რუსი ელჩის სადღეგრძელო

რუსი ელჩის სადღეგრძელო

     რამდენიმე დღის წინ, საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვიაჩესლავ კოვალენკომ საქართველო დატოვა.
    უკანასკნელი რუსი დიპლომატების წასაყვანად თბილისში სპეციალური რუსული თვითმფრინავი დაეშვა. ნიშანდობლივია, რომ რუსულმა დიპლომატიურმა კორპუსმა ჩვენი ქვეყანა ურთიერთობების გაწყვეტიდან ორი კვირის შემდეგ დატოვა.
    მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხარეები,  აგრძელებდნენ კონსულტაციებს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ფორმებს მიიღებდა ქვეყნებს შორის საკონსულო ურთიერთობა დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის შემდეგ.
    როგორც ჩანს, თბილისში იმედი ჰქონდათ, რომ საკონსულო ურთიერთობათა შენარჩუნება საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის შანსს დატოვებდა. ისევე, როგორც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს (რუსეთის მოქალაქეებს) ექნებოდათ საშუალება ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისა.
    მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვიზების გაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ხოლო ქართულმა მხარემ ძალაში დატოვა რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი, ცოტა არ იყოს გაუგებარია, რა საჭირო იყო რუსებისათვის თბილისში საკონსულო სამსახურის შენარჩუნება.
    მივაქციოთ ყურადღება ელჩ კოვალენკოს განცხადებას: «თბილისში დარჩება რამდენიმე დიპლომატი, რომლებიც საელჩოს ქონებას მოუვლიანო». არადა, სად გაგონილა ამ ფუნქციას (შენობის მოვლას) დიპლომატები ახორციელებდნენ? საამისოდ ტექნიკური მუშაკიც საკმარისია.
    მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ «მეთვალყურე დიპლომატები», სინამდვილეში, სხვა ფუნქციებსაც შეასრულებენ: ამოდენა რეზიდენტურას, რაც რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და შემდგომი წლებიდან დარჩა – მეთვალყურეობა ხომ უნდა? ანუ მთავარი მოტივი აქ დიპლომატიური სტატუსი და, შესაბამისად, ხელშეუხებლობაა.
    ყოფილი საბჭოთა მსტოვარი, ვიქტორ სუვოროვი (რეზუნი) გახმაურებულ წიგნში «აკვარიუმი» წერდა, რომ დაზვერვის რეზიდენტთა ფუნქციებს ხშირად საელჩოს ის თანამშრომლები ასრულებდნენ, რომლებსაც ელჩი საჯაროდ (სხვის დასანახად) ხელსაც არ ჩამოართმევდა და გამარჯობასაც არ ეტყოდა.

