როგორ იწყებდა მიშა

როგორ იწყებდა მიშა

სასამართლო რეფორმა მოკვდა - გაუმარჯოს რეფორმას!

    გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, მეორე ცდის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ცვლილებები კანონში «საერთო სასამართლოების» შესახებ.
    ამ ცვლილებათა და თვით კანონის ძალით, უკლებლივ ყველა მოსამართლე ვალდებული იქნება გაიაროს ატესტაცია, რაც ფაქტობრივად, გამოცდის ტოლფასია.
    მიუხედავად «მემარცხენე ოპოზიციის» გააფთრებული წინააღმდეგობისა, კანონში მაინც შევიდა დებულება, რომლის თანახმად ატესტაციის გაუვლელობა (იგივე გამოცდის ჩაუბარებლობა), შეიძლება გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
    თუმცა, მეორეს მხრივ, ეს მაინც გაცილებით უფრო სუსტი ნორმაა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული მუხლი, რომლის შესაბამისად, ყველა მოსამართლეს, ვინც გარკვეულ ვადამდე არ ჩააბარებდა საკვალიფიკაციო გამოცდას, ავტომატურად უწყდებოდა უფლებამოსილება და მის ადგილს იკავებდა სხვა იურისტი - თუნდაც არამოსამართლე, მაგრამ უფრო კომპეტენტური და განსწავლული.
    ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შედეგი მაინც გამოიღო, - სასამართლო რეფორმას რადიკალიზმი მოაკლდა, ოღონდ «რადიკალიზმი» (მავანთა გასაგონად უნდა ითქვას) სალანძღავი სიტყვა არ არის.
    როდესაც ასეთ კორუმპირებულ სისტემასთან გვაქვს საქმე (ვაღიაროთ) როგორიც ჩვენი სასამართლოა - რადიკალიზმი შეიძლება გამართლებულიც იყოს. ისევე, როგორც ხშირად გამართლებულია ექიმის სისასტიკე, რომელმაც ავადმყოფს ჩირქოვანი წყლული უნდა ამოკვეთოს.
    მართალია, არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს «გამოცდაჩაბარებულ მოსამართლეს» ხინჯს ვერავინ უპოვის ან იგი ქრთამს დანამდვილებით არ აიღებს, მაგრამ მისი ხელფასი 500 ლარი იქნება, - აქედან გამომდინარე, საზოგადოებასაც ექნება მორალური უფლება, მექრთამე ისეთივე სისასტიკით დასაჯოს.
    ბუნებრივია, მოსამართლეები, რომლებიც ატესტაციას ვერ გაივლიან (ან არ გაივლიან) ადრე თუ გვიან თანამდებობიდან გათავისუფლდებიან, მაგრამ ეს პროცესი დროში გაცილებით მეტად გაიჭიმება; აუცილებელი გახდება ბიუროკრატიული მექანიზმის ამოქმედება და ასე შემდეგ.
    იმავდროულად, აბსოლუტურად გაუგებარია იმ პარლამენტართა პოზიცია, ვინც ამტკიცებდა და მოითხოვდა, რომ «ატესტაციის გაუქმება არ უნდა გახდეს თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი». აბა რა უნდა გახდეს ამის მიზეზი? ქრთამი? მაგრამ მექრთამეობისათვის (კანონით) თანამდებობიდან კი არ ათავისუფლებენ, - ციხეში სვამენ. ხელფასის მოუმატებლობა კი დიდი ვერაფერი სასჯელია ზოგიერთი მექრთამე მოსამართლისათვის, ვისაც ისედაც «გვარიანი» შემოსავალი აქვს.
    ამრიგად, პარლამენტმა და «რეფორმატორთა ჯგუფმა» თითქოს თავისი გაიტანა, მაგრამ ამჯერად რეფორმას უკვე აღარ ექნება ისეთი საზოგადოებრივი რეზონანსი და «რევოლუციური» მნიშვნელობა. იგი ვეღარ შეასრულებს უმთავრეს ფუნქციას - არ იქცევა საბოლოო წყალგამყოფ მიჯნად «ძველ» (კომუნისტურ) და «ახალ» (დემოკრატიულ) წეს-წყობილებებს შორის.
    თანამედროვე საქართველოს კანონმდებლობამ, ძალაუნებურად, თვისებრივად ახალ წეს-წყობილებაში ძველი სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია შემოიტანა. ამას, როგორც ჩანს, უკვე აღარაფერი ეშველება. «რევოლუცია» საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვალა «ევოლუციით», მაგრამ ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: ცნება «ევოლუცია», ამ შემთხვევაში (ძალიან ხშირ შემთხვევაში, მით უმეტეს საქართველოში) თვალთმაქცური ხრიკი და უკანასკნელი დემაგოგიური არგუმენტია იმ გაიძვერა ანტირეფორმატორებისათვის, ვისაც სინამდვილეში არაფრის შეცვლა არ სურდათ და «ევოლუციურობის» მიზეზებით ცდილობენ დროის გაყვანას რათა ხელსაყრელ მომენტს (მაგალითად, ხელისუფლების ცვლას, ახალი პარლამენტის არჩევას) დაელოდონ და რეფორმა, მთლიანად, ასევე «ევოლუციურად», ნელ-ნელა საბოლოოდ დაასამარონ. სწორედ ამაში მდგომარეობს «ევოლუციონისტ-რეფორმატორთა» ეშმაკობა. სინამდვილეში კი ისინი კარგად შენიღბული ანტირეფორმატორები არიან; მკითხველი იოლად მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ - თვალებს რომ ნაბავენ, ადრე კარგად «დაყენებული» ხმით ქადაგებენ «თანდათანობით რეფორმის» აუცილებლობას, სინამდვილეში კი ახალ, ჩამპალ-კორუფცირებული სისტემის ადეპტები არიან, რაკი ეს სისტემა მათაც «კაი პურს აჭმევდა» ყოველთვის და ახლაც აჭმევს.
    მეორეს მხრივ, «რეფორმატორებმაც» უნდა გაუსწორონ თვალი სიმართლეს და აღიარონ: ნებისმიერი რეფორმა თხემით ტერფამდე ტრადიციონალისტურ ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის (უეჭველად) წააწყდება უდიდეს წინააღმდეგობას და ამ წინააღმდეგობის გადატანა ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან (ესეც ახალი აღიარებაა) რეფორმა არ გამომდინარეობდა და არ გამომდინარეობს ქართული საზოგადოების შინაგანი მისწრაფებიდან.
    საზოგადოება, მთლიანობაში, დიახაც არ არის მიდენად ცივილური, რომ საკუთარი სტრატეგიული ინტერესი გააცნობიეროს, ამიტომ ისევ იმ «შეჩვეულ» ომში ურჩევია ყოფნა, სადაც ყველაფერი ნათელია, მიმართებები (სოციალური და საზოგადოებრივი მიმართებებს ვგულისხმობ) გარკვეულია; ყველაფერი ახალი კი შეუჩვეველია და გაურკვეველი;
    ასეთ პირობებში წარმოშობილი «ინტერესთა კონფლიქტი» (სასამართლო რეფორმის შემთხვევაში წმინდა წყლის «ინტერესთა კონფლიქტთან» გვაქვს საქმე) უეჭველად ძალიან ძნელად გადასატან ბარიერებს ქმნის.
    «რეფორმატორთა» ამოცანაა, გააკეთონ შესაძლებლის მაქსიმუმი. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებად» ითვლება. ეს გენიალური ფორმულა იმას ნიშნავს, რომ მან უნდა მიაღწიოს იმ შედეგს, რისი მიღწევაც პრინციპში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია.
    «საერთო სასამართლოების შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანით სწორედ ასეთი «შესაძლებლის მაქსიმუმი» იქნა მიღწეული. იგი რეფორმის რეანიმაციის მიზანს მაინც ტოვებს. ოღონდ რეფორმა უფრო გრძელვადიანი და მძიმედ გასატარებელი გახდება.
    საეჭვოა, საკონსტიტუციო სასამართლომ ამჯერადაც გაბედოს გამომწვევად აბსურდული გადაწყვეტილების მიღება და ეს ცვლილებებიც გააუქმოს.

