საქართველოს  ახალი დროშა ექნება?

საქართველოს  ახალი დროშა ექნება?

 

    დისკუსია «ახალ სიმბოლიკასთან» დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება. როგორც ჩანს, უკვე მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ სიმბოლიკა უნდა შეიცვალოს. შესაძლოა, ღია მსჯელობა ამ თემაზე დაიწყოს უახლოეს მომავალში - 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით.
    პრინციპული თვალსაზრისით ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმებულია ამ საკითხში. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო დროშად იქცევა ცნობილი «ხუთჯვრიანი ალამი», რომელიც მიტინგებზე გამოჰქონდათ ეროვნული მოძრაობის ადრეულ ეტაპებზე შინდისფერ დროშასთან ერთად. ეს არის ისტორიული დროშა, რომელზეც თეთრ ფონზე გამოსახულია (ჰორიზონტალურად) წითელი ჯვარი და თითო ჯვარი შექმნილ 4 კვადრატში.
    ამ დროშის საწინააღმდეგო თითქოს არავის არაფერი აქვს, მაგრამ შეიძლება წარმოიშვას, გარკვეული, სავსებით ბუნებრივი პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებს ქრისტიანულ სარწმუნოებას.
    თუმცა, ეს პრობლემა მოლაპარაკებით შეიძლება დაიძლიოს. რაც შეეხება ღერბს, არჩეულია ბაგრატიონთა სამეფო ღერბი, რომელიც ყველა ჰერალდიკურ მოთხოვნას პასუხობს. ჰიმნის თაობაზე კი ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსია. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და არ არის გამორიცხული, საკითხი მოსახლეობის გამოკითხვამ გადაწყვიტოს.
    სიმბოლიკის შეცვლას წინ უკვე ვერაფერი დაუდგება. მაგრამ საზოგადოება როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ნათლად, თუ რა სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის სიმბოლიკის შეცვლას - ფაქტობრივად ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ ქვეყანაში დამთავრდა მნიშვნელოვანი ეპოქა და იწყება პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპი.
    როგორც ჩანს, საზოგადოებისაგან განსხვავებით, ხელისუფლება ასე თუ ისე აცნობიერებს ამ გარემოებას და ელოდება მომენტს, როდესაც სიმბოლიკის შეცვლა ყველაზე მომგებიანი იქნება პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით.
    უეჭველია, რომ ამგვარი მომენტი დადგება ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის პრინციპთა დამტკიცების პერიოდში.
    ბუნებრივია, თუ საქართველო იქცევა ფედერაციულ სახელმწიფოდ, ასეთ შემთხვევაში სიმბოლიკაც უნდა შეიცვალოს და უნდა გახდეს ახალი სახელმწიფო მოწყობის საფუძველი. ახალი ღერბი სავსებით შეესაბამება იდეას - არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოში მოქმედი მონარქისტული პარტიების უმრავლესობა სამხარეო მოწყობის მომხრეა, ვინაიდან მათი აზრით ეს აგრძელებს საქართველოს ისტრორიულ ტრადიციას.

«მერიდიანი», 10 მაისი, 1996 წელი.