სახალხო დეპუტატთა ყრილობა

სახალხო დეპუტატთა ყრილობა - ეროვნული მოძრაობა

სახალხო დეპუტატთა ყრილობა

9 აპრილის მოვლენები მხოლოდ ერთ დღის განმავლობაში რჩებოდა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებათა მთავარ თემად. მეორე დღეს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავი. ერთ-ერთ განყოფილებაში კახელი ბიჭი დაიწვა, რომელიც ბოლომდე ვაჟკაცურად ებრძოლა სტიქიას. სულ სამოცდაათი მეზღვაური და ოფიცერი დარჩა ოკეანის ფსკერზე. ატომური რეაქტორი დღემდე არ არის ბოლომდე ჩამქრალი. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა რეაქციას გამოიწვევდა ევროპაში ატომური წყალქვეშა ნავის ჩაძირვა სკანდინავიის ნაპირებთან. მით უმეტეს ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ. ასეთ ვითარებაში ვიღას გაახსენდებოდა 9 აპრილი?
    რამდენიმე დღეში ინგლისის ერთ-ერთ სტადიონზე მოხდა საზარელი ტრაგედია: ფეხბურთის ფანატიკოს გულშემატკივართა ჩხუბის შედეგად დაიწყო პანიკა, გაჩნდა ხანძარი. დაახლოებით ასი ადამიანი დაიღუპა ტრიბუნებისა და მოედნის გამყოფ რკინის ჯებირთან ჭყლეტაში. საშინელი ფოტოსურათები «საკავშირო პრესამ» გამოაქვეყნა აშკარა ქვეტექსტით, რომელიც «9 აპრილს» უკავშირდებოდა.
    მაისის ბოლოს საქართველოში მომავალი «საკავშირო ყრილობის» თაობაზე ალაპარაკდნენ. გორბაჩოვის რეფორმათა შედეგად «საკანონმდებლო» ხელისუფლებამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა. შეიქმნა ახალი ორგანო: «სახალხო დეპუტატთა ყრილობა», რომელსაც უნდა აერჩია როტაციული უმაღლესი საბჭო.
    ზოგადად, საბჭოთა კავშირისათვის ეს მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, საბჭოთა «პარლამენტს» მთლიანობაში მაინც ბუტაფორიის ფუნქცია ეკისრებოდა. მისი არჩევის წესი, შემადგენლობა, ძალთა განლაგება იმგვარი იყო, რომ რეალური ზეგავლენა პროცესებზე არ ექნებოდა. სამაგიეროდ, მთავარი ფუნქცია შეასრულა და დასავლეთში «დემოკრატიულობის» შთაბეჭდილება შექმნა. რაიმე საპარლამენტო კულტურაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა - ამგვარ კულტურას მხოლოდ ბალტიის რესპუბლიკათა წარმომადგენლები ამჟღავნებდნენ. «სახალხო დეპუტატთა» 80 პროცენტი (წინასწარ შედგენილი სიების შესაბამისად), ან გონებაჩლუნგი «პროლეტარი» იყო, ან კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენელი.

    საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ყრილობის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ. პირველი სხდომა პოლიტბიუროს სხდომაზე დამტკიცებული «საარჩევნო კომისიის» თავჯდომარემ გახსნა. მას სიტყვა ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, რომ ტრიბუნაზე ავარდა დეპუტატი ტოლპეჟნიკოვი ლატვიიდან, რომელმაც მოითხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 9 აპრილს, თბილისში დაღუპულთა ხსოვნისათვის. მთელი ყრილობა ფეხზე წამოდგა. წამოდგნენ (მაგრამ უმალვე დასხდნენ) პოლიტბიუროს წევრებიც. ტელეეკრანზე მსხვილი პლანით გამოჩნდა დარბაზში მჯდომი («პრეზიდიუმში» მოგვიანებით მიიწვიეს) მიხეილ გორბაჩოვის სახე - იგი აშკარად შეწუხებული და შეშფოთებული იყო ასეთი დასაწყისით.
