სინგაპურელი მიშას აღსასრული

სინგაპურელი მიშას აღსასრული

 

გარდაიცვალა ლი ქუან იუ _ სინგაპურის ეკონომიკური სასწაულის ავტორი და ჩვენი «პრეზიდენტი მიშას» შთაგონების წყარო. ღიად არასდროს ამბობდა, უფრო დე გოლსა და ქემალ ათათურქს ედრებოდა, თუმცა სისტემა, რომლის შექმნასაც საქართველოში ცდილობდა, ან რაზეც ოცნებობდა, სწორედ «სინგაპურული მოდელის» კიდევ უფრო მახინჯი ერზაცი იყო. «მახინჯი», თანაც «ერზაცი», რადგან სხვაგვარი ვერც იქნებოდა. თუ რატომ _ ამის თაობაზე ქვემოთ.

რა გააკეთა ლი ქუან იუმ სინგაპურში ისეთი, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს რეფორმატორად და ლამის გენიოსად ითვლება? არც არაფერი ნოვატორული და განსაკუთრებული: აიღო «ადამიანური მასა», რომელიც შედგებოდა ჩინელებისგან და მალაიზიელებისგან, გამოიყენა სინგაპურის უდიდესი პორტის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ოსტატურად დააბალანსა რეგიონისა და მსოფლიოს «დიდ მოთამაშეთა» ინტერესები და ამ საფუძველზე შექმნა კლასიკური მემარჯვენე დიქტატურა (მარტივად თუ ვიტყვით, ფაშისტური რეჟიმი), ანუ სახელმწიფო და საზოგადოება, სადაც ადამიანს აქვს სრული ეკონომიკური თავისუფლება, მისი პიროვნული ინიციატივა მთლიანად არის მხარდაჭერილი, მეფობს «ველური კაპიტალიზმის» კანონები (მართლაც საუკეთესო გარემოა სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის), მაგრამ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური თავისუფლება, დამყარებულია ერთპარტიული დიქტატურა, აკრძალულია გაფიცვები, დემონსტრაციები, იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მეფობს მერიტოკრატია, რომელსაც უთვალავი ადამიანური განზომილებიდან აინტერესებს მხოლოდ ერთი _ პიროვნული და კორპორაციული წარმატება!

ლი ქუან იუ 1955 წელს გახდა სინგაპურის ლიდერი და 1990 წლამდე მართავდა ქვეყანას. მის დროს (აი, ჩვენში რომ იტყვიან ხოლმე, «შევარდნაძის დროს», «მიშას დროს») სინგაპურმა ფანტასტიკურ წარმატებას მიაღწია: ლი ქუან იუს მმართველობის დასაწყისში სინგაპურელები ვირთხებს ჭამდნენ, 1990 წლისთვის კი ცხოვრების დონით ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებდნენ და ეს წინსვლა გრძელდება, რადგან «დიდი რეფორმატორის» გადადგომის შემდეგ ქვეყანას მისი ვაჟი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც, რასაკვირველია, მამის საქმე გააგრძელა

ო, როგორ უყვარდა მიშას ეს ქვეყანა, რა ხშირად ჩადიოდა იქ და ტკბებოდა ელვარე ცათამბჯენებით, ზმანებაში გადმოჰქონდა ისინი ბათუმსა და ლაზიკაში...

ახლაც ამოიოხრავს ხოლმე ზოგჯერ, «გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის» ეთერში: «ეეეეეეჰჰჰ, მე რომ დამცლოდა...»

არადა, შეუძლებელი იყო «დასცლოდა» იმ უბრალო მიზეზით, რომ... საქართველო მართლა «მაინც უფრო» ევროპაა, ვიდრე სინგაპური! ქართველები კი, თავიანთი მენტალობით, ევროპასთან ბევრად ახლოს არიან, ვიდრე იმ უბადრუკი მასისგან, რომელიც ლი ქუან იუმ თავისი «ოცნების ქალაქის» უტყვ საშენ მასალად აქცია.

მაგალითად, საქართველოში შეუძლებელია, დააწესო ადამიანის საჯარო გაროზგვა სამსახურში დაგვიანებისთვის, რაც ლი ქუან იუმ დააკანონა. რატომ არ შეიძლება? აბა, სცადეთ და გაეცით პასუხი კითხვას: რატომ არის შეუძლებელი საქართველოში ასეთი წესის შემოღება _ ხომ თითქოს ისტორიით (განსაკუთრებით ბოლო 25 წლით და უამრავი სამარცხვინო დამარცხებით) «დაჩმორებული» ერი და საზოგადოება ვართ, მაგრამ...

ლი ქუან იუს დიდი დემოკრატიები არ მისცემდნენ ამის უფლებას და ომსაც კი დაუწყებდნენ ამის გამო, თორემ მისი ნება რომ ყოფილიყო, ურნის გვერდზე სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის დიდ ჯარიმას კი არ დააწესებდა, არამედ, მაგალითად, მარცხენა ნეკის მოკვეთას _ უმაღლესი ევროპული სტანდარტის საავადმყოფოში.

