როდის დაიჭერენ ჯაბა იოსელიანს?

როდის დაიჭერენ ჯაბა იოსელიანს?

არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის უახლოეს სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორი, ჯამლეტ ბაბილაშვილი აპირებს შემოიტანოს წინადადება დეპუტატ ჯაბა იოსელიანისათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. ოფიციალური მიზეზი მის კაბინეტში ნაპოვნი ნარკოტიკული ნივთიერებაა.
    უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ჯაბა იოსელიანს აპატიმრებენ არა 29 აგვისტოს ტერაქტის ორგანიზებისათვის. როგორც ჩანს, მას არც შევარდნაძეზე თავდასხმასთან, არც გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. რაც შეეხება ამ მკვლელობებსა და სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმას, გენერალურმა პროკურორმა უკვე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძიებას არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ ამ საქმეებთან დაკავშირებით. თუმცა, იგი არ გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას. გენერალური პროკურორის მოადგილემ, რევაზ ყიფიანმა კი, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საგანგებოდ აღნიშნა: ჯაბა იოსელიანის სამუშაო კაბინეტში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, რის გამოც პროკურატურას აქვს საშუალება (!!!) წაუყენოს მას ბრალდება.
    მიაქციეთ ყურადღება, ყიფიანი აცხადებს: «აქვს საშუალება» ანუ საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ შესაძლოა გადაწყდეს უახლოეს მომავალში. ალბათ მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება «პოლიტიკურ დონეზე». ამ «დონეზე» კი გადაწყვეტილების მიღება ბოლო დრომდე აგვიანებდა: შევარდნაძეს ჯაბა იოსელიანი სწორედ «გარეთ» სჭირდებოდა, ანუ პოლიტიკურ ელიტაში, რადგან მისი იქ ყოფნა შესანიშნავი საშუალება იყო და არის ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის.
    მაგალითად: საკმარისი იყო ჯაბა იოსელიანს ეთქვა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს, რომ ამ უკანასკნელის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. თანაც, იქმნება ერთი შეხედვით უცნაური და პარადოქსული სიტუაცია: პატიაშვილი ჯაბა იოსელიანის «მეგობარი» არასოდეს ყოფილა. უფრო პირიქით: 1985 წელს, როდესაც პატიაშვილი «ცკ»-ს პირველი მდივანი გახდა, მან პირველ რიგში «კანონიერი ქურდების» წინააღმდეგ ბრძოლას მიჰყო ხელი. კანონიერი ტერორის ტალღა იოსელიანსაც შეეხო და მას კინაღამ კვლავ ციხეში უყვეს თავი.

    მიუხედავად ყოველივე ამისა, «წარსული მეგობრობა» შევარდნაძის რეიტინგს უკვე აღარ სცემს დაბლა. მოსახლეობა ყურადღებას აქცევს მხოლოდ დღევანდელ მდგომარეობას. დღეს კი, ჯაბა იოსელიანი პატიაშვილს უჭერს მხარს და არა შევარდნაძეს.
    ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს შევარდნაძის  პოლიტიკურ ნიჭსა და ალღოზე. მან ძალიან ზუსტად და სწორად განსაზღვრა, რომ ჯაბა იოსელიანის პიროვნება შეიძლება დისკრედიტაციის ფაქტორი გამხდარიყო იმ პირობებშიც კი, როდესაც მას უკვე რეალური ძალაუფლება ხელთ აღარ ექნებოდა.
    მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, მათ შორის, თუნდაც ყველაზე ძლიერმოქმედ ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც. როგორც ჩანს, იოსელიანმაც ამოწურა ეს თავისი ფუნქცია; გარდა ამისა, ედუარდ შევარდნაძეს არ შეიძლება არ აშინებდეს მისი მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში - ჯაბა იოსელიანმა სწორედ იმიტომ მოხსნა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომ იცოდა: აქ მას გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნდა! სამაგიეროდ, ვთქვათ, თბილისის ნაძალადევის რაიონში იგი ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს გახდეს მომავალი პარლამენტის დეპუტატი, - რაც კატეგორიულად მიუღებელია შევარდნაძისათვის: მომავალ პარლამენტში ასეთი «მინარევები» მას უკვე ნამდვილად აღარ სჭირდება.
    ამავე დროს, შევარდნაძემ ისიც მშვენივრად იცის, რომ მომავალი სხდომა, რომელზეც ჯაბა იოსელიანის საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლოა იქცეს ძალზე ქმედით პროპაგანდისტულ არგუმენტად ოპოზიციის წინააღმდეგ. თუ ოპოზიციონერები თანხმობას განაცხადებენ იოსელიანისათვის იმუნიტეტის მოხსნაზე, ისინი ამით საბოლოოდ (საქვეყნოდ) აღიარებენ შევარდნაძის სიმართლეს და უპირატესობას, დააფიქსირებენ (საკუთარი ხელით) მის გამარჯვებას. ხოლო თუ წინააღმდეგ მისცემენ ხმას - მათი სიები მეორე დღესვე გამოქვეყნდება, რაც უეჭველად გამოიწვევს ხალხის თვალში ოპოზიციის დისკრედიტაციას და მის კრახს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

«მსგეფსი», 17 ოქტომბერი, 1995 წელი.