    ამრიგად, რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა დასრულდა.
    დანამდვილებით ვერავინ იტყვის, როდის აღდგება. თუ გავითვალისწინებთ, რა გახდა ურთიერთობათა გაწყვეტის მიზეზი (აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობის აღიარება) ამ ურთიერთობათა აღდგენა იოლი არ იქნება – ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის სრული კაპიტულაციისა და საკუთარი პოზიციის კატეგორიული უარყოფის გარეშე.
    ესე იგი მანამ, სანამ ან რუსეთი არ უარყოფს თავის გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიათა ფაქტობრივ-იურიდიული ანექსიის თაობაზე, ან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ დაეთანხმება ამ რეგიონების დაკარგვას.
    რამდენად რეალურია ეს ყოველივე (ერთი ან მეორე მხრიდან) უახლოეს ისტორიულ პერიოდში – ძნელი სათქმელია, თუმცა არც რუსეთის, არც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რომ ამას არ გააკეთებს – იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს.
    ელჩ კოვალენკოს «გაცილებას» ქართულმა ტელეარხებმა დიდი ყურადღება მიაქციეს.
    ცერემონიალში რამდენიმე სრულებით უცნობი, აშკარად შემთხვევითი სუბიექტი მონაწილეობდა; თუმცა მათ შორის იყო ერთი ადამიანი, რომლის იქ ყოფნა გარკვეულწილად სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა: ვალერი კვარაცხელია - «პრორუსული ორიენტაციის» უკანასკნელი მოჰიკანი საქართველოში, რომელიც ცხონებულ ვახტანგ გოგუაძესთან ერთად, 1991-1992 წლიდან დაწყებული, ყველა ხელისუფლებას მოუწოდებდა შეეცვალა პოზიცია და პოლიტიკა მოსკოვის მიმართ.
    მაგრამ მათი «განწირული სულისკვეთება» ძირითად ტრენდს ვერ ცვლიდა და ვერც შეცვლიდა.
    ხოლო მას შემდეგ, რაც აგვისტოში მოხდა, ეს ორიენტაცია საბოლოოდ დასამარდა საქართველოში; თუ, რასაკვირველია, საერთოდ თვითმკვლელობას არ ვაპირებთ და იგორ გიორგაძეს არ ვეპატიჟებით - ოცი წლის შემდეგ.
    თბილისის აეროპორტში ელჩმა კოვალენკომ, რომელიც ნიჭით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ნამდვილი «დიპლომატიური მგელია», პატარა სპექტაკლი დადგა: ალმაცერად შენიშნა, რომ მის თითოეულ ნაბიჯს ყოველ სიტყვას ტელეკამერები აფიქსირებდნენ, თანაშემწეს წყლის (ოღონდ არა ბორჯომის, არამედ უბრალოდ წყაროს წყლის) მოტანა უბრძანა, ამ წყლით ქაღალდის ჭიქა შეავსო, ფეხზე წამოდგა და თითქოსდა ბანალური სადღეგრძელო წარმოთქვა.
    სინამდვილეში, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ურთიერთობის უწუხარი «შესანდობარი»; გესლიანი დაცინვა, შეურაცხყოფა, ოღონდ ჭეშმარიტად დიპლომატიური რაფინირებულობით და ქარაგმით წარმოთქმული.
    დავაკვირდეთ, რა თქვა ელჩმა კოვალენკომ: «მე მინდა ამ სუფთა, კამკამა წყლით, რომელშიც ფარისევლობის წვეთიც არ არის, შევსვა ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის სადღეგრძელო».
    ბუნებრივია, ვიაჩესლავ კოვალენკომ არ შეიძლება არ იცოდეს, რომ არც რუსეთში, მით უმეტეს არც საქართველოში, სადღეგრძელოს წყლით არ სვამენ; წყლით შესმული სადღეგრძელო – სადღეგრძელო არ არის; ამით იგი საკრალურობასა და ღირებულებას კარგავს.
    კოვალენკომ ამით ერთდროულად რამდენიმე შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქვეყანას, სადაც ელჩად იმსახურა რუსეთ –საქართველოს ომამდე და ომის დროს.
    პირველი: თქვენი ტრადიციები, თქვენი ეროვნულობა და ღირებულებები სიყალბე და ფარისევლობაა;
    მეორე: რუსეთ - საქართველოს მეგობრობა წყალ-წყალა და არაგულწრფელი იყო.
    მესამე: ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ნულოვან დონეზეა;
    მეოთხე: საქართველოს იმავე გულწრფელობით ვადღეგრძელებ, რა გულწრფელობითაც თქვენში წყლით ისმება (ანუ საერთოდ არ ისმება) ნებისმიერი სადღეგრძელო;
    მეხუთე: ურთიერთობათა აღდგენა ისევე ძნელი იქნება, როგორც წყლის ქცევა - ღვინოდ.
    და ბოლოს: ჩვენს ურთიერთობებს ისევე აქვს მომავალი, როგორც წყლით დალეულ სადღეგრძელოს – ფასი.
    ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ სადღეგრძელოს შესმით რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვიაჩესლავ კოვალენკომ, 2008 წლის 30 სექტემბერს წერტილი დაუსვა იმ ისტორიულ ეპოქას, რომელსაც (აგრეთვე სადღეგრძელოებით) დაუდეს სათავე გრიგორი პოტიომკინმა, გარსევან ჭავჭავაძემ და ივანე ბაგრატიონმა გიორგიევსკში – 1783 წლის 24 ივლისს.
    აი, ასე (წყლით წარმოთქმული სადღეგრძელოთი) დასრულდა, ჩვენს თვალწინ, «ეპოქის» ტოლფასი კიდევ ერთი პერიოდი საქართველოს ისტორიისა.