთადერთი სასჯელი კი, ჯერ ჯერობით, ის გახდა, რომ მედვედევთან ერთობლივ ცერემონიალზე უზარმაზარი გვირგვინი დაეცა თავზე. უკრაინული ოპოზიცია და იულია ტიმოშენკო (რომელსაც დაპატიმრება ემუქრება) მას სერიოზულ პრობლემებს ვერ უქმნიან.
        ასევე «ალაგებს» ურთიერთობას მოსკოვი სხვა მეზობლებთანაც – ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, რომლებმცა, მათდა საბედნიეროდ, ელცინის ეპოქაში ნატოსა და ევროკავშირის წევრობას მიაღწიეს და იოლად დასაჩაგრები აღარ არიან.
        რატომღაც გავრცელებულია აზრი, თითქოს რუსულმა პოლიტიკამ მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე კრახი განიცადა, რაკი «ყველასთან დაძაბული ურთეირთობა აქვს».
        სინამდვილეში კი, დაძაბული ურთიერთობა რუსეთს მხოლოდ იმ ქვეყნებთან აქვს, რომლებიც მის თამაშის წესებს არ იღებენ. ესე იგი, დემონსტრაციულად არ ამბობენ უარს დასაველთთან ინტეგრაციაზე და რუსეთს არ ეთანხმებიან «თანასწორ კონკურენციაზე», რაც ადრე თუ გვიან მათ სრულ «ჩაყლაპვას» ნიშანვს.

იანუკოვიჩის მომავალი ლუკაშენკოა

        რატომ ევრ «დაალაგა» მოსკოვმა ურთიერთობა ლუკაშენკოსთან ისევე, როგორც დაალაგა იანუკოვიჩთან? იმიტომ, რომ ბელორუსის დიქტატორი უკვე მეორე სტადიაში იმყოფება: ესე იგი, რუსეთთან სამხედრო ინტეგრაციას დიდი ხნის წინ ხელი მოაწერა, დასავლეთთან ურთიერთობა გამოუსწორებლად გაიფუჭა, ხოლო რუსეთთან თანასწორი კონკურენცია, ესე იგი რუსული კონცერნების მიერ ბელორუსის ეკონომიკის გადაყლაპვა არ უნდა: «თანასწორ წილებს მოითხოვს» ყველგან.
        კი მოითხოვს, მაგრამ ვინ მისცემს? სულ რამდენიმე წელი იქნება საჭირო და რუსეთი ბელორუსს მაინც მოახრჩობს. 10 წლის შემდეგ კი, როცა უკრაინისთვისაც დამთავრდება იაფი გაზი, იანუკოვიჩი ან მისი მემკვიდრე კრემლისთვის ისეთივე მტერი აღმოჩნდება, როგორც დღეს ლუკაშენკოა.
        არც უკრაინას და არც ბელორუსს სხვა გზა, გარდა თავისი ქვეყნების «გადასაყლა ლუკმად ქცევისა» უკვე არ ექნებათ. დასავლეთი კი ამ «ყლაპვაში» არ ჩაერევა და რუსეთს ხელს ისევე არ შეუშლის, როგორც გაიტრუნა იანუკოვიჩის მიერ ყირიმში ბაზის დატოვების თაობაზე. არადა, «ხარკოვის პაქტი» არა მხოლოდ უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არამედ «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» შესახებ საერთოევროპულ ხელშეკრულებასაც.
        ასევე «ალაგებს» მოსკოვი ურთიერთობებს სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანს ჯერ არ უთქვამს, «ნატოში შესვლა მინდაო». ისევე, როგორც ყაზახეთს ან უზბეკეთს. ამიტომ, მოსკოვიც ითმენს ამ რეჟიმებს და ღია კონფრონტაციაზე არ მიდის: «კონკურენციას» სთავაზობს. აი, მოლდოვას წინააღდმეგ კი, კრემლმა მაშინვე სანქციები შემოიღო, როგორც კი კოალიცია «ევროპული ინტეგრაცია» გახდა იქ მმართევლი პარტია.
        აქედან გამომდინარე, ძნელი გასათვლელი არ არის, რა გეგმა აქვს მოსკოვს საქართველოს მიმართ. მთავარია ქვეყნის სათავეში მოვიდეს პოლიტიკოსი, რომელიც უარს იტყვის დასავლეთთან ინტეგრაციაზე, ხელს მოაწერს ხელშეკრულებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან «თავდაუსხმელობის შესახებ» (რაც იქ რუსეთის ჯართა დაკანონების ტოლფასი იქნება), ამით გამორიცხავს ნატოში საქართველოს ინტეგრაციას თუ დასაველთთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, ამის შემდეგ კი დადგება ძმობის, მეგობრობისა და «ეკონომიკათა თანასწორი კონკურენციის დრო», კვლავ გაიხსნება «ერგნეთის ბაზრობა» და საქართველო ჯერ ეკონომიკური, შემდეგ სოციალური და ბოლოს პოლიტიკური თვალსაზრისით პუტინისეული ახალი იმპერიის პროვინცია გახდება. აბა რას იზამ, თუკი «პატიოსან კონკურენციას» ვერ გაუძლებ?

2010