რისთვის იბრძვის ოპოზიცია?

რისთვის იბრძვის ოპოზიცია?

        არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. თუმცა, მაინც გაურკვეველია, რა სტრატეგია და ტაქტიკა აქვს ოპოზიციას ამ არჩევნებისას და, განსაკუთრებით, არჩევნების შემდეგ.
        ზოგიერთი ოპოზიციონერი ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ «მოსახლეობაში იმედგაცრუების გაღვივებას» ცდილობს, რათა საარჩევნო უბნებზე მხოლოდ «ნაციონალური მოძრაობის» მომხრეები მოვიდნენ და გიგი უგულავამ 50 პროცენტზე მეტი ხმა დააგროვოს. ანუ, ახლა უკვე 30 პროცენტზე კი არ ლაპარაკობენ (რაც უგულავას ნამდვილად განაღდებული აქვს), არამედ ეგება 50 პროცენტზე ნაკლები მიიღოსო.
        ესე იგი ოპოზიცია, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყანაში ალტერნატივისა და ალტერნატიულობის (როგორც ასეთის) დისკრედიტაციისთვის, ახლა იმაზე ჩივის, რომ თურმე ხელისუფლება აღვივებს ნიჰილიზმს.
        სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
        სინამდვილეში, თუკი რამ აღვივებს ნიჰილიზმს ოპოზიციის მომხრეებში, სწორედ ის, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა ვერა და ვერ გაიგო, რა უნდა ოპოზიციას.
        არადა, როცა გაიგებენ, შედეგი (ოპოზიციური ლიდერებისთვის) კიდევ უარესი იქნება, რაკი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიები, როგორც ჩანს, იმით არიან დაკავებულნი, როგორმე ერთმანეთს «მეორე ადგილი წაგლიჯონ», ესე იგი გიგი უგულავას მზის ქვეშ მოიპოვონ სივრცე!

»უგულავაზე ნაკლები, მაგრამ თქვენზე მეტი!»

        ამაზე მიანიშნებს განსაკუთრებული ინტერესი სწორედ თბილისის არჩევნებისადმი. არადა, 30 მაისს საქართველში ტარდება არა მხოლოდ თბილისის მერის არჩევნები, არამედ ადგილობრივი არჩევნები მთელი ქვეყნის მაშტაბით. მაგრამ საქართველოს რეგიონთა უმრავლესობაში «მეორე ნომრად» დაფიქსირებას ოპოზიციონერები ისე აშკარად ევრ მოახერხებენ, როგორც თბილისში, სადაც კენჭს ფაქტობრივად პოლიტიკური ლიდერები იყრიან და არა პარტიები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლო გამოკითხვებით, თბილისის გარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ჰგონიათ, თითქოს გიგი უგულავას ირჩევენ!
        ოპოზიციის იდეოლოგთა (მაგალითად ძმები ბერძენიშვილების) გამონათქვამებში სულ უფრო ხშირად ისმის, რომ მათ კანდიდატს, ირაკლი ალასანიას «მეორე რეიტინგი აქვს და ყველაზე მეტი – სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან შედარებით».
        ესე იგი უგულავაზე ნაკლები, მაგრამ გია ჭანტურიაზე და გოგი თოფაძეზე მეტი. იმდენად ხშირად გაიმეორეს, რომ საბოლოოდ დაადასტურეს ის, რაც აქამდეც ცნობილი იყო: «ძმებისთვის» და რესპუბლიკელებისთვის (ზოგადად) ირაკლი ალასანია რა თქმა უნდა ბევრად მისაღები პრეზიდენტია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და ბევრად მისაღები ქალაქის მერია, ვიდრე გიგი უგულავა. მაგრამ, მათთვისვე, მიშა სააკაშვილი და გიგი უგულავა დღესაც უფრო მისაღებია, ვიდრე გოგი თოფაძე, გია ჭანტურია, ნინო ბურჯანაძე ან ზურაბ ნოღაიდელი.
        ამიტომაც, ოპოზიციის ეს ნაწილი იბრძვის არა გიგი უგულავას დასამარცხებლად, არამედ ამომრჩევლისათვის იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ «მიშასა» და «გიგის» ალტერნატივა არა «ნინო», «ზურა», «გოგი» ან «გია», არამედ სწორედ და მხოლოდ ირაკლია!
        30 მაისს «მეორე ადგილი» მათ ამის საშუალებას აძლევს: თუ ირაკლი ალასანიამ მეორე ადგილი აიღო მერის არჩევნებში (გამოკითხვებით ასეც მოხდება), «რესპუბლიკელები» და «ახლები» მიიღებენ საშუალებას თქვან, რომ არსებული ხელისუფლების ნამდვილი, ხალხისთვის სასურველი ალტერნატივა სწორედ თავად არიან.
        ეს კი ამ პარტიებისთვის ხელსაყრელ სიტუაციას ქმნის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ოღონდ ასეთი დამოკიდებულება არჩევნებისადმი იმ საშიშროებასაც შეიცავს, რომ «მოადგილეობისთვის» მებრძოლი პარტია «მარად ოპოზიციად» დარჩეს. Eესე იგი, მეორე ადგილი კი მოიპოვოს, მაგრამ პირველობისთვის ბრძოლის ყოველგვარი შანსი დაკარგოს.
        ამომრჩეველი ეჩევვა იმას, რომ ეს პარტია, ეს პოლიტიკური ჯგუფი (ამ შემთხვევაში «ძმები» - გამყრელიძე - ალასანია) პ»როფესიული ოპოზიციაა» და მუდამ ოპოზიციად უნდა დარჩეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ «ალიანსი» იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც მთელი ცხოვრება ოპოზიციაში იყვნენ და მეტის პრეტენზია არც აქვთ. საქართველოში ოპოზიცია ტრადიციულად ხელსაყრელი საქმიანობაა: უფლებები და პრივილეგიები თითქმის ისეთივე გაქვს, როგორც ხელისუფლებას, ხოლო პასუხისმგებლობა – ნულოვანი!