რა მოხდა მერე? _ სამაგიეროდ სულ წკრიალებს, ისეთი სუფთაა სინგაპური. თბილისს კი არ ჰგავს ან პარიზს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიშა სააკაშვილს (და სინგაპურიზაციის კიდევ ერთ ადეპტს, რომლის დასახელება მიცვალებულისადმი პატივისცემის კანონით არ ღირს), მიუხედავად მისი ინგლისურისა და «ქალამბიის» დიპლომისა, დღემდე არ ესმის, როგორც ჩანს, რა უმთავრესი სხვაობაა ევროპასა და სინგაპურს შორის.

ევროპის უმთავრესი ნიშან-თვისება ისაა, რომ აქ ადამიანს აქვს შეცდომის უფლება! ეს უფლება ადამიანური ღირსების განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამან შექმნა ევროპული ცივილიზაცია _ თავისი რევოლუციებით, წინსვლებით, დეგრადაციებით, წარმატებებით, წარუმატებლობებით, ადამიანური ვნებებით, გენიოსებით, ნაძირალებით, ინკვიზიციით, რეფორმაციით, შემოქმედებითი ტიტანებით, სულიერი ამბოხებებითა და კნინობებით, რომითა და ლონდონით, პარიზითა და პეტერბურგით. დიახ, დიახ, «პროსინგაპურელო რუსოფობებო», პეტერბურგით _ თავისი პუშკინითა და დოსტოევსკით, თავისი წარუმატებელი სოციალური ექსპერიმენტით, თავისი ბლოკითა და მალევიჩით მაინც უფრო ევროპაა და სწორედაც ევროპაა უპირველესად ამ თვისების გამო _ რომ არ იყო ყოველთვის მართალი და სწორხაზოვნად წარმატებული, ანუ ჰქონდა უფლება და გამოცდილება შეცდომის, ილუზიის, ანტიპრაგმატიზმის, როგორც ადამიანური ბუნების გამოხატულებისა.

სინგაპურელებს კი არ აქვთ ამის უფლება და უნარი. ეს არის რობოტიზებული საზოგადოება _ «დოქტორ მოროს კუნძული», სადაც მორალური ურჩხულები არ ცხოვრობენ (კრიმინოგენური თვალსაზრისითაც მსოფლიო ლიდერია), რაკი მორალური ურჩხული შეიძლება მხოლოდ ადამიანი იყოს, ისინი კი ადამიანები არ არიან.

როგორ შეიძლება ადამიანი უწოდო უბადრუკ ორფეხა არსებას, რომელსაც საჯაროდ როზგავენ სამსახურში დაგვიანების გამო?!!! რა «ელვარე ცათამბჯენი» დაჩრდილავს ან გადაფარავს ამ საზიზღრობას?

ისე, ცათამბჯენებს რაც შეეხება: ბევრს უთქვამს, რომ შანხაი, ჰონკონგი და სინგაპური «თვით ნიუ-იორკზე შთამბეჭდავია». დიახ, ერთი შეხედვით ნამდვილად ასეა: მინახავს და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. მაგრამ საკმარისია, სცადო, შეიგრძნო ისე, როგორც «დიდ ვაშლს» გრძნობ, რომ უმალვე მიხვდები: ეს ბუტაფორიაა, შუშაზე მიწებებული კალკია, რადგან ნიუ-იორკის ცათამბჯენები _ ლონდონის «ტაუერიდან» და კელნის ტაძრიდან ამოიზარდნენ, ისინი იმ დიადი, მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციის ღირებულებათა გამომხატველნი არიან და მათი სიმაღლიდანაც კი ხედავ ადამიანს, როგორც ამ საოცრების შემოქმედს.

შანხაისა და სინგაპურის ცათამბჯენებიდან კი ხედავ მხოლოდ უფერულ მასას, არა მხოლოდ და არა იმდენად ერთნაირი სახეებით (რასიზმში რომ არ ჩამომართვან), არამედ, რაც ბევრად უფრო საგულისხმოა, ერთნაირი გამომეტყველებით!

ჩადით, გაიარეთ და დარწმუნდებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაზე საზიზღარი და გულისამრევი, რაც საქართველოში «მიშას რეჟიმს» ახასიათებდა, იყო ეს გაუთავებელი თვალთმაქცური ტლიკინი ვითომ დასავლურ ორიენტაციაზე _ ნატოზე, ევროკავშირზე, და, რეალურად, ლი ქუან იუს ამაზრზენი მოდელის გადმოღების მცდელობა საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მასზე ოცნება მაინც.

არადა, რა შუაშია აქ ნატო? ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ევროპული ცივილიზაციის «ფარი», მისი ღირებულებების მცველი ორგანიზაცია. ამ ღირებულებებს კი არაფერი აქვს საერთო მახინჯ ღამურასთან, რომელიც ლი ქუან იუმ შექმნა, ხოლო დიდმა ევროპელმა კინორეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა პირუთვნელად აღწერა სათანადოდ დაუფასებელ ფილმში «ინფიცირება» (ჩონტაგიონ), რომლითაც თქვა, რომ ამ ორი კატასტროფულად განსხვავებული ცივილიზაციის შეჯვარება შეუძლებელია, რაკი შედეგი არსობრივად მახინჯი და გამანადგურებელი იქნება.

საბედნიეროდ, საქართველომ მოიშორა ეს სიმახინჯე და იმედია, აღარც ოდესმე მობრუნდება.

2015