საგა ირაკლი წერეთლის პოლიტიკაზე

საგა  ირაკლი წერეთლის პოლიტიკაზე

 

    5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ ერთი პროცესი განსაკუთრებით საცნაური და შესამჩნევი გახდა. ეს არის საბოლოო დაახლოება, შეიძლება ითქვას ალიანსი ირაკლი წერეთელსა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის.
    გული აგიჩუყდება კაცს, როგორი სითბოთი, პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიებს დღეს ირაკლი წერეთელი ზვიად გამსახურდიას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია» 1991 წლის შემოდგომა-ზამთრის მოვლენებში მტკიცე ნეიტრალიტეტს იცავდა და არაფერი გაუკეთებია ხელისუფლების დამხობისათვის. არადა, თუ იმდროინდელ აქციებს გავიხსენებთ, დავრწმუნდებით: ირაკლი წერეთლის პარტია, «ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან» ერთად, ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი დამხობის იდეოლოგიური შემზადების ერთ-ერთი ავტორი იყო. ხაზს ვუსვამ: შესაძლოა წერეთელს უშუალო სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია (იგი დეკემბრის ბოლოდან სვანეთში იმყოფებოდა), მაგრამ მან აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ პროპაგანდისტული ფონის შექმნაში, რომლის გარეშეც კიტოვანი ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებდა.

    1991 წლის 2 სექტემბრის მიტინგის დარბევა რომ წინასწარ «ჩაწყობილი» პროვოკაცია იყო - ამაზე დღეს უკვე აღარავინ დავობს. საეჭვოა ისეთი «გამჭრიახი» პოლიტიკოსი, როგორც ირაკლი წერეთელია, ამას მაშინვე ვერ მიმხვდარიყო, მაგრამ უკვე 4 სექტემბერს მან ჩაატარა მიტინგი, რომელზეც განაცხადა, რომ პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
    შემდგომ, ტელევიზიასთან გამართულ «შეიარაღებულ მიტინგებზე», ირაკლი წერეთელი ხშირად გამოდიოდა ამავე მოწოდებით; ერთხელ კი პირდაპირ განაცხადა: «მოვუწოდებ ეროვნულ გვარდიას, იარაღით ხელში მოითხოვონ პრეზიდენტის გადადგომა».
    გარდა ამისა, ირაკლი წერეთელი მხოლოდ მოწოდებებით როდი კმაყოფილდებოდა - 1991 წლის 20 სექტემბერს, «იმელში», საკუთარი პარტიის შეკრებაზე, მან განაცხადა: «უნდა გავაძლიეროთ მიტინგები და დემონსტრაციები თბილისში, უნდა გადავკეტოთ ცენტრალური ქუჩები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარეწარი (იგულისხმება ზვიად გამსახურდია-ავტ.) არ გადადგება».
    «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ» პირველმა აღმართა ბარიკადები რუსთაველის პროსპექტზე, ხოლო როდესაც გამსახურდიას მომხრეებმა ეს ბარიკადები ძალით აიღეს, «წერეთლის პარტიის» წევრებმა მათ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რითაც შესანიშნავი საბაბი მისცეს კიტოვანსა და მის ე.წ. «გვარდიას», - ხელისუფლების დამხობა «ხალხის ინტერესების დაცვით» აეხსნა.
    შემდგომ პერიოდში, ირაკლი წერეთელის «დატკბობა» ზვიად გამსახურდიას მიმართ იმით აიხსნება, რომ ხელისუფლებამ ვერა და ვერ გადაწყვიტა (1993 წლის შემოდგომამდე) ლოთი ქობალიას პრობლემა და ირაკლის ძალიან ეშინოდა თბილისში ექსპრეზიდენტის დაბრუნების შემთხვევაში მოსალოდნელი შურისძიებისა. დღეს კი მისი მოტივი სოციალური ბაზის ძიებაა და არა წარსული შეცდომების მონანიება.

«მიმომხილველი», თებერვალი, 1996 წელი.