რისი კრიზისია საქართველოში?

რისი კრიზისია საქართველოში?

        სათაურში გამოტანილი კითხვა სწორედაც რომ დროულია, ვინაიდან ამჟამად შექმნილი ვითარება, უპირველეს ყოვლისა, სწორ და ზუსტ დეფინიციას მოითხოვს.
        «საყოველთაო კრიზისია საქართველოში», «ტოტალური კრიზისია საქართველოში», «საზარელი კრიზისია საქართველოში», «შემაძრწუნებელი კრიზისია საქართველოში», «დამანგრეველი კრიზისია საქართველოში». არიქა, ვიღუპებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        სხვათა შორის, ეს ისტერიკა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რამდენად «სახელმწიფოებრივად მაღალკულტუროსანი ერი» ვართ სინამდვილეში: თითქოს დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყოს და ვინმე რაიმეს «ძალით» გვახვევდეს თავს. თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა. ამჟამად კი მართლაც უნდა ვცადოთ გარკვევა: რისი კრიზისია საქართველოში?
        ჩემი ღრმა რწმენით, მენტალიტეტის, ეროვნული მენტალობის კრიზისია.
        დღევანდელი ამაზრზენი ვითარების ახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ, როგორც ჩანს, თვით ქართულ მენტალიტეტს «არ შეუძლია» დაპირისპირების გარეშე. ანუ ნორმალური მდგომარეობა მისთვის არაბუნებრივია – მთავრდება ერთი დაპირისპირება, იწყება მეორე...
        მაგალითად, როგორც იქნა, დამთავრდა ერთი პათოლოგიური დაპირისპირება ეგრეთ წოდებულ «ზვიადისტებსა» და «ანტიზვიადისტებს» შორის (ნორმალური ადამიანი იმ დაპირისპირებაში «შეგნებით» არც ერთ მხარეს არ ჩაერეოდა – ვგულისხმობ «რწმენით» ჩარევას), - დაგვრჩა დანგრეული ქვეყანა, თუმცა (რაც ნიშანდობლივია) ოდესღაც დაპირისპირებული მხარეები მალევე შერიგდნენ (გვამების ხროვაზე), შეხმატკბილდნენ, გადაჯგუფდნენ, გადმოჯგუფდნენ და ახლა, როგორც ჩანს, იწყება ახალი პათოლოგიური დაპირისპირება ახალ საფუძველზე, ახალი პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი სტერეოტიპებითა და იდეოლოგემებით, ძველ-ახალი ფიგურანტებით.
        ეს დაპირისპირებაც, თუ ასე გაგრძელდა (დარწმუნებული ბრძანდებოდეთ), ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდება ახალი ომით, უბედურებით, ნგრევით, სისხლისღვრით... შემდეგ «მორიგი» სამოქალაქო ომის პროვოკატორი ნაძირალები ისევ შერიგდებიან გვამების ხროვაზე, ისევ გადაჯგუფდებიან, გადმოჯგუფდებიან «ახალ ოპოზიციად», მერე კვლავ გამოიძებნება საბაბი მორიგი სისხლხორცეული დაპირისპირებისთვის და ასე, უსასრულოდ, «უკუნითი-უკუნისამდე».
        ეს ისტორიული სპირალი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ერი არ დააკვირდება საკუთარ მენტალიტეტს და არ მიხვდება, რომ, ეგრეთ წოდებული ისტებლიშმენტის წევრ კაცუნათა ამბიციებს არამც და არამც არ უნდა აჰყვეს: რომ იგი მათთვის ოდენ ცოცხალი მასალაა საკუთარი პიროვნული ამბიციის დასაკმაყოფილებლად – როგორც 1989 წლის 9 აპრილს.
        ახალი დაპირისპირების ერთ-ერთ საბაბად «ეროვნულობის თემა» იქცევა, არადა, თემის ჰიპერტოფირებულად მქადაგებელი ექს-პრეზიდენტი სწორედ იმათ არ დაამხეს, ვინც ახლა სხვებს ადანაშაულებენ «კოსმოპოლიტიზმში?»
