საქართველოს კონფედერაცია?

საქართველოს კონფედერაცია?

      

        შაბათს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა (თუ «უმაღლესმა»? - ავტ.) საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღო.
        თავისთავად ეს განსაზღვრება (\ისტორიული») უმრავლეს შემთხვევაში დადებით შინაარსს შეიცავს, მაგრამ შეიძლება ნეიტრალურადაც აღიქმებოდეს. ისე, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში.
        ჯერჯერობით თავი ვანებოთ «შეფასებებს» და ვთქვათ, რომ გადაწყვეტილება, მართლაც ისტორიულია ნებისმიერ შემთხვევაში. დადებითია თუ უარყოფითი - სხვა საკითხია. ამის თაობაზე ქვემოთ.
        ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ასლან აბაშიძის ხელმძღვანელობითა და მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის «უზენაესი» (სინამდვილეში «უმაღლესი») საბჭო «ისტორიულ» გადაწყვევტილებებს იღებს ყოველთვის შაბათსა და ყოველთვის «საზაფხულო სეზონის» პირას.
        რატომ? - ძნელი მისახვედრი არა რის: ქართული მასმედიისთვის შაბათი «სადაგი დღე» არ არის. შაბათს ძალიან ძნელია რაიმე საკითხის თუ მოვლენის ქცევა დღის მთავარ «საინფორმცაიო თემად». შაბათს მოსდევს კვირა, ანუ კიდევ უფრო «მკვდარი დღე», ამ თვალსაზრისით.
        ამდენად, შაბათ-კვირას რაც უნდა მოხდეს, მისგან «კონცენტრირებული სტერეოტიპის» შექმნა ძალიანძ ნელია. თუ, რასაკვირველია, საქმე არ ეხება ვთქვათ, გვარდიის ბატალიონის ამბოხს, ან სხვა ასეთი რანგის მოვლენას. მაგრამ აჭარის პრობლემატიკა, ყველაფრის მიუხედავად, ამ დონეზე ანგაჟირებული არ არის. და სრულებით უსამართლოდ, სხვათა შორის.
        რაც შეეხება «წინასაზაფხულო», ანუ \წინასაკურორტო სეზონს», მთავარმა ინიციატორმა (ასლან აბაშიძემ) შესანიშნავად იცის, რომ ერთია, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს ნოემბერში და მეორეა, როცა თბილისური საზოგადოება «ზღვის სეზონისთვის» ემზადება.
        «ზეპური საზოგადოება» (ბრჭყალებში აქაც, რასაკვირველია), რომელიც ზაფხულობით ოჯახითურთ გაგრა-ბიჭვინთა-ადლერ-სოჭის ლავჟარდოვან სანახებში იყო მიჩვეული განცხრომას, «წინასაზღვაო სეზონში» («ეგ ერთი ზღვაღა დაგვრჩა») ნამდვილად მოერიდება მომავალი მასპინძლების განაწყენებას, როცა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ბათუმი-ქობულეთის წალკოტში («ოქროსფერ ლაჟვარდში») დასვენებისთვის ემზადება.
        აი, ნოემბერში რომ ყოფილიყო, მაშინ სხვა საკითხია. მაშინ, შეიძლება, კიდეც დაინტერესებულიყვნენ. ოღონდ მიანც არა ისეთი გააფთრებით, როგორც 1978 წელს - ერთი ბწკარი რომ არ გამორჩებოდათ მხედველობიდან სსრკ ახალ კონსტიტუციაში; ან შემდგომ – «ტრანსკავკასიური რკინიგზის» თაობაზე ჩრდილოკავკასიურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიაც რომ არ გამოეპარებოდათ და გულმხურვალე აღშფოთებას ვერ მალავდნენ.
        დღეს ეუბნებიან: «აჭარის ახალი კონსტიტუცია სამსახურებრივი მოხმარებისთვის (!) არისო» (ანუ თვით ავტონომიის დეპუტატების გარდა, ვერავინ ეცნობა) და . . . . . . არც არაფერი!
        განსაკუთრებით ტრაგიკომიკური ვითარება სწორედ ამ «სამსახურებრივი მოხმარების დოკუმენტს» უკავშირდება, რომელიც თბილისში საერთოდ, არავის უნახავს თვალით.
        არ არის გამორიცხული თვით ეგრეთ წოდებული აღორძინების ბლოკის თბილისელ წევრებსაც არ ჰქონდეთ ნანახი - ხშირად ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს რომ «აგურებად აწყობენ» დემოკრატიის თუ დემოკრატიული წესრიგის თაობაზე.
        ასეთ ვითარებაში ხელისფლებასაც ვერ მოსთხოვ განსაკუთრებით მწვავე რეაგირებას. გაუგებარია, რატომ უნდა «შეაკლას თავი» და «მკერდმოღეღილი» რატომ უნდა შეასკდეს იგი პრობლემას, როდესაც ყველას მოსწონს და «მასპინძელსაც უხარია»?
        ოპოზიციას თუ ჰგონია, ის თვითონ «ყოველი შემთხვევისთვის» არ გაიფუჭებს ურთიერთობებს აბაშიძესთან, ხოლო ვითარების გამწვავებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას დააკისრებს, ასეთ ცინიკურ «ტექნოლოგიაზე» არსებობს სავსებით ადეკვატური კონტრტექნოლოგია.
        რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაკი დოკუმენტურად გაფორმებული იგი არავის უნახავს (და «ვერც ნახავს», როგორც გიორგი შენგელაიას ეროტიკული ფილმის პროტოტიპი იტყოდა), შეიძლება მხოლოდ საინფორმაციო წყაროთა ცნობები გავაანალიზოთ.
        მიაქციეთ ყურადღება: არათუ «სამსახურებრივი მოხმარების» დოკუმენტი და, მით უმეტეს, კონკრეტული კანონპროექტები თუ დადგენილებები, არამედ, რუსული ტერმინოლოგიით, შესაბამისი «კარტინკაც « ვერავინ ნახა, იმდენად გასაიდუმლოებული და იდუმალებით მოცულია ყოველივე.