დოღი მოადგილეობისთვის

        დაახლოებით იგივე სურვილი ამოძრავებთ «ქრისტიან დემოკრატებს», რომლებსაც იმდენად სურთ, თვითონ დაფიქსირდნენ «მეორედ», რომ საკუთარ მრწამსზე თქვეს უარი.
        აბა სად გაგონილა «მემარჯვენე» პარტია მუშურ-გლეხურ-სტალინური ლოზუნგებით გამოდიოდეს, ლეიბორისტებს პროგრამას ართმევდეს და მოსახლეობას უფასოდ პირდებოდეს იმას, რაც არც ერთ ქვყეანაში უფასო არ არის?
        თუმცა. ესეც წვრილმანია მთავარ მიზანთან შედარებით: დაფიქსირდნენ, რომ თვითონ არიან მიშასა და ნაციონალების ალტერნატივა! სწოერდ ამით აიხსენბა, რომ «ალიანსელები» და «ქრისტიან-დემოკარტები» ბოლო დროს ერთმანეთს უფრო «ჩქმეტენ» სხვადასხვა ინტერვიუებში, ვიდრე გიგი უგულავას.
        აქ ნოღაიდელზე ლაპარაკი საერთოდ არ ღირს, რადგან «მეორედ» დაფიქსირება თუ სურდა, არჩევნებში თვითონ უნდა მიეღო მონაწილეობა და არა ნულოვანი შანსის მქონე ძიძიგურს.
        პასუხი კითვაზე: «ვინ იქნება მეორე», ესე იგი ვინ და რა იქნება არსებული ხელისუფლების ალტერნატივა, არც მოსახლეობისთვისაა უმნიშვნელო და არც ხელისუფლებისთვის, რადგან, ფაქტობრივად იმას ნიშანვს, თუ ვინ იქნება ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე 2012 - 2013 წლებში.
        ეს კი ნამდვილად არაა «სულ ერთი». თუ 30 მაისს «მეორე ადგილზე» ირაკლი ალასანია და «ალიანსი» გავიდნენ, მათ ექნებათ საშუალება, პერტენზია განაცხადონ «ალტერნატიულობაზე მომავალი ორი წლის ბობოქარი მოვლენების დროს. მათ შორის კონსტიტუციის შეცვლის პროცესში. ამას ხელისუფლებისა და ქვეყნისთვის თავისი პლიუსები აქვს, რადგან სინამდვილეში, «ალაინსის» საგარეო და საშინაო-ეკონომიკური პროგრამა დიდად არ განსხვავდება სახელისუფლებო პროგრამისაგან: რუსეთთან დამოკიდებულების, საგარეო ორიენტაციის, კერძო საკუთრების, საბაზრო ეკონომიკის თემებში «ალიანსელები» ხელისუფლების სერიოზული ოპონენტები არ იქნებიან.
        უფრო ზუსტად, მოსახლეობას რაიმე ახალს ვერ შესთავაზებენ. Uუფრო რთულად იქნება საქმე «ქრისტიან-დემოკარტებთან» და თოფაძესთან დაკავშირებით. თუ დარჩენილი დღეების განმავლობაში გარდატეხა მოხდა, ანუ ალასანია მეორე ადგილიდან «ლუდის მეფემ» ან გია ჭანტურიამ ჩააჩოჩეს, სამომავლოდ ისინი და მათ უკან მდგომი დაჯგუფებები მოიპოვებენ კოზირებს სააკაშვილი-უგულავას მზისქვეშეთში ადგილის დასამკვიდრებლად საპარლამენტო არჩევნების შედეგად.
        როგორც ჩანს, ოპოზიციის მეორე (რადიკალურად წოდებული) ნაწილი სწორედ ამიტომ არ მონაწილეობს არჩევნებში, რაკი «მეორეობა» ეთაკილება.
        მაგრამ, მათი უბედურება ის არის, რომ «პირველობა» მხოლოდ რევოლუციური გზით შეუძლიათ მოიპოვონ. რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა კი არ გამოსდით.

2010