        აქაც ისევ მენტალიტეტის თავისებურება მჟღავნდება: როგორც ჩანს, საქართველოში ბევრს ეგონა, რომ დემოკრატია მუდმივი სულიერი ნეტარების საზოგადოებაა. არადა, სინამდვილეში დემოკრატია, უპირველესად, ტოლერანტობას ანუ (ქართულად) «რჯულთ» და «ზნეთ» შემწყნარებლობას გულისხმობს, რაც სრულებითაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელია – ერთგვარი სასჯელია საიმისოდ, რათა შენც გქონდეს არჩევანის თავისუფლება – როგორც უნდა გაღიზიანებდეს სხვისი არჩევანი. «არჩევანი» კი დემოკრატიული ცივილიზაციის საფუძველია.
        ამ ცივილიზაციის ბოლოდროინდელ სიმბოლოდ იქცა ნიუ-იორკში 70-იან წლებში აგებული ორი გრანდიოზული, ულამაზესი ცათამბჯენი («თუინს-თაუერ» ანუ ტყუპები), რომლებიც განასახიერებს უმთავრეს პრინციპს – არჩევნის უფლებას: შეგიძლია, აირჩიო ორიდან ერთი. «ეროვნული სპეციფიკა» დემოკრატიის ამ პრინციპს იოტისოდენად ვერ ცვლის- მალაიზიელებმა თავიანთი ქვეყნის დედაქალაქში კიდევ უფრო მაღალი ორი ცათამბჯენი ააშენეს, ოღონდ» ბამბუკის ფორმა» მისცეს და ამით «არჩევნის უფლებას» ერთგვარი ეროვნული შეფერილობა შესძინეს.
        Aმიტომაცაა მტკნარი დემაგოგია იმის მტკიცება, თითქოს «დემოკრატია» იდეოლოგიაა, თანაც, საკუთრივ ამერიკული იდეოლოგია.
        სინამდვილეში, საქმე გაცილებით მარტივად არის – აქვს თუ არა საზოგადოებაში) ამერიკულში, ირანულში, იაპონურში, ფრანგულში, რუსულში და სხვა) ადამიანს არჩევნის უფლება და საშუალება?
        სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი, რომელსაც კვლავ მენტალიტეტის პრობლემასთან მიყვავართ – მიაქციეთ ყურადღება: ბოლო დროს ძალიან ხშირია არგუმენტი, რომ ესა თუ ის ტელეარხი «ცუდს აჩვენებს».
        კი მაგრამ, მერედა ამ პრობლემაზე ადვილი გადასაწყვეტი რა არის, თუ არ მოგწონს, ადექი და გადართე, ვინ გიშლის?
        თუმცა, საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ტოტალიტარული, კონფრონტაციული მენტალიტეტის ადამიანებს არ აკმაყოფილებთ მხოლოდ ის, თუ მათ პირადად აქვთ უფლება (და საშუალება) არ უყურონ იმას, რაც არ მოსწონთ. იმავდროულად, მათ ისიც უნდათ, რომ მე წამართვან უფლება, ვუყურო იმას, რაც მინდა. ანუ მათ როდი აკმაყოფილებთ საკუთარი არჩევნის უფლება – მათი სულიერი სიმშვიდისთვის აუცილებელია, რომ მე წამართვან არჩევნის უფლება და საშუალება.
        არადა, «რა შენი საქმეა, მე რას ვუყურებ?»
        აი, სწორედ ეს ფსიქოლოგიური და მენტალური მომენტია საფუძველი იმ «მსოფლმხედველობრივი» დაპირისპირებისა, რომელიც უკვე იღებს (კვლავ) პათოლოგიური ანტაგონიზმის სახეს. მიაქციეთ ყურადღება – ამ მენტალიტეტის მატარებელი ადამიანებისათვის, გაცილებით უფრო «მახლობელია» საბჭოთა წესწყობილება, რადგან მაშინ სექტები იდევნებოდა, ტელევიზიაშიც მკაცრი ცენზურა იყო, მხოლოდ «აკადემიური» გაზეთები გამოიცემოდა, «ყვითელი პრესა» არ არსებობდა...
