„რუსთავი2“-ის მარყუჟი

„რუსთავი2“-ის მარყუჟი

 

ხელისუფლება, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რომ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ ქეისში ისეთ ყულფში ჰყოფს კისერს, საიდანაც შესაძლოა თავი ვეღარც დაიძვრინოს ვერაფრით და ყოველი მორიგი მოძრაობა იმ „ყულფს“ კიდევ უფრო მოუჭერს საბოლოო დახრჩობამდე. როგორც ბიძინა ივანიშვილის ინგლისური ცხენი დაიხრჩო ბაკურიანში, როდესაც რომელიღაც ადგილობრივმა რეგვენმა კისრით მიაბა პალოზე.

„რუსთავი-2“ არა მხოლოდ ძალიან ნიჭიერი და ეფექტური ტელევიზიაა, არამედ ძალაუფლების ინსტრუმენტი. დღევანდელ მსოფლიოში ძალაუფლებას სწორედ ის ფლობს, ვისაც შეუძლია საინფორმაციო ნაკადების კონტროლი. „პოლიტკორექტულობა“ გვავალდებულებს აქვე დავამატოთ, რომ ასეა არა ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ  მხოლოდ პოსტსაბჭოურ სივრცეზე. მაგრამ თუ დავაკვირდებით იმ გამაოგნებელ პროცესებს, რაც ახლა ამერიკულ მედიაში ხდება, ეს თეზისიც ეჭვქვეშ დგება: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დეპუტატი ჰყავს ოპოზიციას პარლამენტში - 10 თუ 68. სანამ ეს მძლავრი მედიასაშუალება მუშაობს მის მიერ დადგენილი საინფორმაციო მეინსტრიმისა და დღის წესრიგის ფარგლებში, ოპოზიცია ძალაუფლების კარგა გვარიან წილს ფლობს - ბევრად მეტს, ვიდრე სახელისუფლებო შტოებში, მათ შორის პარლამენტში მისი წარმომადგენლობაა.

ხელისუფლებას თუ ამდენი არ ესმის,  საქმე კიდევ უფრო ცუდად ყოფილა, თუმცა მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სტრასბურგის სასამართლოს გაეუქმებინა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიული აბსურდის კლასიკური ნიმუშია: რ2-ის ამჟამინდელ მფლობელებს არანაირი იურიდიული კავშირი არა აქვთ იმ მფლობელ სუბიქტთან, რომელმაც 2006 წელს ხალვაშისგან ტელევიზია „გადმოიფორმა“. ელემენტარული იურიდიული ლოგიკით, ძმები ყარამანიშვილები სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული „კეთილსინდისიერი მყიდველები“ არიან. რეალურად რა იყო, როგორ იყო და ვის ეკუთვნოდა, - სხვა საკითხია. „სინამდვილეში მუდამ მიშასი იყოო“ – „ჟღალი მასლაათია“. სასამართლო არ ხელმძღვანელობს იმით, რასაც ინგლისელები უწოდებენ Common sense. ამით თუ იხელმძღვანელა, იურიდიული სისტემა მთლიანად  დაინგრევა: სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ ფაქტებით. მორჩა და გათავდა: ქიბარ ხალვაშმა კეთილი უნდა ინებოს და უნდა დაამტკიცოს, რომ ძმებ ყარამანიშვილებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ 2006 წლის მოვლენებთან. სხვაგვარად ეს იურიდიული პროცესი კი არა „ქურდული საქმის გარჩევაა“, რადგან სწორედ ამგვარი გარჩევის დროს იყენებენ Common sense-სს და ამით განსხვავდება სწორედ „შავი სამართალი“ -  ცივილიზებულისგან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მით უმეტეს, მართლა ტრაგიკომიკურია, როდესაც ტელევიზიის სრულიად უსასყიდლოდ წაღებას ცდილობს მეპატრონე, რომელიც ამჟამინდელი მეპატრონეებს (ვისი კავშირიც, 2006 წლის მოვლენებთან, ვიმეორებ, არანაირად დამტკიცებული არ არის) კომპენსაციის გადახდასაც კი არ აპირებს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციისთვის. ბოლოს და ბოლოს, დღევანდელი „რუსთავი-2“-ის მატერიალური ბაზა და იმ „რუსთავი-2-ისა, რომელიც დელისთან მდებარე მაღლივი შენობის ორ სართულზე იყო შეყუჟული, ერთი და იგივეა?