    ცალკე თემაა «მემარჯვენე ოპოზიციის» საქციელი ამ კანონის პარლამენტში განხილვისას.
    საერთოდ, ქართულ პოლიტიკაზე დაკვირვების შედეგად იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩვენში არ არსებობს პრინციპები, არამედ არსებობს მხოლოდ ინტერესები.
    აბა სხვა რა გამართლება აქვს «მემარჯვენეთა» საქციელს, რომლებმაც აშკარად თითიდან გამოწოვილი საბაბით კინაღამ ჩააგდეს რეფორმის გადამრჩენი კანონპროექტი?! ძნელი მისახვედრი არ არის მათი მოტივი: იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ თუ «მოქალაქეთა კავშირი» არ გაითვალისწინებს მათ (პარტიულ) ინტერესებს, თუნდაც მთავრობის გადადგომის და ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, - ისინი «ჩააგდებენ» ყველაფერს, რის ჩაგდებასაც შეძლებენ, თუნდაც ეს მართლა რეფორმატორული კანონი იყოს ან კანონი, რომელიც საზოგადოებას დაუდასტურებდა, რომ ანტირეფორმატორებმა, კორუფცირებულმა კლანებმა, რეტროგრადებმა, ვერ შეძლეს რეფორმის ბოლომდე ჩაკვლა.
   

