„რესპუბლიკელების“ ტიპოლოგია

„რესპუბლიკელების“  ტიპოლოგია

 

„ვიწყებთ“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეს-კონფერენციაზე, როდესაც რესპუბლიკელი მინისტრების გადადგომა დააანონსა.

ოღონდ მხოლოდ ორისა - თინათინ ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს არ მიჰყვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, გიგლა აგულაშვილი. მის საქციელს კოლეგებმა „არასწორი  და მცდარი“ უწოდეს, თუმცა მოგვიანებით ხიდაშელმა  „გააპრავა“: „გიგლა ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩებაო“. მაგრამ ეს აშკარად პოლიტტექნოლოგიური სვლა იყო, რაკი არც ისე იოლი სათქმელია, ვინ უფრო დაზარალდა „იმიჯურად“ აგულაშვილის გადაწყვეტილების გამო: თვით აგულაშვილი თუ მისი ყოფილი პარტია. მით უმეტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ აგულაშვილი უბრალოდ კი არ რჩება პოსტზე, არამედ ქართულ ოცნებაში „დაპორტირდა“. უბრალოდ, აგულაშვილის  ლანძღვა-გინება რესპუბლიკელებს  მიაყენებდა მეტ ზიანს, ვიდრე თვით აგულაშვილს ან „ოცნებას“

რა ვერსია არ გამოითქვა ამ დღეებში. მათ შორის ასეთიც იყო, რომ, თურმე, რესპუბლიკელები საიდუმლოდ შეუთანხმდნენ „ოცნებას“: რაკი აგულაშვილი უკვე მეშვიდე გადამდგარი მინისტრი იქნებოდა, ხოლო მოქმედი კონსტიტუცით, მთავრობის შემადგენლობის მესამედის შეცვლა მინისტრთა კაბინეტის გადადგომასა და პარლამენტში ნდობის საკითხის დაყენებას იწვევს, ამიტომ ამჯობინეს, აგულაშვილი დაეტოვებინათ და მისი „პორტირება“ გაეთამაშებინათ.

ეს ვერსია, რეალურად, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: უპირველეს ყოვლისა, გაუგებარია, რატომ უნდა ეზრუნათ „რესპებს“ კვირიკაშვილის პრობლემებზე, თუკი მანამდე თავად სთხოვეს „ჩვენი მინისტრები ბოლომდე დატოვეთო“ და უარი მიიღეს?

თან აქ  რისკებიც ხომ  მეტისმეტად დიდია: ძნელი გასათვლელი არ არის, რომ განურჩევლად იმისა, უწოდებს თუ არა თინიკო ხიდაშელი აგულაშვილს თავის მეგობარს, მისი საქციელი უეჭველად იქცევა მაგალითად ამ პარტიის ადგილობრივი განყოფილებებისთვის, სადაც უცილებლად  დაიწყება ასეთივე „პორტირების“ პროცესები

ანუ, უბრალოდ, მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში, სადაც რეალურად არა გვყავს ნამდვილი პარტიები. ასეთი პარტიები კი  ერთის მხრივ საერთო ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდნენ, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ ჯგუფთა ინტერესებს, რაც არ არის იდენტური პირადი (კერძო) ინტერესებისა.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, პოლიტიკურ პარტიაში ერთი და იმავე მენტალური და ღირებულებითი ტიპოლოგიის ადამიანები უნდა შედიოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდამ მოხდება ის, რაც მოხდა აგულაშვილის შემთხვევაში.

გარემოს მინისტრმა სინანულით აღნიშნა: „ამ პარტიასთან წლები მაკავშირებსო“. როგორც ჩანს, თავად ვერ ხვდება, რამდენად ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: საქმეც ესა, რომ მხოლოდ წლები აკავშირებს და არა ღირებულებები ან სოციალური ტიპოლოგია.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვინ არის გიგლა აგულაშვილი? ბევრს აღარ ახსოვს, რაკი ის ეპოქა მივიწყების ბინდს მიეფარა: აგულაშვილი  ედუარდ შევარდნაძის დროინდელი პროკურორია. ძალიან კარგი პროკურორიც იყო იმ აზრით, რომ პროფესიონალიზმი არასდროს აკლდა. სწორედ მან გამოიძია, 1995 წლის 29 აგვისტოს, სახელმწიფოს მეთაურის აფეთქების  მცდელობა. ანუ, დააპატიმრა „მხედრიონის“ ლიდერები.