            მაშ, ასე: უტყუარად ცნობილია, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ამიერიდან ეწოდება «პარლამენტი» და არა უმაღლესი (ან თუნდაც «უზენაესი») საბჭო.
        არავინ იფიქროს, ეს მხოლოდ სახელწოდების შეცვლაა და თვისებრივად არაფერს ნიშნავს. მხოლოდ «სახელწოდების შეცვლა» რომ იყოს, მაშინ ასეთ გადაწყვეტილებას არც მიიღებდნენ. აბა, რა აზრი აქვს სახელწოდების შეცვლას, თუ ეს თვისებრივად არაფერს ცვლის და არაფერს ნიშნავს?
        სინამდვილეში კი, არა მხოლოდ ფორმალური, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისით, «პარლამენტი» კატეგორიულად განსხვავდება «უმაღლესი საბჭოსგან», ვინაიდან «უმაღლესი საბჭო» იმთავითვე გულისხმობდა (მით უმეტეს, ჩამოყალიბებული ტრადიციის შესაბამისად), რომ არსებობს ზემდგომი საკანონმდებლო ორგანო, რომლის გადაწყვეტილებები აღმატებულია.
        სწორედ ამიტომ, 1990 წელს მიიღეს საკმოად მახვილგონივრული გადაწყვეტილება და საქართველოს უმაღლეს საბჭოს ეწოდა «უზენაესი საბჭო», რათა იგი ამით ფორმალურადაც ამაღლებულიყო, აღმატებულება მოეპოვებინა აჭარის და აფხაზეთის «უმაღლეს საბჭოებზე», ანუ «უზენაესი-უმაღლესი» საბჭო ტრადიციულად გულისხმობდა რანგირებას და ასეც უნდა ყოფილიყო ერთიან სახელმწიფოში.
        სულ სხვაა «პარლამენტი».
        პარლამენტი ნიშნავს მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სრული სუვერენიტეტის აღიარებას. პარლამენტის უფლებამოსილება და, შესაბამისად სუვერენიტეტი არ შეიძლება იყოს შეზღუდული სხვა პარლამენტის უფლებამოსილებითა და სუვერენიტეტით.
        ერთმა პარლამენტმა შეიძლება მხოლოდ ნებაყოფლობით აღიაროს სხვა პარლამენტის აღმატებული იურისდიქცია (მაგრამ არა სუვერენიტეტი) იმ საკითხებში, რომელთა დელეგირებას იგი ახდენს.
        ანუ, ეს უკვე არათუ ფედერაციული, არამედ კონფედერაციული მოდელია.
        საბჭოთა სახელმწიფოებრივმა სამართალმა დაამკვიდრა «სუვერენიტეტთა რანგირების» (არ აგერიოთ იურისდიქციის რანგირებაში) ცნება, რაც იმთავითვე აბსურდი იყო, ვინაიდან სუვერენიტეტის თვით სუბსტანციური არსიდან გამომდინარე, იგი ერთიანია და განუყოფელი.
        სუვერენიტეტი ან არსებობს, ან არ არსებობს.
        სუვერენიტეტი ან აბსოლუტურია, ან მოჩვენებითი და ბუტაფორიული.
        ორ სუბიექტს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე არ შეიძლება ერთდროულად ჰქონდეთ სუვერენიტეტი.
        ამ კონტექსტში კონდომინიუმიც (ერთობლივი მართვა), ავტონომიაც და ფედერაციული ურთიერთობებიც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სუვერენიტეტის მატარებელი სუბიექტი (სუვერენი) საკუთარი ნებით და თანხმობით ახდენს იურისდიქციათა რანგირებას.
        მაგრამ განურჩევლად დეცენტრალიზაციის ხარისხის თუ სიღრმისა, თვით სუვერენიტეტი ერთიანი და განუყოფელია.
        მოდელი, რომელიც შეიქმნა აჭარაში «პარლამენტის» დაფუძნებით (და თანამდევი გადაწყვეტილებებით) არის არა სუვერენიტეტის რანგირება (რაკი ეს შეუძლებელია), არამედ სუვერენიტეტების გაერთიანება.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ნორმალური, ჯანსაღი კონფედერაცია - მორჩა და მოისვენა! რა არის აქ ამდენი საკამათო და ასაღელვებელი?!
        ყოველ შემთხვევაში, თუ ეს საზოგადოებასა და ზემოთ ხსენებულ, ახლო წარსულში «თვალჩუბინ» ინტელიგენციას სულაც არ აღელვებს.
        ან კიდევ «აჭარის რესპუბლიკის მეთაურის» ინსტიტუტის შემოღება.
        დაზუსტებული მონაცემებით, «რესპუბლიკის მეთაურს» აირჩევს აჭარის მოსახლეობა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ ამ ინსტიტუტის (ძალაუნებურად ჰეგელის «უმაღლესი არსება» გაგახსენდება) უფლებამოსილებას, ეს სხვა არაფერია, თუ არა სავსებით ნორმალური, ჯანსაღი პრეზიდენტის ინსტიტუტი.
        «პრეზიდენტი» ალბათ იმიტომ არ უწოდეს, რომ 1996 წელს, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობას, აჭარა პრეზიდენტის ინსტიტუტს მოითხოვსო, ისეთი გნიასი მოჰყვა, ლამის ცა ჩამოიქცა.
        მაშინ არგუმენტი ასეთი იყო: რა საჭიროა ქვეყანაში ორი პრეზიდენტი? არადა, ზუსტად ამ ლოგიკით, მაშინ ქვეყანაში არც ორი პარლამენტი არ შეიძლება არსებობდეს, თუმცა (ვიმეორებ) ნორმალური, ჯანსაღი კონფედერაციისთივ,ს ეს სავსებით ნორმალური და ჯანსაღი მოვლენაა. ისევე, როგორც ავტონომიაში (!) ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს არსებობა, რომლის ერთ (ქვედა) პალატას ირჩევს მოსახლეობა წარმომადგენლობითი პრინციპით, ხოლო სენატი (უნდა ვივარაუდოთ, ზედა პალატა) წარმოადგენს ავტონომიის (!) რეგიონებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. გარდა რამდენიმე წევრისა, ვისაც რესპუბლიკის მეთაური ნიშნავს.