«ფრიდომ ჰაუსი» საქართველოს ნახევრად თავისუფალ ქვეყნად აღიარებს

    ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ «ფრიდომ ჰაუსი» (თავისუფლების სახლი) გამოაქვეყნა ყოველწლიური ბიულეტენი, რომელიც მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის დონეს აფასებს.
    ზოგიერთს იმთავითვე შეიძლება გაუჩნდეს მრისხანე კითხვა - რა უფლება აქვთ ვიღაც «ფრიდომ ჰაუსებს», რომ ნიშნები დაუწერონ სახელმწიფოებს მათი «დემოკრატიულობის» ხარისხის შემოწმებით?
    არადა, თავისთავად ასეთი კითხვის დასმაც აბსურდულია, - თუ არა აქვთ უფლება, შენც ნუ მიაქცევ ყურადღებას, განა ვინ გახვევს საკუთარ აზრს თავს? ის ორგანიზაცია თავისას ამბობს, შენ შეგიძლია «შენი» გააკეთო, მაგრამ რაკი ნერვიულობ, მაშასადამე თავად არა ხარ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში.
    «ფრიდომ ჰაუსის» ვერდიქტი არც სანქციებს შეიცავს, არც ომის გამოცხადებას ნიშნავს, უბრალოდ, ის ხალხი საკუთარ აზრს ამბობს, რისი უფლებაც აქვთ, სხვა საკითხია, რომ მათ აზრს დასავლეთის სახელმწიფოები ყურადღებას აქცევენ, ვინაიდან ეს ორგანიზაცია ავტორიტეტულად და ობიექტურად მიაჩნიათ.
    «ფრიდომ ჰაუსის» კლასიფიკაციით, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები დემოკრატიულობის დონის მიხედვით იყოფიან. უაღრესად საინტერესოა ამ კლასიფიკაციის კონკრეტული ჩამონათვალი. «თავისუფლებად» მიჩნეულია მხოლოდ სამი ქვეყანა (ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკა»): ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, «ნახევრად თავისუფლებად»: უკრაინა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა და Aაზერბაიჯანი; «არათავისუფალ ქვეყნებად» - თურქმენთა, უზბეკეთი და ყაზახეთი.
    ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ტაჯიკეთი არც ერთ კლასიფიკაციაში არ შეუტანიათ ბიულეტენის ავტორებს. მიზეზი ადვილი მისახვედრია: სამოქალაქო ომითა და ანარქიით მოცულ ტაჯიკეთს ისინი საერთოდ არ მიიჩნევენ «ქვეყნად» (სახელმწიფოდ) - არც «თავისუფლად», არც «ნახევრადთავისუფლად», არც «არათავისუფლად»; რომელიმე ეს შეფასება რომ დაიმსახურო, ჯერ სახელმწიფო უნდა იყო. ამრიგად, უკვე «სასიხარულოა» და «საამაყო» (ვაი ჩვენს თავს უბედურს), თვით ის ფაქტი, რომ საქართველოს «სახელმწიფოდ» მაინც აღიარებენ.
    ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის მიმართ ამგვარი შეფასება ნამდვილად სამართლიანია - ამ ქვეყნებში რეალურად განხორციელდა დემოკრატიული რეფორმა, დამყარდა კონსტიტუციურ წესრიგი და მთლიანობაში, შეიქმნა, ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც ნამდვილად შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს;
    აგრეთვე სამართლიანია «ფრიდომ ჰაუსი» არათავისუფალი, არადემოკრატიული ქვეყნების ჩამონათვალში: ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, - ისინი წარმოადგენენ (შინაარსობრივად) შუასაუკუნეობრივ სახანოებს, რომლებსაც დიქტატორული რეჟიმები მართავენ. იქ არჩევნებიც კი არ ტარდება - ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტთა უფლებამოსილება «ხალხმა» რეფერენდუმით დაადასტურა, ხოლო თურქმენეთში მთლად ტრაგიკომიკური ვითარებაა შექმნილი: ამ ქვეყნის კონსტიტუციაში (ერთ-ერთ პირველ თავში) შავით თეთრზე წერია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი, აწ და მარადის, მისი სიცოცხლის ბოლომდე, არის და იქნება «თურქმენბაში» (თურქმენთა თავი) საფარმურად ნიაზოვი.