შემდეგ რას აკეთებდა და როგორ მოხვდა  „რესპუბლიკელებთან“, ბურუსითაა მოცული. როგორც ჩანს, ამ პროცესს ხელი შეუწყო „რესპების“ მცდელობამ, სოციალური ბაზა გაეფართოვებინათ  როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში. მაგრამ შედეგად  პარტიის „პროტოტიპი“ მეტისმეტად აიმღვრა და ისეთი კატეგორიის ხალხით შეივსო, ვისაც მასთან საერთო არაფერი  ჰქონდა ღირებულებით და მენტალური თვალსაზრისით.

ვინმეს გჯერათ გიგლა აგულაშვილის ლიბერალობა? ან ის, რომ იგი ჩაეწერებოდა „რესპუბლიკელების“ სტილში?

„რესპუბლიკური პარტია“ ძალიან უცნაური და მრავალმხრივ საინტერესო ფენომენია. იგი შედგება საბჭოთადროინდელი დისიდენტებისა და ლიბერალ-ინტელექტუალებისაგან. მათ ყველაფერი შეიძლება დააბრალო იმის გარდა, რომ შესაბამისი სტილი, ინტელექტი ან წიგნიერება აკლიათ. მაგრამ მაინც რჩებიან ვიწრო „კლუბად“, რომელსაც ხალხის, იგივე სოციუმის ფართო პლასტთან არაფერი აკავშირებს ბიოლოგიის და ენის გარდა.

 ხშირ შემთხვევაში კი, საპირისპირო, აგრესიულად კონფრონტაციული აურის მატარებელნი არიან უმრავლესობისათვის და სწორედ ამიტომ იწვევენ საპასუხო აგრესიას. ვიმეორებ: ეს არის ტიპოლოგიურად აბსოლუტურად უნიკალური ფენომენი, რომელიც ქართული სოციუმის ვერც ერთ არსებით სტრატს ვერ მოერგო გარდა ლიბერალ-ინტელექტუალთა ძალიან ვიწრო წრისა.

გიგლა აგულაშვილი კი სრულიად სხვა, ფართოდ გავრცელებული ქართული სოციალური ტიპის წარმომადგენელია: კაი პურის მჭამელი კახელი ბიჭი, „გამკეთებელი“, უდავოდ ჭკვიანი,  „ოჯახის გიჟი“ და ასე შემდეგ. ოღონდ, საეჭვოა ჯონ ლოკის თხზულებები ბოლომდე ჰქონდეს ჩაბულბულებული; მით უმეტეს ესმოდეს, რა განსხვავებაა „ბუნებით სამართალსა“ და „ბუნებრივ უფლებებს“ შორის. სამაგიეროდ, არასდროს შეეშლება ქართული გაგება, სუფრის წესი, ნათესაობა, დედმამიშვილობა, ძმაკაცობა  და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვით, სულ სხვა სოციალური ტიპია და პირველივე შემთხვევაში მისი „რესპუბლიკური პარტიიდან“ წასვლა მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, როდის და სად დადგებოდა ეს „შემთხვევა“, ანუ როდის აღმოჩნდებოდა მკაცრი არჩევანის წინაშე. როგორც კი ასეთი არჩევანის აუცილებლობა დაუდგა, მაშინვე გადაწყვიტა საკუთარი ტიპოლოგიისა და მშობლიური სოციალური სტრატის სასარგებლოდ.

და ეს ისეთივე მოულოდნელობაა, როგორც ორჯერ ორი - ოთხი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„რესპუბლიკური პარტია“ კი კვლავ უბრუნდება საკუთარ  ადგილს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში; 8 ოქტომბრის არჩევნებზე რომ 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, თავადაც შესანიშნავად ესმით. შესაძლოა, მათ მიერ მიღებული ხმების ოდენობა სოციალურ ცდომილებასაც კი ჩამოუვარდებოდეს. ანუ, როგორც რუსები იტყვიან, „პლინტუსის ქვემოთ“.

მაგრამ საქმეც ისაა, რომ „რესპუბლიკელბს“, პოლიტიკური ნიშის გარდა, თავისი ვიწრო, თუმცა ძალიან კომფორტული სოციალური ნიშაც აქვთ, სადაც შეიძლება დაბრუნდნენ და თავს მაინც მოთხოვნადად, ესე იგი ადეკვატურად გრძნობდნენ: ესაა, პირობითად თუ ვიტყვით,  „ენჯეოშნიკური საზოგადოება“, უნივერსიტეტები და ა. შ.

გიგლა აგულაშვილი  კაფკაზე ან ჯოისზე ლექციას წაიკითხავდა?

