სამოქალაქო ომი - მარადიული ომი

ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის გეოპოლიტიკურ არეალში განვითარებული მოვლენები ნათელყოფენ: ნებისმიერი პრობლემა, ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ კონფლიქტი ამ ტერიტორიაზე ძალისმიერი გზით გადაწყდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ ეს იმავე კრემლს მისცემს ხელს.

სამოქალაქო ომი - მარადიული ომი

დასავლეთ საქართველოში კვლავ გრძელდება ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი. მიუხედავად მხარეთა პროპაგანდისა, რომ ეს ომი წარმოებს «სამშობლოს მოღალატეთა», «კრიმინალური ხროვის» თუ «კრემლის აგენტურის» წინააღმდეგ, იგი მაინც დარჩება ძმათამკვლელ ომად და სწორედ ამ სახელით შევა საქართველოს ისტორიაში.
    ერთი კი უნდა შევნიშნო: რა მიზნები და მისწრაფებანიც არ უნდა ჰქონდეთ ლიდერებს, ორივე მხარეს არიან რიგითი მებრძოლები, რომლებსაც ურყევად სწამთ, რომ სამშობლოს ბედნიერებისა და თავისუფლებისათვის იბრძვიან.
    მას შემდეგ, რაც ქობალიას სამხედრო ფორმირებებმა, კარგად მომზადებული და შეიარაღებული შტურმის შედეგად ხელთ იგდეს ქალაქი სამტრედია, ექსპრეზიდენტმა ფაქტობრივად აღადგინა თავისი კონტროლი არა მარტო დასავლეთ, არამედ აღმოსავლეთ საქართველოზეც, რადგან სამტრედიის სარკინიგზო კვანძის მპყრობელი მთელს ქვეყანაში სიტუაციის სამართავად უძლიერეს ბერკეტს ფლობს. მილიონნახევარი თბილისელი უმალვე იქცევა მძევლად და ან ამოგვწყვეტენ შიმშილით, ან დიდსულოვნად გადმოგვიგდებენ ლუკმა პურს.
    ხელისუფლება საკმაოდ მარტივი, მაგრამ ტრაგიკული ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: ან უნდა შერიგებოდა იმას, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში მარადიული ხასიათს მიიღებს (რაკი რუსეთი არც ერთ მხარეს არ მისცემს ომში საბოლოო გამარჯვების საშუალებას), ან უნდა წასულიყო სტრატეგიულ კომპრომისზე რუსეთთან და მისივე დახმარებით დაემთავრებინა ეს დამღუპველი ომი.
    СНГ-ში, ანუ რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში შესვლა სწორედ ასეთი კომპრომისი იყო. მაგრამ ამ კომპრომისს მრავალი უარყოფითი შედეგი ახლავს თან - თვით საქართველოს ხელისუფლებისათვის.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის გეოპოლიტიკურ არეალში განვითარებული მოვლენები ნათელყოფენ: ნებისმიერი პრობლემა, ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ კონფლიქტი ამ ტერიტორიაზე ძალისმიერი გზით გადაწყდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ ეს იმავე კრემლს მისცემს ხელს.
    საქართველოში სამოქალაქო ომის დამთავრება უაღრესად არახელსაყრელი იყო იმპერიისათვის მანამ, სანამ საქართველო СНГ-ს გარეთ იმყოფებოდა, მაგრამ «თანამეგობრობაში» შესვლის შემდეგ «ცენტრმა» შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ამ ომის დამთავრება. უფრო სწორად, მისი გადატანა ცნობიერ სფეროში.
    საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთს საქართველოში ხელს აძლევს ისეთი მთავრობის არსებობა, რომელიც სტაბილური იქნება, მაგრამ რომლის სტაბილურობა (მისდამი მოსახლეობის დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულების გამო) სწორედ რუსულ სამხედრო ძალაზე აღმოჩნდება დამოკიდებული.
    როგორ შეუძლია კრემლს, მიაღწიოს თავის მიზანს, ანუ აქციოს შევარდნაძე სტაბილურ, მაგრამ ხალხის ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში არაპოპულარულ პიროვნებად? - ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელი და მარტივიც კია თუ გავითვალისწინებთ, რომ ფართომასშტაბიანი ომი სამეგრელოში, რომელიც ახლა მიმდინარეობს იმავე კრემლის ხელშეწყობით, შეიძლება გადაიზარდოს (შევარდნაძისაგან დამოუკიდებლად) ძალადობად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ამ ომს უეჭველად მისცემს ეთნიკურ შეფერილობას და უღრმეს კვალს დატოვებს ქართულ ეთნოფსიქოლოგიაზე, მის ეროვნულ სხეულზე.
    დიდად სამწუხაროდ, ამის სიმპტომები უკვე არის და ეს სიმპტომები ნამდვილ ტრაგედიად არ უნდა იქცეს.
    ამისათვის კი საჭიროა გავითვალისწინოთ პოლიტიკური რეალობა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტყოფილ გამსახურდიას ფენომენი უმჭიდროესად დაუკავშირდა ქართველი ერის ეთნიკური მთლიანობის სასიცოცხლო პრობლემას. მოგვწონს ეს თუ არა, გვინდა თუ არა, ეს არის რეალობა და მას ისევე უნდა გავუწიოთ ანგარიში, როგორც ვუწევთ ანგარიშს რუსეთის ფაქტორს, - მიუხედავად მისდამი ჩვენი სიმპათია-ანტიპათიისა.
    დარწმუნებული ვარ: ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურება უმძიმეს ეთნოფსიქოლოგიურ შედეგებს გამოიღებს საქართველოსათვის.
    არსებობს მოსაზრება, რომ პირიქით: ზვიადიზმის გასამართლებით ქართველი ერი განიკურნება „პროვინციული ფაშიზმის“ სენისაგან და ამით დაიწყება მისი ჭეშმარიტი აღორძინება.
    შესაძლოა ასეც ყოფილიყო, თუ აქ არ იქნებოდა ჩართული რუსეთის ჯარის ფაქტორი. ეს ფაქტორი გააუფასურებს ყოველგვარ იდეოლოგიურ ძალისხმევას და ერს დააყენებს ისეთი ზნეობრივი დილემის წინაშე, რომელსაც მისი ფსიქიკა ვეღარ გაუძლებს. შედეგად კი, მივიღებთ ტერიტორიულად მთლიან, მაგრამ დაუძლეველი მორალური ანტაგონიზმის შედეგად სრულიად დაშლილ და განადგურებულ საზოგადოებას.
    მით უმეტეს, თუ ზვიად გამსახურდიას დატყვევება ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და იგი ფიზიკურად იქნა განადგურებული.
    მის გარემოცვაში ჩვეულებრივ კარიერისტებთან ერთად არიან ფანატიკოსები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა მისი ფენომენისაგან ერთგვარი «ისტორიული მითი» შექმნან და თუ ამას მოახერხებენ, მაშინ მართლაც წარმოიშობა ისტორიული სტერეოტიპი, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდისტული ძალისხმევა ვეღარ დაშლის და «ზვიადიზმი» საქართველოსათვის მარადიულ პრობლემად იქცევა.

