საინფორმაციო ომი.

საინფორმაციო ომი.

   წერილი მეოთხე

    ნიკო ჭავჭავაძემ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს მრავალგვარი ხუნდი აძევს იმპერიისა და თუ ქართულ ეროვნულ მოძრაობას სამშობლოს გამოხსნა სურს, მან ცალ-ცალკე უნდა გახსნას ეს ხუნდები - თანდათანობით გაათავისუფლოს ქვეყანა თითოეული მათგანისაგან.
   
მართლაც, იმპერიამ მრავალგვარი ბორკილი დაადო საქართველოს: პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური. . . . კვლავ ვაპირებ, მკითხველის ყურადღება მივაპყრო კიდევ ერთ ხუნდზე, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ერთ-ერთი უმძლავრესია და მისი თავისებურება ის არის, რომ თითქოს შეუმჩნევლად, ერთი შეხედვით უწყინარადაც კი გვაძევს სულზე.
   
ეს არის «ინფორმაციული ბორკილი
   
სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გაშლილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ არა თუ ჯეროვნად ვერ შეაფასა, არამედ ვერც კი შეამჩნია ეს უმძლავრესი და უმყარესი ჯაჭვი, რომლითაც კვლავ ვრჩებით რუსეთზე მიჯაჭვულნი და სრული პასუხისმგებლობით უნდა ითქვას: ამ ხუნდისაგან გათავისუფლების გარეშე (თუნდაც ყველა სხვა ხუნდი დავამსხვრიოთ), საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ გახდება.
   
კი მაგრამ, ხომ ნათელია, რომ მრავალი ინფორმაცია, რაც რუსეთის საინფორმაციო არხებით გადმოიცემა, წინასწარ განზრახული პროვოკაციაა?
   
ხომ ნათელია, რომ იგი მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას, პოლიტიკურ ძალთა და ლიდერთა წაკიდებას, უმართავი ანარქიული პროცესების გაღვივებას? მაშ, რატომ ჭრის ეს ხერხი ესოდენ ადვილად?
   
საქმე ის არის, რომ მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა, ჩვენ კვლავ ვრჩებით იმ უხილავი, მაგრამ გრძნეული ძალის მქონე სივრცეში, რომელიც იმპერიამ თავის გეოპოლიტიკურ არეალში, ათწლეულების განმავლობაში, უდიდესი ძალისხმევითა და რუდუნებით შექმნა და რომელსაც პირობითად შეიძლება იმპერიის «საერთო ცნობიერი სივრცე» ვუწოდოთ.
   
ეს სივრცე არის იმპერიის უკანასკნელი და ყველაზე მძლავრი ბასტიონი.
   
შეიძლება, დაინგრეს ყველა სხვა სივრცე «საერთო ეკონომიკური», «საერთო ფინანსური», «საერთო პოლიტიკური», თვით «საერთო სამხედრო» სივრცეც კი, მაგრამ სანამ არსებობს იმპერიის იდეოლოგიური მონსტრის მიერ შექმნილი საერთო «ცნობიერი სივრცე», სანამ პროგრამა «ნოვოსტის» ერთნაირი გულისფანცქალით ელის ქართველიცა და უკრაინელიც, ყალმუხიცა და უზბეკიც, სომეხიცა და აზერბაიჯანელიც, _ მანამ არსებობს იმპერია და მანამ ინარჩუნებს იგი დაპყრობილ ხალხებზე თავის ძალმოსილებას.
   
როგორც ზემოთ ითქვა, ეს უმძლავრესი «ძალური ველი» იმპერიამ უდიდესი რუდუნებითა და ძალისხმევით «ქსოვა» ათწლეულების განმავლობაში.
   
ფიზიკურად დაპყრობილ ერთა კრემლის ტახტზე სულიერად მიბორკვისათვის იგი განსხვავებულ ხერხებს მიმართავდა, რადგან ასევე განსხვავებული, თვითმყოფადი იყო ამ ერთა ეთნოფსიქოლოგია.
   
იმპერიისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართული ეთნოფსიქოლოგიის უმთავრესი თავისებურებაა ჩვენი ხალხის ავადმყოფობამდე მისული თავმოყვარეობა. სწორედ ამ ჩვენს ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სათუთ ნერვს ჩასჭიდა მან ხელი.
   
მოვიყვანთ ასეთ მაგალითს: გავიხსენოთ 70-იანი წლების «საკავშირო ტელევიზია».
   
მასში ძალზე ხშირი იყო ქართველი ერის, ქართული კულტურის ქება-დიდება. სიუჟეტი სიუჟეტს ცვლიდა; საინფორმაციო პროგრამა მოუთხრობდა ტელემაყურებელს იმის შესახებ, თუ რა მშვენიერი, რა წარმტაცია საქართველო, რა მდიდარი, რა უნიკალურია მისი კულტურა, რა ლამაზი, თვითმყოფადია ქართული ცეკვა და უეცრად. . . უეცრად ამ «ტკბილი» სიუჟეტების შემდეგ «ცივი შხაპივით» სიუჟეტი (ერთი შეხედვით უმნიშვნელო), რომელშიც აღწერილი იყო, რომ საქართველოდან მოსკოვში ჩამოიტანეს ყურძენი, რომელიც უკვე დამპალი აღმოჩნდა და დიქტორის ხმა: «ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, ნუღარ გამოუგზავნიან მოსკოველებს დამპალ ყურძენს». შემდეგ კი, კვლავ «ტკბილი» სიუჟეტები: თუ როგორ შეძრა ინგლისი ქართველი რეჟისორის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა, როგორი ოვაციებით შეხვდნენ იტალიელები ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს და . . . . და კვლავ უეცრად სიუჟეტი «უვარგისი ქართული ჩაის» შესახებ.
   
ასეთ სიუჟეტებში რუსი დიქტორები ყოველთვის ცდილობდნენ, სიტყვა «ქართულისათვის» გაესვათ ხაზი, რათა ჩვეული ქება-დიდებით გაბანგული ქართველისათვის სიუჟეტი განსაკუთრებით მწვავე და მტკივნეული ყოფილიყო.
   
ეს ყოველივე გრძელდებოდა წლების, ათწლეულების განმავლობაში.
   
ასე გამოუმუშავეს ქართველ კაცს იმპერიისათვის ყველაზე საჭირო, უძვირფასესი «შიშის სინდრომი». ასე გახადეს იგი სულიერად დამოკიდებული იმპერიის «ინფორმაციულ ნარკოტიკზე».
   
დღეს სავსებით ნათელია, რომ რუსეთის ტელევიზია გახდა ის უმძლავრესი ბერკეტი, რომლითაც იმპერია მართავს შიდა-პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესებს დაპყრობილ ქვეყნებში, აღვივებს ეთნოკონფლიქტებს, ახდენს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა შეჯახების პროვოცირებას.
   
იმპერიის ინფორმაციული იარაღის მოქმედების სპეციფიკა და ხერხები ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ხერხის საერთო მნიშვნელია რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის განსაცვიფრებელი უნარი, იცრუოს ისე, რომ ტყუილი არ თქვას.
   
დიახ, «სიცრუე ტყუილის გარეშე», - აი, ეს არის მისი მთავარი თვისება.
   
მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს: დღეს იმპერიას განსაკუთრებით სჭირდება სიტუაციის დესტაბილიზაცია საქართველოში; განსაკუთრებით სჭირდება მთელი მსოფლიოსათვის იმის დემონსტრირება, რომ ედუარდ შევარდნაძე ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, რომ იგი მერყეობს და დასავლეთის სახელმწიფოებმა ასეთ «სუსტ» პოლიტიკურ ფიგურასთან მჭიდრო კონტაქტი არ უნდა დაამყარონ. ამ მიზნით, კრემლის საინფორმაციო იარაღმა განახორციელა ასეთი პროვოკაცია: პროგრამა «ნოვოსტიში» გადმოიცა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ედუარდ შევარდნაძე კორესპონდენტთან საუბრის დროს ლაპარაკობდა თავისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ.
   
საქმეში ჩაუხედავ ტელემაყურებელს ამ ინფორმაციით ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნეს, რომ შევარდნაძე მერყეობს და დღე-დღეზე გადადგება. სინამდვილეში კი, აი, რა მოხდა: ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, რომელიღაც რუსმა ჟურნალისტმა (ალბათ წინასწარგანზრახულად) დაუსვა შევარდნაძეს კითხვა: «აპირებთ თუ არა გადადგომას დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარების გამორაზეც უარყოფით პასუხი მიიღო. «რია-ნოვოსტიმ» კი განაცხადა: «შევარდნაძემ ისაუბრა თავისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ» და განა ეს ტყუილი იყო? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ თვით ინფორმაცია ხომ ცრუ შთაბეჭდილებას ქმნიდა? _ რასაკვირველია!
   
ამგვარი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება.
    «
ივერია-ექსპრესი», 2 სექტემბერი, 1993.