ის, რომ „რესპუბლიკური პარტია“, მთლიანობაში,  ქართულ სოციალურ მატრიცას სრულიად მოწყეტილია და მასში შესაბამისი ტიპოლოგიის მოღვაწეებს ვერაფერით პოულობს, ისეთი მოცემულობაა, რომლის შეცვლა მხოლოდ დროსა და სოციალ-პოლიტიკური სისტემის ევოლუციას ძალუძს. ჯერ-ჯერობით ამის არანაირი ნიშან-წყალი არ ჩანს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება „რესპების“ რეალურ წონას, იგი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ან ზოგიერთს ჰგონია. აი, მაგალითად, ხშირად გაიგონებ: „რესპუბლიკელებმა ბიძინას მთავრობაში ძალაუფლების „ტორტიდან“ იმაზე მეტი მიითალეს, ვიდრე მათი რეალური წონა იყოო“.

სინამდვილეში პირიქით: სამი მინისტრი იმაზე ნაკლები „ნაჭერიც“ კი იყო, რაც შეესაბამებოდა  მათ როლსა და წვლილს  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაში 2011 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.

მაშინ ლევან ბერძენიშვილმა თქვა: „არ ამალაპარაკოთ, სად და როგორ იშოვა მაგან ფულიო“. ოღონდ ეს მანამდე თქვა, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ივანიშვილი სწორედ „რესპუბლიკელებს“ შესთავაზებდა ალიანსს. რომ არ შეეთავაზებინა  და მხოლოდ აგულაშვილის (თოფაძის, ტყემალაძის, ჯაჭვლიანის, თამაზაშვილის) ტიპოლოგიას დაყრდნობოდა, დღეს სად იქნებოდა კაცმა არ იცის.

ალბათ იქვე, სადაც მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და მათმა ბიჭებმა ბადრი პატარკაციშვილი განამწესეს.

სწორედ ამიტომ, ისევ და ისევ, ისმის კითხვა, რომელსაც ვერავინ პასუხობს, ვინც გაუთავებლად ლანძღავს რესპუბლიკელებს და მათ „ორპროცენტიან  პარტიას“ უწოდებს: თუ „ორპროცენტიანი პარტიაა“, მაშინ რატომ სჭირდებოდა ისინი საკუთარი „გაპრავებისთვის“ (ანუ პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის)  უკლებლივ ყველას: ზვიად გამსახურდიათი დაწყებული (ისიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ძმებ ბერძენიშვილებთან 1990 წლის ზაფხულში) შევარდნაძე-სააკაშვილით გაგრძელებული და ივანიშვილით დასრულებული?

როგორც ჩანს, „რაღაც“ აქვთ კიდევ, დასავლეთში ყბადაღებული „გავლენის“ გარდა.

მაგალითად ის, რომ შესაძლოა არატიპიურობიდან გამომდინარე ზიზღს იწვევდნენ, მაგრამ დისკუსიაში იოლად ვერ დაჯაბნი და ისინიც კი, ვისაც ეზიზღებათ, ქვეცნობიერად აღიარებენ მათ ინტელექტს, რაკი მუდამ დამაჯერებელნი არიან ხალხის თვალში. იმ ხალხისა, ვისაც რესპუბლიკელები სძულს, თუმცა იმის ალღო და უნარი მუდამ აქვს, ადეკვატურად აღიქვას „დამაჯერებლების“ ძალიან მნშვნელოვანი ფენომენი: „არამზადები არიან, სოროსელები, მაგრამ ჭკვიანები, ესე იგი მაგრებიო“.

სწორედ ამიტომ, რაკი „რესპუბლიკელები“ 20 წლის შემდეგ, ანუ 2012 წელს დაბრუნდნენ (და მერე როგორ დაბრუნდნენ!) პარლამენტში, ახლაც აქვთ შანსი, შემდეგი 20 წელი ელოდონ და მერე ისევ დაბრუნდებიან, რაკი მათი მეშვეობით „გაპრავება-ლეგიტიმაციის“ მსურველები ამ ქვეყანაში არ დაილევა.

და ასე გაგრძედება მუდამ, სანამ „რესპუბლიკური პარტია“, ერთის მხრივ, არატიპიურია ქართული  სოციალური მატრიცისთვის,  თუმცა ის იდეა, ის პროექტი, რომელსაც ისინი განასახიერებენ (პროდასავლურობა) უალტერნატივო საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ დომინანტად რჩება მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას „კაი პურის მჭამელი ბიჭები“ შეადგენენ.

რატომ და როგორ მოხდა ასე, ძალიან საინტერესო, თუმცა მაინც სხვა თემაა.

2016