    ამ უკანასკნელს «ფრიდომ ჰაუსის» შეფასება იოტისოდენად არ აღელვებს: რა შეფასებაც არ უნდა მისცენ, იგი მაინც თავისას გააკეთებს «აწ და მარადის».
    ხსენებული ორგანიზაციის შეფასებები იმ ერს, იმ საზოგადოებას უნდა აღელვებდეს, ვისაც «ევროპულობის» პრეტენზია აქვს, თორემ თურქმენულ საზოგადოებას ამის პრეტენზია არც არასდროს ჰქონია და არც ოდესმე ექნება.
    ვიმეორებ: «თავისუფალი» და «არათავისუფალი» ქვეყნების განსაზღვრისას ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი შეხედვით გაუგებარია, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა «ფრიდომ ჰაუსი», როდესაც ერთ თანრიგში გაიყვანა (ვთქვათ) ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ყირგიზეთი და საქართველო?! თითქოსდა, მათი პოლიტიკური სისტემა დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რუსეთში (კონსტიტუციურად) პრეზიდენტს დაახლოებით ისეთივე უფლებები აქვს («აწ და მარადისობის» გამოკლებით) რამდენიც თურქმენბაშს – თურქმენეთში; საქართველოს კონსტიტუციური სისტემა, ობიექტურად გაცილებით უფრო დემოკრატიულია, ვიდრე რუსული, ყირგიზული ან თუნდაც, სომხური და მოლდოვური. მაშ რაშია საქმე? რატომ შეიტანა «ფრიდომ ჰაუსმა» ეს ქვეყნები ერთ «ლისტში», ერთ რეიტინგში? რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა იგი? არა მგონია ეს კრიტერიუმი მექანიკური ყოფილიყო, ანუ «საშუალოდ» ჩაეთვალათ ის ქვეყნები, რომლებიც არც «პირველს» შეესაბამებოდნენ და არც მეორეს.
    თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ყველა ამ ქვეყანას (მოლდოვას, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, რუსეთს, უკრაინას და ყირგიზეთს) მიუხედავად დემოკრატიული სისტემათა არასრულყოფილებისა თუ არაერთგვაროვნებისა, ერთი რამ აერთიანებთ: სიტყვის თავისუფლება!
    მართლაც, - როგორი არადემოკრატიული სისტემაც არ უნდა არსებობდეს რუსეთში (იქ, ფაქტობრივად, პრეზიდენტს მონარქის უფლებები აქვს), სახელმწიფო სათათბიროს ნებისმიერ წევრს შეუძლია ჩაატაროს პრესკონფერენცია, ან სხდომაზე გამოვიდეს და იგი ლანძღვა-გინებით აიკლოს. იგივე ვითარებაა აზერბაიჯანში;
    სხვათა შორის, ავტორიტარული რეჟიმი (განსხვავებით დიქტატორული რეჟიმისგან) სრულებითაც არ გამორიცხავს სიტყვის თავისუფლებას. ზოგიერთ ქვეყანაში ავტორიტარული ან ავტორიტარულთან მიახლოებული რეჟიმებია («ფრიდომ ჰაუსის» აზრით), მაგრამ სიტყვის თავისუფლება ნამდვილად არსებობს - სხვადასხვა სახელმწიფოში მეტნაკლები ხარისხით და დოზით.
    მაშასადამე, ერთადერთი თვისება, რამაც საქართველო დააშორა «ტაჯიკეთს» და «თურქმენეთს», არის სწორედ სიტყვის თავისუფლება, სწორედ ის გარემოება, რომ განსხვავებული აზრი ჩვენში არ იზღუდება, არსებობს თავისუფალი მასმედია, პრესა და ტელევიზია.
    აქედან გამომდინარე, ამ თვისებას (თავისუფალ მას-მედიას) თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, ვინაიდან ჯერჯერობით იგი ერთადერთი თვისებაა, რაც ტოტალიტარული რეჟიმებისგან განგვასხვავებს.
    ყოველ შემთხვევაში, ეს კრიტერიუმია «სახელმძღვანელო» იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დასავლეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ და თავიანთ მთავრობების გადაწყვეტილებებზე შეუძლიათ რეალური ზეგავლენის მოხდენა.
   