        ოღონდ ისიც სათქმელია, რომ იმავე მენტალიტეტის მატარებელი ადამიანები იმავე საბჭოთა წეს-წყობილებას ებრძოდნენ არა იმისათვის, რომ სამუდამოდ დაეფუძნებინათ «არჩევნის უფლება», არამედ იმ მიზნით, რომ ერთი «დომინანტი» შეეცვალათ მეორე «დომინანტით» და კვლავ შეეზღუდათ სხვისი არჩევანი, თუმცა კი ახალ საფუძველზე, მხოლოდ მათთვის მისაღები ფასეულობებით.
        ეს ყოველივე ნამდვილად არ არის უბედურება: ასეთი მენტალიტეტის ადამიანები ყველა საზოგადოებაში მრავლადაა. უბედურება ის არის, რომ საქართველოში ისინი დღენიადაგ ახერხებენ თავიანთი განწყობა და ცნობიერი სტერეოტიპები მოახვიონ თავს საზოგადოებას. აი, ეს კი უკვე «საზოგადო მენტალიტეტის» თავისებურებებზე მეტყველებს.

X X X

        მორიგი «პათოლოგიური დაპირისპირების» საბაბად იქცა ეგრეთ წოდებული «ეროვნული რეკვიზიტის» პრობლემა, ანუ ის საკითხი, უნდა ჩაიწეროს თუ არა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ადამიანის ეთნიკური წარმომავლობა და კუთვნილება.
        ეს, მართლაც, ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივი პრობლემაა, ოღონდ, ვიდრე საკუთრივ ჩაწერა-არჩაწერის მიზანშეწონილობაზე ვისაუბრებდეთ, ერთი ზოგადი ხასიათის შენიშვნა: დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამ მოთხოვნას (ეთნიკური წარმომავლობის დოკუმენტურ დაფიქსირებას) აყენებდნენ არა ეთნიკურ უმცირესობათა, არამედ «დომინანტი ერის» წარმომადგენლები.
        თუ ვცდები – დამისახელეთ ასეთი ქვეყანა. ვერ დამისახელებთ, რადგან ასეთი ქვეყანა არ არსებობს: ყველგან სწორედ ეთნიკური უმცირესობა მოითხოვს დოკუმენტებში ამ ნიშნის პოლიტიკურად ინსტიტუციონალიზაციას, ხოლო «მკვიდრი ერი» ამის წინააღმდეგია. ჩვენთან პირიქით ხდება (მაინც, რა ვართ ეს ქართველები!) _ რატომ? ამ უცნაურობას ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც ახსა – სხვა ყველანაირ არგუმენტს რომ თავი დავანებოთ, ეს უცნაური სხვაობა ხომ უნდა აიხსნას? – განა სამართლიანია ვიფიქროთ, რომ ყველა ცდება, ყველა სხვა ერს საკუთარი ინტერესები «არ ესმის» და მხოლდ ჩვენი ინტელიგენციაა ესოდენ გენიოსი? – უფრო ზუსტად, ინტელიგენციის ის ნაწილი, ვინც უკვე აქცია «რეკვიზიტების» პრობლემა ახალი, შეურიგებელი დაპირისპირების ფაქტორად.

        მაგალითად, რუსეთში (ვეებერთელა რუსეთში!) სწორედ ეთნიკური უმცირესობები მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებსა და პასპორტებშიც კი ეთნიკური წარმომავლობის დასაფიქსირებლად სპეციალური დანართის ჩართვას, ხოლო რუსები ამის წინააღმდეგნი არიან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუწყობს სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებას.
        ჩვენსავით პატარა მოლდოვაში დნესტრისპირელი სლავები (რუსები და უკრაინელები) მოლდოვასაგან ომით გამოყოფის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ სწორედ, რომ 1992 წელს მოლდოვეთის პარლამენტმა მიიღო კანონი «მოლდოვეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის» შესახებ, რომლიდანაც ამოგდებული იყო «მეხუთე პუნქტი», ანუ ეთნიკური წარმომავლობა.