        ეს ყოველივე განყენებულ მსჯელობად დარჩება, თუ არ გავითვალისწინებთ ჯერ ნაკლებად ინსტიტუირებულ და ლეგიტიმიზებულ, მაგრამ რეალურად არსებულ და მოქმედ ფაქტორებს.
        მაგალითად, იმას, რომ «ავტონომიას~ აქვს სრულებით დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომელიც ზუსტად კონფედერაციულ მიმართებაშია «ცენტრალურ» (ორივე ცნება ბრჭყალებში რა თქმა უნდა) ბიუჯეტთან; «ავტონომია» თავად აკონტროლებს საზღვრებს, საზღვაო აკვატორიას, მათ შორის ჩოლოქის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს (კინაღამ წამომცდა «საზღვარს» მეთქი - ავტ.); ჰყავს დამოუკიდეებლი ომბუდსმენი (ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია); ფაქტობრივად, დამოუკიდებელი უმაღლესი სასამართლო სისტემა (მხოლოდ განსხვავებულ მანტიაში როდია საქმე, თუმცა არც ეს გეგონოთ წვრილმანი); რეალურად დამოუკიდებელი ძალისმიერი სტრუქტურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ძნელი დასადგენი არ არის, რომ საქმე გვაქვს ნორმალურ, ჯანსაღ სახელმწიფოსთან, რომელიც ნორმალურ, ასევე ჯანსაღ კონფედერაციულ (არა ფედერაციულ, არამედ სწორედ კონფედერაციულ) ურთიერთობებს აგებს მეორე, თანასწორუფლებიან სუბიექტთან (საქართველოსთან), ვისაც ნებაყოფლობით უძღვნის (დელეგირებას ახდენს) ზოგიერთ ფუნქციას.
        მაგალითად, საერთო ვალუტა - ერთიანი სახელმწიფოს თითქოსდა უპივრელესი ნიშანია. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ერთიანი ვალუტა კონფედერაციასაც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად ევროკავშირი უდავოდ იძენს კონფედერაციის ნიშნებს, თუმცა ერთიანი ვალუტაც გააჩნია.
        სინამდვილეში მთავარი ერთიანი ვალუტა კი არ არის, არამედ - საბიუჯეტო ურთიერთობები.
        სწორედ ამ ურთიერთობებში მჟღაევნდება კავშირის (!), გაერთიანების (!) არსი - კონფედერაციულია იგი თუ ფედერაციული.
        როდესაც «ავტონომია» პირნათლად ჰკრეფს გადასახადებს თავის ტერიტორიაზე და აკრეფილ თანხას რიცხავს ადგილზე გახსნილ ანგარიშზე, რათა შემდეგ დახარჯოს «დელეგირებულ ფუნქციათა» (რეალურად, საერთო გამგებლობას მიკუთვნებულ და არა «ცენტრის» განსაკუთრებული კომპეტენციის) დასაფინანსებლად, ეს არის ნორმალური, ჯანსაღი, კონფედერაციული საბიუჯეტო-საფინანსო მიმართება.
        რად უნდა ახლა ამას ნერვების წყვეტა და მღელვარება?!