    9 აპრილის თემამ პირველ ორ დღეს რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ყრილობაზე სხვადასხვა კონტექსტში. ერთხელ ესტონელი დეპუტატი ქალის გამოსვლაში: «В тбилиси женшины погибли страшной смертью». მეორედ ანდრეი სახაროვის რაპლიკაში, რომელმაც პროტესტი გამოთქვა მოსკოვში ძერჟინსკის სახელობის დივიზიის შემოყვანის გამო: «Мы же знаем как действовала она в тбилиси!» ამ დროს დარბაზში რომელიღაც რუსი დეპუტატი წამოხტა: «Правильно, правильно действовала!».  ავღანეთის ვეტერანი ახალგაზრდა რუსი ოფიცერი: «…Политиканы из грузии и прибалтики … а для меня … отечесство, держава, комунизм!».
    მაშინაც კი, როდესაც 9 აპრილზე არ იყო საუბარი, დარბაზში და გამომსვლელთა სიტყვებშიც იგრძნობოდა დაძაბული მოლოდინი ამ საკითხის განხილვისა. მეორე დღეს ელდარ შენგელაიამ ტრიბუნიდან წაიკითხა გენერალ როდიონოვის ამომრჩეველთა განცხადება (როდიონოვი ახალციხე-აბასთუმნიდან იყო არჩეული სახალხო დეპუტატად) - მისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევისა და გაწვევის შესახებ: «Такой депутат не нужен нам здесь». გარდა ამისა, შენგელაიამ (იგი, როგორც ყოველთვის, დამტვრეული რუსულით, ბორძიკით ლაპარაკობდა), - ყრილობას შესთავაზა ენახათ 9 აპრილის მოვლენათა ამსახველი ვიდეოფილმი.
    ყრილობის მეორე დღეს «საერთო დისკუსიაში» მონაწილეობა მიიღო გურამ მგელაძემ, რომელმაც ეკონომიკური რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა: «Мяса нам нада, а от маркса отказыватся нам не нада». ამ გამოსვლას აფხაზეთის სახალხო ფრონტის გაზეთი ნიშანდობლივად გამოეხმაურა: მგელაძის სიტყვამ დაადასტურა, რომ ქართველები კაპიტალიზმის მომხრენი არიან და ამ დანაშაულებრივ მისწრაფებას საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელობაც მხარს უჭერსო.
    ყაზახი პოეტის, ოლჟას სულეიმენოვის გამოსვლაში გაიჟღერა მოულოდნელმა პასაჟმა: «Мы должны прислушатся к голосу абхазского народа…» იგი, რა თქმა უნდა, გულისხმობდა სწორედ იმ «აფხაზურ წერილს», რაც ლიხნის შეკრების შემდეგ დაეგზავნა საბჭოურ ისტებლიშმენტს - პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს.

        9 აპრილთან დაკავშირებით მთავარი მოვლენები მხოლოდ ყრილობის მესამე-მეოთხე დღეს გაიმართა.
    საქართველოსაგან (ისევ და ისევ საერთო დისკუსიის ფარგლებში) სიტყვა მიიღო აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ. იგი ტრიბუნაზე ავიდა და წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. მასში დაწვრილებით იყო აღწერილი 9 აპრილის პერიპეტიები. ძირითადი აქცენტი თამაზ გამყრელიძემ მიტინგის «მშვიდობიანობაზე» დასვა. მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ეს იყო თუმცა არასანქცირებული, მაგრამ მშვიდობიანი მიტინგი. მეორე დღეს, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადისლავ არძინბამ იგივე აქცენტი დასვა და აღნიშნა, რომ ლიხნის მიტინგი «სანქციონირებული» იყო - იგულისხმებოდა: განსხვავებით თბილისის მიტინგისაგან.