        იმავე მოლდოვაში, გაგაუზები მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეთნიკური კუთვნილების აღნიშვნას, მოლდოველები კი ამის წინააღმდეგნი არიან.
        გასულ კვირას ეს საკითხები მორიგი საპარლამენტო აურზაურის, აყალმაყალისა და ცემა-ტყეპის საბაბი გახდა. და რა არის აქ საკამათო? საქართველოს გრძელვადიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველნაირად უნდა ვცდილობდეთ ქვეყნის «მოქალაქის» ცნებისა და ინსტიტუტის გაძლიერებას და არა პირიქით – დასუსტებასა და დაკნინებას.
        ეთნიკური წარმომავლობის დაფიქსირებით ჩვენ ამ ცნების («მოქალაქის») შიგნით ვქმნით ერთგვარ ავტონომიას (ავტონომიები გვაკლია? – ავტ.), რომელსაც ნაკლები პასუხისმგებლობა ექნება ქვეყნის მიმართ, ვიდრე სხვა მოქალაქეს. არადა, სწორედ იმას უნდა ვცდილობდეთ, ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი იყოს. ნებისმიერი ავტონომია (გნებავთ ტერიტორიული, გნებავთ, კულტურული, გნებავთ რაიმე იურიდიული ცნების შიგნით) ნიშნავს გამიჯვნას! საკუთარ ძალით, საკუთარ დაჟინებით რატომ უნდა შევქმნათ საკუთარ ქვეყანაში ახალი «გამმიჯნავი» ბარიერები, ანუ თავადვე რატომ უნდა დავეხმაროთ ასეთი ბარიერების შექმნის მოსურნეთ?
        არჩევნის უფლება უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ საზოგადოებაში, მაგრამ არა იმ აზრით, რომ მან აირჩიოს უფლებები და ჰქონდეს საშუალება, თავი აარიდოს პასხუისმგებლობას. «არჩევნის თავისუფლება» ამას სრულებითაც არ ნიშნავს – სხვა შემთხვევაში, მას აქვს საშუალება, უბრალოდ, არ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და გახდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვინ უშლის?
        ცნება «ქართველი» რატომ უნდა გაქრესო? ეს ცნება არ გაქრება და მავანმა ძალითაც რომ მოინდომოს, ვერც გააქრობს იმ უბრალო მიზეზით, რომ ქვეყანას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის მოქალაქეებიც ვართ, ეწოდება «საქართველო».
        ნებისმიერი უცხოელი, ვინც ჩახედავს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, მის მოქალაქეობას აღიქვამს ერთმნიშვნელოვნად: ხარ საქართველოს მოქალაქე, მაშასადამე, ხარ საქართველოდან, ესე იგი ხარ სა-ქართველოელიო ანუ ქართველი!
        «საქართველოელი» - მაშასადამე, საქართველოს მოქალაქე!
        ვსვამ კითხვას: შეიძლება თუ არა, ზანგი იყოს ფრანგი? საფრანგეთში შეხვდებით (ვთქვათ) ზანგ გოგონას, რომლის წინაპრები XIX საუკუნის დასაწყისში ჩავიდნენ აფრიკიდან პარიზში, «გაფრანგდნენ» და დღეს მათი შთამომავალი ზანგი გოგონა მუშაობს რომელიღაც კაფე-შანტანში მიმტანად. არც ერთი ენა, ფრანგულის გარდა, მან არ იცის, ცხოვრობს «პარიზულ» ყაიდაზე, თავს ფრანგად მიიჩნევს – არის თუ არა იგი ფრანგი? იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც ჩვენში მოითხოვენ «ეთნიკური რეკვიზიტების» აღდგენას, იგი ვერანაირად ვერ იქნება ფრანგი, თუმცა შესაძლოა მისი აფრიკული ეთნოსი საერთოდ აღარც არსებობდეს.
        აბა, თუ ფრანგი არ არის, მაშინ ვინ არის?
