უკან მხოლოდ სოციალიზმია

უკან მხოლოდ სოციალიზმია

    რამდენიმე ხნის წინ საქართველოში ჩამოყალიბებული «მემარცხენე კოალიცია», მრავალი სხვა «ჯუჯა პარტიისაგან» განსხვავებით, არათუ იშლება და ქუცმაცდება, არამედ ახალ-ახალი სოციალური ძალებით ივსება და, როგორც ჩანს, აპირებს მომავალ არჩევნებში სერიოზული მეტოქეობა გაუწიოს «მოქალაქეთა კავშირს».
    ნანა დევდარიანისა და გრიშა ონიანის «შემოერთებით» რჩეულიშვილმა ერთდროულად სამი კურდღელი დაიჭირა: «სტალინისტების» გულიც მოიგო და ნანა დევდარიანის სახით ქართველი სოციალ-ლიბერალების (ცოტა უცნაური შეთავსებაა, მაგრამ საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია) ხმებიც მიითვალა.
    ამ ტრიადაში ნანა დევდარიანი გრიშა ონიანს «აწონასწორებს» (რასაკვირველია, პოლიტიკური თვალსაზრისით). ამავე დროს, რჩეულიშვილმა საკმაოდ ეშმაკური სვლა გააკეთა და კარდინალურად შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთთან დამოკიდებულებაში. თუ ცოტა ხნის წინ სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე «სისულელეს» უწოდებდა «მოქალაქეებისა» და «სახალხო ფრაქციის» ინიციატივით მიღებულ «ანტირუსულ კონცეფციას», ახლა პირიქით, თავად აკეთებს «ანტირუსულ განცხადებებს» ისე, რომ ამ კონცეფციის ერთ-ერთი იდეოლოგი გეგონება.
    საკმარისია გავიხსენოთ მისი პოზიცია ესენგესთან დაკავშირებით; ამჟამად კი ვახტანგ რჩეულიშვილი თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის მომხრეა. უფრო მეტიც, ჩრდილოეთ კავკასიასთან მჭიდრო ურთიერთობის მოთხოვნასაც კი აყენებს, რაც საბოლოოდ მხოლოდ რუსეთის საწინააღმდეგო საფუძველზე შეიძლება მოხდეს, ვინაიდან «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან» გასვლის შემთხვევაში საქართველოს აქტიურობა ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე «ანტირუსულ» ელფერს შეიძენს.
    ეს ყოველივე კი პირველი ნიშანია იმისა, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ ზატულინებსა და მიგრანიანებს: საქართველოში ხდება ელიტის კონსოლიდაცია ანტირუსულ საფუძველზე.
    რჩეულიშვილიც მიხვდა, რომ პრორუსული რიტორიკა პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე წამგებიანია, ამიტომ ყურადღებას ძირითადად სოციალურ საკითხებზე ამახვილებს. აქ კი კომპრომისი ნაკლებად მოსალოდნელია: თუ რუსეთთან დამოკიდებულებაში ქართული საზოგადოება მართლაც კონსოლიდირებულია, სოციალურ საკითხებში ჯერ კიდევ ვერ «დაღვინებულა» საბოლოოდ და «პროტექციონიზმის» ლამაზი იდეა მასზე კვლავ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
    ამის მაჩვენებელია, აგრეთვე, ნანა დევდარიანის პოლიტიკური ევოლუცია მიხეილ ნანეიშვილიდან (რომელსაც სიტყვა «სოციალიზმის» ხსენებაზე გული ერეოდა) - ვახტანგ რჩეულიშვილამდე, რომელსაც «სოციალისტური რწმენა» სულაც არ უშლის ხელს, «ოფიციალური მილიონერი» იყოს.
    სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: «მემარცხენეები» ძალიან აქტიურად ემზადებიან მომავალი საპარლამენტო (შესაძლოა, არა მხოლოდ საპარლამენტო) არჩევნებისათვის. მათი სოციალური ბაზა გარკვეულია (სხვებთან ერთად მათ ფემინისტური ორგანიზაციებიც დაუჭერენ მხარს). ამდენად, 1999 წლის არჩევნებში ორი ძირითადი პარტია იბრძოლებს გამარჯვებისთვის: «მოქალაქეთა კავშირი» და «სოციალისტები».
    ეს უკანასკნელნი უეჭველად შეეცდებიან პრეზიდენტის მხარდაჭერაც მიიღონ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ იმ დროისათვის შესაძლოა «ცალსახა» არჩევანი გააკეთოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლიბერალური რეფორმა საქართველოში წარმატებით დასრულდება. ამდენად, მმართველი პარტიის მომავალი წარმატება მის რადიკალურობაზეა დამოკიდებული. უკანდასახევი გზა აღარ არის - უკან მხოლოდ სოციალიზმია.

მერიდიანი, 5 აგვისტო, 1997 წ.