    თამაზ გამყრელიძემ პირდაპირ დაადანაშაულა რუსული გენერალიტეტი და პირადად გენერალი როდიონოვი უმწეო ადამიანთა მკვლელობაში. «ძერჟინსკის დივიზიას» კი მან «დამსჯელი ექსპედიცია» («каратели») და «მკვლელთა რაზმი» უწოდა.
    საერთოდ, თავის სიტყვაში (მეტისმეტად, გამაღიზიანებლად «გადატყლარჭული» რუსულით) გამყრელიძემ საგანგებო ყურადღება დაუთმო კონკრეტულად იგორ როდიონოვს, რითაც ამ უკანასკნელს საშუალება მისცა, სიტყვა დაუყოვნებლივ მოეთხოვა «საპასუხო გამოსვლისათვის». როგორც კი გამყრელიძემ სიტყვა დაასრულა, დარბაზშიც აყვირდნენ: «Родионова!» ანუ, «სიტყვა მიეცით როდიონოვს!».
    იგორ როდიონოვი მკაცრი სახით ავიდა ტრიბუნაზე და სხდომის წამყვანი, რაფიკ ნიშანოვი გააფრთხილა: შეიძლება რეგლამენტს გადავაჭარბოო. უზბეკეთის ლიდერმა სცადა დისკუსია გაემართა ამ საკითხზე, მაგრამ როდიონოვი დარბაზის მხარდაჭერით იყო გულმოცემული: «Но я же не просил выступать…».
    ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ როდიონოვმა ძირითადი ყურადღება მიაპყრო სწორედ «ანტირუსულ» და არა «ანტიკომუნისტურ» სულისკვეთებას, რაც 9 აპრილის მიტინგზე სუფევდა. მან წაიკითხა შესაბამისი ლოზუნგები და ეს გააკეთა ისეთნაირად, რომ ყველა დარწმუნდებოდა: 9 აპრილს ქართველებს ანტირუსული განწყობა ამოძრავებდათ და არა ანტიკომუნისტური: «Долой прогнившую Русскую империю; долой Русский комунизм; Русские окупанты убирайтесь из Грузии!» და ა.შ. ეს ლოზუნგები დარბაზში მყოფი რუსი «დემოკრატებისთვისაც» საწყენი იქნებოდა. ამით როდიონოვმა რუსულ ეროვნულ სიმებსაც გამოჰკრა ხელი: «Вот слушал я рассказы Грузинских депутатов о том, что русские солдаты убивали женщин и детей, о том, как десантник гонялся за старухой три километра и наконец добил её в кустах и вспоминал слова наши русские, волшебные, - от возмущения!» როდიონოვის ამ სიტყვებისთანავე დარბაზს მოწონებისა და კმაყოფილების ტალღამ გადაუარა. ტელეეკრანზე გამოჩნდა გაწითლებული და თავჩაქინდრული მუხრან მაჭავარიანი, რომლის მეზობლად მჯდომმა რუსმა დეპუტატმა (როდიონოვის მისამართით) ჩაილაპარაკა: молодец!
    ასეთივე «ყურებჩამოყრილნი» იყვნენ სხვა ქართველი დეპუტატებიც. იგორ როდიონოვი მქუხარე ოვაციით გააცილეს ტრიბუნიდან. მოულოდნელად ადგილიდან წამოდგა მიხეილ გორბაჩოვი: « Не скрою от вас: знаю эту республику, знаю этот народ и люблю его очень…. я всегда был против применения силы в Грузии, потому что считал: тем самым мы оскорбим Грузина,- Война, который никогда с этим не смирится!»
    სხვათა შორის, გორბაჩოვმა იმავე საღამოს მიიღო ქართული დეპუტაცია. დახურულ კარს მიღმა იგი უკვე სულ სხვა ტონალობაში ესაუბრებოდა ქართველ დეპუტატებს და უკმეხად გამოლანძღა ისინი. არგუმენტად ისევ და ისევ ლოზუნგები მოჰყავდა. ქართველები კვლავ ყურებჩამოყრილნი ისხდნენ. რეზო თაბუკაშვილმა ისღა მოახერხა ეთქვა: ასეთი ლოზუნგები კი იყო, მაგრამ ლოზუნგების გულისათვის ადამიანების დახოცვა მაინც მეტისმეტიაო.
