საინფორმაციო ომი

საინფორმაციო ომი

    XX საუკუნეს «ინფორმაციულ საუკუნეს» უწოდებენ. ინფორმაციის გავრცელებას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობისათვის, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში მან განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა და სახელმწიფოთა შორის მარადარსებული პოლიტიკური ურთიერთქმედების ყველაზე მძლავრი საშუალება გახდა.
    ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ამ საუკუნის სიმბოლოდ სწორედ ინფორმაციის აკუმულირებისა და დახარისხების ყველაზე ეფექტური საშუალება - კომპიუტერი იქცა.
    განვითარების შანსი მხოლოდ იმ საზოგადოებებს აქვთ, რომელთაც შესწევთ ძალა, აითვისონ ეს ახალი ტექნოლოგია. ის ქვეყნები კი რომლებიც ამას ვერ შეძლებენ, განწირულნი არიან მარად უკან მიჩანჩალებდნენ პროგრესს.
    ინფორმაციის მნიშვნელობა ეკონომიკური და სოციალური პროგრესისათვის ცალკე და დიდი თემაა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იყენებენ ადამიანის გონებაზე ზემოქმედების ამ საშუალებას პოლიტიკის სფეროში და განსაკუთრებით - თუ რა მნიშვნელობა შეიძინა მან მსოფლიოს უკანასკნელი იმპერიისათვის.
    ისტორიას მრავალი მაგალითი აქვს იმისა, რომ საინფორმაციო ჭიდილში დამარცხებული მხარე საბოლოოდ ომშიც მარცხდებოდა. ანტიჰიტლერული კოალიციის სამართლიანი ბრძოლის ქვაკუთხედი იყო ფაშისტური რეჟიმის არაადამიანური სისასტიკის მხილება და კაცობრიობის გათვითცნობიერება იმის შესახებ, თუ რა საშინელება ტრიალებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში.
    მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ: საბჭოთა რუსეთში ასეთი ბანაკები გაცილებით უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე გერმანიაში; მასობრივი ტერორიც გაცილებით უფრო მძვინვარე იყო; არც ებრაელებს სწყალობდა კომუნისტური რეჟიმი (განსაკუთრებით 30-იანი წლებიდან), მაგრამ სტალინმა შეძლო ისე წარემართა თავისი პროპაგანდა, რომ მაშინაც და დღესაც საკონცენტრაციო ბანაკი უფრო ფაშიზმთან ასოცირდება, ვიდრე კომუნიზმთან.
    საინფორმაციო ომში მოწინააღმდეგის სრული განადგურების თვალსაჩინო მაგალითია სერბების მიერ ხორვატების დამარცხება. ამ ორ ეთნიკურად ახლობელ, მაგრამ რელიგიურად დაპირისპირებულ ერს შორის ანტაგონიზმი ფანატიკურ სიძულვილში გადაიზარდა. სერბეთმა გამოიყენა ის მომენტი, რომ საბჭოთა კავშირი 40-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო (ხორვატეთი კი, ფაშისტურ გერმანიასთან კავშირის გამო საინფორმაციო ბლოკადაში მოექცა) და მსოფლიო საზოგადოებას ამ კონფლიქტის საკუთარი ვერსია მოახვია თავს.
    მაშინ პლანეტა შემოიარა შემზარავმა ამბავმა: ხორვატებმა მათ მიერ დახოცილ სერბთა თვალებით აავსეს რამდენიმე ნავი და მდინარეზე დააცურესო. დღემდე ვერავინ დაადგინა ზუსტად, შეესაბამება თუ არა ეს ამბავი სიმართლეს, მაგრამ იმ პერიოდში ამ მართლაც შემაძრწუნებელმა ცნობამ შეძრა მსოფლიო.
    ომის შემდეგ, გერმანელებმა ქედუხრელი შრომითა და, რაც მთავარია, მრავალწლიანი, ზუსტად გათვლილი პროპაგანდის მეშვეობით შეძლეს მიეღწიათ მორალური რეაბილიტაციისათვის და პატარა ხორვატეთმაც მაშინ შეძლო საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა. სწორედ ამან განაპირობა დღეს სერბ იმპერიალისტთა სრული და საბოლოო დამარცხება.
    მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწა ორ ურთიერთდაპირისპირებულ სამხედრო-პოლიტიკურ ბანაკად გაიყო. ამ ტიტანურ ჭიდილში საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტების დამარცხება განაპირობა არა მხოლოდ ეკონომიკის სტაგნაციამ და მმართველობის სისტემის უვარგისობამ, არამედ დასავლეთთან ინფორმაციული ომის წაგებამ.
    საინფორმაციო იარაღი იმპერიული ძალმოსილების ერთ-ერთი უმძლავრესი ბერკეტიცაა. საბჭოთა კავშირის ფორმალური დაშლის შემდეგ ყოფილი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შენარჩუნებულ იქნა სამი უმთავრესი სივრცე: სამხედრო; ფინანსური (რუსული მანეთის რეალური და არა ფორმალური გათვალისწინებით) და საინფორმაციო ანუ ცნობიერი.