        ახლა იმავე საკითხს შევხედოთ საპირისპირო კუთხით: ცხოვრობს თბილისში არაქართველი (ეს საზიზღარი ტერმინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ), რომელიც თავს ქართველად მიიჩნევს. თუ მისი გვარი მას რაიმე პრობლემას (დისკომფორტს) უქმნის – სულ ადვილად გადაიკეთებს ქართულ ყაიდაზე, ბავშვსაც ქართულ სოკლაში ასწავლის და ასე შემდეგ. «მოქალაქეობის» ცნება მას ამის საშუალებას აძლევს უკვე იმით, რომ არ აკანონებს ეთნიკურ წარმომავლობას ინსტიტუციურად. მაგრამ, როგორც კი ჩვენ დავავალდებულებთ მას (მიაქციეთ ყურადღება – სწორედ «დავავალდებულებთ» და არ «მივცემთ ამის საშუალებას») გააკეთოს არჩევანი, აუცილებლად ჩამოყალიბდება საერთო-სახელმწიფოებრივ სივრცეში ავტონომიური სეგმენტი, რომელიც ამ ინსტიტუტის მეშვეობით საერთო სივრცეს გაემჯინება, მათ შორის, ცნობიერ დონეზეც.
        არ დაიჯეროთ, თითქოს შესაძლებელია ეთნიკური წარმომავლობის დაფიქსირება მხოლოდ «დაბადების მოწმობაში». ეშმაკურად აქვთ გათვლილი, რომ როგორც კი დაფიქსირდება ერთი პრეცედენტი (თუნდაც ერთი პრეცედენტი!) ეთნიკური წარმომავლობის პოლიტიკური ინსტიტუციონალიზებისა, შემდეგ ამ პროცესს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს; შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდება პირადობის დამადასტურებელ მოწმობაშიც და «საზღვარგარეთის პასპორტშიც».
        უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ეთნიკური წარმომავლობის პუნქტი ჩვენს პასპორტებში დაფიქსირებული იყო მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით არა საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები (ამით ვიცავდით თავს იმპერიაში ასიმილირებისაგან), ხოლო ჩვენს სამშობლოს ოფიციალურად ერქვა არა «საქართველო», არამედ «საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა».
        კარგად მახსოვს 1989 წელს ერთი ცხინვალელი ოსი როგორ ცხარობდა «საქართველო და საქართველოს სსრ ერთი და იგივე ნუ გგონიათო». ისევე, როგორც სულ ახლახანს, ქართველ ჟურნალისტებთან ტელეინტერვიუში ვლადისლავ არძინბამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი «რეკვიზიტების აღდგენის» მომხრეებს. რატომ?
        მაშასადამე, ჩვენ თავად ვუშლით ხელს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს «საქართველოს ქართულენოვანი ხალხი», ანუ «საქართველოს ნაცია» - იგივე «საქართველოს ერი» ამ ცნების სახელმწიფოებრივი გაგებით.
        სამწუხაროდ, ქართულმა ინტელიგენციამ ვერ მოახერხა, გაგვევითარებინა ილია ჭავჭავაძის პატრიოტული, ღრმად ეროვნული (იმ დროისთვის ძალზე პროგრესული) კონცეფცია და ამაღლებულიყო «ეთნიკური ნაციონალიზმიდან» - «სახელმწიფოებრივ ნაციონალიზმამდე».
        სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმის საფუძვლად შეიძლება იქცეს სწორედ ტერმინი «სა-ქართვ-ელო-ელი», რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად ტრასფორმირდება «ქართველად», ოღონდ არა ეთნიკური, არამედ სწორედ სახელმწიფოებრივ (ნაციონალური, იგივე ეროვნული) გაგებით.
        მაგალითად, «გაერთიანებული ერების ორგანიზაცია» ნიშნავს არა ეთნოსთა გაერთიანებას, არამედ სახელმწიფოთა (ნაციათა) გაერთიანებას. Aმიტომ, ზემოხსენებული ზანგი გოგონა საფრანგეთის ნაციის (ამ გაგებით, იმავე ფრანგი ერის) წარმომადგენელია. ისევე, როგორც ფრანგია თუნდაც ის «ნატურალიზებული» არაბი, ვისაც არაბული არ დავიწყნია და თავს მიიჩნევს არა ეთნიკურ ფრანგ.ად, არამედ ეთნიკურ არაბად, ოღონდ საფრანგეთის მოქალაქედ, ანუ «სახელმწიფოებრივად ფრანგად».