    მთავარია, სამოქალაქო ომი საქართველოში დამთავრდეს. უნდა დამთავრდეს აუცილებლად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს არათუ განვითარების, არამედ თვით არსებობის შენარჩუნების არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
   
ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაგვიცნობიერებია, რა საშინელების წინაშე ვდგავართ. Description: D:\EXPERTI.GE\samokalako-omis-PATARA--cin.jpg Description: D:\EXPERTI.GE\samokalako-omis-PATARA--cin.jpgგადავხედოთ თუნდაც მსოფლიო პოლიტიკურ რუკას. არის ქვეყნები, სადაც სამოქალაქო ომი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, ხოლო ზესახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთს ეპაექრებიან მსოფლიოს გადანაწილებისათვის, ახალ-ახალ «საწვავს» უმატებენ «მოგიზგიზე კოცონს», რადგან არასტაბილური ქვეყანა შესანიშნავი პოლიგონია საკუთარი პოლიტიკური კონცეფციებისა და სპეც-სამსახურთა უახლოესი ტექნიკის და ტექნოლოგიის აპრობირებისათვის. აი, ასეთ პოლიგონად შეიძლება აქციონ საქართველო. ჩვენმა მტერმა ისიც ძალიან კარგად იცის, რომ ომს საკუთარი, ობიექტური ლოგიკა აქვს, რომელიც მხოლოდ პირველ ხანებში ემყარება გარკვეულ ფილოსოფიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობით სქემას. შემდეგ კი, როდესაც მებრძოლი მხარეები (ეს გარდაუვალია) შესაბამის სოციალურ ბაზებს შექმნიან, - ეკონომიკურ, ტერიტორიულ, ეთნიკურ სტრუქტურებს ჩამოაყალიბებენ, - სამოქალაქო ომი ამ სტრუქტურებისა და სისტემების ბრძოლად გარდაიქმნება და სწორედ მაშინ იქცევა იგი «მარადიულ ომად».
   
გავიხსენოთ, განა მოსისხლედ გადაკიდებულ გვარებს, მთაში, ახსოვთ რის გამო, ვისი გულისათვის ატყდა მათ შორის შუღლი, დაიღვარა პირველი სისხლი საუკუნეთა წინათ? რა თქმა უნდა არა!
   
მხოლოდ ერთი რამ იციან: მათი მიკროსამყაროს მიღმა არსებობს მტერი, რომელიც უნდა მოსპონ, გაანადგურონ, გაჟლიტონ, რათა არ დაერღვეთ ეს მიკროსამყარო და უაზროდ არ იქცეს მათი არსებობა. ხოლო თუ გამარჯვების სასწორი ერთ-ერთ მხარეს გადაიხარა, მაშინვე უჩუმრად ჩაერევა «მესამე ძალა» და სასწორს კვლავ გააწონასწორებს თავისი ყოვლისშემძლე, ძლიერი ხელით. საზოგადოება დღეს ჯერ კიდევ აღელვებით ადევნებს თვალს ამ დაპირისპირებას - კამათობს, იმედოვნებს, მხარს უჭერს, სწყევლის. მაგრამ სულ მალე ესეც გაქრება და ქვეყანას, ხალხს, მოსახლეობას სრული აპათია დაეუფლება - მისთვის უკვე სულერთი გახდება, ვინ გაიმარჯვებს ან ვინ დამარცხდება, როდის აფეთქდება კინოთეატრში დამალული პლასტიკური ბომბი, სად აიყვანენ ბავშვებს მძევლად და ..
   
აი, მაშინ იქცევა ქართული სამოქალაქო ომი «გასისხლიანებულ მარიონეტთა» კლასიკურ ბრძოლად. ზუსტად ისეთად, როგორიც მრავალია დღევანდელ, სასტიკ და დაუნდობელ მსოფლიოში.
    «
ივერია-ექსპრესი», 28 ოქტომბერი, 1993.