    თბილისის მოვლენათა შემსწავლელი კომისიის თავჯდომარედ ანატოლი სობჩაკი აირჩიეს.
    იმ დროს, როდესაც მთელი ეს ორომტრიალი ვითარდებოდა ყრილობათა სასახლეში, ედუარდ შევარდნაძე უეჭველად საგონებელში იქნებოდა ჩავარდნილი. იმ მომენტში მას ჰქონდა შანსი, რომლის გამოყენებას ცდილობდა კიდეც: იგი გადადგომის, ანუ «კარის გაჯახუნების» შესაძლებლობაზე ფიქრობდა.
    ერთის მხრივ, შევარდნაძე რომ მაშინ პროტესტის ნიშნად გადამდგარიყო მინისტრის პოსტიდან, ეს თითქოს ძალზე ძლიერი სვლა იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამით საქართველოში მისი სახელი დაუკავშირდებოდა 9 აპრილს და ზოგიერთები უეჭველად იტყოდნენ: «შევარდნაძის გამო დაგვსაჯესო». ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის, ერთ-ერთი უძლიერესი თვისება ის არის, რომ იგი შესანიშნავად იცნობს საკუთარი ხალხისა და საზოგადოების ფსიქოლოგიას. ამიტომაც გადაავადა გადადგომა წელიწადნახევრით.
    მეორე დღეს ყრილობის მონაწილეებმა ნახეს ვიდეოფილმი 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა (შემდგომში პრეზიდენტმა) ნურსულტან ნაზარბაევმა ნანახს, ყრილობის ტრიბუნიდან, ასეთი კომენტარი გაუკეთა: «ქართველი დეპუტატები გვარწმუნებდნენ, რომ ამ ფილმში იქნებოდა რაღაც ფაქტები, მაგრამ გარდა დიქტორის ხმისა, რომელიც მომხდარის საკუთარი ვერსიის ჩვენთვის თავსმოხვევას ცდილობდა, - არავითარი ფაქტები ფილმში არ იყო». ამ განცხადებას დარბაზში, რა თქმა უნდა, მქუხარე ოვაცია მოჰყვა.

    მკითხველს ვთხოვ მიაქციოს ყურადღება (ნაზარბაევი, სულეიმენოვი, ყალმუხი პოეტი კუგულტდინოვი და ა.შ.) - აფხაზი სეპარატისტები აქტიურად ეძებდნენ და პოულობდნენ მოკავშირეებს თვით საბჭოთა კავშირის ხალხებს შორის. ჩვენში კი ამას აბა ვის შეასმენდი, - ამის საჭიროება სასაცილოდაც არ ეყოფოდათ: «ხა, ხა ხა რა სისულელეა, ჩვენ ქართველებს(!!!) როგორ გვეკადრება იმპერიის შიგნით, მონებთან ინტერესთა თანხვედრაზე ფიქრი. ეს ხომ «პოლიტიკური ანანიზმი» იქნებოდა («მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერის გამოთქმაა -ავტ.), - სულ ერთია, რასაც მოსკოვი ეტყვით იმას გააკეთებენ. ოლჟას სულეიმენოვმა რაც თქვა, - იმიტომ თქვა, რომ «კრემლმა დაავალა»..
    ერთი სიტყვით, «ქართველებს როგორ გვეკადრება საზიზღარ «მონებს» შორის მოკავშირეების ძიება».
    ერთადერთი «ბალტიისპირელები» - კიდევ ჰო. ისიც იმ პირობით, თუ აღფრთოვანდებიან და აღიარებენ, რომ მათ «ბევრად ვუსწრებთ» დამოუკიდებლობისაკენ სავალ გზაზე.