თავისთავად „გამოძალვის“ ცნებაც, ამ ქეისში, ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, ქიბარ ხალვაშის წინამორბედები, ტელეკომპანიის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ამტკიცებენ, რომ ქიბარმა „აახიათ“ ტელევიზია 2004 წელს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მიხვდა, რომ ედუარდ შევარდნაძის დროინდელი „რუსთავი-2“ მას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა, თუ ისევე გაგრძელდებოდა, როგორც მანამდე.

დვალი-აქიმიძე ამტკიცებენ, რომ „მიზერი“ გადაუხადეს, თუმცა არ აზუსტებენ, რამდენია ეს „მიზერი“ და რატომღაც „ივიწყებენ“, რომ გარდა იმ თანხისა, რაც უშუალოდ მათ გადაუხადა ქიბარმა, კიდევ რამდენიმე მილიონი კერძო და იურიდიული პირებისადმი „რუსთავი-2“ ის ვალების დაფარვას მოხმარდა. ეს თითქოს არ იციან და ამ თანხას „რატომღაც“ არ უმატებენ „მიზერს“.

სხვათა შორის, სწორედ ეს მომენტი გახდა კიწმარიშვილსა და აქიმიძე-დვალს შორის დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი: ეროსი მათ ეუბნებოდა: რა დავალიანებებიც არ უნდა ჰქონოდა „რუსთავი-2“-ს, ხელისუფლება ვერ გაბედავდა ერთადერთი ქმედითი ღონისძიების განხორციელებას (ვალების ამოსაღებად) და „რევოლუციური ტელეკომპანიის“ აუქციონზე გატანას.

მაგრამ 60% წილის მფლობელებს ეს სრულიად რეალურად მიაჩნდათ. მით უმეტეს, რომ მერაბიშვილი, კოდუა, ახალაია და კეზერაშვილი აფრთხილებდნენ, ასე დამთავრდებაო. და ის „მიზერი“ არჩიეს სულ „არაფერს“. ეროსისთან ეს ყოველივე არ გაჭრიდა, მაგრამ კიწმარიშვილი იძულებული გახდა საკუთარი 30%-ც გაეყიდა, როდესაც 60%, ანუ საკონტროლო პაკეტი    ახალი მფლობელის საკუთრებაში აღმოჩნდა. ეროსიც კი ამბობდა „მიზერი მომცესო“, თუმცა ეს „მიზერი“ მაინც ბევრად (ასე, ათჯერ) მეტი იყო იმ „მიზერზე“, რაც დვალი-აქიმიძეს ერგო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გარდა ამისა, სრული ცრუპენტელობაა ამ დღეებში მოარული „ბრალდება“, რომ თურმე იმისთვის, რასაც ეს ტელევიზია 2004 -2006 წლებში სჩადიოდა, ქიბარ ხალვაში აგებს პასუხს, რადგან ის იყო მაშინ მფლობელი. სინამდვილეში, მფლობელი კი იყო, მაგრამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას მას არავინ ეკითხებოდა: ამ პოლიტიკას სხვები განსაზღვრავდნენ. მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელის, გიორგი არველაძის ერთ-ერთი „თანაშემწე გოგონა“, რომელიც სააკაშვილთან შეთანხმებით მიავლინეს ტელევიზიაში.

ხოლო როდესაც , 2006 წელს, ოქრუაშვილთან ერთად ოპოზიციაში გადაბარგება დააპირა, იმ „სხვებმა“ უთხრეს: „შენ ეს ტელევიზია მართლა შენი ხომ არ გეგონაო“ და იმავე ტექნოლოგიით „აახიეს“.

ცალკე თემაა ოქრუაშვილის როლი. ეს უკანასკნელი ახლა ჩასაფრებულია და ხმას არ იღებს, მაგრამ როგორც კი სტრასბურგი განაჩენს დადებს (თუ იგი კიბარის სასარგებლო იქნება) აუცილებლად „გამოაჩენს“ იმ დოკუმენტს, რომლის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლ ოქრუაშვილს არა მხოლოდ ის 6 მილიონი დოლარი „აღმოაჩნდა“, რაც საპროცესო გარიგებით გადაიხადა 2007 წელს, რათა ციხიდან გამოსულიყო, არამედ კიდევ რამდენიმე მილიონი, რაც მისი მტკიცებით, ქიბარისთვის მიუცია ტელევიზიის შესაძენად. თავად ხალვაში ჯერ-ჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა 10 მარტიდან ეს საკითხი ასევე აქტუალური გახდება უეჭველად.

2017