    1988 წლიდან საქართველოში გაშლილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ, ფაქტობრივად, ვერც ერთ სფეროში საკუთარი კონცეფციის შემუშავება ვერ შეძლო, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ზიანი მას სწორედ საინფორმაციო ფაქტორის იგნორირებამ მიაყენა.
    თუმცა, ამას ალბათ ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა - ინფორმაციის გავრცელების თითქმის ყველა არხი რუსეთზე გადიოდა და გადის. მას ნებისმიერ დროს შეუძლია «გადაკეტოს» ეს არხები, ან მხოლოდ მისთვის სასურველი ინფორმაცია გაატაროს დასავლეთში.
    პარადოქსია მაგრამ უდავო ფაქტია, რომ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დასავლეთი კვლავინდებურად «ТАСС»-ით (დღეს სააგენტოს «ИТАР-ТАСС»-ი ეწოდება) იღებს ინფორმაციას და, ფაქტობრივად, არ ცდილობს, დამოუკიდებელი კონტაქტი დაამყაროს ამ ქვეყნებთან. მსოფლიოს უმძლავრეს საინფორმაციო სააგენტოებს (როიტერი; იუსია; ფრანს-პრესს) არ გააჩნიათ აქ თავისი კორპუნქტები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით იქნებოდნენ აღჭურვილნი და ოპერატიულად გაავრცელებდნენ ინფორმაციას.
    ამის მიზეზი, როგორც ჩანს ისაა, რომ მოხდა პოლიტიკურ ძალთა მიერ მსოფლიოს გადანაწილება გავლენის სფეროებად და კავკასიის რეგიონი რუსეთის გავლენის სფეროში დარჩა - აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
    თავად იმპერია კი, დაპყრობილ ხალხებზე ზემოქმედების ამ ყველაზე ეფექტურ საშუალებას იყენებს ერისა და პიროვნების ფსიქიკაზე განსაკუთრებული ზემოქმედებისათვის - იგი ახდენს ამ საზოგადოებებში შიდა კონფლიქტების პროვოცირებას, ეროვნული იდეალების დისკრედიტაციას, ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირებას და ა.შ.
    გარდა ამისა, იმპერიის საინფორმაციო საშუალებანი ქმნიან ისეთ იდეოლოგიურ და ცნობიერ სისტემებს, რომლებიც გარკვეულ დრომდე (ვთქვათ ანტიიმპერიული მოძრაობის გაშლამდე), კონსერვირებულნი არიან და მხოლოდ მაშინ იწყებენ მოქმედებას, როდესაც იმპერიას ამა თუ იმ ერის (დიახ, ერის!) დისკრედიტაცია სჭირდება. ამის ზუსტი მაგალითი ვართ ქართველები.
    ჩვენთან დაკავშირებით რუსეთში წლების განმავლობაში იქმნებოდა ორი სახის (დადებითი და უარყოფითი) სტერეოტიპი - იქმნებოდა გეგმაზომიერად და მიზანსწრაფულად.
    სანამ მორჩილნი ვიყავით, იმპერია დადებით სტერეოტიპს «აღვივებდა», მაგრამ როგორც კი «გავურჩდით» და დამოუკიდებლობა მოვისურვეთ, უმალ მეორე - (უარყოფით) სტერეოტიპს შესძინა მეტი ცხოველმყოფელობა.
    რაც შეეხება ინფორმაციული აგრესიის განსახორციელებელ საშუალებებს - ისინი ძალზე მრავალფეროვანია და მრავალმხრივი.
    კვლავ ძლიერ საშუალებად რჩება ერთ-ერთი უდიდესი საინფორმაციო სააგენტო «ИТАР-ТАСС», რომელსაც ენდობიან მსოფლიოში, რადგან იციან: იგი აშკარა ტყუილს არასდროს გადმოსცემს. უფრო ზუსტად იგი არასდროს არ გაავრცელებს ცრუ ინფორმაციას, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ გაავრცელოს ინფორმაცია ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. ის, რომ ეს სააგენტო უშუალოდ შედიოდა საბჭოთა საიდუმლო სამსახურის სტრუქტურებში და მას «კგბ»-ს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობდა - კლავ მიუთითებს ინფორმაციული ფაქტორის უდიდეს მნიშვნელობაზე.
    რუსეთში და ყოფილ საბჭოთა კავშირში არ გამოდიოდა და არც ამჟამად გამოდის თუნდაც ერთი გაზეთი, რომელსაც ამა თუ იმ სახის საიდუმლო სამსახური არ აკონტროლებდეს. ამისათვის მას მრავალი საშუალება აქვს: დაწყებული «ღრმად ჩანერგილი» აგენტურიდან, - დამთავრებული, ელემენტარულად, გაზეთის დაბეჭდვისა და აწყობისათვის აუცილებელი მოწყობილობისა და მასალის მიწოდება-არმიწოდებით.
    და, რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღი, ამ თვალსაზრისით არის ტელევიზია, რომელიც კვლავინდებურად «კრავს» ყოფილი საბჭოთა კავშირის ცნობიერ სივრცეს ერთ, განუყოფელ სისტემად.
    ეს იმდენად ღრმა, საინტერესო და ამოუწურავი თემაა, რომ ვაპირებ პატივცემულ მკითხველს შევთავაზო წერილების ციკლი სახელწოდებით «საინფორმაციო ომი», რათა შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყო ამ ურთულესი პრობლემის გათვითცნობიერებას ჩვენი საზოგადოების მიერ.

«ივერია-ექსპრესი», 20 აგვისტო, 1993 წელი.