   

    სწორედ ამ დღეს ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვლადისლავ არძინბა. მისი გამოსვლა იყო უაღრესად რაფინირებული, ჭკვიანური, ეშმაკური, კარგად გათვლილი და, სეპარატისტთა ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად მიზანშეწონილი.
    მან სიტყვა დაიწყო ციტატით ედუარდ შევარდნაძის რომელიღაც სტატიიდან. ოღონდ ეს გააკეთა არა მისდამი პატივისცემით, არამედ იმ მიზნით, რათა «შევარდნაძის» ხსენებაზე დარბაზის რუსული ნაწილი გაღიზიანებულიყო. შემდეგ, რაკი შესაბამისი ფონი და განწყობა შექმნა დარბაზში, ქართველებს თვალთმაქცურად «მიუსამძიმრა» მომხდარის გამო.
    ესეც ზუსტად გათვლილი სვლა გახლდათ: აფხაზ სეპარატისტებს ძალიან ეშინოდათ, რომ ქართულ დელეგაციაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო თუნდაც ერთი ჭკვიანი ადამიანი, ვინც მიხვდებოდა: სიტუაციისა და პერსპექტივის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო ყველაფრის ლიხნის შეკრებისათვის დაბრალება და თბილისში ანტირუსული გამოსვლების ახსნა სწორედ აფხაზი სეპარატისტების აქციით. ამით საქართველო უეჭველად მოიგებდა!
    ამას ხვდებოდნენ სეპარატისტებიც, ამიტომ არძინბამ ქვეწარმავლური ეშმაკობით გააძლიერა (ამ «მისამძიმრებით») ის სულელური განწყობა, რომ ასეთი არგუმენტის მოტანა «არავაჟკაცური» და «ქართველებისათვის შეუფერებელი» იქნებოდა.
    აი, სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს გველური «მისამძიმრება». და მან უმალვე გაჭრა: რომელიღაც ქართველმა ტაშის დაკვრა სცადა, - «კეთილშობილების» მოწონების ნიშნად. მას სხვა ქართველებიც აჰყვებოდნენ, მაგრამ დარბაზის ცივმა მდუმარებამ აიძულათ ტაში «მოესხიპათ». მით უმეტეს, რომ არძინბამ უმალვე («მისამძიმრებისთანავე») აღნიშნა: «Некоторые утверждают, что сущесствует некая связь между Тбилисскими событиями и санкционированным митингом в Лыхны. но мы отвергаем такую связь: митинг в Тбилиси ставил перед собой другие цели и митингующие действовали другими методами».
    ასე აღმოვჩნდით კიდევ ერთხელ გასულელებული. აქვე გამოჩნდა, რა განსხვავება იყო ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს შორის: თამაზ გამყრელიძეს რომ თავის გამოსვლაში ძირითადი აქცენტი ლიხნის შეკრებაზე გადაეტანა და დაეწყო მტკიცება: 9 აპრილის მოვლენები აფხაზეთში სეპარატისტთა პროვოკაციამ განაპირობაო (რაც, ნაწილობრივ მართალიც იყო), - ამით საქართველო (ვიმეორებ) პოლიტიკურად ბევრს მოიგებდა: ყრილობის რუსული ნაწილი სეპარატისტთა წინააღმდეგაც განეწყობოდა, ვინაიდან აფსუებსაც დაბრალდებოდათ თბილისში «ანტირუსული გამოსვლების» პროვოცირება. მაგრამ თამაზ გამყრელიძეს ამგვარი რამ აზრადაც არ მოსვლია. რომც მოსვლოდა აზრად და ეთქვა, - მეტისმეტად ამბიციური ქართული მენტალიტეტი ამას არ მიიღებდა, «არავაჟკაცურად» ჩათვლიდა.