საბჭოთა კავშირის აღდგენა რუსეთ- ბელარუსის კავშირით დაიწყო

    ბორის ელცინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პარასკევს ხელი მოაწერეს დოკუმენტს «კავშირის განვითარების შესახებ», რომლის თანახმად, უკვე 1999 წელს რუსეთი და ბელარუსი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდება - ერთიანი ვალუტით და ერთიანი მოქალაქეობით; ფაქტობრივად, საუბარია «რუსეთ-ბელარუსის» ორ სუბიექტიან ფედერაციაზე», რომელიც ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსი იქნება.
    ამით დასრულდა ეგრეთ წოდებული «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» ისტორია, რომლის მთავარი მიზანი პოსტსაბჭოური ქვეყნების ინტეგრაცია იყო.
    რუსეთი და ბელარუსია ბოლო დრომდე თავს იკავებდნენ ასეთი დემარშისაგან, რაკი იმედი ჰქონდათ, რომ სხვა რომელიმე ქვეყანა შევიდოდა «ახალ კავშირში», მაგრამ ეს იმედი გადაეწურათ და ამიტომ, გადავწყვიტეთ, «კავშირი» თავად აღედგინათ. ეს დემარში დსთ-სთვის უეჭველად ძალიან მძიმე შედეგს გამოიღებს, ვინაიდან კიდევ უფრო დააფრთხობს უკლებლივ ყველა ქვეყანას, რომელიც სუვერენიტეტზე უარის თქმას არ აპირებს, მაგრამ იგი ძალზე საშიშია თვით რუსეთის ფედერაციისთვისაც.
    თათარსტანის პრეზიდენტმა მინტიმირ შაიმიევმა, უკვე განაცხადა, რომ თუ რუსეთი და ბელარუსი «ერთ სახელმწიფოს შექმნიან» მაშინ თათარსტანი დაარღვევს ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასთან და, როგორც სულ მცირე, მოითხოვს «ახალ კავშირში» შესვლას ბელარუსის უფლებებით», ანუ მოითხოვს თანასწორუფლებიანობას!
    იგივე განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციაში შემავალი ყველა «არარუსული» რესპუბლიკის ლიდერმა. ძალაუნებურად გაგვახსენდება «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების» გათანაბრების მზაკვრული იდეა, რომელიც, ავტორთა ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა, ხოლო საქართველოსთვის იგი 4 ნაწილად დანაწევრებას ნიშნავდა - სულ რუსეთისა და რუსების დიდებაში რომც ვყოფილიყავით - მაინც. . . .
   