        ძნელი მისახვედრი არ არის, შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები. 2000 წლის «წინასაზაფხულო პერიოდში» აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ცვლილებები «ავტონომიის» კონსტიტუციაში.
        2001 წლის «წინასაზღვაო პერიოდში», უმაღლეს საბჭოს დაარქვეს პარლამენტი და ფაქტობრივად პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს.
        დაახლოებით (ალბათ) 2002 წლის «წინასაკურორტო» პერიოდში (ყველა შემთხვევაში შაბათს) მიიღებენ კანონს «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ». ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობას გაემიჯნებიან - როგორ გეკადრებათ! უბრალოდ, აჭარის მოქალაქე იმავდროულად საქართველოს მოქალაქეც იქნება. იურიდიული კავშირი აქ არ გაწყდება, მაგრამ «სავიზრო რეჟიმთან» დაკავშირებით, რუსეთსაც მიეცემა გარკვეული დივერსიფიცირების საშუალება.
        მერე, ალბათ, სიტყვა «ავტონომიასაც» აღიარებენ ანაქრონიზმად. ღერბი, ჰიმნი და დროშა უკვე არსებობს.
        თუმცა, კვლავ და კვლავ ვიმეორებ, ეს ყოველივე სრულებითაც არ ნიშნავს აჭარის «დამოუკიდებლობის» გამოცხადებას. არამც და არამც! ეს გახლავთ ნორმალური, ჯანსაღი კონფედერაციული ურთიერთობები.
        თუ ამ საზოგადოებისათვის ეს მისაღებია (ანუ «მასპინძელს უხარია და შენ ვინ გეკითხება»), მაშინ ავტორს ისღა დარჩენია, იმედი გამოთქვას, რომ იმავე მოდელით მოგვარდება პრობლემები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე).
        აბა, ვინმეს ხომ არ ჰგონია, «თანასწორსუბიექტური ფედერაცია», რასაც სოხუმიდან გვთავაზობენ, რაიმე სხვას ნიშნავს?
        «თანასწორსუბიექტური ფედერაცია» იგივე კონფედერაციაა. შესაძლოა ასიმეტრიულობის ელემენტები იყოს, შეიძლება სხვა მომენტებიც, მაგრამ არსი ამით ნამდვილად არ იცვლება.
        საერთო ენას რაც შეეხება, მთავარია ეროვნული შეგნება გქონდეს საერთო, თორემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გვერდი-გვერდ ცხოვრობს სამი ხალხი(სერბები, ხორვატები, ბოსნიელი მუსლიმები), სამი განსხვავებული, სრულიად დამოუკიდებელი და ერთმანეთისაგან გამიჯნული, მტრული სახელმწიფოთი, რომლებიც ერთ ენაზე ლაპარაკობენ. დიალექტური განსხვავებაც კი არ არის. არც «კილო-კავური», როგრც მაგალითად კახურსა და იმერულს შორის.
        კანადასა და კვებეკს კი კონფედერაციული ურთიერთობები აკავშირებს. ორი აბსოლუტურად განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია, მაგრამ ნორმალურ, ჯანსაღ კონფედერაციულ ურთიერთობებს ეგუებიან.
        მით უმეტეს, ჩვენც შევეგუებით, ვინაიდან აჭარლები შესანიშნავი (ბევრ სხვაზე უკეთესი) ქართველები არიან, ქართული შეგნება აქვთ და მათთან რა გვექნება გასაყოფი? მათთან რატომ ვერ შევძლებთ მშვიდობიან, კეთილგანწყობილ თანაცხოვრებას ნორმალური, ჯანსაღი კონფედერაციის პირობებში?