    აფხაზებს ასეთი პრობლემა არასდროს ჰქონიათ. ისინი პოლიტიკაში მოქმედებდნენ ერთადერთი პრინციპით, - მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ქართველები კი ცდილობდნენ, პოლიტიკაში შემოეტანათ მისთვის სრულიად უცხო კატეგორიები და ცნობიერი სტერეოტიპები. ამიტომაც დაგვამარცხეს სეპარატისტებმა. და საერთოდ, ყოველთვის დავმარცხდებით, სანამ არ შევიგნებთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს მხოლოდ რაციონალური და ცინიკურობამდე მიზანშეწონილი. სხვაგვარი პოლიტიკა პოლიტიკა არ არის.
    ერთი მაგალითი: როდიონოვის გამოსვლის შემდეგ რომელიღაც ლიტველმა დეპუტატმა სადეპუტატო უფლებამოსილება მოიხსნა პროტესტის ნიშნად. ქართველი დეპუტატები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მისი კეთილშობილებით, - მიეჭრნენ მადლობის სათქმელად, თუმცა მან ცივად უპასუხა: მე ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავიო. სინამდვილეში იგი ასე მოიქცა მართლაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ლიტვას სჭირდებოდა: ბალტიისპირელები დაინტერესებულნი იყვნენ იმის დაფიქსირებით, რომ მხოლოდ ისინი არ მოითხოვდნენ საბჭოთა კავშირიდან გასვლას.
    ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა, - ლიტვამ ყველაზე გვიან სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ჯერ იმ საბაბით არ სცნობდა, რომ «საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმი იყო» (იგულისხმება «გამსახურდია და კამარილია»), შემდეგ იმ მიზეზით, რომ «ახალი ხელისუფლება ძალადობრივად მოვიდა სამხედრო გადატრიალების შედეგად» და ა.შ.
    სინამდვილეში, ლიტვა ორივე შემთხვევაში გამოდიოდა ერთი და იმავე ჯანსაღი პოლიტიკური პრინციპიდან: «რატომ ავიტკივო აუტკივარი თავი როდესაც ეს არ მჭირდება და არაფერს მაძლევს»?
    არადა ჩვენ გაუთავებლად «ვიტკივებდით» თავს მაშინაც კი, როდესაც ეს არაფერს გვაძლევდა.


    სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე საქართველოსათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა უზბეკეთის ფერღანის ოლქში დატრიალებული საზარელი ტრაგედია. უზბეკებმა ასეულობით გათურქებული ქართველი (იგივე «თურქი მესხი») გაჟლიტეს ენით აუწერელი სისასტიკით. არც ერთ ქართველს ამის თაობაზე კრინტი არ დაუძრავს. არადა, გამოსვლა და რაღაცის თქმა აუცილებელი ჩანდა. თუმცა, ასეთი რამ გასაკვირი აღარავისთვის იყო: თბილისში ქართველ დეპუტატებს «დუმილის ბიჭები» შეარქვეს. ყრილობაზე ისინი აშკარად შერცხვენილნი და დაგლახავებულნი იყვნენ: გულგასიებულნი აკვირდებოდნენ ცინიკურ რეაქციას ქართველი ხალხის ტრაგედიაზე სხვა ხალხთა წარმომადგენლების მხრიდან: ქართველების სატკივარი არავის ტკიოდა; ჩვენი ტრაგედია პოლიტიკური არგუმენტი გახდა სხვათა თამაშში.

    რასაკვირველია, საქართველომ იბრძოლა «იმპერიის» წინააღმდეგ და სხვათათვის გამოსადეგი არგუმენტიც შეჰქმნა 9 აპრილით, მაგრამ საეჭვოა იმ «სხვას» საამისოდ თავისი შვილები გაეწირა.
    რაც შეეხება მეტისმეტ ამბიციას, ამ თვალსაზრისით საყურადღებოა თამაზ გამყრელიძის სიტყვები, რომლითაც მან ყრილობაზე გამოსვლა დაასრულა: «По словам каталикоса-патриарха всея грузии ильи второго, Грузинский народ взвалил на себя крест (იტვირთა ჯვარი)……»
    თბილისში კი იმ დღეს სევდიანად, უღონოდ, უღიმღამოდ, ილაჯგაწყვეტილად წვიმდა

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა