სავალუტო ომი

სავალუტო ომი

      

        რა სახის ომს არ უწინასწარმეტყველებდნენ კაცობრიობას ოცდამეერთე საუკუნესა და მესამე ათასწლეულში: ბირთვულს, საინფორმაციოს, სასურსათოს, დემოგრაფიულს, ეკოლოგიურს, ენერგეტიკულს და ა.შ. რამდენიმე წლის წინ ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ყველა სახეობა (უკანასკნელ სტადიაში ბირთვულიც კი) ერთ ტერმინზე და ერთ შინაარსზე დაიყვანება: სავალუტო ომი!!! ომი, რომელიც იწყება ან უკვე მიმდინარეობს, მონაწილეებისთვის არანაკლებ დამანგრეველი და გამანადგურებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
        როდესაც ათი წლის წინ ევროკავშირმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ევროს შემოღების შესახებ, ბევრი თვლიდა, რომ დოლარის ეპოქა დასრულდა და რომ ევრო-დოლარის დაპირისპირება ამერიკასა და ევროპას შორის ნამდვილ ომს გამოიწვევდა. ზოგიერთი იმასაც კი წერდა: «ამერიკამ იუგოსლავიის წინააღმდეგ ომი იმიტომ დაიწყო, რომ ევრო მეტისმეტად გამყარდა და ევროპის კონტინენტზე ომის პროვოცირებით ევროს დასუსტება უნდოდაო».
        რა თქმა უნდა სისულელეა, თუმცა საომარი კონფლიქტები და დაძაბულობა ნამდვილად ახდენს ზეგავლენას სავალუტო კურსებზე; და ისიც ფაქტია, რომ დედამიწაზე სავალუტო პლურალიზმის, სავალუტო მრავალფეროვნების ერა დგება, როდესაც დოლარი უკვე აღარ არის ერთადერთი, შეუდარებელი და განუმეორებელი, თუმცა ინარჩუნებს სერიოზულ უპოირატესობებს ყველა სხვა ვალუტის მიმართ.
        ეკონომიკური სიტუაციის ინდექსებს თუ დააკვირდებით (განსაკუთრებით ტელეეკრენებზე) იოლი შესამჩნევია, რომ 20-30 წლის წინანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, პირველი ადგილი არა ინდუსტრიული (დოუ ჯონსი) ან თუნდაც ტექნოლოგიური (ნასდაქი) ზრდის მაჩვენებლებს, არამედ სავალუტო თანაფარდობებს უკავია. ესე იგი შეფარდებებს ძირითად ვალუტებსა და მათ «კროსკურსებს» (ორი ვალუტის თანაფარდობას მესამესთან). მთავარი საკითხი ისაა, რაში შეიძლება უფრო დაცულად და სარფიანად დაბანდდეს კაპიტალი. დღევანდელი კრიზისის დროს «სარფიანობაზე» ესე იგი მოგებაზე აღარც ფიქრობენ: ოღონდ კაპიტალი გადაარჩინონ, «გარბიან» დოლარიდან და «ევროდან» - ყიდულობენ ოქროს, როგორც მარადიულსა და განუმეორებელს. არადა, ცნობილი ფინანსისტი, ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ 1300 დოლარი ოქროს უნციისათვის – არანორმალურად დიდი ფასია, რეალური ღირებულება 900 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს და ეს «საპნის ბუშტი» მალე ისევე გასკდება, როგორც უძრავი ოქნების თუ იპოთეკის ბაზარი გასკდა და ლამის მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ქვეშ მოიყოლა.
       

სოციალიზმის მსხვერპლი

        დღეს მსოფლიოში რამდენიმე ძირითადი ვალუტა იბრძვის პირველობისთვის: ამერიკული დოლარი, ევროპული ევრო, იაპონური იენა და ჩინური იუანი. ჩინეთის ტოტალიტარული სახელმწიფო ხელოვნურად ამცირებს ეროვნული ვალუტის კურსს, რათა მისი პროდუქცია კიდევ უფრო იაფი იყოს და ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებში წარმოებულს კონკურენცია გაუწიოს. იმ ვითარებაში, როცა ჩინელი მუშა თვეში ოც დოლარზე მზადაა 24 საათი იშრომოს, - დასავლეთისთვის შედეგი უბრალოდ კატასტროფულია.
        ამერიკაც და ევროპაც ჩინეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს იუანის ხელოვნურად გამყარება, თუმცა ამაოდ. თითქოს საოცარია, მაგრამ ზუსტად ასევე იქცევა არა ტოტალიტარული, არამედ დემოკრატიული იაპონია: საკუთარი პროდუქციის დასახმარებლად ისიც ხელოვნურად ასუსტებს იენას.
        ამასობაში, ევრო იდიოტური ბერძნული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა: Gგერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები იძულებულნი არიან ასეულობით მილიარდი გამოუყონ ამ ქვეყანას, რომელიც თვითონ იღუპება და ცდილობს მთელი ევროპაც ჩაიყოლოს უფსკრლულში.
        სხვათა შორის, აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ევროპელებს საერთო ვალუტა შემოჰქონდათ, ბევრი ჭკვიანი ადამიანი წინასწარმეტყველებდა: საერთო ვალუტა იმუშავებს მხოლოდ ერთიანი სახელმწიფო სუვერენიტეტის პირობებში. ანუ მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროპა ერთიანი სახელმწიფო იქნება და არა ათეულობით სუვერენული სახელმწიფოს ამორფული გაერთიანება. რა გინდა რომ უქნა დამოუკიდებელ საბერძნეთს, თუ იტყვის, რომ სულაც არ აინტერესებს ევროპა, რომელიც ვალდებულია აჭამოს, ასვას, ერთი სიტყვით «აგულავოს» მხოლოდ იმტომ, რომ კონტინენტს სახელი აჩუქა?
        საწყალი გერმანელები: კი მუშაობენ სახედრებივით, ფანატიკურად, მაგრამ ალბათ მათი მოთმინების ფიალაც გაწყდება. აკი ხედავენ, რომ როცა ისინი შრომობენ, ბერძნები, ესპანელები და პორტუგალიელები სამხრეთელთათვის დამახასიათებელი უდარდელობით განცხრომას ეძლევიან.
        ბოლო რამდენიმე დღეა ევრო კვლავ იზრდება დოლართან შედარებით. Aამერიკელებს ეს აწყობთ, ვინაიდან ძვირდება ევროპული პროდუქცია და იაფდება – ამერიკული. რაც შეეხება ეკონომიკის სტაგნაციას, ამერიკას აქვს ისეთი შესანიშნავი «ჯადოსნური ჯოხი», როგორიცაა ფედერალური სარეზერვო სისტემა, ესე იგი დოლარის ამოუწურავი და შეუზღუდავი ბეჭდვის საშუალება.
        მარტივად ავხსნათ: თუნდაც სასკოლო სახელმძღვანელოში წერია: ფული უნდა დაიებჭდოს იმდენი, რამდენიცაა საქონელი. ესე იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქონლით. გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც დოლარი მთელ მსოფლიოში დაგროვების საშუალება გახდა, პრეზიდენტმა ნიქსონმა, «ოქროს სტანდარტთან» ერთად, ეს პრინციპიც გააუქმა. მას შემდეგ ბეჭდავს და ბეჭდავს ამერიკის «ფედრეზერვი» მწვანე ქაღალდებს. Bბევრმა ჩვენგანმა კი არც იცის, რომ ეს ქაღალდები, რომლებსაც სათუთად ვინახავთ, არაფრით არ არის გამყარებული. მართლა ქაღალდია და მეტი არაფერი.
        მაგრამ ამავე დროს, დოლარის უკან ამერიკის ზემძლავრი ეკონომიკა და ზესახელმწიფოს არმია დგას. ამიტომაც დოლარს ენდობიან. შესაბამისად, 800 მილიარდი დოლარი დასჭირდება ობამას ამერიკის ეკონომიკის დასახმარებლად? – ადგება და დაბეჭდავს. ტრილიონი დასჭირდება? – არც ესაა პრობლემა. დოლარი ხომ მაინც მსოფლიო ვალუტაა და ასეთად დარჩება მანამ, სანამ ამერიკა რჩება გლობალურ ლიდერად.
        როგორც კი ეს ლიდერობა ეჭვქვეშ დგება (მაგალითად აგვისტოს ომის დროს მისი უმწეობის შედეგად) მაშინვე იზრდება სხვა ვალუტების მნიშვნელობა, ესე იგი კაპიტალი უმალვე გადაედინება ალტერნატიულ ვალუტებში: ევროში, იეანასა და იუანში. რუბლშიც კი, რაკი ეს გაზპრომის ვალუტაა, გაზპრომი კი – მსოფლიოს ენერგეტიკული რეზერვუარი.

უოლ სტრიტი

        რაც შეეხება სავალუტო ომის შედეგებს, - ამ ომში დოლარი და ევრო უეჭველად მოკავშირეები არიან. რაც არ უნდა იეშმაკოს ჩინეთმა, საკმარისია დასავლეთმა მის იაფფასიან პროდუქციაზე შეღავათები მოხსნას, რომ მაშინვე გამოჩნდება, სინამდვილეში «რა ღირს» ჩინური «ეკონომიკური სასწაული». იგივე ითქმის, რასაკვირველია, რუსეთზეც. სავალუტო სისტემა ხომ კაპიტალიზმის შექმნილია? კაპიტალიზმი კი – დასავლეთის პირმშო!
        და ასაერთოდ, მთელს ამ სავალუტო დავი-დარაბას უფრო ფილოსოფიურად უნად შევხედოთ. რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა ოლივერ სტოუნის გენიალური «უოლ სტრიტის» სიქველი. პირველ ფილმს (ნამდვილ შედევრს) ვერ შეედრება (მიუეხდავად მაიკლ დუგლასის უჭკნობი ტალანტისა), მაგრამ დედააზრი მაინც მკაფიოდაა გადმოცემული: სანამ არსებობს დასავლური ცივილიზაცია მისი მთავარი ღირებულებებით – არჩევანის შესაძლებლობით, ინიციატივით, პიროვნული თავისუფლებით – რამდენი ფინანსური «საპნის ბუშტიც» არ უნდა გასკდეს, - ეს ცივილიზაცია მაინც გადარჩება და კრიზისიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვა. სტოუნის ფილმი კიდევ იმითაცაა საინტერესო, თუ რა გზა განვლო დიდმა ამერიკელმა კინორეჟისორმა მემარცხენე-სოციალისტური მორალიზატორობიდან («უოლ-სტრიტი» 1985 წელსაა გადაღებული) – ჯანსაღ ლიბერალურ პრაგმატიზმამდე.
        სავალუტო რყევების მიუხედავად, დოუ ჯონსის ინდექსი უკვე 11 000 პუნქტს მიუახლოვდა. მაშინ, როდესაც 2008 წელს იგი 6000-მდე დაეცა. ეს კაპიტალისტური გიგანტის მძლავრი გამოღვიძებისა და წელში გამართვის მთავარი ნიშანია: იწყება ზრდის მორიგი ციკლი, რომლის დროსაც მოიგებს ის, ვინც კაპიტალს არა ოქროში, დოლარში ან ევროში, არამედ რეალურ აქტივში და ბიზნესში დააბანდებს. თუნდაც ქობულეთის ტურისტულ კომპლექსში.
       
        2010