        თუმცა, კანადა-კვებეკი აქ შემთხვევით როდი ვახსენე, ისევე, როგრც იუგოსლავია. ბოლოს და ბოლოს, ეთნიკურ წარმომავლობას რა მნიშვნელობა აქვს? კანადელთა დიდი ნაწილი ეთნიკური ანგლო-საქსია, ხოლო კვებეკელები - ფრანკოფონები არიან. ამ ლოგიკით, რატომ ვერ შევძლებთ არანაკლებ ნორმალური, ჯანსაღი კონფედერაციული ურთიერთობის დამყარებას ვთქვათ იმავე აფხაზეთთან ან სამხრეთ ოსეთთან უკვე არსებული «აჭარული» მოდელის მიხედვით? ვინ იქნება წინააღმდეგი? იქნებ ის ეგრეთ წოდებული «პოლიტოკრატია», ანუ დღეს ეგრე წოდებულ «ოპოზიციად» გაფორმებული პოლიტიკური სპექტრი, რომლის უშუალო მონაწილეობითა და თანადგომითაც შეიქმნა ხსენებული მოდელი?
        სინამდვილეში, მისი შემოქმედების ნაყოფი უაღრესად სასარგებლო და ხელსაყრელია «მოქალაქეთა კავშირისა» და პრეზიდენტისთვის, ვინაიდან ეს მოდელი აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და, შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობათა მოწესრიგების შესაძლებლობას იძლევა, რაც, თავის მხრივ, არსებული ხელისუფლების «წაუსვლელობას» ნიშნავს კიდევ 50-100 წლის განმავლობაში.
        ისხდნენ მერე, ჭამონ აჯაფსანდალი და ითვალონ: «2003 წლის არჩევნები, 2007 წლის, ...2011 და ასე შემდეგ.