რუსეთისა და საქართველოს მეგობრები

    ერაყთან დაკავშირებულმა კრიზისმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც. საქართველოს «ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ» გულმხურვალე მხარდაჭერის წერილით მიმართა ერაყის დიქტატორს, სადამ ჰუსეინს, რომელშიც კეთილშობილი რისხვაა გამოთქმული «ამერიკელ და ინგლისელ იმპერიალისტთა ქმედების გამო». ისინი, თურმე ნუ იტყვით, «თავისუფლებისმოყვარე ერაყელი ხალხის» დათრგუნვას ცდილობენ.
    არა ნაკლები გაკაპასებით იცავს ერაყის მარაზმატულ რეჟიმს რუსეთიც. ოღონდ, რაც ნიშანდობლივია, იქ არა მხოლოდ კომუნისტები, არამედ ეგრეთ წოდებული «დემოკრატებიც» გამოთქვამენ აღშფოთებას ამერიკელთა ქმედების საწინააღმდეგოდ.
    სხვათა შორის, ეს ქმედება სავსებით სამართლიანია და გამართლებული - ცივილიზებული მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე, ერაყის მარაზმატიული რეჟიმი უნდა განადგურდეს, ვინაიდან იგი მთელს მსოფლიოს ემუქრება და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს.
    ატომური და ბიოლოგიური იარაღი სადამ ჰუსეინის ხელში - ეს იგივეა, ანალოგიური იარაღი რომ ადოლფ ჰიტლერს ჰქონოდა. რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებდა (უნდა გაეკეთებინა კიდეც) რათა ჰუსეინის სამხედრო პოტენციალი მოესპო. ნებისმიერი ქვეყანა შექმნილ ვითარებაში მოქმედებდა და მოქმედებს, უპირველესად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარია ამ ინტერესთა თანხვედრა;
    სწორედ ასეთი თანხვედრის გამო აღმოჩნდნენ ტანდემში დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ნიშანდობლივი კი ის არის, რომ ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი ერაყის ბანაკში იმყოფება. რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები (განსაკუთრებით, საქართველოს «დაუძინებელი მეგობარი» კონსტანტინე ზატულინი) აშკარად გამოთქვამენ აღშფოთებას იმის გამო, რომ შეიქმნა «საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი» - ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის შემადგენლობით. მერედა რატომ უნდა იყოს ეს მათთვის ამაღელვებელი და აღმაშფოთებელი? ყველა თავად ირჩევს «მეგობარს» - რუსეთის მეგობრები არიან ერაყი, ირანი და სხვა ასეთი მარაზმატული რეჟიმები, რომელთანაც ცივილიზებული ქვეყანა არასდროს იმეგობრებდა. განა არ უნდა გვეამაყებოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, თანამედროვე გერმანია, დიდი ბრიტანეთი, - «საქართველოს მეგობართა ჯგუფს» ქმნიან?
    მაგრამ ჩვენში ზოგიერთს ელემენტარულს ვერ შეასმენ.
    მაგალითად, «პრორუსული» ძალები მოგვიწოდებენ, ვიმეგობროთ რუსეთთან ანუ ჩავდგეთ «პრორუსული პოლიტიკის» ფარგლებში. მაგრამ რას ნიშნავს ეს რეალურად? რეალურად კი ეს იმას ნიშნავს, რომ «ქრისტიანულ რუსეთთან» ერთად, ჩვენც ვალდებულნი ვიქნებით «ვიმეგობროთ» ჰუსეინისმაგვარ რეჟიმებთან.
    დავუშვათ, რუსეთს მართლაც აქვს საკუთარი ინტერესები და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ერაყს. ჩვენ რაღა გვრჯის მასვე დავუჭიროთ მხარი? პარადოქსული, ცოტა არ იყოს სასაცილო ვითარებაც იქნება: ის ხალხი, ვინც «ქრისტიანულ რუსეთზე» ორიენტაციას გვთავაზობს, სინამდვილეში (გამოდის) ერაყისა და ირანის ბინძურ მაჰმადიანურ-ფუნდამენტალისტურ რეჟიმებთან «ჩახუტებისაკენ» გვიბიძგებს.
    არადა, რა გვაქვს მათთან საერთო? რუსეთთან მეგობრობა?! აი, ასეთ აბსურდამდე მივყავართ იმ სინდრომს, რომლებიც რუსეთზე ბრმად, საკუთარი ინტერესების გაუთვალისწინებლად ორიენტაციას გვთავაზობს.
    ნებისმიერი «ორიენტაცია» არის (უნდა იყოს) არა ბრიყვული თვითმიზანი, არამედ ისევ და ისევ «ინტერესთა თანხვედრის» პრობლემა;
    გონიერი საზოგადოება კი ამა თუ იმ «ორიენტაციაზე» მსჯელობისას უპირველესად უნდა სვამდეს კითხვას: რას მომცემს ეს - აღადგენს ქვეყნის მთლიანობას? დააბრუნებს ლტოლვილებს? თუ პირიქით, - იმ მოკავშირეებს დაგვაკარგვინებს, რომლებმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 600 მილიონი დოლარის წმინდა დახმარება (კრედიტებს არ ვთვლი) გაუწიეს, მაშინ როდესაც «მეგობარმა ერთმორწმუნე რუსეთმა» 1994 წელს შეპირებული 8 მილიონი (!) დოლარი (იმდროინდელი 20 მილიარდი რუბლი), არ მოგვცა და საქართველოს კარგა ხანს «ახვეწნინა» (სანამ საბოლოოდ უარს ეტყოდა), რათა საკუთარი საზოგადოება მორალურად დაეკმაყოფილებინა.
    ბუნებრივია, ელცინი, თავისი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებდა. ამ ქვეყნის ინტერესები მე-19, საუკუნის დასაწყისში ნამდვილად ემთხვეოდა საქართველოს ინტერესებს, მაგრამ ახლა (მე-20 საუკუნის ბოლოს) უკვე აღარ ემთხვევა. წარსულის რომანტიზმით შეპყრობილ ზოგიერთ მოღვაწეს ეს ვერა და ვერ გაუგია.

დილის გაზეთი, 28 დეკემბერი, 1998 წ.