რუსეთმა ომი გამოგვიცხადა!

რუსეთმა ომი გამოგვიცხადა!

        ედუარდ შევარდნაძე: «პანიკისა და განგაშისთვის საფუძველს ვერ ვხედავ. არა მგონია, რუსეთი ისეთ ავანტიურაზე წავიდეს, რაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს თვალში მის მორალურ და ფსიქოლოგიურ დამარცხებას მოასწავებს»
        გუშინ საბოლოოდ გაირკვა, რომ რუსეთს «ნაპოლეონის კომპლექსით» დაავადებული პრეზიდენტიტ ჰყავს. ვლადიმირ პუტინმა სოჭში საქართველოს, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა. მისი თქმით, თუ უახლოეს მომავალში ოფიციალური თბილისი არ დაეთანხმება ერთობლივი სპეცოპერაციის ჩატარებას პანკისის ხეობაში, რუსეთი გაეროს შესაბამისი რეზოლუციის და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, იტოვებს უფლებას, განახორციელოს ფართომაშტაბიანი აგრესია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე – ვითომდაც ჩეჩენი «ბოევიკების» გასანადგურებლად.
        ეს ვითარება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. არ დაიჯეროთ, აშკარა ტყუილი და უსინდისო დემაგოგია, თითქოს, რუსეთს პანკისის პრობლემა, ან თუნდაც, ჩეჩნეთის საკითხი მთლიანობაში ისე აღელვებს, რომ ამის გამო, მზად არის მეზობელ ქვეყანასთან ომი დაიწყოს. სინამდვილეში, პანკისიც და თვით ჩეჩნეთიც მხოლოდ საბაბია. რამდენიმე დღის წინათ, ეს აღიარა ჩვენი ქვეყნის «დაუძინებელმა მეგობარმა» კონსტანტინ ზატულინმა, რომელიც რუსეთის სამთავრობო გრანტებით შექმნილ «დსთ-ს ინსტიტუტს» ხელმძღვანელობს. კონსტანტინ ზატულინის თქმით, პანკისისა და ჩეჩნეთის პრობლემები მხოლოდ საბაბია, მიზეზთა მიზეზი კი ის არის, რომ საქართველოს არ სურს გაითვალისწინოს რუსეთის გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიის რეგიონში და ესწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებას.
        17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი გეგმავდა ბაქოში გამგზავრებას, სადაც, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საზეიმო ცერემონიალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს გახლავთ კრემლის ბინადართა გააფთრების ჭეშმარიტი მიზეზი: თუ ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო სამხრეთ კავკასიისაკენ, შემდგომ კი ცენტრალური აზიისაკენ მრავალმილიარდიანი ინვესტიციების ნაკადი დაიძვრება. ეს აშკარად აღიარა კიდეც იმავე ზატულინმა, რომელმაც მოსკოველ გეოპოლიტიკოსთა შეშფოთების ძირითადი მიზეზი გაამხილა: თუ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთმა მოახერხა ინვესტიციების დაბანდება, ეს სახელმწიფოები მოძლიერდებიან და რუსეთზე დამოკიდებულნი აღარ იქნებიან, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს კი რუსულ სახელმწიფოს, არცთუ შორეულ პერსპექტივაში, სერიოზულ პრობლემებს უქადის სამხრეთ რეგიონების სტაბილურობის თვალსაზრისით. უპირველესად, აქ ჩრდილოეთ კავკასია იგულისხმება.
        ამრიგად, პუტინი ცდილობს არ დააგვიანოს და მანამ დაარტყას ცენტრალური აზია-კავკასია-ევროპის მაგისტრალს, სანამ იგი რეალურად ამოქმედდება. საქართველო კი სამიზნედ შერჩეულია არა იმიტომ, თითქოს, ოფიციალური თბილისი არასწორ პოლიტიკას ატარებს, არამედ იმის გამო, რომ საქართველო ყველაზე სუსტია, ანუ აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან რუსებს შანტაჟი ასე იოლად არ გამოუვათ. საქართვლეოში კი იმედი აქვთ, მუქარით გავლენ ფონს ან, უკიდურეს შემთხვევაში, მართლა წამოიწყებენ ღია აგრესიას და ამით ჩაშლიან «ევრაზიული დერეფნის» პროგრამას. მაშასადამე, პუტინს სურს, ევრაზიული ჯაჭვი მის ყველაზე სუსტ, ობიექტურად ყველაზე სუსტ, და უმწეო რგოლში გაწყვიტოს, მით უმეტეს, რომ მოსკოვში შესანიშნავად ხედავენ რამდენად ინფანტილური პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჰყავს საქართველოს, რამდენად არამდგრადია ქართული ელიტის დამოკიდებულება იმავე რუსეთის თუ დასავლეთის მიმართ.
        დასავლური არჩევანი მართლაც ჩვენი საზოგადოების თვისებრივი მისწრაფება რომ იყოს, პუტინი ასეთი განცხადების გაკეთებას ვერ გაბედავდა, მაგრამ იგი ხომ შესანიშნავად ხედავს იმასაც, რომ საქართველოში, როგორც საზოგადოებაში, ასევე ძალზე გავლენიან პოლიტიკურ წრეებში კაპიტულანტური განწყობილებები მძლავრობს.
        სხვა საკითხია, რამდენად შესწევს დღეს რუსეთს უნარი, მთლიანად დაიპყროს საქართველო. ალბათ, საქმე აქამდე არ მივა, მით უმეტეს, რომ რუსულ არმადას არსაიდან «შემოჭრა» არ სჭირდება – იგი კვლავინდებურად აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის საკვანძო წერტილებს. მოსალოდნელია,M რომ უკიდურეს შემთხვევაში, რუსეთი ღიად გააკეთებს იმას, რასაც მანამდე ფარულად აკეთებდა, ანუ დაბომბავს საქართველოს ტერიტორიას, უპირატესად მთიანეთს, სადაც «ბოევიკთა» კვალს აღმოაჩენს. მაშასადამე, თუ ადრე რუსეთი უარყოფდა თავისი ავიაციის მონაწილეობას ამ დაბომბვებში, ამიერიდან ღიად დაგვბომბავს. უპირველესად, იმ მიზნით, რათა დააშინოს ინვესტორები და ჩაშალოს ხსენებული პროგრამის განხორციელება.
        პუტინის განცხადებაში ისიც ჩანდა, რომ იგი აპირებს, ულტიმატუმი წაუყენოს საქართველოს პრეზიდენტს კიშინიოვში, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტია დაგეგმილი, ანუ ულტიმატუმის არსი იქნება ისევ და ისევ ერთობლივი ოპერაციის ჩატარება. თუ საქართველო ამას დაეთანხმება, რუსეთი ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს. ერთი მხრივ, სამუდამოდ მოშხამავს ჩეჩნეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მეორე მხრივ კი – დასავლეთის წინაშე ჩვენს რეგიონში თავისი გეოპოლიტიკური პრიორიტეტის დემონსტრირებას მოახდენს.

დილის გაზეთი, 12 სექტემბერი, 2002 წელი