სააკაშვილი და СНГ

სააკაშვილი და СНГ

შეუთავსებელი ალგორითმები
       

       

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. მისი პირველი მონაწილეობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტში ძალიან უცნაურ საინფორმაციო ფონზე წარიმართა.
        პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, რუსული მედია თითქმის არ ეხმაურებოდა დსთ-ს მეთაურთა სამიტს, რაც ძალიან საეჭვო და დასაფიქრებელი მოვლენაა.
        თუ გავითვალისწნებთ, რომ რუსულ ჟურნალისტიკას დღეს მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ - აქ გარკვეული ტენდენციის არსებობა უნდა ვაღიაროთ.
        როგორც ჩანს პუტინს «საპრეზიდენტო დოღის» პარალელურად ნატო-ს საწინააღმდეგო ერთობლივი დეკლარაციის მიღება ჩაეშალა. წინასწარი კონსულტაციებისას ამაზე თანხმობა სომხეთმაც კი არ განაცხადა და მხოლოდ ბელორუსიის პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებისათვის კი მეთაურთა საბჭოს ლამის სრული შემადგენლობით შეკრება ნამდვილად არ იყო აუცილებელი.
        ხოლო მეორე ფაქტორი, რამაც მოსკოვში ერთგვარი ნევროზულობა გამოიწვია, უდავოდ საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელი დემარშები იყო. ეს შიში კიდევ უფრო გაამძაფრა გოგა ხაინდრავას უკვე ისტორიულ ეპიზოდად ქცეულმა «დიპლომატიურმა ნოკაუტმა» _ ოთხმხრივი მოლაპარაკებების დროს.
        ვინც თვალს ადევნებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს ბოლო თვეების განმავლობაში, უეჭველად დაგვეთანხმება, რომ სერგეი ლავროვის მოსვლის შემდეგ, ეს უწყება განსაკუთრებით აგრესიული და შეურიგებელი გახდა სწორედ საქართველოს მიმართ.
        საქმე იქამდე მივიდა, რომ «სამხრეთ ოსეთთან» დაკავშირებულ ოფიციალურ (განცხადებებში საერთოდ აღარ იყო ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
        ეს, როგორც ჩანს, სერგეი ლავროვის ერთგვარი ნოვაციაა, რომლითაც იგი რუსულ პოლიტიკურ ელიტაში თვითდამკვიდრებასაც ცდილობს.
        მაგრამ მისი ელჩის (მიხაილ მაიოროვის) საჯარო შეცხვენა კარგ მაგალითად და პასუხად შეიძლება ჩაითვალოს. მით უმეტეს, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ (მიუხედავად იმისა, რომ ხაინდრავა პროფესიონალი დიპლომატი არ არის _ იგი ნამდვილად შეიძლება შევიდეს დიპლომატიის ქრესტომათიაში, როგორც «არატრადიციული მეთოდი») სმოლენსკის მოედანმა იკადრა და რამდენჯერმე დაადასტურა კიდეც «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა».
        რაც შეეხება ორდღიანი ბატალიის კონკრეტულ შედეგს, ბუნებრივია, პრეზიდენტი პუტინი (ისევე, როგორც მისი წინამორბედი) სიტყვით კვლავაც განაცხადებდა, რომ არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ რამდენად ღირებულია ამგვარი განცხადებები _ საყოველთაოდ ცნობილია.
        ორეზიდენტების პირისპირ შეხვედრას ჰქონდა ორი კონკრეტული შედეგი: რუსეთმა, შესაძლოა, მიიღოს სიმეტრიული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის აეროპორტებში ვიზების გაცემის შესახებ (თუმცა, ეს მხოლოდ შეპირებაა ჯერჯერობით) და მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი: რუსეთისათვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში ბაზების სანაცვლოდ ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა.
        თავისთავად ამგვარ ცენტრზე უარს, რა თქმა უნდა, კრემლი არ იტყოდა, მაგრამ არა ბაზების სანაცვლოდ _ ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილს ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ განუცხადა.
        «სამხრეთ ოსეთის» თაობაზე, მიუხედავად დიპლომატიური განცხადებებისა, მხარეები (რუსეთი და საქართველო, რასაკვირველია) პრობლემების გადაწყვეტას სრულიად საპირისპირო ალგორითმით ეკიდებიან.
        საქართველოს სურს, «კონტრაბანდის» წინააღმდეგ ბრძოლა გამოიყენოს საიმისოდ, რათა აიძულოს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება, დაეთანხმოს «რესპუბლიკის» სტატუსს საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში.
        მაგრამ, რუსეთმა სრულიად საპირისპირო ალგორითმი შეიმუშავა: თავის მხრივ მას სურს სწორედ «სამხრეთ ოსეთსა» და «კონტრაბანდული ჩანჩქერის» მეშვეობით (რომლის შეკავება, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ მოხერხდება იმ ავრარული ხერხებითა და მეთოდებით, რაც ამჟამად ხორციელდება), აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, დათანხმდეს რუსეთთან ერთიანი საბაჭო სივრცის შექმნას (ანუ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ბელორუსთან ერთად), რის შედეგადაც «კონტრაბანდის» პრობლემა ბუნებრივად აღმოიფხვრება, რაკი აღურიცხავი პროდუქციის მაინცდამანიც ცხინვალის რეგიონიდან შემოტანა აზრს დაკარგავს. სწორედ ამიტომ, არც რუსები და არც მათი ოსი მოკავშირეების, როკის გვირაბთან ერთობლივ პოსტს არასდროს დაეთანხმებიან.
        ბუნებრივია, ვერავითარი «საბაჟოს კავშირი» მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ საქართველოსა და რუსეთს შორის ვერ შედგება, მაგრამ ამ მაგალითით კარგად ჩანს, რა მიზნები აქვს რუსეთს და რამდენად შეუთავსებელია ეს მიზანი თუნდაც საქართველოს ფედერალიზაციის გეგმებთან, რაც თბილისში უკვე აქტიურად განიხილება პრობლემათა გადაწყვეტის მეთოდად.
        სინამდვილეში, კრემლს «ფედერაცია» არასაკმარის გარანტიად მიაჩნია, თუკი ვერ შეძლებს ჩვენს ქვეყანაში სამხედრო ყოფნისა და საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში საქართველოს ინკორპორაციის უზრუნველყოფას.

5 ივლისი, ორშაბათი, 2004 წელი
        24 საათი