        ახლა ტაქტიკაზეც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა. მით უმეტეს, რომ ტაქტიკა და სტრატეგია აქ განუყოფელია:
        2001 წლის შემოდგომაზე დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩევნები.
        მიაქციეთ ყურადღება, რა გენიალური მახვილგონივრობით დაიყვანეს აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის პრობლემა – ადგილობრივი არჩევნების ჩატარება-არჩატარების პრობლემამდე.
        სინამდვილეში, არჩევნები რომც ჩატარდეს (და უეჭველად ჩატარდება), «ავტონომიის» ცენტრალური საარჩევნო კომისია მაინც ყველა შემთხვევაში შეიქმნება, ვინაიდან კონფედერაციული ურთიერთობების დროს სუბიექტი ვერ დაუშვებს, რომ მას დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჰყავდეს და მისი საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში, მეორე სუბიექტს ექვედმებარებოდეს.
        ეს ეხება არა მხოლოდ «ავტონომიის» პარლამენტისა და «რესპუბლიკის მეთაურის» არჩევას, არამედ «ავტონომიაში» ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების ჩამოყალიბება-სტრუქტურირებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, «საერთო სტრუქტურათა» (ანუ საქართველოს პარლამენტის) შედგენასაც.
        ხოლო თუ ვინმე უსაყვედურებთ, აუცილებლად იტყვიან: ეს კანონი ჯერ კიდევ შარშან მივიღეთ, აქამდე სად იყავითო და ჩვენი კეთილშობილი ოპოზიციაც ყოველივეს ხელისუფლებას დააბრალებს. მართლაცდა, სად იყავით აქამდე?
        არადა, თუ «ავტონომიის» ახალი კონსტიტუცია და ახალი კანონმდებლობა (მთლიანად) «სამსახურეობრივი სარგებლობისაა» - «შიგ» ვინ შეძლებდა (თბილისიდან) ჩახედვას? იქ რა წერია, კაციშვილმა არ იცის. ალბათ, ის წერია, რომ ადგილობრივ არჩევნებს «ავტონომიაში» ადგილობრივი ხელისუფლება ნიშნავს. მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციით, ეს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე
        თუმცა, ნუ ღელავთ, დროში უეჭველად დაამთხვევენ, ოღონდ თავისი გადაწყვეტილებით.

            სათნო ღიმილის მომგვრელია მსჯლეობა იმის თაობაზე, რომ თურმე, იქ «მერი აირჩიეს», მაშინ როდესაც თბილისში არ აურჩევიათ.
        ბათუმის მერი თუ საკრებულომ აირჩია, ამას სრულებითაც არ შეუშლია ხელი «უმაღლესი არსებისთვის» ის მერი თანამდებობიდან გაეპანღურებინა და მის ნაცვლად «მოვალეობის შემსრულებლად» დაენიშნა პიროვნება, რომელიც საკრებულოს წევრიც კი არ იყო (!!!).
        არ იკითხავთ რისთვის და რატომ? იქნებ «ავტონომიის» ან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისთვის? არავითარ შემთხვევაში! - მხოლო და მხოლოდ გადასახადების აკრეფაში დაშვებული ხარვეზებისთვის.
        ამის გათვალისწინებით, აბა როგორ არ აგიჩუყდება გული, როცა უსმენ იმავე ოპოზიციის წარმომადგენელთა გულმხურვალე დემოკრატიულ რიტორიკას: «საქართველოს პრეზიდენტს, არჩეული გამგებლის ან მერის თანამდებობიდან მოხსნა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს და არამც და არამც «ბიუჯეტის» შეუსრულებლობის» მოტივით - რაც «გამგებლისა და მერის საქმე სულაც არ არისო».

        სხვა მხრივ კი, კარგად ბრძანდებოდეთ! რაკი ბაგრატ IV «მინი იმპერიის» პირველი, პირსისხლიანი ტირანი ყოფილა, მაშინ არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ დღეს არათუ «უნიტარიზმი», არამედ «ფედერალიზმიც» სალანძღავ სიტყვად იქცეს. ორივე დეფინიცია თანაბრად ექცევა «მცირე იმპერიის» დისკურსში.
        საქართველოს მომავალი კონფედერაცია!!!
        გაუმარჯოს საქართველოს კონფედერაციას!!!

        არადა, მართლა ღმერთმა გაუმარჯოს, თუკი საშუალებას მოგვცემს ადამიანურად ვიცხოვროთ სინდის-ნამუსგარეცხილ, უზნეო პოიტაკანთაგან თავსდატეხილი უბედურების შემდეგ და ამ ფორმით დავასრულოთ ე.წ. «ეროვნული მოძრაობა», რომელმაც საქართველო უფსკრულში გადაჩეხა და კინაღამ ყველანი თან მიგვაყოლა.
        მათი სახელები მკაფიო ასოებით ჩაიწერება საქართველოს მრავლისმნახველ ისტორიაში.

დილის გაზეთი, 9 ივლისი, 2001 წელი