საქართველოს ენერგობედისწერა

საქართველოს ენერგობედისწერა

 

        დღეს პარლამენტარები ენერგეტიკის მინისტრის მისვლას ელოდებიან.
        ჩვენ რომ ნორმალური ერი ვიყოთ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ თბილისიდან ქუთაისამდე, მაღალი ძაბვის ხაზთა საყრდენებზე ისევე ჩამოვახრჩობდით ენერგომაფიის ბოსებს (რომელთა სახელები ყველამ იცის), როგორც რომაელები ჯვარს აცვამდნენ თავზეხელაღებულ ყაჩაღებს და «სინანულის მაგისტრალს» ქმნიდნენ რომიდან – კაპუამდე.
        მაგრამ, საბედნიეროდ, თუ საუბედროდ (ვისთვის როგორ), არა ვართ ნორმალური ერი და მეათე წელია, ვითმენთ ბნელ მარაზმს, რომელშიც იმავე მაფიის ძალისხმევით ვიმყოფებით.
        ვინ მოთვლის, ამასობაში რამდენი «უდანაშაულო» ადამიანი შეეწირა ამ «თბილი» დარგის ბობოლათა სასახლეებს თბილისსა და შემოგარენში.
        პირველად სწორედ ამ დარგის «მუშაკებმა» შექმნეს თბილისში ის ტრადიცია, როდესაც გარეუბანში ცხოვრება უფრო პრაქტიკულია, ვიდრე – ვაკეში.
        ენერგეტიკის შემოსავლიანობა ვერაფერს შეედრებოდა. რაღა გასაკვირია, თუ ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ დარგის რესტრუქტურიზაციასა და პრივატიზებას, თანაც «ფსევდოენერგიული» არგუმენტით: არ სჯობია ქართველმა ჭამოს? მართლაც რა სჯობია, რომელიმე ქართველმა «ენერგობოსმა» ჭამოს, აიშენოს სასახლეები, ვიდრე იმ მაიკლ სქოულმა, დღესაც რომ თავბედს იწყევლის, ეს სად მოვხვდიო.
        გარწმუნებთ, სქოული არაფერს ჭამს, გარდა იმ 40-50 ათასი დოლარისა, რაც ოფიციალურად ერგება «აეს-»-ისგან წლიური ხელფასის სახით. ამ სეგმენტსაც სულ მალე «მოაშთობენ», ვინაიდან თელასი საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მხოლოდ მცირე ნაწილია. იმავდროულად, ენერგომაფია ძალიან ეშმაკურად ქმნის «ცრუ კვალს», რათა თავგზა აგვიბნიოს. სინამდვილეში აქ «ფულიო კეთდებოდა» არა იმდენად უცხოური კრედიტებით, რამდენადაც ნახევრადლეგალური, კომერციული გარიგებებით, «შერჩევითი შეღუდვებით» საქართველოს საწარმოებისთვის და, ეგრეთ წოდებული «ლევი დენებით». რომელიც, «წვრილმანობის» მიუხედავად, გვარიანი შემოსავოლის წყარო იყო. მთელი ეს «ძარცვა-ნგრევა» გრძელდებოდა იმ დრომდე, როდესაც ხელისუფლებამ როგორც იქნა, გაბედა დაეწყო ფიქრი დარგის განსახელმწიფოებრიობაზე. თუმცა, ეს ხელისუფლებასაც (ყოველ შემთხვევაში, მრავალოი მისი წარმომადგენელი) არცთუ «შორს იყო» იმავე ენერგომაფიისგან.
        «გამოფხიზლებისას, აღმოჩნდა, რომ «გადასარჩენი» თითქმის აარაფერია – საქართველოს ენერგეტიკულიო სისტემა «სამათხვოროდ» თუ არსებობს – ვალი ვალს ემატება. სომხეთი, რომელიც ენ ერგეტიკულიო დეფიციტისგან სულს ღაფავდა, დღეს, ამ თვალსაზრისით, საქართველოს უდიდესი კრედიტორია რუსეთის შემდეგ. კიდევ კარგი, ამერიკელებმა იყიდეს თელასი, თორემ ის ასი მეგავატი, რომელსაც ამჟამად ამერიკული კომპანია ყიდულობს სომახეთისგან – კვლავინდებურად საქართველოს სახელმწიფო ვალს შეემატებოდა. იგი ამჟამად 18 მილიონ დოლარს უდრის.
        დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, «ჭკვიანი სომეხი» - რობერტ კოჩარიანი ამ ბერკეტს ყოველთვის აქტიურად გამოიყენებს ახალქალაქელი სომხების ინტერესთა დასაცავად.
   მაგალითად, სარწმუნო წყაროთა ცნობით, სომხეთი გვთავაზობს ახალქალაქთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ამოქმედებას იმ პირობით, რომ ელექტროენერგიის საფასური, რასაც ჯავახეთელი სომხები მოიხმარენ – საქართველოს სახელმწიფო ვალს შეემატოს.
   «რესტრუქტურიზაციის» პროცესში შეიძლება, კიდეც გვაიძულონ, ამ ვარიანტს დავთანხმდეთ. არანაკლებ «ჭკვიანურად» ირჯებიან აფხაზი სეპარატისტებიც.
    ისინი სწორედ ენერგეტიკულ ბერკეტს იყენებენ, რათა «ინტერესთა თანხვედრის» საფუძველზე აიძულონ საქართველო, დათანხმდეს გუდაუთის ბაზის ტრანსფორმაციას ეგრეთ წოდებულ, «სამშვიდობო ძალთა» ბაზად.
     საქართველოს ხელისუფლება არ უმხელს მოსახლეობას, რომ ბოლო ოთხი დღეა არძინბას ხროვა თანდათანობით ამცირებს ელექტროენერგიის მოწოდებას ენგურჰესიდან (ნუ დავივიწყებთ, რომ სამართავ პულტს საბერიოში სეპარატისტები აკონტროლებენ), რათა რუსეთს შესაბამისი ფონი შეუქმნას მოლაპარაკებათა მოსკოვის რაუნდისთვის.
     და ასეთ «დამოკიდებულ» მდგომარეობაში საქართველოს ჩაყენება იმავე ენერგომაფიის «დამსახურებაა».

დილის გაზეთი 26 ოქტომბერი, 2000 წელი