        როდესაც ნიკო ბერძენიშვილი წერდა, რომ IX-XIII საუკუნეებში აფხაზები ყვნენ «სახელმწიფოებრივად ქართველები» იგი უეჭველად გულისხმობდა მოქალაქეობას (მაშინ კულტურულ-კონფესიურ კუთვნილებას) და არა ეთნიკურ წარმომავლობას. თორემ აფსუებს იგი ეთნიკურ ქართველებად როდი მიიჩნევდა.
        ამრიგად, «ეთნიკური წარმომავლობის» აღმნიშვნელი პუნქტის დაფიქსირება ჯერ დაბადების მოწმობაში, შემდეგ (უეჭველად) პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და პასპორტში ვნებს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს; აძლიერებს ავტონომისტურ (იმავე სეპარატისტულს, საბოლოოდ) ტენდენციებს; იურიდიულ არგუმენტებს მატებს საქართველოს სახელმწფიოებრივი სივრცისაგან (არა ტერიტორიულად) გამიჯვნის მოსურნეთ, აფერხებს საქართველოს ნაციის ჩამოყალიბებას (ურომლისოდაც თანამედროვე დემოკრატოიული, ცივილიზებული სახელმწიფოს ცხოველმყოფელობა შეუძლებელია) და, რაც მთავარია, ხელს უშლის ქართული კულტურული ფენომენის (უპირველესად, ქართული ენის) ქცევას ეჭვმიუტანელ სახელმწიფოებრივ დომინანტად.
        არადა, «საქართველოს ერი», ანუ «საქართველოელთა ერთობა» მხოლოდ ამ დომინანტის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას.
        არის მხოლოდ ერთი (ერთადერთი) არგუმენტი, რომელიც თითქოს იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას: «ეთნიკური წარმომავლობის» აღმნიშვნელი პუნქტის დოკუმენტურად დაფიქსირების მომხრეთა მხრიდან: ეს არის თვით ქართველი ერის (ამჯერად ეთნიკური გაგებით) ეთნოგრაფიული მრავალფეროვნება, არაკონსოლიოდირებულობაა, ქართები, მეგრელები, სვანები და ასე შემდეგ (ყველა პრობლემის ხმამაღლა დასახელებაც კი არ შეიძლება).
        ერთი შეხედვით, თითქოს ძალზე სერიოზულიო არგუმენტია, ვინაიდან ეთნონიმი «ქართველი» საუკუნეთა განმავლობაში კრავდა ერს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თუ იმ ერს, რომელიც შემოდგომაზე სახელმწიფოებრიობის 3000_წლოვანი იუბილის აღნიშვნას აპირებს, სინამდვილეში (თურმე) ბინძური ტრაიბალიზმის პრობლემაც კი (!!!) არა აქვს ჯერ გადაწყვეტილი, მაშინ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ არსებობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და სჯობს, ახალვე შევურიგდეთ იმ აზრს, რომ საქართველო მხოლოდ ფოლკლორული ან ეთნოგრაფიული თვალსაზრისით შეიძლება იყოს ვინმესთვის საინტერესო
        და ბოლოს, რატომ უჭერს მხარს ამ წინადადებას პრეზიდენტი? ყოველივე ზემოთქმულოი მას შესანიშნავად ესმის, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის საოცარი (აშკარად გადაჭარბებული) პატივისცემა და რიდი ეგრეთ წოდებული ინტელიგენციისადმი, რომლის აზრი მისთვის, შეიძლება ითქვას, კანონია.
        არადა, ეს «ინტელიგენცია» (მის ეგრეთ წოდებულ «ელიტარულ ნაწილს» ვგულისხმობ) სინამდვილეში რა ინტელექტუალური ბაგაჟის პატრონია, ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა საქართველოს მომავალი წყდებოდა, ანუ 1988-1990 წლებში.
       
       

12 ივნისი, დილის გაზეთი, 2000 წელი